"ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა..." - გმირი, რომელიც აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნ - კვირის პალიტრა

"ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა..." - გმირი, რომელიც აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობდა

"მშვიდად განისვენე, ვანო ძია, ჩვენ შენს საქმეს გავაგრძელებთ!" - ამ სიტყვებით გამოაცილეს უკრაინიდან ცნობილი ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცეპოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ის გულის შეტევით დაიღუპა. როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ლაშა ძაგანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვანო პროტასივიარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა: "ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ", - მისწერა მან მეგობრებს. შემდეგი მესიჯით კი საკუთარი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: "სასწრაფო გამოიძახეთ". მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა ვანო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ვანო ნადირაძე მეცხრეა "კოდორი-2007" ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. მერვე ყოფილი სპეცრაზმელი შარშან თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე BattlegroundSi აფეთქების დროს დაღუპული სამი კაციდან 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძეა. მეცხრეა ვანო ნადირაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა "კოდორი-2007"ში (ჩვენს სპეცრაზმელებს დივერსანტების კოორდინატებს, გადაადგილების მარშრუტს აწვდიდა).

უფრო მეტს მის შესახებ მისი თანამებრძოლი და მეგობრები: ქეთი ლეშკაშელი, ლაშა ძაგანაშვილი, რომეო ფარულავა და კახა ციმინტია გვიამბობენ.

"ვანო ძია ჩვენი, ახალგაზრდების იმედი იყო"

ქეთი ლეშკაშელი, ბატალიონ "აიდარის" მთავარი მედიკოსი, სერჟანტი: - ძია ვანო ცოტა უცნაურ ვითარებაში გავიცანი. ახალი ჩამოსული ვიყავი, რომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინელი მედიკოსი გოგონა დაბომბვის ფონზე ჩანდა, თან პოსტიც მიუძღვნა, ჩვენი მედიკოსებივით მანიკიურებით კი არ იპრანჭება ფრონტის ხაზზეო. რატომღაც ჩემს თავზე მივიღე და ეს ეჭვი ჩემს მეგობარს გავუზიარე. მეორე დღესვე დამირეკა, შენ რა შუაში ხარ, შვილო, შენ გენაცვალოს ძიაო. იმის მერე მისგან ყურადღება არ მომკლებია. ვანო ძია ჩვენი, ახალგაზრდების იმედი იყო, როგორც ვინმეს რამე პრობლემა შეექმნებოდა, მას ურეკავდა, გვიშველეო, და მასაც არასდროს ეზარებოდა ჩვენ გვერდით დგომა. ამ ომის განმავლობაში არაერთი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე, თითოეული მათგანის სიკვდილი ისე განვიცადე, თითქოს ჩემი სისხლი და ხორცი იყვნენ, მაგრამ ვანო ძიამ მაინც განსაკუთრებულად დამწყვიტა გული.

"სულ სჯეროდა, რომ რუსეთის დამარცხებას მოესწრებოდა"

ლაშა ძაგანაშვილი, უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი: - კიევის ცენტრში 5 თუ 6 კაცი ვიჯექით, მათ შორის იყო ჩვენი ვანიჩკა. ჩვენ ჩაი დავლიეთ, ცხონებულმა ყავა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ვისაუბრეთ და დავიშალეთ. ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, შეტყობინება რომ მომივიდა, ძაგან, ცუდად ვარ, მიშველეო. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ჩვენი საერთო მეგობარი იყო, როგორც კი ნაწერს დავხედე, პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. მივაწოდეთ ინფორმაცია, ამა და ამ ტრასაზე სამხედრო მანქანაში ზის სამხედრო პირი, რომელსაც გული აწუხებს-მეთქი, და მაშინვე ჩვენც იქით გავქანდით. 15 წუთში ადგილზე მივედით და ვხედავთ - ვანო სასწრაფოს მანქანაში ზის. ჯერ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მერე რაღაც დენებზე შეაერთეს, ამას გარდა ათასი რამ გადაუსხეს... გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანიდან ექიმი გადმოვიდა და გვითხრა, ვერ გადავარჩინეთო... როგორც ექიმებთან საუბრისას გავარკვიეთ, ვანო საკუთარი ფეხით გადმოსულა მანქანიდან და სასწრაფოშიც თავად ასულა. ჭარხალივით წითელი ყოფილა. სასწრაფოს სკამზე რომ დამჯდარა, ექიმებს ისევ უკითხავთ, ახლა როგორ გრძნობ თავსო, და უთქვამს, აი, ახლა ვგრძნობ, რომ გონება უნდა დავკარგოო, და კიდეც გათიშულა.

გული აწუხებდა და შაქარიც ჰქონდა. მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი - არ ვიცით, ჩვენთან შეხვედრამდე ვინმე ნახა თუ არა... ვცდილობთ ყველაფერი გავარკვიოთ.

ვანოს სამშობლო უყვარდა, ჩვენ ახალგაზრდები ვუყვარდით, ცდილობდა ყველაფერი, რაც იცოდა, ჩვენთვის ესწავლებინა. ჩვენ გამო სულ ნერვიულობდა, თუ საფრთხეში ვიყავით, ჩვენზე მეტად განიცდიდა. მამაჩემის სიკვდილის მერე თვალიდან ცრემლი არ წამომსვლია და ახლა ვიტირე. სულ სჯეროდა, რომ რუსეთის დამარცხებას მოესწრებოდა... მისი ყველაზე დიდი ოცნება აფხაზეთის დაბრუნება იყო.

"სამშობლო დედასავით უყვარდა"

რომეო ფარულავა, თანამებრძოლი და უახლოესი მეგობარი: - ვანო იმ დღეს გავიცანი, უკრაინაში რომ ჩავედი - 2022 წლის 4 მარტს, დილის 5 საათზე. მე და გიორგი ფარცვანიას დაგვხვდა. უმაგრესი მეთაური იყო, პირველი შედიოდა ფრონტის ხაზზე და ბოლო გამოდიოდა. სამშობლო დედასავით უყვარდა.

2022 წელს წინა ხაზზე ვიყავით... 19 მარტს რომ შევედით, 23 აპრილს მე დაჭრილი გამომიყვანეს, 24 მარტის დილას კი ვანო და ბიჭები გამოვიდნენ. ოფიციალურად სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან ირპენიც და ბუჩაც. ერთი საგულისხმო ამბავიც მინდა გიამბოთ: ახალი ჩასული ვიყავი, კონკრეტული დისლოკაციის ადგილზე ხუთი მეთაური იდგა. მოვიდა ინფორმატორი და მეგონა, უკრაინელი მეთაურებისკენ გაემართებოდა, თუმცა ვანოსთან მივიდა და ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი კოორდინატები მიაწოდა... ამ ინფორმაციის შემდეგ, რუსების სამეთაურო შტაბი განადგურდა.

ვანო უდიდესი პატრიოტიც იყო და უდიდესი გულიც ჰქონდა. საკუთარი ხელით აწყობდა დრონებს, პროფესიონალი ამფეთქებელი იყო... გამუდმებით აწყობდა თავის "ჩიტებს" და სულ ნაწილების ძიებაში იყო, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე გაფრენის საშუალება მიეცა. ჩემი ჩიტისთვის მჭირდებაო, იტყოდა ხოლმე... აი, ეს იყო მისი საფირმო სიტყვა. ერთ საბედისწერო დღეს ირპენში დათო რატიანი და ბეროშვილი რომ დაიღუპნენ, ბაზაში მყოფებს რაციები ჩართული გვქონდა და როდესაც დაიძახეს, ქართველები დაიღუპნენო, ვანო ვერ გაჩერდა და ჩვენი უკრაინელი მეგობრების დახმარებით იმ ბიჭების გამოყვანის ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობდა.

ბევრი ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ. ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, რომლის თანახმად, ჩვენი ძმა ვანიჩკა გულის შეტევით გარდაიცვალა. უნდა დაიხუროს ეს საკითხი, ვანოს უკან დგას მისი სახელი, ოჯახი, მისი ქართველი, უკრაინელი და ჩეჩენი ძმები, ასევე მისი სამსახური. მისი გარდაცვალების მიზეზია მუდმივ საფრთხეში ყოფნა, რუსული სპეცსამსახურების დევნა, ცუდი კვება, ცუდი ძილი, ნერვიულობა, უმთავრესად ოჯახის წევრებისა და საფიცარი სამშობლოს გამო... კიდევ ერთხელ გთხოვთ, შეეშვით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

- გავრცელდა ვერსია, რომ კიევის ცენტრში, სადაც ის მეგობრებთან ერთად ჩაის სვამდა, რაღაც შელაპარაკება იყო...

- იცით, რამდენჯერ მომსვლია ვანოსთან შეკამათება? ვიღაცები შეთქმულების თეორიებს იგონებენ. შეიძლება რაღაც მომენტში ურთიერთობებში მკაცრი იყო, მაგრამ ბავშვივით ჩვილი გული ჰქონდა. ხშირად უთქვამს, რომჩიკ, ხომ იცი, ჩემს ენას ძვალი არა აქვსო.

"კარგი მებრძოლი მოაკლდა ჩვენს საერთო საქმეს"

კახა ციმინტია: - ვანო ირპენში გავიცანი. ომი ორი თვის დაწყებული იყო, რუსებთან შეტაკებამ მოგვიწია. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ორი ქართველი დაგვეღუპა, მე დავიჭერი... ვანომ გამომიყვანა. ბოლოს გარდაცვალების დღეს დავურეკე. მანქანა მქონდა გაფუჭებული და ის ნაწილის ყიდვაში დამეხმარა, საჭირო თანხა გადმომირიცხა. მადლობის სათქმელად ვურეკავდი. რაც შეეხება მის გარდაცვალებაზე გავრცელებულ ვერსიას, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მოწამლეს თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გული აწუხებდა. ერთხელ პოლიგონზე ყოფნის დროსაც გახდა ცუდად. ამბობენ, თითქოს "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ის კი ადამიანს ორ-სამ დღეში კლავს. ერთი რამ ცხადია - აფხაზეთში ნაომარი, გამოცდილი, კარგი მებრძოლი მოაკლდა ჩვენს საერთო საქმეს.

ხათუნა ბახტურიძე