„იხვი ყველა შინაურ ფრინველზე ადვილად გამოსაზრდელია“ - კვირის პალიტრა

„იხვი ყველა შინაურ ფრინველზე ადვილად გამოსაზრდელია“

შინაური ფრინველის შეძენა, შეიძლება ითქვას, სულ უფრო და უფრო ძნელდება ფასის გამო. სოფლად ჯანსაღ საკვებზე გაზრდილი ფრინველი ჩაანაცვლა კონვეიერული ფერმების პროდუქტმა, რომლის დიდი ნაწილი იმპორტირებული და თვეების განმავლობაში გაყინულია. მათ შორის არის არა მხოლოდ ქათამი, არამედ ბატი, იხვი და ინდაურიც. რამდენად განსხვავდება ბალახსა და მარცვლეულზე გაზრდილი ფრინველი კონვეიერულისგან, ყველამ ვიცით. ბიოლოგიურად სუფთა შინაურ ფრინველს კი მხოლოდ მაღალი მატერიალური შესაძლებლობების ადამიანები ყიდულობენ. მაღალი ფასი აქვს სოფლებში შეძენილ ფრინველსაც. მაგალითად, იხვის ცოცხალი წონის ერთი კილოგრამის ფასი დაახლოებით 25 ლარია. არადა, წიწილებისა და ჭუჭულების გაზრდა თუნდაც ზაფხულში მოაგარაკესაც შეუძლია, მით უფრო, მარცვლეულიც ხელმისაწვდომია და ბავშვებიც გაიხარებენ.

სოციალურ სივრცეში ადვილად იპოვით მეურნეებს, რომლებსაც შინაური ფრინველების მცირე ბიზნესი აქვთ, და იხვის ჭუკებსაც შემოგთავაზებენ. თუ სახლთან ახლოს პატარა ღელე ან ნაკადულის გუბე გაქვთ, მით უკეთესი, იხვს კიდევ უფრო ადვილად გამოზრდით. იხვი წყლის ფრინველია და სხვა ფრინველებთან შედარებით ადვილად იზრდება, ნაკლებად ავადდება და თითქმის ყველაფერს ჭამს. ამასთან, იხვს აქვს სხვა ფრინველებისგან განსხვავებული სასარგებლო თვისებებიც. ასე რომ არ იყოს, გარეულ იხვზე ნადირობაც არ იქნებოდა პოპულარული. როგორ იზრდებიან იხვის ჭუჭულები, ამის შესახებ ნოდარ ჩხარტიშვილს ვესაუბრეთ ჩოხატაურში.

- ბატონო ნოდარ, სოფლის უმეტესობაც კი გაყინულ ქათამზეა დამოკიდებული, შინაურ ფრინველს არ ზრდის. არადა, არც ეს არის სირთულე და არც მარცვლეულის შეძენა (თუ შინ ვერ მოგვყავს). სარგებელი კი ძალიან ბევრი აქვს. ამიტომ ამჯერად იხვის გამოზრდაზე ვისაუბროთ. შედარებით მარტივია და დარწმუნებული ვარ, ბევრს დაუჯდება ჭკუაში.

- ძალიან მინდა ასე იყოს, ნამდვილად არ მიხარია, როდესაც სოფლის ეზოში ბალახს ელექტროცელებით თიბავენ. ასეთ ეზოებში შინაური ფრინველი იზრდება და ბალახს მოთიბვა სულ არ სჭირდება. იხვი მართლაც ყველა შინაურ ფრინველზე ადვილად გამოსაზრდელია, რადგან დაავადებების არ ეშინია და ადვილად გამოსაკვებიც არის. ქათამმა შეიძლება სიმინდიც არ შეჭამოს, თუ მიჩვეული არ არის, მაგრამ რასაც იპოვის, ყველაფერს ჭამს. მინდა ცოტა რამ მის სასარგებლო თვისებებზეც ვთქვა: იხვი ძალიან კალორიულია, ცხიმიანი, მაგრამ გამოკვლეულია, რომ მისი ცხიმი ორგანიზმს წმენდს კანცეროგენებისგან. იხვის ხორცი შეიცავს რამდენიმე სახეობის ვიტამინს, ეხმარება იმუნიტეტის აღდგენას, ებრძვის ანემიას, აღადგენს უჯრედებს. სასარგებლოა მისი კვერცხიც... რაც შეეხება გამოზრდას, იხვი თავადაც კრუხდება უკვე ივნისიდან. მშვენიერი დედაა. საოცარ რამეს აკეთებს საბუდრის მოწყობისას, ბუმბულს იძრობს და შიგ ფენს. როგორც ჩანს, ეს თვისება ველური გარემოდან აქვს შეძენილი, იხვი ხომ ველური ფრინველი იყო და თითქმის ყველა ქვეყანაში ცალ-ცალკე მოიშინაურეს. მსურველებმა იხვის ჭუჭულები შეიძლება მცირე ფერმებშიც შეიძინონ, ფასი 5 ლარიდან იწყება.

