„ყოველთვის მინდა ტატამზე მყოფს თემოს ხმა მესმოდეს“ - კვირის პალიტრა

„ყოველთვის მინდა ტატამზე მყოფს თემოს ხმა მესმოდეს“

9 შეჯიბრი, 9 მოგება (აქედან 8 იპონით) - ამ შედეგით ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული იმითაც აღმოჩნდა, რომ გუნდურ (გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, მარიამ ჭანტურია, მიხეილ ბახბახაშვილი, სოფიო სომხიშვილი) შეჯიბრში საქართველო მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა და იაპონელების 7-წლიანი ჰეგემონია დასრულდა! ამ გამარჯვებაში დიდია ეთოს წვლილიც. მის განვლილ გზას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ პირველობა ეთოს სპორტულ ბიოგრაფიას თან სდევს.

8 წლის ცელქი გოგონა, უზომოდ დიდი ენერგიით, ლენტეხის სავარჯიშო დარბაზში რომ მივიდა, 100 ბიჭს შორის ერთადერთი გოგო იყო. მალე მიხვდა, რომ ეს საქმე მხოლოდ გართობა აღარ იყო, მისი ცხოვრების მთავარი მიზნები ძიუდოს უკავშირდებოდა და მისი თავგადასავალიც ტატამზე ასე დაიწყო.

- ჩემპიონო, ამ დიდ წარმატებას გილოცავთ, მადლობა სიხარულისთვის!

- დიდი მადლობა! ამაზე კარგი არაფერია, როდესაც შენი შრომა და წვალება გიფასდება. მიხარია საქართველოს ჰიმნის აჟღერება, ჩემი ქვეყნის დროშის მაღლა აწევა, ქართველი გულშემატკივრის გახარება რომ შევძელი. უდიდესი ბედნიერებაა ისიც, რომ ჩემი ოჯახი ძალიან გავახარე.

- იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ­ იმარჯვებ, 9 შეხვედრა გქონდათ, 9 მოგება, აქედან 8 იპონით (წმინდა გამარჯვება). ასეთ ტრიუმფს ელოდით?

- რა თქმა უნდა, ველოდი, ყველაფერი გავაკეთე, ეს რომ მომხდარიყო, მიღწეული წარმატება უდიდესი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

3-1751204052.jpg

- ტატამზე როგორი ხართ, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?

- დაუნდობელი (იცინის).

- ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ძალიან მიყვარს სახლის დალაგება,­ სადილის მომზადება, დიასახლისობა. თბილი, მზრუნველი და ცოტათი ნაზი გოგოც ვარ. მიყვარს სეირნობა, შინ თუ ვარ, წიგნს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ. დაგეგმილად ცხოვრება მიყვარს, ვგეგმავ ხვალინდელ დღეს, უახლოეს ერთ კვირას.

4-1751204052.jpg

- ის დღე როგორ გახსოვთ, 8 წლის გოგო ლენტეხში ძიუდოზე რომ მიხვედით?

- ძალიან ცელქი და ენერგიული ბავშვი ვიყავი, ენერგია სადღაც ხომ უნდა დამეხარჯა? მაშინ იმ დარბაზში 100-ზე მეტი ბიჭი ვარჯიშობდა და ერთადერთი გოგო მე ვიყავი. თავიდან ვარჯიში გასართობად დავიწყე, დარბაზი სახლთან ახლოს იყო. მალე მივხვდი, ჩემთვის ძიუდო უკვე აღარც თამაში იყო, აღარც გართობა, უდიდესი სურვილი გამიჩნდა, ამ სპორტში დავრჩენილიყავი და დიდი მიზნები დამესახა. ლენტეხში ძიუდოზე 2 წელი დავდიოდი, ბიძაჩემმა ჩემი მონდომება რომ დაინახა, გადაწყვიტა, თბილისში წამოვეყვანე. 10 წლის ვიყავი, დედმამიშვილებს, მშობლებს რომ დავშორდი, რასაც ემოციურად თავისებური სირთულე ახლდა. უცხო ქალაქში ახალი ცხოვრების დაწყება მარტივი არ ყოფილა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შევძელი. უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, ჩემმა მიზნებმაც გამაძლიერა. რთული იმ მხრივაც იყო, რომ თბილისში ყოველ დღე ვარჯიშზე სიარული რუსთავიდან მიწევდა. სკოლის შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდი, ხშირად ჭამასაც ვერ ვასწრებდი, ტანსაცმელს ვიცვლიდი და გავრბოდი, ვჩქარობდი, თბილისში ვარჯიშზე არ დამგვიანებოდა. 12-13 წლამდე ბიძაჩემი დამყვებოდა და სხვა საქმეს ვეღარ აკეთებდა. მერე ვუთხარი, გზა ხომ ვისწავლე და უკვე მარტო ვივლი-მეთქი. დიდი თხოვნის შემდეგ დამთანხმდა და ვარჯიშზე სიარული დამოუკიდებლად დავიწყე. დღის განმავლობაში 2 საათს ვვარჯიშობდი. სანამ შინ მივიდოდი, ღამდებოდა და ბევრჯერ გაკვეთილების სწავლისას ჩამძინებია. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშზე ძალიან ვიღლებოდი, მეცადინეობას მაინც ვახერხებდი, არ მინდოდა, მეორე დღეს სკოლაში მოუმზადებელი წავსულიყავი.

- აი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც სპორტშიც დაგეხმარათ.

- დიახ, ეს გრძნობა და დისციპლინა თუ არ გაქვს, სპორტში ვერაფერს მიაღწევ.

- ვიცი, დედა იყო წინააღმდეგი ძიუდოისტი ყოფილიყავით. დღეს რას გეუბნებათ?

- დედას ჩემი თბილისში გამოშვებაც არ უნდოდა. ბევრჯერ იყო ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა დედამ ძიუდოდან გამომიყვანა, მეუბნებოდა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, სწავლისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ ვარჯიშებზე ჩუმად მაინც დავდიოდი. წინააღმდეგი მხოლოდ დედა არ იყო, ნათესავებიც მეუბნებოდნენ, ძიუდოზე რა გინდა, სხეული დაგიმახინჯდება, ვერ გაიზრდებიო. არავისთვის მომისმენია. ჯიუტი ვიყავი, მიზანს თუ დავისახავდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე მიმეღწია.

6-1751204052.jpg

- დღეს ეს ადამიანები რას გეუბნებიან?

- კიდევ კარგი, არ მოგვისმინეო. დედა ჩემს ჭიდაობას ვერ უყურებს, ხმაც არ უნდა გაიგონოს და ყურებზე ხელს იფარებს. ამ დროს ისე ზის, მამაჩემს უყურებს და მისი გამომეტყველებით ხვდება რა მდგომარეობაა. ამდენი შრომის შემდეგ ნანატრი ოქროს მედალიც მოვიდა.

- ვიცი, იმედგაცრუების განცდაც გქონიათ,­ იმ პერიოდმა რა გასწავლათ?

- დიახ, ორჯერ გავედი ოლიმპიადაზე და ორივეჯერ მეხუთე ადგილზე დავრჩი. ძალიან მინდოდა უმაღლესი სინჯის მედალი მომეპოვებინა, ამისთვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ პატარა ნიუანსებმა, გამოუცდელობამაც მედლის აღებაში ხელი შემიშალა. ეს ყველაფერი გავაანალიზე, თუმცა­ მქონდა პერიოდი, ძიუდოს ხსენებაც არ მინდოდა, ვფიქრობდი, თავი დამენებებინა,­ რომ იმედგაცრუება ისევ არ განმეცადა. ბევრი ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გამაძ­ლიერა, ორმაგად მოტივირებული გავხდი, მომეპოვებინა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. ვარჯიშს, საკუთარ თავზე მუშაობას ისევ გავაგრძელებ და 3 წელიწადში, როცა ოლიმპიადა სტარტს აიღებს, მინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, მქონდეს განცდა, რომ ოქროს მედლისთვის ყველაფერი გავაკეთე, რომ მე ამ გამარჯვებასაც ვიმსახურებ!

- ყველაზე მეტად ვინ გაძლიერებთ?

- ჩემი მეუღლე, თემო ნოზაძე. მასზე­ საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. მთელი ცხოვრება ეს ადამიანი მხარში მიდგას. ერთმანეთი 15 წლის ასაკში შეგვიყვარდა. ის ყოველთვის ცდილობდა თავისი გამოცდილების გაზიარებით გავეძლიერებინე. ახლაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მიზანი რეალობად გვექცია. ვარჯიში, რეჟიმის დაცვა, დისციპლინა, სულ ცდილობდა, ხელი შეეწყო. მინდა საჯაროდ ვუთხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემი მედალი არ არის, ორივეს მიერ არის მოპოვებული. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა და მაძლიერებდა.

- ჭიდაობისას თემოს შეძახილი გესმოდათ?­

- მისი ხმა ყოველთვის მესმის, შეიძლება არ ვუყურებდე, მაგრამ ტატამზე მისი "კარნახი" მესმის, ვცდილობ ის გავაკეთო, რასაც მირჩევს. ყოველთვის მინდა ტატამზე მყოფს თემოს ხმა მესმოდეს და მის მითითებებს მივყვე. ეს ხმა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულის მომცემია.­ ბუდაპეშტში ძალიან ბევრი ქართველი იყო, მათ შორის ტრიბუნებზეც, თემოს დანახვა­ ზოგჯერ რთული იყო, მაგრამ ყოველი გასვ­ლის წინ თვალებით ვეძებდი და ხელს ვუქნევდი.

- ფინალში საჭიდაოდ რომ გახვედით, მაგ დროს რა ხდებოდა თქვენს გულში, გონებაში?

- გული კარგს მიგრძნობდა, დილით თვალი რომ გავახილე, იმ წუთიდან რაღაც კარგი ამბის მოლოდინში ვიყავი, ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა და ქართველი ერი გამეხარებინა. ჩემს შეხვედრებზე საერთოდ არ მაქვს შიში, დაძაბულობა, თემოს შეხვედრებზე უფრო ვნერვიულობ ხოლმე.

- მახსოვს, ოჯახი რომ შექმენით, კრიტიკოსები ამბობდნენ, ეთოს კარიერა დასრულდაო.­..

- (იცინის) კი, ამბობდნენ, ეს რაღას იჭიდავებსო, მაგრამ მე ამ ყველაფერზე ვიცინოდი. ჩემი კარიერა კი არ დამთავრდა, ახლა დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე ყველა სოციალური ქსელი გავაუქმე, ინტერნეტთან წვდომა თითქმის არ მქონდა, არ მინდოდა, რამე ნეგატიური წამეკითხა და ამას რაიმე ფორმით ხელი შეეშალა.

- გუნდური შეჯიბრის წინ რა რიტუალი გაქვთ?

- ჩვენ ყოველი გასვლის წინ ერთმანეთის მხარდამხარ ვდგებით, ვამბობთ მამაო ჩვენოს, დიდება უფალს და საასპარეზოდ გავდივართ. უფალი გვაძლევს ძალას, ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

მინდა ჩვენს გოგო-ბიჭებს ეს ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო. გუნდურს ყოველთვის კარგად ვჭიდაობთ, ამ შეჯიბრს კიდევ სხვაგვარი აზარტი ახლავს. მე ოქროს მედალი კი მქონდა, მაგრამ მინდოდა, სამშობლოში ჩემი მეგობრებიც ოქროს მედლებით დაბრუნებულიყვნენ. ერთი წამითაც კი არ დამიშვია, რადგან ოქროს მედალი უკვე მქონდა, დავნებებულიყავი და ტატამზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ დამედო.

- ასეთი ემოციური დღეების შემდეგ, უახლოესი გეგმები როგორია?

- ერთი კვირით უცხოეთში დასასვენებლად წასვლას ვფიქრობთ, ეს დასვენება ორივემ დავიმსახურეთ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ყველა შეჯიბრის შემდეგ გამარჯვების სიხარული გქონდეთ!

- უღრმესი მადლობა თქვენ და "კვირის პალიტრას"!

თამუნა კვინიკაძე