როგორ მოვიყვანოთ ჩვენს ეზოებში ტყის კალმახა სოკო - კვირის პალიტრა

როგორ მოვიყვანოთ ჩვენს ეზოებში ტყის კალმახა სოკო

ადამიანის არსებობა შრომის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არის პროდუქტები, მაგალითად, ტყის სოკოები, რომელთაც ბუნება სასყიდლის გარეშე გვაძლევს. ამ სოკოებს შორის შეიძლება ტყის კალმახა სოკო გამოვყოთ - ის ადრეულად შემოდის, ხორციანია, გემრიელი, ტყის სურნელებით არის გაჟღენთილი და ცხადია, ეკოლოგიურია. ყველაზე ადრე კალმახა მაისში შემოდის. ძირითადად, ის წიფლის ან თელის ხეებზე შეგხვდებათ, მისთვის წიფელა "მშობლიური აკვანია", იშვიათად კი სხვა ხეებზეც იზრდება, მაგალითად, კაკალზე ან ვერხვზე. დავამატებთ, რომ კალმახა სოკო უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში მოდის. კრეფენ მთაშიც, მაგალითად, ფშავში, სადაც კალმახა სოკოს ეძახიან, ან რაჭაში, სადაც ჭყუბლასოკოს სახელით იცნობენ.

ერთმანეთზე ასხმულ კალმახას ადვილად იცნობთ, ფერით კრემისფერია, მონაცრისფრო და მურა ნაცრისფერიც კი. თუ ასეთ სოკოს შეხვდებით, ესე იგი, გაგიმართლათ: კალმახა ხის სოკოა, შხამიანი არ არის და უგემრიელესია. თუ, ვთქვათ, ტყეში წასვლა არ შეგიძლიათ, კალმახა კი ძალიან გიყვართ, შეიძლება სოფლადაც მოიყვანოთ, ოჯახისთვის, იმავე გემოთი, როგორიც ბუნებაში აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში სათბურზე არ ვსაუბრობთ - ტყის კალმახასთან გემოვნებით მაქსიმალურად მიახლოებული მხოლოდ ეზოში, ბუნებრივ პირობებში, ჰაერზე მოგივათ და მხოლოდ ეკოლოგიურ ხის კუნძებზე, თესლი კი აგრომარკეტებში შეგიძლიათ იყიდოთ. ამჟამად აგრობაზრებზე ბატონობს თიანური ტყის კალმახა, რომელიც როლანდ აფციაურს ყოველი წვიმის შემდეგ ჩამოაქვს:

- ბატონო როლანდ, მიუხედავად იმისა, რომ სოკოს სათბურები საკმაოდ განვითარებული გვაქვს, რომლებიც კალმახასაც აწარმოებენ, ტყის კალმახა მაინც შემოდის თბილისის ბაზარზე და ეს კარგია.

- დღეს ტყის კალმახა უფრო მეტად ადგილობრივ, რაიონულ ბაზრებზე შემოდის, რადგანაც დედაქალაქამდე გზა ძვირია. თუმცა ზოგიერთი ვახერხებთ თბილისში ჩამოტანას და სოკო დილიდანვე ქრება. ყველამ იცის, რომ ხის კალმახა უშხამოა და ვინც მისი გემო იცის, მაშინვე ხელიდან გვტაცებს. მე სოკოს არ ვყიდი საბითუმოდ მოვაჭრეებზე. ასე რომ მოვიქცე, გზის ფულიც აღარ დამრჩება, თანაც სოკო ხომ ყოველთვის არ არის ტყეში, ხშირად ვერ ჩამომაქვს და თუ ჩამოვიტანე, ბევრ დროს არ ვკარგავ, დავდგები თუ არა, ხელს სწრაფად დავიცლი.

- მსმენია, რომ ზოგჯერ სოკო კვირაობით არ არის ტყეში.

- კალმახას წვიმა სჭირდება, უფრო სწორად, კუნძს, რომელზეც ამოდის. ეს სოკო, ძირითადად, წიფლის შვილობილია. გადატეხილ წიფელზე ამოდის, იშვიათად თელაზეც შემხვედრია. ხე ორი წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს გადატეხილი, წვიმით რომ გაიჟღინთოს და ზედ კალმახა ამოვიდეს. ამის შემდეგ სოკო ხის ყველა ნაწილზე ამოვა - ძირზეც, რომელიც გადატეხის შემდეგ მიწაში რჩება და მიწაზე დაყრილ კუნძებზეც. ისეც ყოფილა, მხოლოდ ერთი ძირიდან შემივსია კალათი. ან კიდევ, სოკო იმ სიმაღლეზე ამოსულა, ვერ დამიკრეფია და გულდაწყვეტილი წამოვსულვარ. ერთხელ მხოლოდ ერთ ძირზე დაკრეფილი 20 კილოგრამი კალმახათი წამოვედი ბაზარში, იმხელა წიფელი იყო გადატეხილი.

