რუხი ყანჩები - სენაკის „მისტიკური მცველები“
"ტეხურის ხეობის "მისტიკური მცველები" ნოქალაქევში უკვე გამოჩნდნენ და აგვისტოს ბოლომდე ჩვენთან დარჩებიან. წლეულს აქ სათვალთვალო ბინოკლი დამონტაჟდა, რომლის დადგმის ინიციატივა საზოგადოებრივ გაერთიანება "ჩვენ სენაკს" არაერთხელ წამოუყენებია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში, რომელსაც რომან თოლორდავას ფოტოები ახლავს. გვესაუბრება თეიმურაზ კუბეცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის მიმართულების უფროსი სპეციალისტი.
- საქართველოში კიდევ სად არიან რუხი ყანჩები?
- ყანჩისებრნი (ლათ. Ardeidae) ფრინველთა ოჯახია, რომელიც 14 გვარში გაერთიანებულ 62 სახეობას მოიცავს. მათგან საქართველოში ბუდობს და მიმოფრენისას გვხვდება 7 გვარის 9 სახეობა: დიდი ყარაულა, პატარა ყარაულა, ღამის ყანჩა, ყვითელი ყანჩა, ეგვიპტური ყანჩა, რუხი ყანჩა, წითური ყანჩა, დიდი ოყარი და პატარა ოყარი. უკანასკნელი ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
- რა გამოარჩევთ მათ და როდიდან გამოჩნდნენ აქ?
- მდინარე ტეხურის ხეობაში გავრცელებულ ყანჩებს გამოარჩევს გუნდის დიდი რიცხოვნობა და სტაბილურობა: დადასტურებულად ვიცით, რომ მინიმუმ ბოლო ხუთი ათწლეულია, ყოველ წელს, წლის ერთსა და იმავე პერიოდში, კონკრეტულ არეალში მოფრინავენ და იბუდებენ.

- ბატონო თეიმურაზ, ტურისტებისთვის როგორია ეს სანახაობრივად?
- ტეხურის კანიონი, სადაც ყანჩები ბუდობენ, ბუნების გამორჩეული ძეგლია. აქ მდინარე გრძელ, ლამაზ ხეობას ქმნის ირგვლივ არსებული კირქვოვანი, კლდოვანი წარმონაქმნებით და კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ველური გარემოთი. 650 მეტრი სიღრმიდან ამოედინება 83°ჩ ტემპერატურის გოგირდოვანი წყალი, რომელიც მდინარე ტეხურში ჩაედინება და ტრავერტინების ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. ხეობას აგვირგვინებს ისტორიული ციხე-ქალაქი, არქეოპოლისი ციხე-გოჯი, რომელიც ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში... რუხი ყანჩების ბუდობის ადგილი, ცხოვრების წესი და მათი გამორჩეული იერი მნახველს გულგრილს არ ტოვებს. ყანჩების ცქერა განსაკუთრებით საინტერესოა ფრინველებზე დაკვირვების (ბირდწატცჰინგ) მოყვარულთათვის. ყანჩების ბუდობის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებულია სპეციალური ბინოკლი და ხეობის სტუმრებს შეუძლიათ ახლოდან დააკვირდნენ ამ საოცარ ფრინველებს.
რუხი ყანჩები მარტის დამდეგს მოფრინავენ და აგვისტოს შუა რიცხვებამდე რჩებიან ხეობაში. თუმცა ამინდიდან გამომდინარე, შესაძლებელია თარიღები მცირედ შეიცვალოს.
- მათი მოშინაურება თუ არის შესაძლებელი?
- რუხი ყანჩები გარეული ფრინველები არიან და მათი მოშინაურება თითქმის შეუძლებელია. ამას უფრო ართულებს მათი ცხოვრების მიგრაციული წესი და ნადირობა-კვების სპეციფიკური რეჟიმი, ასევე სამართლებრივი და ეთიკური საკითხებიც. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია ველური ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი გარემოსგან მოწყვეტა.