შევხვდებით 2035 ან 2050 წელს! ეროვნულ არქივში დაილუქა „კვირის პალიტრის“ სკივრი, რომელშიც მომავალში გაგზავნილი წერილებია მოთავსებული
"კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტის - "გზავნილი მომავალში" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ არქივში დაილუქა საგანგებოდ დამზადებული სკივრი, რომელშიც მომავალში გაგზავნილი წერილებია მოთავსებული.
ადრესატები მათთვის გაგზავნილ წერილებს, ავტორის სურვილისამებრ, 2035 ან 2050 წელს მიიღებენ.
როგორც "პალიტრა ჰოლდინგის" მარკეტინგის მენეჯერმა, ეკა ბუაძემ განმარტა, პროექტი "გზავნილი მომავალში" "კვირის პალიტრამ" საზოგადოების თხოვნითგაიმეორა. მისი თქმით, 2025 წლის წერილების გახსნას უზარმაზარი აჟიოტაჟი მოჰყვა - პირადად რედაქციაში მოსვლით, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო ზარების საშუალებით ათასობით მოქალაქე ითხოვდა პროექტის კიდევ ერთხელ განხორციელებას და "პალიტრამ" ეს თხოვნა გაითვალისწინა.
"ეს არის "პალიტრა მედიის" საჩუქარი საზოგადოებისთვის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზეიმოდ არ აღვნიშნეთ. პირადად ვესწრებოდი იმ მომენტს, როდესაც წერილები გაჰქონდათ. ეს ძალიან ემოციური იყო. მადლობა ყველას, ვინც ემოციები გვანდო და წერილების სახით გადმოგვცა. მათ წერილებს ეროვნული არქივი შეინახავს", - აღნიშნა ეკა ბუაძემ.
პროექტის "გზავნილი მომავალში" შესახებ ისაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა მარიკა დარჩიამ. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტმა თაობები დააკავშირა.
"დღეს დაილუქა სკივრი, რომელშიც მოთავსებულ წერილებს უნდა დაელოდონ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ემოციურად ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ პროექტს. საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ პროექტი გაგრძელებულიყო და გაგრძელდა კიდეც".
საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, ეროვნული არქივი საიმედოდ დაიცავს იმ სკივრს, რომელშიც ადამიანების ემოციები და ფიქრებია შენახული.
"ჩვენთვის მსგავსი სახალხო პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა სასიხარულოა. ეს პროექტი ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გარწმუნებთ, რომ მართლაც საიმედოდ დავიცავთ ამ სკივრს, თითოეულ წერილს გავუფრთხილდებით და მომავალ თაობას შევუნახავთ იმ გზავნილებს, რომელიც ადამიანის გონებასა და გულში შეუდარებელ ემოციებს აღვივებს. დიდი მადლობა „"კვირის პალიტრას"“ ამ შესაძლებლობისთვის".
პროექტის მნიშვნელობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ნუცა დუმბაძემ, "კვირის პალიტრის" ყოფილი მთავარი რედაქტორის მოადგილემ:
"ეს არის ისტორიული პროექტი. მისი წარმატება ვერ იქნებოდა შესაძლებელი ეროვნული არქივის მხარდაჭერის გარეშე. დიდი მადლობა მათ თანამშრომლობისთვის".
ინფორმაციისთვის: „"კვირის პალიტრის"“ სახალხო პროექტი "გზავნილი მომავალში" 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეწერა წერილი, რომელსაც ადრესატი, გზავნილის ავტორის სურვილისამებრ, მიიღებდა და მიიღებს 1, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრებში და ინახება ეროვნულ არქივში. სკივრი გაიხსნა 2002, 2005, 2010 წლებში და ასევე წელს - 2025 წლის 10 მარტს.
საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, "კვირის პალიტრამ" 2025 წელს მიიღო პროექტის გამეორების გადაწყვეტილება. გაზეთის 21 აპრილის, 28 აპრილის, 5 მაისისა და 12 მაისის ნომრებში მოქალაქეებს დახვდათ კონვერტის ბლანკი. ჩვენს მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის და თუნდაც ქვეყნისთვის მიეწერათ წერილი.
ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).