- მსხმოიარობა როდემდე გრძელდება?

- კალმახა სოკო შემოდგომის ჩათვლით შემოდის, ოღონდ ყოველთვის 20-20 კილოგრამს ვერ დაკრეფ. ეს იშვიათობაა.

- რა ხანგრძლივიც უნდა იყოს კალმახას სეზონი, ყველა ტყეში ვერ ივლის. როგორც ცნობილია კალმახა კუნძებზეც მოჰყავთ.

- ახმეტაში რამდენიმე კაცი ვიცი, ვისაც სოკო ოჯახისთვის კუნძებზე მოჰყავს ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, ოღონდ კუნძები ეზოებშია, ჩრდილიან ადგილას. სხვათა შორის, პროფესიონალ სოკოს მოყვარულსაც გაუჭირდება სოფლად კუნძზე, ბუნებრივ პირობებში მოყვანილი კალმახას გარჩევა ტყის კალმახასგან. მეც ვერ ვარჩევ, ოღონდ საუბარია მხოლოდ ბუნებრივ პირობებში მოყვანილზე და არა სათბურის წესით. სათბურის სოკოს გემოს არ ვუწუნებ, მაგრამ კუნძებზე მოყვანილი კალმახა სხვაა.

- როგორ უნდა მოიყვანო ეს სოკო კუნძებზე ან მორებზე ისე, რომ ტყის სოკოს გემოვანი თვისებები ჰქონდეს?

- ტყის კალმახა პირველად გერმანელებმა "შემოიყვანეს შინ", მორებზე მოყვანა მათი დამსახურებაა, ოღონდ მორის დიამეტრი 25 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და დაჭრილი უნდა იყოს 30 სმ-მდე სიგრძეზე. გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა უკვე 20°ჩ იქნება, დაიწყეთ მორების დაჭრა, თუმცა პირველი მორი 30 სმ დიამეტრის გააკეთეთ, დანარჩენები 20 სმ სიმაღლის. შემდეგ ისინი წყალში დაალბეთ ერთ კვირას მაინც, კარგად რომ გაიჟღინთოს. მერე მორები წყლიდან ამოიღეთ, პირველად დადეთ 30 სმ-იანი მორი, რომელიც ჩრდილიან ადგილას უნდა ჩაფლათ მიწაში, რათა ზემოდან დაწყობილი მორები მყარად იყოს. ზედაპირზე მოაყარეთ 100 გ სოკოს მიცელიუმი, ან ცოტა მეტი, და ასე რიგრიგობით, ყოველი მორის ერთმანეთზე დადებისას. შეგვიძლია ერთმანეთზე 3-4 მორი დავდოთ, მთავარია, არ გადმოყირავდეს. თუ გეშინიათ, მორები არ გადმოყირავდეს, გვერდიდან ერთმანეთს ლურსმნით მიამაგრეთ. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მორების გვერდითი ზედაპირები ბურღით დახვრიტოს, სადაც ასევე სოკოს თესლს ჩაყრის და თავს დაუცავს. ამის შემდეგ მორების სართულებს ცელოფანი უნდა ჩამოვაფაროთ, რათა არ გამოშრეს და ტენიანობა არ დაიკარგოს. დროდადრო საჭიროა ცელოფანის შემოხსნა და მორებზე წყლის შესხურება. სოკო დაახლოებით 2 თვის შემდეგ დაიწყებს ამოსვლას.

- თუ წიფლის მორები არა გვაქვს, რომელი ხე შეგვიძლია გამოვიყენოთ?

- ნებისმიერი, თუმცა, ალბათ, მაინც ყველას წიფლის ხარისხი სჯობს, უყვარს ამ სოკოს და იმიტომ, ხოლო ვისაც კალმახა უყვარს და სოფელიც აქვს, ვუსურვებ თავად მოიყვანოს, რადგან შინ ექნება, ეზოში, რასაც არაფერი ჯობს.