"გიგა ლორთქიფანიძე იჯდა მაგიდასთან და ცრემლები მოსდიოდა, მე კი მის ზურგს უკან ვქვითინებდი“ - კვირის პალიტრა

"გიგა ლორთქიფანიძე იჯდა მაგიდასთან და ცრემლები მოსდიოდა, მე კი მის ზურგს უკან ვქვითინებდი“

"როდესაც დამირეკეთ და რუბრიკის სახელწოდება მითხარით, დავფიქრდი, ვისზე უნდა მესაუბრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილება არაერთ ადამიანს მოუხდენია, მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი, იქ ნამდვილი ლეგენდები დამხვდნენ",­ - ამბობს მსახიობი ეკა მჟავანაძე. ის დღეს მამას, კუკური მჟავანაძეს და პედაგოგს გიგა ლორთქიფანიძეს იხსენებს.

"ყველაზე მეტად ახლა შენ გჭირდებოდიო - ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო"

- მამა ადრეულ ასაკში დავკარგე, პირველ კურსზე ვიყავი, 18 წლის და ამის გადატანა ძალიან გამიჭირდა. მამა ხელოვანი იყო და მეც 8 წლის ასაკში მაზიარა ჩემს პროფესიას, "მომწამლა" - მაშინ პირველად დავდექი სცენაზე, ძალიან ემოციურად ვთამაშობდი და მამა კულისებიდან მამხნევებდა, იქ იდგა და მიყურებდა. წლების განმავლობაში, სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, მამა იყო ჩემი გზის მომცემი, საუკეთესო მრჩეველი, ემოცების გამზიარებელიც...

სრულიად მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება, მქონდა შეგრძნება, რომ მარტო დავრჩი. დედა ექიმი გახლდათ, ჩემს პროფესიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მხარში მედგა, როგორც მშობელი, მაგრამ ის ემოციური კავშირი, რომელიც მამასთან მქონდა, სულ სხვა იყო...

მამა უპატიოსნესი, უზომოდ კეთილი, წესიერი ადამიანი იყო. ალბათ, ამიტომაც,­ მამას პატივისცემის ნიშნად, მარჯანიშვილის თეატრში, მის კაბინეტში (თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ), გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ შესულა. ის კაბინეტი ერთი წელი ისე იყო, როგორც მამამ სიცოცხლის ბოლო ღამეს­ დატოვა...

1-1751204052.jpg

ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაცრი იყო, სულ ჭკუას მარიგებდა, მეც გარდატეხის ასაკში ვიყავი და სულ ვეწინააღმდეგებოდი, დედა გვსაყვედურობდა, დავიღალე, თქვენი მოსმენა აღარ შემიძლიაო. სიმკაცრის მიუხედავად, მასთან მეგობრული,­ ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა. 2 და მყავს­ ჩემზე 10 და 12 წლით უფროსი, მაშინ უკვე გათხოვილები იყვნენ და მე, ნაბოლარა შვილს, მშობლები მანებივრებდნენ.

მამა ჩემს პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ვუთხარი, გამო­ც­­დებზე არ მოსულიყო, რადგან მას თუ დავი­ნახავდი, ვინერვიულებდი. მართლაც­ არ მოსულა, არადა, ინსტიტუტის წინ უამ­რავი­ მშობელი ტრიალე­ბდა, ყველა საკუ­თარ შვილს გულშემატკივრობდა... მახსოვს,­ ერთ-ერთი გამოცდიდან რომ გამოვედი, გზას ფეხით გავუყევი ოპერისკენ და დავინახე, მამა ოპერის წინ ხესთან იდგა. გამოდის, შორიახლოს მაინც ტრიალებდა...

მამა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუ­ტთან არსებულ სახალხო თეატრს ხელმძღვანელობდა, რომელსაც არაჩვეულებრივი, წარმატებული დასი ჰყავდა და სულ დადიოდა გასტროლზე...

მე, ალბათ, დღესაც მამის ნაკვალევზე­ და მისი დატოვებული სიკეთის მადლით დავდივარ... გარდაცვალების დღეს მე და მამა შინ მარტო ვიყავით, დედა თბილისში­ არ იყო. როგორც ჩანს, მაღალი წნევა ჰქონდა, საერთოდ მაღალ წნევას ატარებდა. ვილნიუსში გასტროლი გვქონდა და ახალი ჩამოფრენილები ვიყავით, ალბათ, ფრენამაც იმოქმედა. დილით რომ გავიღვიძე, აბაზანაში ვნახე - გაჟონვა დაემართა... სასწრაფო დახმარება გამოვიძახე... მამას გონება არ დაუკარგავს, მეტყველებაც შეეძლო. რომ დამინახა, მითხრა, ხმამაღალი ტირილი­ არ გინდა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ახლა შენ გჭირდებოდიო, - ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო...

ჩემი უფროსი შვილი საოცრად ჰგავს­ მამაჩემს მანერებით, ხასიათით, ქცევებით... ფეხბურთსაც ზუსტად ისე უყურებს, როგორც მამა უყურებდა, საოცარი რამ არის გენეტიკა...

2-1751204052.jpg

"სხვაგვარად მგრძნობიარე და ემოციური კაცი იყო"

- თეატრალურში ჩემი პედაგოგი გენია­ლ­ური გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება გამორჩეულად­ მემახსოვრება.

მამაჩემის დაკრძალვის შემდეგ ლექციებზე პირველად რომ მივედი, ბატონი გიგა შემოვიდა აუდიტორიაში, დაჯდა მაგიდასთან, ჩვენ გარშემო შემოვუსხედით, 15-მდე სტუდენტი ვიყავით. მე მის ზურგს უკან ვიჯექი. იმ დღეს ბატონმა გიგამ ლექცია ასეთი ტექსტით დაიწყო: ახლა მე თქვენ მოგიყვებით, როგორი მამა ჰყავდა თქვენს მეგობარსო და მამას შესახებ თხრობა დაიწყო... გიგა ლორთქიფანიძე იჯდა მაგიდასთან და ცრემლები მოსდიოდა, მე კი მის ზურგს უკან ვქვითინებდი. სხვაგვარად მგრძნობიარე და ემოციური კაცი იყო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ მსახიობობა... მკაცრი იყო, ზოგჯერ მყვირალაც, მრისხანებას ხმაურით გამოხატავდა... მერე გავიდოდა 5 წუთი და ისეთი ამბის თხრობას იწყებდა, თავადაც და ჩვენც ცრემლები მოგვდიოდა...

პირდაპირი კაცი იყო, უშიშარი, ვაჟკაცურად იცოდა სათ­ქმელის თქმა, უკან არ დაიხევდა... ზაფხულში, დასვენების პერიოდში­, გვავა­ლდებულებდა, რომ წიგნები წაგვეკითხა. სექ­ტემბერში რომ ვბრუნდებოდით, ყველას გამოგვკითხავდა, ვინ რა წავიკითხეთ­. საოცარად კარგი მეხსიერება ჰქონდა, ყველა პერსონაჟის სახელი, მოქმედება, დიალოგებიც კი ზეპირად ახსოვდა...

ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, გვიყვებოდა ამბებს მეგობრებზე, საკუთარ თავზე­, გადაღებებს იხსენებდა...

kukuri-mzhavanaze-1751204051.png

სესილია თაყაიშვილზე გიჟდებოდა. როცა სესილია გარდაიცვალა, 2 კვირა მისი კვირეული გვქონდა. იმ პერიოდში გარდაი­ცვალა ბატონი­ გიგას უახლოესი მეგობარი ნოდარ დუმბაძეც. ბატონი გიგა იხსენებდა, პირველად "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" რომ წავიკითხე, ნოდარს დავურეკე და მთელი ღამე ამ ნაწარმოების განხილვაში გავათენეთო.

იცით, სესილია თაყაიშვილი "დათა თუთაშხიაში" ასინეთას როლზე როგორ მოხვდა? პირველად ბატონ გიგას ეს როლი რომ შეუთავაზებია, მკაცრი უარი უთქვამს - აპა, პა, პა, არ დამენახოო! სესილია, სცენარს მაინც დაგიტოვებ, გადახედე, ისეთი როლია, დიდი დრო არ დაგჭირდება, წაიკითხე და შენ თუ არ ითამაშებ, იქნებ ის მაინც მირჩიო, ვინ ვათამაშოო - ასე ოსტა­ტურად შეუპარებია ბატონ გიგას. სესილიას­ ისევ ხელები გაუსავსავებია, მაგრამ სცენარი მაინც დაუტოვებია. ბატონი გიგა გვიამბობდა, ამ ამბიდან რამდენიმე დღე ისე გავიდა, სესილიას აღარ დავურეკე, მინდოდა, ფიქრისთვის დრო ჰქონოდაო. შემდეგ დაურეკავს, რა მოიფი­ქრეო? ხვალ მოდი ჩემთან და გეტყვიო... მივედი, კარები თავად სესილიამ გამიღო, ზუსტად ისე ეცვა, როგორც ფილმში ასინეთას და ხელით­ მუნჯურად "მითხრა" შემოდიო. ეტყობოდა, როლზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, იდგა და მიხსნიდა, ამ სცენას ასე გავაკეთებ, ამ დროს ხელს გავშლი, შემდეგ ეპიზოდში ისე ვითამაშებ... არაფერი შემიცვლია, გაოგნებული ვუყურებდიო - ჰყვებოდა ბატონი გიგა.

მოგვიანებით, მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი, იქ ნამდვილი ლეგენდები დამხვდნენ, გამიმართლა, საოცარ გარემოში აღმოვჩნდი, ამ ადამიანებზე სხვა დროს, სხვა ინტერვიუში ვისაუბროთ.

თამუნა კვინიკაძე