უკრაინას მორიგი F-16 ჩამოუგდეს, რუსეთს მორიგი Су-34-ები აუფეთქეს ...
რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, მათ შორის ჰაერშიც-28-29 ივნისის ღამეს რუსეთმა თავის თავსაც კი გადააჭარბა და უკრაინის დასაბომბად 537 ერთეული საჰაერო თავდასხმის საშუალება გაუშვა, რომელთა შორის ყველაზე მეტი-477 დრონი იყო, მათ შორის 250-ზე მეტი კამიკაძე-დრონი „შაჰიდ/გერან-2“-ი,დანარჩენი დრონი-იმიტატორები კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვის ფუნქციას ასრულებდნენ.
გარდა ამისა, უკრაინას შეუტიეს 60-მდე ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტამაც.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით ჩამოგდებული იქნა 211 რუსული კამიკაძე-დრონი,225 დრონი ლოკაციურად დაიკარგა (ანუ ისინი დრონი-იმიტატორები გახლდნენ და საწვავის მარაგის ამოწურვის გარეშე უბრალოდ მიწაზე დაეცნენ აფეთქების გარეშე), ასევე განადგურებული იქნა 38 ერთეული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტაც.

ეს მშრალი ციფრები არ იძლევა იმის განცდას, თუ რა ხდება ყოველღამე უკრაინული ქალაქების თავზე და მათ შორის დედაქალაქ კიევშიც-კიევის მეტრო ერთადერთ ყველაზე დაცულ მიწისქვეშა თავშესაფარს წარმოადგენს, სადაც თავშეფარებულ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ეშინოდეთ თვით რუსული აერობალისტიკური „ისკანდერის“ პირდაპირი მოხვედრისაც კი, სამაგიეროდ სხვა თავშესაფრები,მათ შორის საცხოვრებელი სახლების სარდაფები სრულად ვერ დაიცავენ ბალისტიკური რაკეტის 480 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ქობინის აფეთქებისგან.
უფრო მეტიც-აღარ მოქმედებს „ორი კედლის“ პრინციპი, როდესაც საჰაერო განგაშის დროს კორპუსის ბინებში დარჩენილები სახლის შიდა ოთახში თუ აბაზანაში აფარებდნენ თავს,რადგან იმედი ჰქონდათ, რომ კამიკაძე-დრონი „შაჰიდის“ აფეთქებისას ნამსხვრევები ორივე კედელს ვერ გაარღვევდნენ-თუკი ირანიდან მიღებულ „შაჰიდებს“ 40-50 კგ-იანი საბრძოლო ქობინები ეყენათ, მოდერნიზებულ რუსულ „გერან-2“-ებზე უკვე 90 კგ-იანი საბრძოლო მუხტია დამონტაჟებული, რაც ორჯერ და მეტად ზრდის დაზიანების არეალს.
ერთ-ერთი ყველაზე მასიური რუსული საჰაერო იერიშის მოგერიებისას უკრაინამ მეოთხე F-16-ის საბრძოლო დანაკარგი განიცადა-უკრაინული ოფიციალური წყაროების მტკიცებით, პირველი კლასის მფრინავმა, პოდპოლკოვნიკმა მაქსიმ უსტიმენკომ თავისი F-16-ის საბორტე შეიარაღებით შეძლო შვიდი რუსული საჰაერო სამიზნის ჩამოგდება,როდესაც მისმა გამანადგურებელმა დაზიანება მიიღო,მფრინავმა დაზიანებული თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩავარდნას მოარიდა,მაგრამ კატაპულტირება ვეღარ მოასწროო...
თუ რამ განაპირობა მორიგი უკრაინული F-16-ის ჩამოვარდნა ახლა არკვევენ, მაგრამ მიზეზი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, შეიძლება სამი იყოს (თუკი გამოვრიცხავთ თავად მფრინავის შეცდომას)-ჩამოგდებისას აფეთქებული რუსული „შაჰიდ/გერანის“ ნამსხვრევების მოხვედრა; რუსული შორი მოქმედების „ხმელეთი-ჰაერი“ ან „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტის მოქმედება ან სულაც ისევ „მეგობრული ცეცხლი“-საკუთარი საჰაერო თავდაცვის მიერ შეცდომით გამოშვებული საზენიტო რაკეტა...

უკრაინელებმა თავი იმით შეიძლება დაიმშვიდონ,რომ მეოთხე F-16-ის დაკარგვამდე,მათ ძალზე გაამწარეს პუტინის „არწივები“, როდესაც ძალზე შედეგიანი საჰაერო იერიშები მიიტანეს რუსულ სამხედრო აეროდრომებზე...
ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ ისრაელის ავიაცია ირანის სამხედრო აეროდრომებზე წერტილოვანი დარტყმებით აფეთქებდა ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ რარიტეტულ F-14-ებსა(გაიხსენეთ ტომ კრუზის პირველი მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი „ტოპ განი“) და არანაკლებ ისტორიულ AH-1 ტიპის „კობრას“ დამრტყმელ შვეულმფრენებს, უკრაინულმა შორსმფრენმა კამიკაძე-დრონებმა „მარინოვკის“ სამხედრო აეროდრომზე (ის აღმოსავლეთით, 500-იოდე კმ-ითა დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზიდან) შეტევისას ორი რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი ააფეთქეს, ორიც კი დააზიანეს...
თუ რას ნიშნავს ამ რუსული „იხვნისკარტების“ განადგურება უკრაინელებისთვის, დიდი ახსნა არ სჭირდება-სწორედ Су-34-ებიდან ჩამოგდებული, პლანირებისა და მართვის ორგანოებით აღჭურვილ საავიაციო ბომბებს უხვად აყრიან რუსი ოკუპანტები, როგორც უკრაინის დამცველების პოზიციებს,ისე მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს და თანაც 60-70 კმ-ის სიშორიდან, რაც უკრაინელ მეზენიტეებს ამ რუსული ბომბდამშენების მათი ჩამოგდების საშუალებას არ აძლევს...
27-28 ივნისის ღამეს უკრაინელმა კამიკაძე-დრონებმა ასევე შეუტიეს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსი ოკუპანტების სამხედრო აეროდრომს „კიროვსკოეს“(ის ფრონტის ხაზიდან 250 კმ-ითაა დაშორებული), რომელზეც გაანადგურეს სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8 და დამრტყმელი Ми-28 ტიპის შვეულმფრენები და მათ დასაცავად დაყენებული "Панцирь-С1"-ის სარაკეტო-საქვემეხო მობილური საზენიტო დანადგარი.
ასევე, სავარაუდოდ განადგურებულია მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი Ми-26-იც.
გარდა ამისა, ბრიანსკის ოლქში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა 28 ივნისის გამთენიისას ააგიზგიზეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 120-ე არსენალიც, რომელშიც შენახული საბრძოლო მასალა განკუთვნილია რუსეთის საოკუპაციო ძალების იმ შენაერთების მოსამარაგებლად, რომლებიც უკრაინულ სუმს უტევენ...
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარე რუსეთის ტერიტორიისა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სიღრმეში ძალზე წარმატებულ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს,რუსეთის საოკუპაციო ძალები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ,როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფრონტებზეც...