რა საბუთებია საჭირო, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრის კუთვნილი მანქანა გადმოიფორმოთ - კვირის პალიტრა

რა საბუთებია საჭირო, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრის კუთვნილი მანქანა გადმოიფორმოთ

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

შეიძლება თუ არა, ბინა, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული, მფლობელმა გააჩუქოს მის არასრულწლოვან შვილზე?

- დიახ, შესაძლებელია, თუმცა ბინას გადაჰყვება არსებული ვალდებულებაც.

დამიყადაღეს ანგარიშები, ხელფასის 50%-ს მიკავებენ და უარს მეუბნებიან უფრო დაბალ დაქვითვაზე, არადა, არ მრჩება საარსებო თანხა, მყავს შვილები და ვარ მარტოხელა, რა შეიძლება გავაკეთო? სასამართლო ისე ჩაატარეს, არაფერი გამიგია.

- თუ თქვენს მიმართ სასამართლო მიმდინარეობდა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა გექნებათ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რაიმე სახის ახალი გარემოება, რაც იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ვინაიდან საქმე ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროშია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, თავისთავად ცხადია, რომ სასამართლო დასრულებულია და გადაწყვეტილებაც კანონიერ ძალაშია შესული. შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელშიც უნდა დაასაბუთოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა და განცხადებას დაურთოთ შესაბამისი მტკიცებულებები, რომ მოხდეს 50% ნაკლები თანხის დაკავება ყოველთვიურად, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება კრედიტორის სურვილი და რამდენად დაგიკმაყოფილდებათ განცხადება, სათუოა.

მაქვს შპს, რომელიც ვალების გამო აღარ ფუნქციონირებს. შემოსავლების სამსახურმა დამაჯარიმა წლების წინ, მაგრამ გაუქმებული არ არის. როგორ შეიძლება რეგისტრაცია გავაუქმო?

- რეგისტრაციის გაუქმებისთვის უნდა დაიწყოთ ლიკვიდაციის პროცესი. რომელიც ხანგრძლივი და რთული პროცესია. შესაძლოა დაგჭირდეთ ადვოკატის მომსახურებაც. შემოსავლების სამსახურში კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადის რეესტრში შეტანის შემდეგ, აუცილებელია წერილობითი ფორმით ბოლო თვის მოგების დეკლარაციების წარდგენა გადასახადზე. ლიკვიდაციისთვის აუცილებელია შპს-ს ქონების ინვენტარიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დახურვა. შპს-ს ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება შესაბამისი ჩანაწერების რეესტრში გადაცემის მომენტიდან.

მშობლებს შვილმა ქონება გაუყიდა, რომელიც შვილის სახელზე ჰქონდათ გაფორმებული. ბინის მყიდველი ითხოვს ბინის დაცლას, ქუჩაში რჩებიან მოხუცები. რა შეიძლება გაკეთდეს?

- თუ პირმა გაყიდა მის სახელზე არსებული ქონება, არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნიათ მის წინააღმდეგ. ახალი მესაკუთრე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელსაც აქვს უფლება სასამართლოს გზით მოითხოვოს ყოფილი მესაკუთრის, დედის გამოსახლება ბინიდან. დავა შეიძლება გაიწელოს თვეები, წლებიც კი, მხოლოდ ამ კუთხით თუ შეძლებენ მოხუცები აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას, თუმცა მესაკუთრემ შესაძლოა გამოსახლებასთან ერთად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, რამაც შესაძლოა დამატებითი ფულადი ვალდებულებები წარმოშვას.

ბანკში მაქვს სესხი აღებული, ოვერდრაფტი. მინდოდა გადასვლა ჩვეულებრივ საპენსიო სესხზე, სადაც ძირის დაფარვასაც შევძლებდი. მხოლოდ პროცენტი შემაქვს და თავი არ იფარება. როგორ შეიძლება მოვიქცე?

- ოვერდრაფტის ძირითადი პრინციპი გამომდინარეობს იქიდან, რომ სანამ სრულად არ იქნება სესხის ძირი დაფარული, არ დაიფარება სესხი, შესაბამისად, მოგიწევთ პროცენტების გადახდა. მთლიანად უნდა გადაფაროთ სესხი, სხვა გამოსავალი არა გაქვთ.

