"ადრე მაღიზიანებდა ზოგიერთის შეძახილი, მეტი საქმე არა გაქვს, ამდენ ბავშვს რომ აჩენო?!"
სემცირებული შობადობა, უცხოეთში გაქცეული საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, გვიანი ქორწინება ან სულაც დაუქორწინებლები, დაშლილი ოჯახები და წესად დამკვიდრებული შიში: რომ გავაჩინო, რა ვაჭამო ან როგორ გავზარდო?! ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაცია გვაქვს. საქმე მართლაც ძალიან ცუდად არის, საქართველოს არაერთ სოფელში ბავშვების ყიჟინას ვეღარ გაიგონებ, ვეღარც აივნებზე გაფენილ ბავშვების ჭრელაჭრულა სარეცხს იხილავ. ეს სურათი ბევრგან დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. Aამიტომაც არის დასაფასებელი თითოეული მრავალშვილიანი დედა, რომლებიც სოფლებში თუ ქალაქებში დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე და იმედიანად გაფიქრებინებენ, საქმე გამოსწორდება, კიდევ გამოჩნდებიან მრავალშვილიანი დედები, სახელმწიფო საღათას ძილიდან გამოფხიზლდება და გადაშენების საფრთხეს ავცდებითო.
ყურებს არ დავუჯერე, როდესაც გავიგე, რომ სოფელ მანავში სამი შვიდშვილიანი დედა ცხოვრობს. არ ვიცი, ქართული ვაზის არ იყოს, ამ სოფელში რა მადლმა გააჩინა სამი მრავალშვილიანი ოჯახი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მათ სხვებიც მიჰყვებიან. ერთად შეკრებილ ამ სამი ოჯახის 21 ბავშვი მთელი ქვეყანაა. როგორც ჟუნა ქვიმთლელიშვილმა მითხრა, ამ სამი ოჯახიდან ორი გვერდიგვერდ ცხოვრობს და როდესაც 14 ბავშვი თავს ერთად იყრის, სამეზობლოში ისეთი ხმაურია, გეგონება, მთელი არმია ერთად დაიძრაო. არმიაა, აბა, რა არის, 14 ბავშვი, 14 - ქვეყნის გადამრჩენელი ოჯახი!
- ოჯახში ყველა მონაწილეობს ბავშვების გაზრდაში და ვინც ოდნავ "გვერდიდან" შეჰყურებს, ეს რამხელა შრომაა და რა სახსრებია საჭიროო, მართლა შიშობს. მაგრამ ყოველი ბავშვი იმხელა სიტკბო და მადლია მხოლოდ მშობლისთვის კი არა, მთელი ოჯახისთვის, მერე ის დაეჭვებულებიც რომ აიყვანენ ხელში ჩვილს, ამბობენ, აბა, ამაზე როგორ გეუბნებოდი, მეტი აღარ გააჩინოო! დედაჩემი და ჩემი დედამთილიც ასე არიან, ჯერ ეშინიათ, გაზრდა გაგვიჭირდებაო, მაგრამ მერე ჩვილის დანახვისას ხარობენ.
ჩვენს ქვეყანაში ჭირს ბავშვების გაზრდა, ვერ წარმოიდგენთ, 150 ლარით დახმარება რამხელა იმედია მრავალშვილიანი დედებისათვის და თუ მეტად გაიზრდება, კიდევ მეტი გაბედავს შვილების გაჩენას. თუმცა მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის საკმარისი, თუ დედებმა თავად არ გადავწყვიტეთ, რა გვირჩევნია, ჩვენმა თითო-ოროლა შვილმა ერთმანეთი ეძებონ საქართველოში, თუ ბევრნი იყვნენ და ერთმანეთს და ქვეყანას მხარში ამოუდგნენ.
მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვართ და ბავშვების გაზრდაშიც სრული თანხმობა გვაქვს: ხომ ძალიან იღლება, ტრაილერზე მუშაობს, საღამოს ბაღ-ვენახშია, მაგრამ დროს მაინც გამოძებნის, რომ ბუნებაში გაგვიყვანოს. საშუალებაც რომ არ გვქონდეს, რაიმეს მოიფიქრებს და გაგვახარებს. ზღვაზე ტრაილერითაც წავსულვართ და ის დღე ყველაზე ლამაზად მახსოვს. თანაც, იცით, რას ვამჩნევ: ოჯახში ფუსფუსში თითქოს იმდენად ვერ აკვირდები შვილის ხასიათს, როგორც შინიდან გასვლის შემდეგ. როდესაც ბუნებაში ხარ, ცოტა ამოსუნთქული, სათითაოდ ყველას იმ ნიუანსს ამჩნევ, რომელიც აქამდე არ შეგინიშნავს.
- ალბათ, მთელი დღე ფეხზე ხართ, საქმიანობთ.
- კი, ასეა. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რადგან მრავალშვილიან დედას დროის დეფიციტი აქვს, ოჯახში სადილი ერთი დიდი ქვაბით კეთდება, მაგრამ ასე არ არის. ვერც ოჯახის წევრები ვსადილობთ ერთად, რადგან ყველა ბავშვს შინ მოსვლის სხვადასხვა დრო აქვს და ვერც ერთ ქვაბში მომზადებული სადილი გამოგვადგება, რადგანაც ყველას სხვადასხვა კერძი მოსწონს. ასე რომ, თითოეულს რაც მოსწონს, იმას ვუმზადებ ხოლმე.
- ეს მართლაც მუხლჩაუხრელი შრომაა. ალბათ, ბავშვებიც გიწყობენ ხელს, რადგან მრავალშვილიანობის ერთ-ერთი სიკეთე ბავშვების ერთმანეთზე ზრუნვაცაა.
- დიახ, ეს ღვთის დიდი წყალობაა. რომ უყუროთ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, გული სითბოთი აგევსებათ. მერე მოდის საღამო და დაღლილობის მიუხედავად, ბედნიერების განცდა მიჩნდება, რომ დღესაც ყველაფერს გავუმკლავდი, რომ ყველა შვილზე ვიზრუნე, და გამოცლილი ძალა ისევ უკან მიბრუნდება. ეს ენერგიაა ის, რაც ყველაფერს გადაგალახვინებს. ჩემი შვილებისგან წამოსული სიყვარულის გამოა, რომ წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას არ ვაქცევ, თორემ სიმართლე გითხრათ, ადრე მაღიზიანებდა ზოგიერთის შეძახილი, მეტი საქმე არა გაქვს, ამდენ ბავშვს რომ აჩენო.& სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ქუჩაში ტკბილ სიტყვებს მეუბნება, უხარიათ ჩემი შვილების ცქერა. მათ ღიმილს, გაოცებას, ნუთუ ყველა შენიაო, დიდი ფასი აქვს და ამითაც ვხარობ. აი, ასე ვიზრდებით. ჩემი ყველაზე პატარა 2 თვის წინ შემობრძანდა ოჯახში და ისიც ამ სიყვარულში გაიზრდება.