"ეს არის რუსულ სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც..." - გია ხუხაშვილის ექსპერტული ანალიზი - კვირის პალიტრა

"ეს არის რუსულ სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც..." - გია ხუხაშვილის ექსპერტული ანალიზი

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, გზა ბელარუსისკენ, სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მხარდაჭერით, - ამგვარი შეფასებები ისმოდა 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ გამართული დებატებისას, სახელწოდებით "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მდგომი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება". პოლიტიკური ლიდერების დაკავებამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ერთიათად გაამკაცრა, თუმცა ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მათთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. პრემიერმა ირაკლი კობახიძე პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება მთავარი პრიორიტეტია. ეს როგორ შეიძლება მოხდეს ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ევროკავშირის ყველა სტრუქტურიდან გვესმის შეფასებები, რომ "ქართული ოცნება" იმ ყველა ღირებულებას თელავს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია.

გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

xuxashvili3.jpg

- ეს არის რუსულ სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც ყველაფერი აბსურდამდე უნდა დაიყვანო, ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც კამათს უკვე აზრი ეკარგება. ეს არის პროცესი, რომელსაც ფარისევლობის აბსოლუტიზაციაც შეიძლება ეწოდოს, რა დროსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებას სჯერა თუ არა შენი რიტორიკის, უბრალოდ, ხდება საზოგადოების სრული შოკირება. ვგულისხმობ პოზიციას, როდესაც ერთი მიმართულებით მიდიხარ, ხალხს კი უმტკიცებ, რომ თითქოს მეორე, საწინააღმდეგო მხარეს ადგახარ გზას. ასე ტექნოლოგიურად ფუთავენ თავიანთ მოქმედებებს.

რაც შეეხება იმას, რაც რეალურად ხდება. ჩემი აზრით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამყარება უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის. არჩევნების შემდეგ გეგმავენ, რომ უკვე სრულად იყოს ჩაბეტონებული სისტემა, რომელიც არ გულისხმობს რაიმე ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ თუნდაც სოციალურ-ეკონომიკურ ალტერნატივას. ყველაფერი უნდა იყოს მონოპოლიზებული და კონტროლირებული ხელისუფლების მიერ. ვადა ძალიან შემჭიდროებული აქვთ.

ამ ტიპის რეჟიმების დამკვიდრება სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, რუსეთში, ბელარუსში და ა.შ., თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად გაჭიანურებული იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მიდიოდნენ და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტზე კონტროლს ამყარებდნენ. ჩვენთან ეს პროცესები დააჩქარეს და მოკლე ვადაში უწევთ ამის გაკეთება. ბევრი ამბობს, რომ არ ახსენდება ქვეყანა, სადაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი ერთბაშად დაიჭირეს, მაგრამ ამის ახსნა მარტივია - განსაკუთრებული არაფერი ხდება, იგივეა, რაც სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, მაგრამ უფრო სწრაფად და უფრო უხეში ფორმებით.

ხელისუფლების ამოცანაა პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და პარალიზება. უკვე პიროვნულ დონეზე დავიდნენ - ტოტალიტარიზმის სიმპტომებიც კი გამოჩნდა, როგორც ცნობილი გახდა, ვიღაც ბებო კომენტარისთვის 2.400 ლარით დაუჯარიმებიათ. დღეს სისტემის სახით მივიღეთ ისეთი საზიზღარი ურჩხული, რომელიც, როგორც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი, ბულიმიით არის დაავადებული, ყველაფერს ჭამს და ხშირად ეს პოლიტიკურ ლოგიკასაც კი არ ექვემდებარება, მაგრამ ბულიმია ასეთია, ვერ ძღები, თან ეს ურჩხული რაც უფრო იზრდება, უფრო მეტ საკვებს ითხოვს...

რა ლოგიკა შეიძლება იყოს პაატა ბურჭულაძისთვის რუსთაველის პრემიის ჩამორთმევაში? არანაირი! რა შუაშია მისი პოლიტიკური პოზიცია, როცა ეს პრემია საკუთარი მოღვაწეობისთვის დაიმსახურა?

რაც შეეხება იმის ძახილს, რომ თურმე ევროპისკენ მიდიან, როდესაც ყველა ევროპულ ღირებულებას თელავენ, ამის პოლიტიკური მოტივი ის არის, რომ მშვენივრად იციან, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროდასავლური განწყობა და ცდილობენ ამ პროდასავლურ, მაგრამ კონფორმისტ ნაწილს მისცენ საკვები. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი სწორედ კონფორმისტი აღმოჩნდა. ეს ხალხი რომ დაფიქრდეს, მშვენივრად დაინახავს, საითაც მიდის ხელისუფლება, მაგრამ კონფორმიზმი ასე მუშაობს - თუ მას საკვებად პროპაგანდისტულ ტყუილს აძლევ, ის თავს იმართლებს ამ ტყუილით საკუთარ სინდისსა და მომავალთან, თუ რატომ არის ჩუმად ამ განუკითხაობის პერიოდში. ის ამ პროპაგანდისტული საკვებით უკვე შვილების მოტყუებასაც ცდილობს. ეს ნაკლებად გამოსდით, მაგრამ ასე მუშაობს აგრესიული კონფორმიზმი, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დამახასიათებელი ყოფილა. ჩვენ არცთუ ფხიზელი და ანალიზის უნარის მქონე საზოგადოება ვყოფილვართ.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ და, როგორც ვიცით, ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ბოიკოტის მხარდამჭერია, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის "ლელო", ამბობს, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მაგალითად, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ თბილისში ოპოზიცია მერობის ერთიან კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, მას გამარჯვების შანსი ექნება.

- უპირველესად გეტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის ავტორიტარულ სისტემად გადაქცევის სპეცოპერაციის დასრულება მომავალი არჩევნებისთვის. ესეც რუსული მოდელის და ე.წ. მეტოდიჩკის ნაწილია. ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, წყნარ გარემოში და ერთი პროცენტითაც კი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს "ქართული ოცნების" გამარჯვება. შესაბამისად, უნდა მოხდეს დომინანტური პარტიისა და მისი სატელიტების ფორმირება, ანუ იმ ტიპის ოპოზიციის, რომელიც ამ თამაშის წესებზე დათანხმდება და რუსული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრებაში დაეხმარება ხელისუფლებას. ამ სატელიტებს თავიანთ ბოსტანს მოუზომავენ და იქნებიან კმაყოფილი. ეს ყველაფერი ახლა უნდა მოხდეს, ასეთია ხელისუფლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს რომ გააკეთო, უნდა გაასუფთაო პოლიტიკური ველი ისეთი პარტიებისგან, რომლებმაც შეიძლება თავსატეხი გაუჩინონ "ქართულ ოცნებას" და ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ. ამიტომ იჭერენ ოპოზიციონერ ლიდერებს ასეთი უხეში ფორმით. ეს კომფორტული კი არ არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ ვიღაცას ვერ ათვინიერებ, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაიჭირო ან ქვეყნიდან გააძევო, ან უნდა შეაშინო, სამზარეულოში გამოკეტო და ეს ველი ჩაანაცვლო შენი სატელიტებით.

რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს კითხვას - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? თეორიულად ორივე გზა შეიძლება იქნეს განხილული, მაგრამ პოლიტიკაში ემოციებით ხომ არ იხელმძღვანელებ. უნდა იცოდე, რა არის ამოცანა, მიზანი და როგორ უნდა მიხვიდე ამ მიზნამდე. რა თქმა უნდა, ბოიკოტის საკითხის განხილვა შეიძლება, მაგრამ რას მოიტანს ბოიკოტი? ამან აქამდე ის ვითარება მოგვცა, რომ ოპოზიციაში ასე, თითო-თითოდ ყველას იჭერენ, ზოგი საკუთარი სურვილით ადის ეშაფოტზე, რაც პიროვნულად ამ ადამიანების მიმართ პატივისცემას აჩენს, მაგრამ ეს რას ცვლის ქვეყნისთვის? ეს დისიდენტური გზაა, ეს არ არის რეალური პოლიტიკა და შესაბამისად, რეალურ პოლიტიკურ შედეგს ვერ მოიტანს, ვერ გამოიწვევს საზოგადოებაში იმ ტიპის რყევას, რაც პრობლემას შეუქმნის ხელისუფალს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია, რა შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა. ერთადერთი, დასავლეთის მიერ ხელისუფლების იზოლირება, მაგრამ იზოლირება ისედაც სულ უფრო მასშტაბური ხდება, რასაც ხელისუფლება არ ეპუება. მისი სტანდარტი სულაც აღარ არის დასავლეთისგან ლეგიტიმაციის მიღება. რუსული ტიპის ლეგიტიმაციას მიიღებს მესამე ქვეყნებიდან და კმაყოფილი იქნება. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ დასავლეთის ზეწოლით ქვეყანაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება. აქ მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური პროცესი, რომლის წამყვანი ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ. როდესაც შიდაპოლიტიკური პროცესის ორგანიზება ვერ ხერხდება, მხოლოდ დასავლეთისგან ზეწოლით ბევრი არაფერი შეიცვლება. თუ ვინმემ იცის, ამ ბოიკოტის გზით მიზნის მიღწევა როგორ შეიძლება და გეგმა აქვს, ეს საჯაროდ უნდა ითქვას, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს რწმენა და ქვეყანაში არსებული დიდი, უზარმაზარი პროტესტის კონსოლიდაციის საფუძველი, მხოლოდ სადღეგრძელოებით ლაპარაკი საზოგადოებაში დაგროვილ საპროტესტო განწყობებს ვერ გააერთიანებს.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი არჩევანი, რადგან გვაქვს სრულიად არასამართლიანი გარემო, ვიცით, რომ ხელისუფლება აუცილებლად გააყალბებს და ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ არჩევნების დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს.

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მასშტაბით ბრძოლის გამართვა ხელისუფლებასთან და მისთვის ძალაუფლების ხელიდან გამოგლეჯა ადგილებზე, თუ რესურსებს შევადარებთ, პრაქტიკულად, გამორიცხულია, მაგრამ თუ მრავალსვლიანი ტაქტიკით ვისარგებლებთ, ანუ ისეთ სტრატეგიას ავირჩევთ, სადაც მნიშვნელოვანი ბერკეტები შეიძლება წაართვა ხელისუფლებას და ამ ბერკეტებით შეუქმნა დიდი პრობლემები, ასეთი გეგმა გაცილებით უფრო სწორი, დალაგებული და შესასრულებელიც იქნება, მით უფრო, რომ მეგაპოლისებში - დიდ ქალაქებში გაყალბება საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, რაღაც პროცენტს იქაც გააყალბებენ, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც გარდაბანში ან მარნეულში. ასეთი ქალაქებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და კიდევ რამდენიმე შეიძლება დაემატოს ამ სიას... საზოგადოებამ, რომელიც 200-ზე მეტი დღეა ქუჩაშია, შეუძლია ეს აქციოს გენერალური პოლიტიკური ბრძოლის დღედ, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, მისცემს ხმას და მერე საკუთარ ხმას დაიცავს კიდეც.

არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს სახელმწიფო გადატრიალებაზე, პირიქით იქნება, თუ ხელისუფლებამ უხეშად დაიწყო ბიულეტენების მიწერა, ოქმების გაყალბება, ჩვენივე კონსტიტუციით ხალხი ამ დროს იძენს უფლებას, რომ აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ხალხის ნების გაყალბებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არჩევნების დღე შეიძლება ვაქციოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის დღედ. ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში, მაგალითად, თბილისში, საზოგადოებას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ხელისუფლების რეიტინგი ყველა კვლევით კატასტროფულია. სხვა დიდ ქალაქებშიც თუ სწორად შეარჩევენ კანდიდატებს, იგივე მოხდება. ძალიან მომწონს რამდენიმე ქალაქის მერობის კანდიდატების ალიანსის ერთობლივი კამპანიის იდეა. არაპარტიული, საზოგადოების ლიდერები, რომლებსაც პარტიებიც მხარს დაუჭერენ. შემდგომ ყველაფერი ხალხზე იქნება დამოკიდებული.

პირადად მე თბილისის მერობის რამდენიმე შესაძლო კანდიდატზე ვფიქრობ, თუმცა არ დავასახელებ, რადგან ჩაქოლავენ მეორე დღესვე "ქართული ოცნების" ტროლ-ბოტები.

- მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც არის?

- დიახ. ზურაბიშვილსაც განვიხილავ, მაგრამ არ მინდა დღეს ამაზე ლაპარაკი, თუმცა ბათუმში ვინ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი, ეს შემიძლია გითხრათ - ეს არის მზია ამაღლობელი. წარმოუდგენელია ბათუმმა მზია ამაღლობელი არ აირჩიოს. მე ვიცი, რომ ბათუმი ძალიან გაბრაზებულია, რაც ხდება ამაღლობელის თავს. სხვა ქალაქებშიც შეიძლება ასეთი ტიპის სამოქალაქო ლიდერების პოვნა, მით უფრო, თუ ისინი ერთობლივ კამპანიას ყოველგვარი პარტიების გარეშე წარმართავენ, ვფიქრობ, წარმატების მიღწევის შანსი საკმაოდ მაღალი იქნება. თუ მართლაც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, ეს იქნება უდიდესი პრობლემა "ქართული ოცნებისთვის". მერე თბილისი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ყველაზე მძიმეწონიანი ქალაქია. ფაქტობრივად, შეიქმნება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, პირდაპირი პლატფორმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალოს. მე არ ვამბობ, რომ ეს გარანტირებულად ასე მოხდება, ამიტომ განვიხილოთ ის ვარიანტიც, თუ ასე არ მოხდა. მესმის ლაპარაკი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თითქოს ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, არადა, პირიქით არის. თუ ვმონაწილეობთ არჩევნებში და ხელისუფლება უხეშად დაიწყებს გაყალბებას, ოქმების წერას, ამით მისი აბსოლუტური დელეგიტიმაცია მოხდება და სტაბილურობის ილუზიასაც საბოლოოდ დაკარგავენ, რასაც გარდაუვალად მოჰყვება სისტემური რყევები. სისტემაში ადამიანები ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი.

- შეიძლება ითქვას, დასაკავებელ პოლიტიკურ ლიდერთა რიგში პირველი გიორგი გახარიაა, რომელიც ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით მეორედ დაიბარეს ე.წ. წულუკიანის კომისიაში. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლებით არის აღძრული საქმე პროკურატურაშიც. გახარია ამჟამად უცხოეთშია და ჩვენში ბევრი მითქმა-მოთქმაა, უნდა დაბრუნდეს თუ არა ის საქართველოში?

- არ უნდა ჩამოვიდეს. პოლიტიკური ლიდერების ფუნქცია პირადი გმირობის ჩადენა არ არის, მათ პოლიტიკურ პროცესს უნდა უხელმძღვანელონ. გასაგებია, რაც მოხდება, თუკი გახარია დაბრუნდება - ერთ დღეს კომისიაზე მიიყვანენ, მეორე დღეს - პროკურატურაში და დააკავებენ კიდეც.

ეს კიდევ მეტად დათრგუნავს ჩვენს საზოგადოებას, რითაც უფრო გაძლიერდება ეს სისტემური ურჩხული. გახარია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მას ექნება საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერის რეალური ფუნქცია შეასრულოს. რატომ უნდა წავიდეს ციხეში მანამდე, არ მესმის.

- "კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით - ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას. რამდენიმე დღით ადრე კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. არსებობს ვარაუდები, რომ ის ბოლო არ იქნება...

- ეს წინასაარჩევნო ტრიუკია. ხელისუფლებას არანაირი პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება არ შეუძლია საარჩევნოდ და ახლა ცდილობს ილუზია შექმნას, ვითომ სამართლიანობის დამკვიდრება სურს. ეს ცნობილი მეთოდია - თუ პურს ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა მაინც უნდა მისცე და შეუქმნა ილუზია, რომ რაღაც მაინც ხდება, მით უფრო, რომ ამისთვის საფუძველი მრავლად აქვს ხელისუფლებას. გარდა ამისა, როცა ურჩხულს გარედან საკვები არ ჰყოფნის, საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს. კორუფცია ქვეყანაში რომ სისტემურია, ხელისუფლებამ კი არა, ყველა მოქალაქემ იცის. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსავალი აიღოს... თან სხვისი ხელით. ძალაუფლების ილუზია შეუქმნა კობახიძეს და მას აკეთებინებს არაერთ ბინძურ საქმეს. მერე, როცა ამ პროცესს დაასრულებს, ისევ კობახიძეს შეახოცავს ხელს ბევრ რამეში და ჩარეცხავს, როცა აღარ დასჭირდება. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და მოიქცა, როგორც "ჭკვიანი" ხელისუფალი, რომელსაც ისე უნდა ისარგებლოს ძალაუფლებით, რომ თვითონ კორუფციაში არ იყოს გარეული.… ამიტომაც შემოიკრიბა ხარბი მედროვეები და შეუქმნა მათ დაუსჯელობის ილუზია. ამათაც კარგად "იმუშავეს" და დიდი ფული მოჭრეს, დღეს კი დადგა მოსუქებული ცხვრების გაპარსვის დრო. რომეო მიქაუტაძის შემდეგ ვინ არის რიგში, ამაზე ასე ვუპასუხებდი - ძალიან ბევრი ყოფილი და ამჟამინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკი, მაგალითად, სუს-ის ამჟამინდელი უფროსის, ოხანაშვილის პარლამენტში გამოსვლისას აშკარად გამოჩნდა გრიგოლ ლილუაშვილის მისამართით მუქარის კონტექსტი. შესაძლოა ბევრი არც დაიჭირონ, უბრალოდ, ფულს მიატანინებენ. ვინც არ მიიტანს, დაიჭერენ, ისევე როგორც, მაგალითად, ბაჩიაშვილი დაიჭირეს.