- ჭუჭულების პირველი დღეების კვებაზე ვისაუბროთ, სწორედ ეგ არის მნიშვნელოვანი.

- მე რომ ვიცოდე, ჭუჭულების გამოსაკვებად ვინმე ისე გაირჯება, რომ პირველ ხანებში დაკეპილ ჭინჭარს მისცემს მჭადის ფქვილთან ერთად, მაშინ არანაირ მედიკამენტს აღარ ვურჩევდი. ჭინჭარი კუჭ-ნაწლავს იმდენად აძლიერებს, რომ იხვს აღარაფერი ეკარება. თუმცა, ვინაიდან ამას ნაკლებად გავაკეთებთ, ვინც ჭუჭულის გაზრდას ახლა იწყებს, ვურჩევ, მეპატრონისგან აიღოს მცირე კონსულტაცია, ანდა ადგილობრივ აგრომარკეტებს მიაკითხოს რჩევებისთვის. შინაური ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის პირველ დღეებში, ერთი თვის განმავლობაში, მოიხმარენ პრემიქსს, რომელსაც აგრომარკეტებში შეიძენთ. აუცილებლად დაუდგით წყალი, რომელიც მუდმივად უნდა ჰქონდეს, ოღონდ ისეთი ჭურჭლით, რომელსაც მისწვდება. თუ ამისთვის სპეციალური ჭურჭელი არა გაქვთ, მცირე ზომის ჯამებში წყალშივე ჩაულაგეთ ქვები, რათა ჭუჭულები ერთად არ შედგნენ და წყალი არ გადმოღვარონ. როცა ერთ თვეს მიაღწევენ, ჭუჭულებს საკვებში ნელ-ნელა მარცვლეული შეურიეთ. რა თქმა უნდა, პარალელურად ბალახზეც უნდა გყავდეთ მიშვებული. მწვანე მდელო საუკეთესო საკვებია. კიდევ ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ: არსებობს ჯიშები, რომელთაც 5 კვირამდე დიდად არ ეტყობათ წონაში მატება, მაგრამ როგორც კი ამ ასაკს მიაღწევენ, სწრაფად იწყებენ მომატებას. გააჩნია, რა უფრო გვაინტერესებს, მეხორცულობა თუ მეკვერცხულობა, ჯიშებიც ამის მიხედვით უნდა შევიძინოთ. თუმცა არსებობენ ჯიშები, რომელთაც ორივე ეს თვისება აქვთ.

- მაქსიმალური წონა რამდენი აქვთ?

- თუ მეხორცულ ჯიშებზე იქნებით ორიენტირებული, 4 კილოგრამს და მეტსაც აღწევენ. საქართველოში ასეთი პეკინური ჯიშის იხვი გვყავს, რომელიც საუკეთესოდ იზრდება და ძალიან მაღალი ხარისხის ხორციც აქვს. ამ ჯიშის იხვი წელიწადში 200-მდე კვერცხს დებს. მთავარია, სოფელში მცხოვრებმა ხალხმა მოვინდომოთ და იხვი ნამდვილად დაგვეხმარება, რომ მრავალ თვეს იმპორტირებულ ხორცზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

- თუ გუბე გარეთ არის და იხვი საჭყუმპალაოდ გავუშვით, ხომ შეიძლება გადაფრინდეს და დაიკარგოს?

- ეს შეიძლება ბატებზე გეთქვათ, მოზრდილი ფრთები აქვთ, მაგრამ იხვები იმდენად მძიმე წონის არიან, მოკლე ფრთების იმედად არსადაც არ მიფრინავენ... კარგა ხანია ველურ ცხოვრებას ჩამოსცილდნენ.

- მგონი შინაური ცხოველის თუ ფრინველის მოვლა ერთგვარი თერაპიაც არის.

- რა თქმა უნდა, იმიტომაც მიკვირს, როდესაც სოფლად მცხოვრები რაიონულ ცენტრში გარბის ფრინველის შესაძენად. გამიხარდება, თუ ჩვენი საუბარი ნაყოფს გამოიღებს და არა მხოლოდ იხვის გამოზრდაზე, სხვა თემებზეც დავფიქრდებით.