ახალგაზრდა ნიგოითელი მეურნეების მარკეტინგი ახლებურად
სალომე კალანდაძესა და ირაკლი გიკაშვილს საზოგადოება უკვე იცნობს. მეოთხე წელიწადია, საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გადავიდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აქტიურად მისდევენ. წყვილმა ქალაქური ცხოვრება, სამსახურები მიატოვა და ფერმერულ შრომას შეუდგა. თავიდანვე დიდი გეგმები დაისახეს, რომლებსაც ეტაპობრივად ახორციელებენ. სალომე კალანდაძე საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

სალომე კალანდაძე
- ქალაქის ცხოვრებას მიჩვეულებისთვის სოფლად გადასვლა და შრომა არ არის ადვილი. ამას ფსიქოლოგიური მზადყოფნაც სჭირდება.
- თავდაპირველად პანდემიის პერიოდში წავედით, მერე უკან დავბრუნდით, კვლავ წავედით და დავრჩით. მეოთხე წელია აქა ვართ. დღემდე ვერ ვეგუები აქაურ ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რაც ქალაქში მარტივად ხელმისაწვდომია. ეს ყველაფერი ხელს გიშლის და ცოტა მოტივაციასაც გიკარგავს, თანაც კადრების დეფიციტია, თანამშრომელს ვერ აიყვან. ასევე ჭირს კადრი, რომელმაც კომპიუტერი, ენები იცის, ახალგაზრდა, ვინც ამ ყველაფრით დაინტერესდება და დაგეხმარება. თუმცა სხვა გზა არა გვაქვს. სამაგიეროდ, ვართ სუფთა ჰაერზე და ბუნებასთან ახლოს. მოგვყავს პროდუქტი და ეს ყველაფერი აბალანსებს იმ უარყოფით ნაწილს, რასაც სოფლად ვაწყდებით.
ჰო, არა გვაქვს სასმელი წყალი, კვირაში რამდენჯერმე მოდის ცოტა ხნით. ეს სისტემა არ არის გამართული. გვაქვს ჭის წყალი, რასაც შეზღუდულად მოვიხმართ. ვცდილობ, წვიმის წყალიც შევაგროვოთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ არა გვაქვს ცენტრალური კანალიზაცია. მგონი, ეს ქვეყნის ბევრი რეგიონის პრობლემაა. ამიტომ ისევ ჩვენით დავაყენეთ კანალიზაციის ბიოსადგური და ძალიან ბედნიერები ვართ. გვინდა ხალხმა ნახოს, რომ ძალიან ძვირი არ ჯდება. სადღაც 3-4 ათასის შეგროვებაა საჭირო, რაც საქმეს მოგვიგვარებს და საშვილიშვილოდ იქნება.
- როგორც ვიცი, ეზოში გაქვთ მიწის 3 ათასი კვადრატი და კიდევ 7 კილომეტრში - 15 ათასი, სადაც ბოსტნეული მოგყავთ. რატომ გადაწყვიტეთ ბოსტნეულის მოყვანა?
- თავიდან სიმინდის მოყვანა და ამ მიმართულებით მეურნეობის გაზრდა გვინდოდა, მაგრამ მივხვდით, რომ არ იყო მომგებიანი. ყოველთვის გვსურდა, გვქონოდა ორგანული ბაღი ბოსტნით, ხილით და ამ მიზნისკენ წავედით. გვინდოდა ჯერ ჩვენ გვეჭამა ჩვენი ჯანსაღი ბოსტნეული და მერე საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა.
ორი წელია ასეც ვიქცევით, ნელ-ნელა ვიზრდებით. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა რისკებთან არის დაკავშირებული. ყველაფერს ვზრდით ბუნებრივ პირობებში, სადაც არის ქარი, წვიმა, თოვლი, ყინვა. ყველაფერი გადავიარეთ, გადავიტანეთ და რაღაცნაირად ვეგუებით ამ სირთულეებს, ვცდილობთ, ასევე ამ ყველაფრისგან თავი დავიზღვიოთ.

- მიწის ფართობები სრულად გაქვთ ათვისებული?
- ეზოს ტერიტორიაზე უფრო სხვადასხვა ბოსტნეულს ვტესტავთ, ძირითადი ნაკვეთი 7 კილომეტრში გვაქვს, სადაც არც გზა გადის და არც რაიმე ისეთი გვესაზღვრება, შხამქიმიკატებით რომ წამლავდნენ, რაც შემდეგ ჩვენკენ გადმოვიდოდა. ეკოლოგიურად ბევრად სუფთა გარემოა. იქ 2 ჰექტარზე ბოსტანი გვაქვს, შერეული ბოსტნეული მოგვყავს. დანარჩენ ტერიტორიაზე საზამთრო, ნესვი ჰექტარ-ჰექტარზე, ასევე ჰექტარზე კარტოფილია. ცალკე ვუვლით მონოკულტურებსაც.
