"წლების წინ, უმძიმეს ავარიაში მთელი ოჯახი დაიღუპა. მაშინ განვმარტე, რას შეიძლება მოჰყვეს ასეთი მძიმე ავარია, და ახლაც დაახლოებით იგივე ვითარებაა" - სასიკვდილო "პანდემია" გზებზე ანუ არის თუ არა გამოსავალი
ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესმა ფაქტებმა გასულ კვირასაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. 14 ივნისს გონიოში დიდი სიჩქარით მიმავალი ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილის საჭესთან მყოფმა ახალგაზრდამ საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ავარიას სამი გოგონა ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა. ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც - ადგილზე დაიღუპნენ დედა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, ხოლო მესამე პირი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ავტოავარიების სტატისტიკა საგანგაშოა. წელს, პირველ კვარტალში, ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 112 კაცი, დაზიანდა 1 760, ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 1 360-ია. პირველი კვარტალის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაზრდილია დაღუპულთა და ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოფხვრის გზებზე მუდმივად საუბრობს ექსპერტი, საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელი მევლუდ მელაძე:
- ბატონო მევლუდ, ფაქტობრივად, დღე არ გადის უმძიმესი ავტოავარიის გარეშე. ამ დღეებშიც არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა. ისიც ფაქტია, რომ ავარიები ხშირად ერთსა და იმავე მონაკვეთზე ხდება. ასეთია, მაგალითად, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთი. რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?
- ალბათ, გახსოვთ, იმ გზაზე წლების წინ უმძიმეს ავარიაში მთელი ოჯახი დაიღუპა. მაშინ განვმარტე, რას შეიძლება მოჰყვეს ასეთი მძიმე ავარია, და ახლაც დაახლოებით იგივე ვითარებაა. შემოვლითი გზა, ანუ გზა, რომელიც იმიტაციას ქმნის, მაგისტრალის ერთი ნაწილია, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ეს არის ორმხრივი გზა, ანუ ერთი მხრიდან მიდიხარ, მეორიდან მოდიხარ. საკმარისად სწორი გზაა, ნაკლები მიხვეულ-მოხვეულით და გინდა, არ გინდა, მით უმეტეს, თანამედროვე მანქანებში სიჩქარეს ისე მარტივად განავითარებ, ვერც გრძნობ. ასე ხდება გზის ამ მონაკვეთზეც - როცა ერთხანს რაღაც სიჩქარით მიდიხარ, შემდეგ მძღოლის თვალი ფოკუსსა და აღქმას იცვლის, ჰგონია, დაბალი სიჩქარით მიდის და ნებისმიერ მანევრს მოასწრებს, ნებისმიერ წამს გაჩერდება, მაგრამ...
ვთქვათ, მაგისტრალის ნაწილზე მიდის ავტომობილი, რომელსაც არ ეჩქარება, ან არ შეუძლია ჩქარა სიარული, ვთქვათ, ტვირთი მიაქვს. ამ დროს უახლოვდება ავტომობილი, რომელსაც დიდი სიჩქარე აქვს აკრეფილი, მაგალითად, 100 კმ/სთ. ერთი ამას გვიან აფიქსირებს, მეორეს კი ჰგონია, გასწრებას შეძლებს, რადგან გზა მაგისტრალივით გამოიყურება, ამასთან, შემხვედრსაც დიდი სივრცე აქვს გვერდზე და ჰგონია, რომ მას გაატარებს. შესაბამისად, შენელების ნაცვლად ასწრებს. თუ უფრო ჩქარა მიდის, მით უმეტეს, შემხვედრ გზაზე გადადის. ეს იოლია, რადგან იქ არაფერია ზოლის გარდა. ჰგონია, შემხვედრი ხედავს ამას, ოდნავ გვერდზე გაიწევა და გასწრების საშუალებას მისცემს, მაგრამ შემხვედრი, როგორც წესი, არ აკონტროლებს ასე სიღრმისეულად სივრცეს, ის თავის გზაზე მიდის მშვიდად და უცებ მის წინ შემხვედრი რომ აღმოჩნდება, არიდება ძალიან რთულია. ამიტომაც ხდება შეჯახება, როგორც წესი, უმეტესად პირისპირ, ან თუ მძღოლი ხედავს, რომ ეჯახება, შეიძლება საჭე მარცხნივ ან მარჯვნივ აიღოს. ასეთ დროს შეიძლება იმ მანქანას დაეჯახოს, რომელიც ასწრებდა, ან შემხვედრი სხვა შემხვედრს შეეჯახოს და ა.შ.
ანუ სირთულე იმაშია, რომ გზების ასე გაკეთება არ შეიძლება. თუ გზის რაღაც მონაკვეთს ვაკეთებთ, ჯობია სრულფასოვნად დასრულდეს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. სასურველია, გზა შუაში გამიჯნული იყოს, როგორც მაგისტრალის წესია, ერთ მხარეს ორი ზოლი მაინც მიდიოდეს, სამი-ოთხი თუ იქნება, მით უკეთესი. ორივე მხარეს ორ-ორი აქტიური ზოლი მაინც უნდა მიდიოდეს, რომ თავისუფლად გადასწრების საშუალება იყოს. მაგისტრალის ერთი ნაწილი თუ დავასრულეთ და ოდესღაც მეორეც დასრულდება, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა, ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს საგზაო შემთხვევებს.
- თქვენ ახსენეთ მძიმე ავარია ქუთაისი-ბათუმის მაგისტრალზე, რომელსაც მაშინ მთელი ოჯახი შეეწირა. ცნობილია, რომ საჭეს მართავდა საზოგადოებისთვის ცნობილი სპორტსმენი. მაშინ ითქვა, რომ პრობლემა ჰქონდა გზის საფარს და ერთხანს ის მონაკვეთი დახურული იყო. ახლაც გზის საფრის პრობლემა ხომ არ არის მაგისტრალებზე?
- ბევრი რაღაც ითქვა მაშინ ბრალეულობის ასარიდებლად. საზოგადოდ, ასეთ საგზაო შემთხვევებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობის დიდი წვლილია. რა თქმა უნდა, მძღოლის ბრალეულობაც არის - სიჩქარეს გადააჭარბა ან გააკეთა არასწორი მანევრი, მაგრამ, როგორც გითხარით, ასეთი გზები მაპროვოცირებელია, თვალი სიჩქარეს ეჩვევა და როცა უკვე მანევრი ან დამუხრუჭება გიწევს, მხოლოდ მაშინ იწყებ რეაგირებას და აღმოჩნდება, რომ სიჩქარე გაცილებით დიდია, ვიდრე მანევრის გაკეთების შესაძლებლობა. ეს არის მთელი პრობლემა. მაგალითად, ვინც ბათუმიდან ავტომანქანით ჩამოსულა თბილისში, როგორც კი შემოვა, ხვდება, რომ აქ ძალიან ნელია მოძრაობა. მერე ამას ეჩვევა და როცა ქალაქიდან გადის, მხოლოდ მერე უმატებს სიჩქარეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვალი ფოკუსს იცვლის, მით უმეტეს, თუ გზის საფარი ამის საშუალებას იძლევა.
- ზესტაფონის მონაკვეთზე ავტობანზე დაშვებულია ზოგან 90, ზოგან 80 კმ სიჩქარით მოძრაობა. ამას ხშირად აპროტესტებენ მძღოლები, ამბობენ, რომ იქაც უნდა იყოს ჩვეულებრივი სამაგისტრალო მოძრაობა, 110 კმ/სთ. ავტობანის იმ მონაკვეთზე რა საშიშროებაა?
- იქ, სადაც მაგისტრალი იძლევა საშუალებას, რომ ავტომობილმა განავითაროს სიჩქარე, ჩემი აზრით, უნდა იყოს 110 კმ სიჩქარე, მაგრამ, სავარაუდოდ, იქ მაგისტრალის ხარისხი არ იძლევა ამის საშუალებას. შეიძლება გზა დეფორმირებულია, შეიძლება მოსახვევის სირთულეა... ჩემთვის ყველაზე სამაგალითო მაინც გერმანული მაგისტრალებია. იქ ულიმიტოდ შეიძლება განავითარო სიჩქარე, მაგრამ იქაც არის სექტორები, სადაც 90 კმ/სთ-მდე ჩამოდის. შეიძლება იმ მომენტში, როცა მაგისტრალი კეთდებოდა, ვერ გათვალეს, რომ იქ შეიძლებოდა ჩქაროსნული მოძრაობა, შეიძლება ირემმა გადაურბინოს მძღოლს ან რაღაცა მსგავსი, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ იმ კონკრეტულ სექტორში უფრო დაბალი სიჩქარით უნდა იარო. იქ მაგისტრალებს პასპორტი აქვს, სადაც წერია ყველა დეტალი, თუ რატომ არ შეიძლება სიჩქარის განვითარება კონკრეტულ სექტორში. პირადად ვყოფილვარ მაგისტრალის ერთ-ერთი შემოწმების მოწმე - სპეციალურ ავტომობილში დამონტაჟებული იყო აპარატურა, რომელიც ავტომაგისტრალზე სიჩქარის რხევის კოეფიციენტს ითვლიდა - ანუ ავტომობილს რა სიჩქარით შეუძლია გადაადგილება. ავარიები, რა თქმა უნდა, იქაც ხდება, მაგრამ იქ ბაღებიდან, სკოლებიდან იწყება სწავლება. ჩვენთან სკოლებს არანაირი პროგრამა არა აქვთ, არ არსებობს ნორმატივი, რაც უნდა გაიაროს სკოლამ, რომ აიღოს სერტიფიკატი, რის შემდეგაც მას შეუძლია ჰქონდეს ინსტრუქტორის ლიცენზია ან სასწავლო პროგრამა. იქ სკოლის ინსტრუქტორი გადაწყვეტს, არის თუ არა მოსწავლე მზად იმისთვის, რომ მართვის გამოცდაზე გავიდეს. შემდეგ უნივერსიტეტებში ისწავლება საგზაო უსაფრთხოება და მოძრაობის სხვადასხვა ელემენტი.
მძღოლობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, უმეტესობა თვითნასწავლია. არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. უცებ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეთ, რამდენი კამერაც არ უნდა დავაყენოთ გზებზე, ყველა შემთხვევაში გვექნება ცუდი სურათი. რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო გვიან მივიღებთ შედეგს. შეგვიძლია კარგი ქვეყნების მაგალითი და მათი შემუშავებული პროგრამები გადმოვიტანოთ. არც ერთ პანდემიას არ წაუღია იმდენი სიცოცხლე და იმდენი ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც საგზაო შემთხვევებს.
ავტომობილის მართვას ჩვენთან არ აღვიქვამთ არც სპეციალობად, არც საფრთხის შემცველად. განათლების სამინისტრომ ჯერ სერტიფიკატიც კი ვერ მოიფიქრა, როგორ გასცეს, რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ სწავლების უფლება.
არადა, მერე 10-15 წელი მაინც დაგვჭირდება, უსაფრთხოების პირველი მოსავალი რომ მოვიმკათ.
- გონიოში ავტოავარიას სამი გოგონა შეეწირა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ მანქანას შეასკდა. აქაც სიჩქარეა მთავარი მიზეზი?
- თანამედროვე ავტომობილები საკმაოდ ჩქარია, `ჟიგულების~ ეპოქაში აღარ ვართ. როცა ჩქარი მანქანა გყავს, აჩქარებაც გინდა. რა მოჰყვება ამას, არ ვფიქრობთ. მე ექსტრემალურ მართვას ვასწავლი და პირველივე ტესტებს როგორც კი ვაკეთებთ, ხვდებიან, რომ არაფერი იციან აჩქარების შემდეგ მანქანის შენელებაზე. ჰგონიათ, მაგალითად, რომ მიდის 60 კმ სიჩქარით, გაჩერდები იმ წუთში, მაქსიმუმ ხუთ მეტრში. არადა, ამისთვის წამ-ნახევარი მაინც ეხარჯება ადამიანს, თუ არ არის მრბოლელი და ფოკუსირებული იმაზე, რომ მანქანა სწრაფად გააჩეროს. წამ-ნახევარში საკმაოდ დიდ მანძილს გადიხარ. მაგალითად, 80-ით რომ მიდიხარ, დაახლოებით 22 მეტრს. ანუ წამ-ნახევარში ისე გაიარე 30 მეტრი, ჯერ არაფერი გიქნია, ამის გარდა კიდევ გაჩერებაც უნდა მანქანას. წარმოგიდგენიათ, რამხელა მანძილს გადიხარ? ანუ თვალებში აღქმა შეცვლილია, გგონია, სიჩქარე მაღალი არ არის, გგონია, ყველაფერს აკონტროლებ, მაგრამ როცა მანქანას გაჩერება დასჭირდა, აღმოჩნდება, რომ სხვა რეალობაა. ასეთ დროს მძღოლის ოსტატობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საიდან უნდა ჰქონდეს ოსტატობა, თუ მსგავს სიტუაციაში წვრთნა არ გაუვლია? იმ მომენტში მხოლოდ ინსტინქტით მოქმედებს.
- გონიოში მომხდარი ავარიის უმძიმესი ვიდეო რომ დაიდო, ხალხმა გააპროტესტა, ამის საჯაროდ გამოტანა არ შეიძლებაო.
- ჩვენთან არ გაამართლა, როცა ქუჩაში დამტვრეული მანქანები გამოფინეს, ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა და სასწრაფოდ აიღეს. რიგ ქვეყნებში მსგავს ინსტალაციებს აკეთებენ, მაგრამ იქ ხალხი ამისთვის მზად არის და იცის, რისი მიმანიშნებელია. ჩვენთან სხვანაირი აღქმა მოიტანა. ამიტომ ვამბობ, რომ სწავლება საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს, და საბოლოო ჯამში მივალთ ცოდნამდე, მივალთ იქამდე, რომ სახელმწიფომ იმუშაოს ამ მიმართულებით. ასეთი ვითარება ეკონომიკურად სახელმწიფოსაც არ აწყობს, ერთია, ამდენი დაღუპული ადამიანი, მეორე - დაშავებულთა უდიდესი რაოდენობა. ეს ნაკლებად ჩანს, მაგრამ გვყავს დასახიჩრებული, ქმედუნარიანობა დაკარგული ადამიანების დიდი არმია.
- სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში შარშანდელთან შედარებით 20 პროცენტით გაზრდილია ავტოავარიების რიცხვი.
- 1 პროცენტითაც რომ იყოს გაზრდილი, ესეც კატასტროფაა. თუნდაც დედაქალაქი ავიღოთ, ძირითადად, სანაპიროებზე ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ამიტომ მე, მაგალითად, გავაკეთებდი ზღვარს, ანუ ერთ ბეტონის ფილას, გამიჯვნას, რომ ავტომობილს შემხვედრზე გადასვლა არ შეეძლოს. ავტომობილების ერთმანეთთან შეჯახება თუნდაც უკნიდან ან გვერდიდან იმდენად დამაზარალებელი არ არის, როგორც შემხვედრ მანქანასთან შესკდომა. სწორედ ამიტომაც არის სანაპიროები საშიში. თუ ადამიანს ეცოდინება, რა რისკები არსებობს, წინასწარ განჭვრეტა შეეძლება როგორც მძღოლს, ისე ქვეითს, ეს ნიშნავს, რომ ერთი ან მეორე მხარე იყოჩაღებს და გაცილებით ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა გვექნება.