"შირაზსა და ისპაანში ქართული წარმოშობის ისეთ ულამაზეს გოგონებს წააწყდები, ისეთი თეთრი პირისკანი აქვთ, მათში წამსვე ამოიკითხავ ქართველს და გული მოგიკვდება"
ისრაელ-ირანის კონფლიქტი გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე და მათ შორის ჩვენს ქვეყანაზე, სადაც არცთუ სასიამოვნო, მაგრამ მჭიდრო ისტორიული ურთიერთობის მიუხედავად, ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცით, მით უფრო ირანის მოსახლეობაზე, რომელსაც დღეს უკვე, სავარაუდოდ, ხელისუფლების გვერდის ავლითაც შეუძლია შეცვალოს ქვეყნის მომავალი, აქედან გამომდინარე კი გლობალური სიტუაცია. რას წარმოადგენს დღეს ირანელი ხალხი, დაახლოებით 75-მილიონიანი მოსახლეობა, როგორია მისი ყოფა-ცხოვრება, რა დამოკიდებულება აქვს მას ისრაელ-ირანის კონფლიქტისა და საზოგადოდ, საქართველოს მიმართ, ამის შესახებ
ისტორიკოს ლევან ხაჭაპურიძეს ვესაუბრებით.
ის იმ იშვიათ ქართველთაგანია, ვისაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში ირანში ცხოვრებისა და მისი ხალხის კარგად გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

- ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი აღარაფერი ვიცით. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ფერეიდნელ ქართველებს, საჭიროა ვიცოდეთ, რა დამოკიდებულება აქვს ირანელ ხალხს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათი ყოფა-ცხოვრების წესები და ა.შ., რაშიც, ალბათ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ერკვევა, თქვენ მათ შორის ხართ.
- ირანში ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიული ეპიზოდის გამო მოვხვდი. როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გუნდის წევრი და სამაჩაბლოელი ქართველი, მისი დამხობის შემდეგ იძულებული გავხდი გადარჩენის გზები მეძებნა. ასე აღმოვჩნდი აღმოსავლეთის ქვეყნებში კომერციული საქმიანობით. პარალელურად, როგორც ისტორიკოსმა დავიწყე ქართული ფესვების ძიება ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ირანში და ა.შ.
ირანის ქართველობა მხოლოდ ფერეიდანი არ არის, ეს არის ათასობით და ათიათასობით დაკარგული ქართული ძირი, რომელიც იძულებული გახდა ამ ქვეყანაში ეცხოვრა, მის სიჭრელეში ჩანთქმულიყო და ხშირად დღესაც კი მალავს ვინაობას.
ირანელი საზოგადოების სიჭრელე გასაოცარია. იქ უამრავი ეთნოსი ცხოვრობს, რომელიც ცდილობს იბრძოლოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ამ მრავალმილიონიან სიჭრელეს დღეს აქვს ერთი საერთო ნიშანი: დღეს ირანის მოსახლეობა ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი შაჰის დაბრუნების მომხრეა, მეორე კი ირანის დღევანდელი მმართველობის, რომელმაც გასული 80-იანი წლებიდან ირანში დააბრუნა ისლამური ფუნდამენტალიზმი, მოლების მმართველობა და ჩადრი. მეორე ნაწილი გაცილებით მცირერიცხოვანია პირველზე, იმდენად, რომ როდესაც ირანში ბომბების ჩამოყრა დაიწყო, თეირანში გახლდით და
გაოცებული შევყურებდი ხალხის რეაქციას, რომელიც, ფაქტობრივად, ადგილიდან არ იძვროდა. ზოგიერთი ბომბებს ცეკვა-თამაშითაც კი შეხვდა.
- უცნაურია. ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა რომც არ იბომბებოდეს, ომი აუცილებლად შეიწირავს მშვიდობიან მოსახლეობასაც. რატომ არ იჩენდნენ სიფრთხილეს?