- ამ ყველაფერს თქვენ აუდიხართ?
- მე და ჩემი ქმარი, მეზობლებიც გვეხმარებიან. საჩითილე მასალა გვაქვს და რაც გვჭირდება, კიდევ ვყიდულობთ. გადარგვაზე სოფლიდან ბრიგადა მოგვყავს. გათოხნა თუ გვჭირდება, ხალხს ვქირაობთ, მუდმივი თანამშრომელი კი ორი გვყავს. როგორც გითხარით, მუშახელი პრობლემაა. ჩვენი რეგიონიდანაც წასულია ახალგაზრდობა. რადგან ადგილზე აღარავინ დარჩა, იძულებული გავხდით, მოხალისეები უცხოეთიდან მიგვეღო.
მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და ყოველდღიურ საქმიანობაში გვეხმარებიან.

- რა ხანგრძლივობით მოდიან?
- მინიმუმ ორ კვირას რჩებიან. შეთავაზება ასეთი გვაქვს - ვაძინებთ, ვკვებავთ, ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას და პირიქით, ისინიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან. უკვე ბევრი მოხალისე გვყავდა - თითქმის ყველა კონტინენტიდან. ფიზიკურად მუშაობენ კვირაში 5 დღეს, 5 საათს ჩვენთან ერთად, რასაც დაავალებ, ნებისმიერ საქმეს აკეთებენ. არაფერს თაკილობენ და დიდი სიამოვნებით ერთვებიან ყველაფერში.
- რამდენი დასახელების ბოსტნეული გაქვთ?
- ფერმაში წლის განმავლობაში მოგვყავს 40-მდე სახეობის ორგანული სეზონური ბოსტნეული და მწვანილეული. რაც შეეხება რეალიზაციას და, ალბათ, ყველა ძნელ პროცესს, ასე ვუმკლავდებით. საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ ჩშA (ჩომმუნიტყ შუპპორტედ Aგრიცულტურე, საზოგადოების მხარდაჭერილი აგრიკულტურა) სისტემა, რომელიც ლოკალურ ფერმერს საბოლოო მომხმარებელთან შუამავლების გარეშე აკავშირებს. მომხმარებელი (წევრი) უცხადებს მხარდაჭერას ადგილობრივ ფერმერს და წლის დასაწყისში ყიდულობს პაკეტს, სადაც შესულია ორგანული სეზონური ბოსტნეულის ნაირსახეობა. ეს პროდუქცია მას მიეწოდება პირველი მოსავლის დღიდან 22 კვირის განმავლობაში, კვირაში ერთხელ 5 კგ ან 10 კგ-იანი პაკეტი. მომხმარებელს შეუძლია მთლიანი პაკეტის ღირებულება გადაიხადოს სრულად, ან თვეებზე გადანაწილებით. ეს მოდელი ფერმერს ეხმარება ხარჯების წინასწარ დაფარვასა და დაგეგმვაში, ხოლო მომხმარებელს სთავაზობს ახალ ადგილობრივ პროდუქტს და ეხმარება მცირე მეურნეობების მხარდაჭერაში. იმედი გვაქვს, მომავალში ჩვენნაირი ბევრი ფერმა იარსებებს.

- სასუქად რას იყენებთ და პროდუქტის სიჯანსაღეს რა განსაზღვრავს?
- სიჯანსაღე არ განისაზღვრება მაინცდამაინც სასუქის შემცველობით. სიჯანსაღე განისაზღვრება იმით, რა წამალი გამოიყენე. ჩვენ სინთეზურ შხამქიმიკატებს არ ვიყენებთ, არ ვიყენებთ ჰერბიციდს, რომელიც ძალიან ცუდია. ვცდილობთ ორგანული მეთოდებით ვებრძოლოთ, გავთოხნოთ, ბალახი ხელით მოვაშოროთ, თუ დაგვჭირდა, ბიოსტიმულატორები გამოვიყენოთ. სასუქს რაც შეეხება, კომპოსტი ყველაზე კარგი ვარიანტია. ვცდილობთ კომპოსტი თავად გავაკეთოთ. გვყავს ქათმები, ღორები და ვცდილობთ რაღაცნაირი ეკოსისტემა შევქმნათ - მეგობარი მცენარეები ერთად დავრგოთ, რათა დაავადება იშვიათი იყოს და ა.შ. რეგენერაციული მეთოდებითაც გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, არ გამოვფიტოთ ნიადაგი...