ვიყიდე გაქირავებული ბინა, ყოფილ მესაკუთრეს არ ჰქონდა ხელშეკრულება დადებული მდგმურთან და ის არ გადის ბინიდან. სასამართლოს გარდა, თუ არსებობს სხვა გამოსავალი? ქონება უკვე ჩემს სახელზეა რეგისტრირებული და ბინა მჭირდება, რადგან ქირით ვცხოვრობ და იმ ბინიდან მიწევს გასვლა.

- ქირავნობის ხელშეკრულების უქონლობა არ არის დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ გამოასახლოთ თქვენს საკუთრებაში მცხოვრები პირი, ამისათვის სასამართლოს უნდა მიმართოთ სარჩელით, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების მოთხოვნით.

პირი, რომელსაც აქვს ბანკში ვალდებულება, დაკავებულია. ჯერ გასამართლებული არ არის. მისი ოჯახი ამ მდგომარეობაში ვერ ახერხებს გადახდას, რა შეიძლება გაკეთდეს?

- პირის თავისუფლების აღკვეთა (დაკავება) არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებისგან, ამდენად მას შესაძლოა დაერიცხოს ჯარიმა, ასევე შესაძლოა ვალდებულება მოექცეს იძულებით აღსასრულებლად და თუ რაიმე არის ამ პირის სახელზე, იმ ქონებით მოხდეს ვალდებულების უზრუნველყოფა.

ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ჩემს შვილთან ერთად. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ შეიტანა განქორწინებაზე საჩივარი და დამაკისრეს ალიმენტები, რომელსაც ვიხდი, მაგრამ ის შვილთან დაკავშირების საშუალებას არ მაძლევს. მე არა ვარ საქართველოში, ტელეფონით ვცდილობ ბავშვთან დაკავშირებას, მაგრამ ყოფილი ცოლი არ გამოდის კონტაქტზე. რა შემიძლია გავაკეთო?

- მოცემულ შემთხვევაში პრობლემაა ყოფილ მეუღლეებს შორის, კერძოდ, მათ შორის შეუთანხმებელია ბავშვთან ურთიერთობის საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში ერთ მშობელს უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს ბავშვს იქონიოს ურთიერთობა მეორე მშობელთან. როდესაც მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის ხელის შეშლას აქვს ადგილი, ვისაც ეშლება ხელი ბავშვთან ურთიერთობაში, მან უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრა.

მემკვიდრეობის 6-თვიანი ვადა გასულია და ახლა მიწევს სასამართლოს გზით ქონების დამტკიცება. რა ვადაში დასრულდება დავა სასამართლოში და რა თანხებია ამისთვის საჭირო?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა წინასწარ შეუძლებელია, ვინაიდან სამართალწარმოება შეიცავს სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯებს. თუ სამართალწარმოებისთვის ადვოკატი იქნება საჭირო, ადვოკატის ხარჯი დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. რაც შეეხება სასამართლო ხარჯს, მოგიწევთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც არის 100 ლარი.

ბანკში მაქვს ჩადებული მიწის ნაკვეთი და აღებული მაქვს სესხი, რომელსაც ვერ ვიხდი. ბანკს შეუძლია ჩემი კუთვნილი სხვა ქონება გამიყიდოს?

- როგორც ჩანს, სესხი, რომელიც თქვენ აიღეთ ბანკიდან, არის იპოთეკით უზრუნველყოფილი. სამაგიეროდ, ჩადებული გაქვთ მიწა. ასეთ დროს სესხის უზრუნველყოფა, მოთხოვნის აღსრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციით შემოიფარგლება, თუ მას გასცდება და სხვა ქონების რეალიზაციას მოითხოვს ბანკი, დამოკიდებულია სესხისა და ასევე იპოთეკის ხელშეკრულებაზე, თუ რა წერია მასში. ხელშეკრულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მსესხებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ამ შემთხვევაში კრედიტორი იპოთეკის საგანს ვერ გასცდება, ხოლო თუ ხელშეკრულებაში არაა მსგავსი დათქმა, კრედიტორს შეუძლია გასცდეს იპოთეკის საგანს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფულად ვალდებულებას ვერ ფარავს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა.