- ომს ყოველთვის ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ საოცარი იყო - ირანი საომარი მოქმედებების მეხუთე დღეს დავტოვე და საზღვარზე გადამსვლელთა ლამის კილომეტრიან რიგში მხოლოდ უცხოელები ვიყავით, ერთი ირანელიც არ ჩანდა, იმდენად იყვნენ დაიმედებული, რომ ისრაელი მოსახლეობას არ დაბომბავდა. ეს ინფორმაცია ჰქონდათ არა მხოლოდ სოციალური ქსელიდან, არამედ ისრაელში მცხოვრები თანამემამულეებისგანაც. ისრაელში ირანის რეჟიმს გაქცეული ათასობით ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ირანში ინფორმაციას სოციალურ ქსელზე ადრე ავრცელებენ. თუმცა პირველ დღეებში მოსახლეობაში მსხვერპლი იყო, კერძოდ, იმ დასახლებაში, სადაც, ძირითადად, ახლანდელი ხელისუფლების მომხრეები ცხოვრობენ, ე.წ. ზნეობის პოლიციის წარმომადგენლები.
- ისრაელის წერტილოვანი დაბომბვის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია არცთუ მდიდრული კორპუსების ფოტოებმა, სადაც ირანის უმაღლესი სამხედრო პირების მოკრძალებული ბინები წერტილოვნად დაბომბეს და მათი ბინადარი სამხედრო პირები გაანადგურეს.
- ის მოკრძალებული კორპუსები კონსპირაციის მიზნით არის შერჩეული. ირანის მმართველობაში კონსპირაციულობა უმაღლეს დონეზეა, რაც მათი თავდაცვის მექანიზმია ირანის მოსახლეობისგანაც. ირანი, უხეშად რომ ვთქვათ, უმდიდრეს წიაღისეულზე "ზის": ნავთობზე, გაზზე, რკინაზე, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოებზე, რაც ქვეყანას უდიდეს მოგებას აძლევს. იმდენია და ისე ქაოსურად იღებენ, მაგალითად, რკინის მადანი მატარებლების ნაცვლად, ტრაილერებით გადააქვთ, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ხელისუფლება თავისი გაქანებული კორუფციით მოსახლეობას ამ სიმდიდრის მოხმარების საშუალებას არ აძლევს. სამაგიეროდ, უსასრულოდ მდიდრდება თავად ელიტა ფეშენებელური სასახლეებით, ავტომანქანებითა და სხვა კაპიტალით, რაც, რა თქმა უნდა, ევროპა-ამერიკაში გაგზავნილ მათ შვილებს ხმარდება. მოსახლეობას კი ეძლევა ზნეობის პოლიციის მორჩილებაში ცხოვრების წესები და იმდენი, რომ ელემენტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილოს და არ აჯანყდეს. ამ მიზნით სახელმწიფო საწვავს, ფქვილს, წყალს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს აფინანსებს, სუბსიდიებს დებს. ეს პროდუქტები, ცხადია, ბევრად იაფი ღირს, ვიდრე მათი მოპოვება. მაგალითად, ირანში ლიტრი დიზელის ფასი ერთი ცენტია, ბენზინის კი - 7 ცენტი. რაც შეეხება წყალს, ყველა ირანში წყლის დეფიციტზე ლაპარაკობს, სინამდვილეში კი წყალი დეფიციტი სულაც არ არის, ქვეყნის წიაღისეულმა სიმდიდრემ მათ უამრავი არტეზიული ჭის გაჭრის საშუალება მისცა. ასე რომ, წყლის მოხმარებაც საკმაოდ იაფია.
- თუმცა ჩვენს ქვეყანაში ირანელთა მიერ შეძენილი ბინების სტატისტიკა ამბობს, რომ მათ საქართველოსკენ უფრო მოუწევთ გული.
- რა თქმა უნდა მოუწევთ, ჩვენი ქვეყანა სამოთხეა და რატომ არ გამოუწევთ? აქვე მინდა ერთი ფაქტიც მოვიყვანო - უკიდეგანო სიჭრელის მიუხედავად, ირანში ვერ იპოვით ვერც ერთ ეთნოსს, ვერც დიდსა და ვერც პატარას, რომელიც არ გეტყვით, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, ირანის შემადგენელი ნაწილი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ირანი წაგებული ომების შემდეგაც არ კარგავს იმპერიულ ამბიციებს. Aამ ყველაფერს სკოლებში ასწავლიან. ასევე აფინანსებენ თავიანთი შიიტური რელიგიის რკალს. გულუბრყვილობა იქნება დავიჯეროთ, რომ ჩვენთანაც მრავალრიცხოვანი მეჩეთები მხოლოდ ჩვენი მუსლიმანი მოსახლეობის პირადი თანხებით შენდება. ასეთია ამ ქვეყნის პოლიტიკა. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის ყველა სახელმძღვანელოში ეწერა, რომ საქართველო რუსეთისაა, ასევე წერია ირანის სახელმძღვანელოებშიც. სხვათა შორის, ჩვენი ხალხი ირანის ამგვარ დამოკიდებულებას, ასე ვთქვათ, "სისხლით" ისევ გრძნობს, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. მაგალითად, საქართველოში დღესაც მოარულია გამოთქმა "სპარსული ეშმაკობა", რაც მოასწავებს, რომ ჩვენს ხალხს მშვენივრად აქვს ჩაბეჭდილი სპარსული იმპერიული ხასიათი: ცბიერება და სიტყვის გატეხა, რისი კლასიკური მაგალითი შაჰ-აბასიც იყო.
- ეს ირანის მოსახლეობაზეც ვრცელდება?
- ირანის მოსახლეობა მშვიდი და სტუმართმოყვარეა. თუმცა არის სხვა გამოცდილებაც, როდესაც პარტნიორს ენდობი და ის, ასე ვთქვათ, "გადაგაგდებს". მაგალითად, პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც პარტნიორისთვის ბიზნესის თანხა მიმიცია, ის კი გამქრალა. ასეთ შემთხვევებში სამართალს ირანში, როგორც წესი, მოლები გადაწყვეტენ. თუმცა, თუ მოლას ამ საჩივრით მიმართავ, ის გეუბნება, რა გრჯიდა, წინასწარ ფული რატომ მიეციო, და ასე მთავრდება ყველაფერი.
- ტოტალიტარული სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანი: კანონი არ კანონობს, კორუფცია მეფობს, სასამართლო არ არსებობს.
- სასამართლო არსებობს, მაგრამ ისიც კორუმპირებულია. მაგალითად, ქალს შეუძლია მოსამართლე მოისყიდოს, ქორწინების ხელშეკრულება დაარღვევინოს და ქმრის მთელი ქონება გადაიფორმოს.
- ანუ ირანში ქორწინებისას ხელშეკრულება იდება?
- ირანში ყოველთვის იყო საცოლის ოჯახიდან "გამოსყიდვის" წესი სხვადასხვა ძვირფასი საჩუქრით. საბოლოოდ ეს ქორწინების ხელშეკრულებად გაფორმდა. ირანი ინარჩუნებს ნათესაურ ქორწინებასაც, რისი შედეგიც ხშირად თანდაყოლილი პათოლოგიებია. ირანელებმა იციან, რომ საქართველო მგლის ხალხად მოიხსენიება. მეუბნებიან, იმიტომ, რომ კარგი ბრძოლა იცითო. ვპასუხობდი, არა მარტო ბრძოლა, მგელი მეხუთე თაობამდე ინარჩუნებს არანათესაურ შეჯვარებას, რასაც ქართველები არასოდეს დაუშვებენ-მეთქი. მამაკაცები დიდ ფულს ხარჯავენ ნიშნობა-ქორწილებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, ქალს ირანში ბევრად მეტი უფლება აქვს, ვიდრე მამაკაცს. ამიტომაც არის, რომ ცივილიზაციის დაბრუნებისა და ჩაკეტილობის გასარღვევად ქალები უფრო მეტად იბრძვიან. ბომბები ცვიოდა, როდესაც მეტროებში ირანელმა გოგონებმა უთავსაფროდ სიარული დაიწყეს პროტესტის ნიშნად. რეალურად დაკანონებულია პროსტიტუციაც. ამის უფლებას გასათხოვარ გოგონებს არ აძლევენ; გათხოვილ ქალს, რომელსაც აქვს ინფექციურ სნეულებებზე ჯანმრთელობის ცნობა, მარტივად შეუძლია მოლას მიმართოს და მისგან პროსტიტუციის ნებართვის სიგელი აიღოს, რის შემდეგაც მოლა მისგან ამ საქმიანობის წილს იღებს.