ქათმები და ღორები უფრო ჩვენთვის გვყავს, მაგრამ მომავალში მეფრინველეობასაც გავზრდით. ბალახზე მოსეირნე ქათამი უნდათ ხოლმე და, ალბათ, მომავალში ესეც გვექნება. ბევრი რაღაცის გაკეთება გვინდა, მაგრამ ყველაფერს დრო, რესურსი და ენერგია სჭირდება. ყველაფერს ფიზიკურად ვერ გააკეთებ.
- სარეველა ბალახთან ბრძოლა ყველა ფერმერის პრობლემაა.
- იმდენი ამოდის, სულ თოხი უნდა გეჭიროს ხელში. შარშან "მწვანე გურიის" პროექტში გავიმარჯვეთ და *დაფინანსება მოვიპოვეთ, სადღაც 100 ათასის ოდენობით. აქედან 30% ჩვენი თანადაფინანსება იყო - თანხის შეგროვებაში, ძირითადად, ხალხი დაგვეხმარა და შევიძინეთ კულტივატორები, რომლებიც ახლა გზაშია, ამერიკიდან მოდის. ეს კულტივატორები როგორც რიგთა შორის, ასევე მწკრივთა შორის კულტივაციას გაგვიკეთებს. ასევე შევიძინეთ სათესი, რომელიც წვრილ თესლს 3-4 რიგად თესავს. მოკლედ, გადავდივართ ისეთ მეთოდებზე, რომ ადამიანური რესურსი ამ მძიმე შრომაში აღარ იყოს. მექანიზაციის გამოყენებაზე მაქსიმალურად გადავდივართ, რათა ყველაფერი მოტობლოკმა და ტრაქტორმა გააკეთოს. კულტივატორებს დიდი იმედით ველოდებით და თუ გაამართლებს, ვფიქრობთ, ამ ცოდნას და პრაქტიკას ბევრ ფერმერს გავუზიარებთ. ფერმერისთვის ბალახი ერთ-ერთი პრობლემაა. ყველა წუწუნებს, ბალახს რა ვუყოთო.
- მიუხედავად ამისა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, დიდი თანხები სჭირდება, ისე არაფერი გამოგივა...
- გააჩნია, რას გააკეთებ. მინიმალური თანხითაც შეიძლება საქმის დაწყება, თუ სწორად დაიწყებ, სწორი მენეჯმენტით. ნამდვილად დიდი თანხები სჭირდება ნებისმიერი საქმის დაწყებას, ამიტომ ყველას ვეუბნები, რომ რაღაც კაპიტალი უნდა მოაგროვოთ. მთელი ფინანსები, რაც ამ საქმეში ჩავდეთ, ან სესხია, ან ჩვენი ნამუშევარი - სხვადასხვა სამსახურში დაგროვებული კაპიტალი. ასევე გვაქვს გრანტი, რომელიც მოვიგეთ. ამისთვისაც ბევრი ვიშრომეთ. შემოსავალზეც ნელ-ნელა გავედით, მოვიყვანეთ, გავყიდეთ და ასე.
რასაც გამოვიმუშავებთ, საქმეში ვაბრუნებთ, რადგან ფერმას ბევრი რამ სჭირდება. პირადად ჩვენთვის არაფერი შეგვიძენია. ჯერ იმ ეტაპამდე ვერ მივედით, რომ სახლი ავიშენოთ, აგროტურიზმი დავიწყოთ. ვფიქრობთ კარგის აღმშენებლობაზე, კარგის შექმნაზე, რათა რეგიონში რაღაც ისეთი იყოს, ქართველი თუ უცხოელი სტუმარი გაჩერდეს. ესაა ჩვენი მიზანი და იმედია, ერთ დღესაც ამას შევძლებთ. ვფიქრობთ, ამ კუთხით რეგიონში პატარა წერტილს დავსვამთ. მძიმე შრომაა, რასაც ახლა ვეწევით, ყოველკვირა 1 ტონა პროდუქცია გვჭირდება მისაწოდებლად. შარშან ზამთარში 8 სახეობის ბოსტნეული გვქონდა. ყინვაში მწვანე ხახვი რომ მოვიყვანეთ, უკვირდათ, როგორ შეძელითო. მოკლედ, გვჯერა, რომ ამხელა შრომა ნაყოფს გამოიღებს. ახლა დედაჩემი და მამაჩემიც გადმოვიდნენ ჩვენთან. დედამ საყვარელი სამსახური მიატოვა და შრომაში შემოგვიერთდებიან. იმედია, ერთად ყველაფერი გამოგვივა.