ექვსი კაბა და ერთი შარვალი
სოფო გულბანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მეუღლე, ედუარდ ხარძიანი, ერთი წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა სვანეთი დატოვა. ცოლ-ქმარმა პანდემიის დროს გადაწყვიტა ხუთ შვილთან ერთად სვანეთში გადასვლა. 40 წლის შემდეგ ხარძიანების მამაპაპისეული სახლი სოფელ ვიჩნაშში თითქმის დანგრეული იყო, ამიტომ სოფელ ლალხორში შეიძინეს სახლი. სვანეთში გადასვლის შემდეგ წყვილს კიდევ ორი შვილი შეეძინა და ამჯერად შვიდი შვილის მშობლები არიან. ექვსი გოგო და ნანატრი ვაჟი მშობლების გადაწყვეტილებით სვანეთის ულამაზეს გარემოში იზრდებიან.
სოფო გულბანი: - 2019 წელს მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ხუთი მცირეწლოვანი შვილით სვანეთში გადავსულიყავით და შვილები სუფთა ჰაერზე გაგვეზარდა. სვანეთში შეგვეძინა ორი ანგელოზი - თამარი და გიორგი, ამჟამად შვიდი შვილის მშობლები ვართ. ამდენი წლის მიტოვებული მამაპაპისეული სახლი თითქმის სულ დანგრეული იყო, მაგრამ ღვთის დახმარებით აღვადგენთ. მეუღლე, ედუარდი, თავისი კუთხის უსაზღვროდ მოყვარული, შრომისმოყვარე, კარგი მამა და მეუღლეა.
- ორი პატარა სვანეთში გადასვლის შემდეგ შეგეძინათ. არ გაგიჭირდათ ორი ბავშვის გაზრდა, ხუთი ბავშვის სკოლაში ტარება?
- ქალაქში შეიძლება კომფორტი გქონდეს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დამღლელია. აქ სკოლა და საბავშვო ბაღი ძალიან ახლოს მაქვს. სოფლად რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობთ, ყველაფერი შედარებით ადვილდება.
მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები ერთმანეთს გვერდში უდგანან, უფროსები პატარებზე ზრუნავენ, მათ გაზრდაში, მოვლა-პატრონობაში მონაწილეობენ.
ბევრს უკვირს, თბილისში გაზრდილი, აქ ცხოვრებას როგორ შევეგუე, მაგრამ ქალაქში გაზრდილისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია მთაში ცხოვრება. დღეს რომ ვუფიქრდები, აღარ მინდა ქალაქში დაბრუნება.
შარშან კულტურის სამინისტრომ ცეკვის მასწავლებლად დამნიშნა, ქართულ ხალხურ ცეკვებს ვასწავლი. სკოლაში 14 ბავშვია და სწავლის ხარისხი მაღალია. ძალიან კარგი ადამიანია სკოლის დირექტორი, ბავშვებს ხელს უწყობს, სწავლას რომ არ ჩამორჩნენ.
უფროს გოგონებს თავიდან გაუჭირდათ შეჩვევა, თანაც "კოვიდის" პერიოდი დაემთხვა, სკოლაში არ დადიოდნენ. თბილისში კერძო სკოლაში მყავდნენ, კარგი პირობები ჰქონდათ და უცებ მეგობრებს, ყველაფერს მოვაშორეთ. მეუბნებოდნენ, ოღონდ აქედან გავაღწიოთ და, აღარ დავბრუნდებითო, მაგრამ დღეს ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ, აქაურობა ძალიან ენატრებათ. სულ ვცდილობდით ბავშვებს არ მოეწყინათ. ზამთარში თხილამურებით სრიალებდნენ თეთნულდზე. ზაფხულში აქ ბევრი ადამიანი იყრის თავს, აუარებელი დამსვენებელი ჩამოდის და კარგად ერთობიან.
- მცირე მეურნეობა გაქვთ და თქვენს ნაწარმსაც ყიდით...
- მცირე საოჯახო მეურნეობა გვაქვს, რომელიც ჩვენი ოჯახის შრომითა და სიყვარულით ვითარდება. ძირითადად, ვაწარმოებთ ტრადიციულ სვანურ რძის პროდუქტებს - ყველს, სულგუნსა და სეზონურად რძის ნაწარმის სხვა ნაირსახეობებსაც. ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მთის ძროხის რძეს, რაც ჩვენი ყველისა და სულგუნის ხარისხს გამორჩეულს ხდის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ ხარისხს, არამედ ტრადიციული წესების დაცვასაც. მაგალითად, სულგუნს ვწურავთ ხელით, ბუნებრივი ტექნოლოგიით, ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში კეთდებოდა სვანურ ოჯახებში. ასეთი მიდგომა სვანურ პროდუქციას უნიკალურობასა და ღირებულებას უნარჩუნებს. გარდა საწარმოო პროცესისა, ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს. პროდუქტს ვყიდით როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე თბილისშიც. ძირითადად, მომხმარებელი გვეკონტაქტება სოციალური ქსელებით, რეკომენდაციებით ან ცნობადობის გზით. ჩვენთვის ეს ბიზნესი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა არ არის, ეს არის ცხოვრების სტილი, ჩვენი ოჯახის ისტორია და სვანური ტრადიციის გაგრძელება. გვსურს ეს გადავცეთ მომდევნო თაობებს და არ დავკარგოთ ის, რაც ასეთი ფასეულია.