ირანის სიჭრელეში მოიაზრებიან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. რეჟიმი ტრადიციულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რადგან მისი დამორჩილება ძნელია და ის პროგრესისკენ მიილტვის. თუმცა ეს ბრძოლა უფრო შეფარულია. სახელმწიფო ებრძვის ბაჰაისტებსაც. ეს გახლავთ დაახლოებით 100 წლის წინ მსოფლიოში ჩამოყალიბებული და გავრცელებული სექტა და მათ შორის, ირანშიც. ბაჰაისტები ქადაგებენ სიღატაკესთან ბრძოლას, ასევე ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას. რაც მთავარია, ამ სექტის მიმდევრები, რომლებიც ირანში საკმაოდ ბევრნი არიან, ამტკიცებენ, რომ მხოლოდ თავად არიან ნამდვილი ირანელები. მათი რელიგია ცეცხლთაყვანისმცემლობა იყო, მაგრამ შემდეგ მოვიდნენ არაბები და გაუნადგურეს აყვავებული სახელმწიფო.
- სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმართ რა დამოკიდებულებაა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ირანში სომხურ ეკლესიაში დაკრძალულია ერეკლე მეფის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც რუსეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო.
- ირანი სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმართ შემწყნარებლურია და ამას თავისი მიზეზები აქვს. სხვათა შორის, ირანში უამრავი წარმოშობით ქართველია შერაცხილი სომხად, რადგან ირანი ტრადიციულად არ ვნებდა სომხურ ეკლესიას. ამიტომ ოღონდ კი იძულებით მუსლიმანობა არ მიეღოთ, ქართველები სომხდებოდნენ. ძირითადად, ეს იყო ქართული არისტოკრატია. სხვათა შორის, ამ ხალხს ახსოვს თავიანთი წარმომავლობა და როცა დაუახლოვდები, გეუბნებიან, რომ სინამდვილეში ქართველები არიან და არა სომხები. ბევრს გარეგნობაზეც ეტყობა, რომ ქართველია.
შირაზსა და ისპაანში ერთი გავლითაც შეატყობ, ვინ არის ქართული წარმოშობის - ისეთ ულამაზეს გოგონებს წააწყდები, ისეთი ქართული, თეთრი პირისკანი აქვთ, მათში წამსვე ამოიკითხავ ქართველს და გული მოგიკვდება.
რაც შეეხება ირანში ქართველი ლომის სახელით ცნობილ ალექსანდრე ბატონიშვილს, ის დაკრძალულია თეირანში სომხური ეკლესიის გარე კედელთან, რადგან ის არ ყოფილა სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრი. ტაძარში მისი სომეხი მეუღლე, მარიამია დაკრძალული. დიდი სურვილი მქონდა ალექსანდრეს საქართველოში გადმოსვენებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ჩემი მეგობარია ალავერდი-ხან უნდილაძის შთამომავალი ჯაფარ-ხან უნდილაძე. ის ნამყოფია საქართველოში და ძალიან უყვარს. მისი სურვილით დაიდგა ირანში ალავერდი-ხან უნდილაძის ძეგლი. რაც შეეხება ალავერდი-ხანის ვაჟის, იმამ-ყული-ხანის ძეგლს, ის სპარსეთის ყურეში დიდი ხანია დგას, რადგან სწორედ იმამ-ყული-ხან უნდილაძემ გარეკა სპარსეთის ყურიდან პორტუგალიელები.
- ირანში გატაცებულ ნიჭიერ ქართველ ბიჭს, ალავერდი-ხან უნდილაძესა და მის შთამომავლობას, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ირანის აღმშენებლობასა და ძლიერების განმტკიცებაში ამაგი არ დაუფასეს. იმამ-ყული-ხან უნდილაძე პორტუგალიელების გარეკვის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაბრუნდება ირანში შაჰი და დამყარდება დემოკრატიული წესები?
- ირანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შაჰის მომხრეა და მისი დაბრუნება სურს. ახლაც რომ არ მოხდეს ეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მაინც მოხდება. თუმცა ჩვენთვის სანატრელი ნამდვილად არ არის, რომ ეს აჯანყების გზით მოხდეს. ირანი შვიდად არა, მაგრამ ოთხ ნაწილად ნამდვილად დაიშლება და ეს ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება.