სომხური სკანდალი: რა ხდება სინამდვილეში - ვინ ამხობდა ფაშინიანს ანუ რატომ დაერია მღვდლებს სომხეთის პრემიერი - კვირის პალიტრა

სომხური სკანდალი: რა ხდება სინამდვილეში - ვინ ამხობდა ფაშინიანს ანუ რატომ დაერია მღვდლებს სომხეთის პრემიერი

სომხეთში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და ადგილობრივი საპატრიარქოს დაპირისპირება გრძელდება. ამან წარმოუდგენელი მასშტაბი და ფორმა მიიღო. ენამწარობით განსაკუთრებით ფაშინიანი გამოირჩევა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

29 მაისს მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხური ეკლესია დაემსგავსა "საკუჭნაოს, სადაც ნაგავი ინახება". სასულიერო პირების რეაქცია, რა თქმა უნდა, მკვეთრი იყო. მათ მოითხოვეს, რომ ფაშინიანს ბოდიში მოეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლიდნენ, რომ ფაშინიანის მიზანი სომხური ეკლესიის დასუსტებაა.

ფაშინიანმა უკან არ დაიხია და სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოქვეყნა:

"თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ მეორემ მართლაც დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი. ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გამოხატოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომეხთა კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა და ამან სასულიერო პირები არანაკლებ ააღელვა.

2 ივნისს წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ Iმეორის ხელმძღვანელობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ფაშინიანს უპასუხეს.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით და საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებით. უცენზურო ენით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. ეს პოზიცია აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს სომხური ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების ავტორიტეტის დაკნინების მცდელობას, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ ერში და საერთაშორისო წრეებში. მას სურს ეკლესიის ხმის ჩახშობა და მისი სოციალური გავლენის შემცირება. მთავრობის მეთაურის ანტიეკლესიური ქცევა, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები სავსეა დამანგრეველი შედეგებით და საფრთხეს უქმნის სომხეთის სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ხალხის ერთიანობას როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში. სომხური ეკლესია ურყევად გააგრძელებს ერის ერთიანობის შენარჩუნების მისიას, წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ პროცესებს... ეკლესიის საკითხები წყდება ეკლესიის კანონების შესაბამისად და არ შედის მთავრობისა და პოლიტიკური ფიგურების იურისდიქციაში. სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია თავისი მორწმუნეებითა და სასულიერო პირებით ერთიანია, რომელსაც სათავეში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი უდგას... ამ ახალი გამოწვევის წინაშე ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი წმინდა ეკლესიის მორწმუნეებს, გაერთიანდნენ და არ დაუშვან ეროვნული საფუძვლების შერყევა", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ფაშინიანს "ინდივიდუალურადაც" უპასუხეს. შირაქის ეპარქიის ეპისკოპოსმა მიქაელ აჯაპიანმა ლამის გიჟად გამოაცხადა: "დაინტერესდით ამ ადამიანის (ფაშინიანის) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით, უმკურნალეთ მას და წამლების დალევისას არ მისცეთ უფლება, რომ ალკოჰოლი მიიღოს".

ფაშინიანმა ამ განცხადებებს რამდენიმე პოსტით უპასუხა, მათ შორის უცენზუროთიც: "გააგრძელე საკუთარი ბიძის ცოლის ტ...ნა, ჩემთან რა საქმე გაქვს.."; "უნდა ვიკითხოთ, რამდენი ჩვენი ეპისკოპოსი იცავს დაუქორწინებლობის აღთქმას?.." "ზოგიერთები შეშფოთებულები არიან, რომ მე ოფიციალურად არა ვარ დაქორწინებული. ასეთ სიტუაციაშია ჩვენი სასულიერო პირების ნახევარი და ზოგიერთს ეს არ აშფოთებს".

შემდეგ იყო შედარებითი სიმშვიდე, თუმცა მალევე კონფლიქტმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. კერძოდ, სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ფაშინიანი წინადაცვეთილია (ანუ ქრისტიანი არ არისო). ფაშინიანი ვალში არ დარჩა:

"კრტიჩ ნარსისიანმა (სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის საეროს სახელი) განაცხადა, რომ მე წინადაცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო კრტიჩ ნარსისიანი და მისი სპიკერი და საწინააღმდეგო დავუმტკიცო... თვითონ კი, ბოლოს და ბოლოს, გასცეს პასუხი კითხვას, დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის აღთქმა. ჰყავს თუ არა შვილები?" - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ კი ფაშინიანი აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს: "სამართალდამცავებმა "კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების" მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად".

ამასთან, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა "წმინდა ბრძოლის", რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ "კონსტიტუციით დაშვებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის მიღწევა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით დაისახა მიზნად". გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა "ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფის წევრებთან ერთად საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები შეიძინა". გალსტანიანთან ერთად დაკავებული არიან სხვა სასულიერო პირებიც და ბლოგერებიც.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა აუდიოფაილები, რომლებშიც, კომიტეტის მტკიცებით, ჩანს, რომ არქიეპისკოპოსის მომხრეები ხელისუფლების დამხობას აპირებდნენ. საპასუხოდ გალსტანიანმა ფაშინიანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას სახელმწიფოს მეთაურის სავარძელში ჩამჯდარი ბოროტება უწოდა.

ვინ არის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რა ხდება სინამდვილეში

თავის დროზე არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ფაშინიანის მომხრე იყო. თუმცა ყველაფერი სომხეთის ყარაბაღის ომმა შეცვალა. არქიეპისკოპოსმა პრემიერის გაკრიტიკება დაიწყო. განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა სიტუაცია, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის შედეგად თავუშის რაიონის ოთხი სოფელი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. სწორედ იქ იყო გალსტანიანის ეპარქია.

პროტესტი ჯერ სოფლებში დაიწყო, შემდეგ კი დედაქალაქში გადაინაცვლა. სწორედ გალსტანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა ერევანში ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქცია - არქიეპისკოპოსმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა და მოსაფიქრებლად ერთი საათი მისცა. ფაშინიანი, რა თქმა უნდა, არ გადადგა. შემდეგ გალსტანიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს ხელისუფლებაში ყოფნის "რამდენიმე დღე" დარჩა. ეს ყველაფერი 2024 წელს ხდებოდა, თუმცა არქიეპისკოპოსი დღესაც აქტიურობს.

უფრო ზუსტად, მას მძლავრი მოკავშირე გამოუჩნდა სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის სახით, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ბლოკის ლიდერია. ქოჩარიანი ე.წ. ყარაბაღის კლანს მიეკუთვნება და პირველი ომის გმირია. შეგახსენებთ, რომ 1991-1994 წლების ყარაბაღის პირველი ომისას სომხეთმა რუსეთის დახმარებით დაამარცხა აზერბაიჯანი, ყარაბაღიც წაართვა და იმის იქით კიდევ 7 რაიონი. თუმცა 2020 წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ილჰამ ალიევმა "დაალაგა" პუტინთან (ერდოღანის დახმარებით) და ჯერ ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიბრუნა, 2023 წელს კი სომხეთს ლამის სრულ კაპიტულაციაზე მოაწერინა ხელი. ამის შემდეგ ქოჩარიანის მთავარი იარაღი ფაშინიანის წინააღმდეგ მუდმივად იმის ძახილია, რომ მოქმედმა პრემიერმა ქვეყანა კრახამდე მიიყვანა და საერთოდაც, საინტერესოა, მოღალატე ხომ არ არის?!

ქოჩარიანი პუტინის პირადი მეგობარია. გარდა ამისა, მის უკან დგას უზარმაზარი ფინანსური ლობი. მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსმა აქტიურობა დაიწყო, ქოჩარიანმა მას მხარი დაუჭირა და მეტიც - სთხოვა, სომხეთის პრემიერად ეყარა კენჭი. გალსტანიანი ეჩმიაძინში მივიდა და დროებით შეიჩერა სასულიერო პირის წოდება, რათა პოლიტიკური საქმიანობით უფრო მეტად დაკავებულიყო. საბოლოოდ, სომხეთში ვნახეთ არაორდინარული სურათი. პოლიტიკურ პროტესტს სათავეში ჩაუდგა სასულიერო პირი. სომეხმა ექსპერტებმა ამას ჩვენთვის კარგად ნაცნობი ახსნა გამოუძებნეს, ქვეყანაში პროტესტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიცია ისეა დისკრედიტებული, რომ მათ ხალხი ქუჩაში არ მიჰყვება, სამაგიეროდ, სასულიერო პირი ახერხებს პროტესტის აკუმულირებასო.

გალსტანიანს სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის მხარდაჭერა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე წერს სომხური პროსამთავრობო მედია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ სასულიერო პირები, ქოჩარიანი და აპირებენ მის დამხობას. თუმცა ვინ შეიძლება იდგეს ქოჩარიან-გალსტანიანის პროტესტის უკან? ფაშინიანის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს პუტინია.

ფაშინიანმა 2018 წელს რევოლუცია მოუწყო პუტინის კიდევ ერთ მთავარ მოკავშირეს, სერჟ სარგსიანს, პუტინმა კი ფაშინიანიც და სომხებიც ყარაბაღის მეორე ომის დროს თხებივით გაყიდა - ეს ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს დიდი სისხლის ფასად დაუჯდა: 5000-ზე მეტი დაღუპული, ფაშინიანი კი დაიარება ხოლმე პუტინთან შეხვედრებზე, მაგრამ რიტორიკა აშკარად შეცვლილი აქვს. ხიდი ჩატყდა. ფაშინიანს პუტინი არ ენდობა. მას სურს სომხეთში ჰყავდეს ინსტრუქციების ისეთი უსიტყვო შემსრულებლები, როგორებიც არიან რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი.

სავარაუდოდ, ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ წინა ხელისუფლება (რომელსაც ფაშინიანმა 2018 წლის რევოლუციით ჰიპეკორუფციის ონკანი გადაუკეტა), სასულიერო პირები (რომლებსაც წინა ხელისუფლებებთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ფაშინიანთან ვერ ააწყვეს) გარეგინ მეორის ხელმძღვანელობით და ამ ყველაფრის კოორდინატორი მოსკოვია.

შესაბამისად, სომხეთის პრემიერმა თავდაცვას თავდასხმა არჩია და იქით შეუტია პოლიტიკურ მტრებს ჯერ სიტყვიერად (გარეგინ მეორეზე ასეთი ლექსიკით საუბარს ვერც ერთი სომეხი ვერ წამოიდგენდა) და შემდეგ უკვე ფიზიკურად. ვეჭვობთ, ერევანში რამდენიმე დღის წინ დაწყებული დაკავებები უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და შესაძლოა სამართალდამცავთა ბადეში თავად ქოჩარიანი ან სარგსიანიც აღმოჩნდეს. რა იქნება პუტინის პასუხი, საკითხავი აი, ეს არის.

გიორგი კვიტაშვილი