შემიძლია თუ არა დავიმტკიცო წინაპართა მიწა, რომელიც მიატოვეს 1965-70 წლებში. სოფლის განაპირა ტერიტორიაა. ადრე იქ იდგა 1918 წელს აშენებული ხის სახლი, რომელიც ამჟამად აღარ დგას. საბუთებიდან მაქვს 1958-66 წლების საკომლო ამონაწერი.

- ამ საკითხის შესასწავლად აუცილებელია ვიცოდეთ, ვინ არის მითითებული საკომლო ჩანაწერში, არის თუ არა მათგან ვინმე ცოცხალი, ასევე დაეუფლეთ თუ არა ამ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად და სხვა რიგი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შემდგომ შესაძლოა მოხდეს თქვენ მიერ მიწის დამტკიცების პერსპექტივის შეფასება.

"მოგოდან" მქონდა ავტომობილი გამოყვანილი, მოგვივიდა ავარია და მანქანა ისე დაიმტვრა, რომ დაშლილებში ჩავაბარეთ. ავარიის დროს ჩემი ბრალეულობა გამოვლინდა და მომიწია მეორე დამტვრეული მანქანის ანაზღაურებამაც, დაშავებულების მკურნალობამაც და საკმაოდ სოლიდური თანხა დამეხარჯა. არ მქონდა იმის საშუალება, რომ "მოგოში" პროცენტები მეხადა, ვთხოვეთ გადანაწილება, მაგრამ სანამ გადაანაწილებდნენ, გვთხოვეს 2.000 ლარი შემეტანა, მაგრამ ვერ შევძელი. როგორც ახლა გავიგე, საქმე გადაეცა სააღსრულებოს და თანხა ძალიან გაზრდილია, რისი გადახდის საშუალება ისევ არა მაქვს, ვართ სოციალურად დაუცველები. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- მოცემული საკითხის შეფასებისას საჭიროა დადგინდეს, თუ რა ხელშეკრულება იყო გაფორმებული, ანუ მანქანა შეძენილ იქნა ავტოსესხითა და გირავნობის უზრუნველყოფით, თუ მანქანა გამოყვანილი იყო ლიზინგით. რაც შეეხება საკითხს თანხის გადანაწილების შესახებ, ეს არის მხარეთა შეთანხმების საკითხი - ანუ მსესხებელს არა აქვს სამართლებრივი ბერკეტი მისთვის სასურველ პირობაზე დაითანხმოს კრედიტორი.

- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გაიფორმოს თავის სახელზე. ამისთვის საჭიროა ნოტარიუსის გაცემული სამკვიდრო ცნობა, რომელიც გაიცემა პირის გარდაცვალებიდან 6 თვეში. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრის გარდაცვალებიდან უკვე გასულია 6 თვე და მემკვიდრეს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს გახსნაზე არ მიუმართავს, ფაქტობრივად კი ნივთს ფლობს, მან ჯერ ნოტარიუსს უნდა მიმართოს. ნოტარიუსი განუმარტავს, რომ პირის გარდაცვალებიდან 6-თვიანი ვადა გასულია, ამიტომ მოუწევს სასამართლოში წასვლა, რათა იქ ნივთის ფაქტობრივი ფლობა დაამტკიცოს. როდესაც სასამართლო დაადგენს მფლობელობას, ამ დოკუმენტის საფუძველზე ნოტარიუსი გასცემს სამკვიდროს. მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში აუცილებელია მემკვიდრემ განცხადებით მიმართოს ნოტარიუსს, რომელსაც სამკვიდროს გახსნაზე მასალების შესწავლისთვის შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, თქვენ მიმართული გქონდეთ კანონით დადგენილ ვადაში. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა.

რაც შეეხება ახალ მესაკუთრეზე მანქანის გადაფორმებას, უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს, უნდა შეავსოთ განცხადება და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა; დათვალიერების აქტი; პირადობის მოწმობა; კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები