"ეს ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც" - ემზადება თუ არა ევროპა რუსეთთან ომისთვის
ნატოს ჰააგის სამიტი მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა - ნატოს წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო და უსაფრთხოების ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ, მაგრამ 2035 წლამდე. აქედან 3.5% პირდაპირ თავდაცვაზე (ჯარი, შეიარაღება), ხოლო 1.5% ინფრასტრუქტურაზე, კიბერუსაფრთხოებასა და სამოქალაქო მდგრადობაზე დაიხარჯება. სამიტის მონაწილე ლიდერებმა რუსეთი დაასახელეს როგორც „ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ სტრატეგიული და `პირდაპირი საფრთხე~, გამოხატეს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლისადმი „მტკიცე ერთგულება“ და თქვეს, რომ აშშ-ევროპის სამხედრო ინდუსტრიების თანამშრომლობა, ინტეგრაცია და გამარტივება ალიანსის პრიორიტეტი იქნება. ეს კი გულისხმობს უკრაინასა და ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან ამერიკისა და ევროპის სამხედრო ინდუსტრიაში ინოვაციების ინტეგრაციას. მოკავშირეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა - 32-ვე წევრი თანხმდება, რომ უკრაინის დახმარება და თავდაცვის სექტორში ჩადებული ინვესტიციები ჩაითვლება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების ნაწილად. თუმცა, ამავე დროს, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ევროპაზე რუსეთის თავდასხმის საშიშროებაზე. რას ნიშნავს ეს და რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ ევროპა არ არის დარწმუნებული, უკრაინა სრულად წაგებული არ დარჩება ამ ომში და ამიტომაც ელოდება რუსეთიდან პირდაპირ საფრთხეს,
ამ საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.
- ნატოს სამიტზე ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესის განცხადება იყო ნიშანდობლივი, რომ ესპანეთს არა აქვს იმის საშუალება, გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი - ანუ 5%-მდე ზრდაზე თავისთავად უარი თქვეს და მგონი, 2%-იც არ ექნებათ. მან თქვა, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, მაგალითად, სოციალური პროგრამებიო და ა.შ. ეს გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ ესპანეთი არ გრძნობს საფრთხეს რუსეთისგან, იმიტომ, რომ ის ევროპის მეორე კუთხეშია. იგივე ითქმის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების უმრავლესობაზე, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვეყნებზე. ყველაზე მწვავედ ამ საფრთხეს, რა თქმა უნდა, გრძნობენ რუსეთთან გეოგრაფიულად ახლომდებარე ქვეყნები, ჩრდილო-ევროპული, ნორდიკული ქვეყნები: შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, რა თქმა უნდა, გერმანიაც და ცხადია, აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, უნგრეთის გამოკლებით, მაგრამ მთლიანობაში ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი, რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაცოცხლა. თუ შევადარებთ, რა ხდებოდა 5-6 წლის წინ, როდესაც ქვეყნებს ის უჭირდათ, რომ სამხედრო ხარჯები 2%-მდე აეწიათ, დღეს უკვე შეთანხმდნენ, რომ 5%-მდე გაზარდონ.
- გასაგებია, რომ ვინც შორს არის, არ ეშინიათ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური სიძლიერე ხომ არის დამოკიდებული გერმანიაზე, საფრანგეთზე, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკის დიდი წილის შემქმნელები არიან, და თუ მათ თავდაცვისთვის ორმაგის გაღება მოუწევთ, რადგან შორს მყოფებს ეს არ აშინებთ, ეს ხომ მათ საერთო ეკონომიკაზე აისახება და მაინც დაზარალდებიან.
- ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული - ნატოში უსაფრთხოება და ევროკავშირში ეკონომიკა. ლაპარაკია კონკრეტულად სამხედრო ხარჯებსა და ამ ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. თვითონ ევროპელებიც დიდხანს იქცეოდნენ ეგოისტურად - გავიხსენოთ, როგორ ნაწილდებოდა ნატოში ბიუჯეტი: ამერიკაზე მოდიოდა 2/3, ხოლო ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ათწლეულების განმავლობაში 2%-საც კი არ იხდიდა საკუთარ სამხედრო ბიუჯეტში. ტრამპს არ წამოუყენებია ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნა, ამისკენ ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი მოუწოდებდა და აკრიტიკებდა ევროპელებს. შემდეგ რუსეთმა შეაშინა ევროპელები, მაგრამ ისინი, ვინც დაშორებული არიან მისგან, ესპანელები, იტალიელები და ა.შ.; ფიქრობენ, კი, ჩვენ საერთო ნავში ვსხედვართ და საერთო პოზიციებს არ დავბლოკავთ, რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში შეგიერთდებით, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვინდა ჩვენი სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა, რადგან ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვსო. ცხადია, მაინც უწევთ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა, მაგრამ ამ საფრთხის ნაკლები განცდის გამო, ცდილობენ სამხედრო ტვირთი ამ ეტაპზე უფრო ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს აჰკიდონ. თუმცა, თუ მართლაც დაიწყება ომი რუსეთსა და ევროკავშირს შორის, თავს ვერავინ დაიძვრენს.
- გასაგებია, ეშინიათ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მათთან გადაინაცვლებს ეს საფრთხე, მაგრამ ეს ომი როგორ დასრულდება, მნიშვნელობა არა აქვს?
- ყველაზე ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის რესურსებიც დაემატება რუსეთს და მერე სად წაიღებს ამხელა სამხედრო მანქანას, კაცმა არ იცის. ფართომასშტაბიანი ომის არიდების საუკეთესო სცენარი შეიძლება იყოს ომის დასრულებაზე მოლაპარაკების ნაწილი, რომ ომი უკრაინაშიც დასრულდეს და არ გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან ომში. შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ამაზე შეთანხმებაც მოხდეს, მაგრამ ლოგიკა, თუ რატომ ეშინიათ ომის განსაკუთრებით გერმანელებს, სკანდინავიელებსა და აღმოსავლეთევროპელებს, ის არის, რომ, მაგალითად, თუ უკრაინაში ომი ისე დასრულდა, რომ საბოლოო პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და დროებით დაზავდნენ, რუსეთში დარჩენილი ნახევარმილიონიანი არმიის რუს საზოგადოებაში ერთბაშად ინტეგრირება ძალიან რთული იქნება.
რუსეთი ახლა სამხედრო ეკონომიკაზეა გადართული და ეშინიათ, პუტინი ხომ არ დატესტავს ნატოს მეხუთე მუხლს ბალტიის რომელიმე ქვეყანაში.
ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ახლავე ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს ევროპის მთავარი ქვეყნების წინააღმდეგ. პუტინი ასეთი გიჟიც არ არის, მაგრამ ფარული ოპერაცია, ვთქვათ, ესტონელი და ლატვიელი რუსულენოვანი მოსახლეობის გამოყენება ე.წ. მწვანე კაცუნების მეშვეობით, სავსებით რეალურია. ეს ის სცენარია, რისიც ევროპელებს ეშინიათ და ემზადებიან ამისთვის, პოტენციურად რუსეთთან დაპირისპირებისთვის.
- დღეს ამ ომის დამთავრება ისევ შედის ტრამპის ინტერესებში?
- ტრამპმა ცალსახად აჩვენა, რომ მისი პრიორიტეტი არ არის უკრაინის ნებისმიერ ფასად მხარდაჭერა. მისთვის მთავარი ჩინეთთან კონკურენცია და აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე მოვლენებია. ახლო აღმოსავლეთშიც არ სურს ხანგრძლივ კონფლიქტში ჩართვა. კი, ისრაელს დაუჭირა მხარი, რაც უფრო პიარკამპანია იყო. ამერიკა დაინტერესებულია რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებით, რადგან ეს მის პრესტიჟზეც ახდენს გავლენას, ტრამპს კი სურს დილმეიკერის იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ თუ არ გამოუვა და ომს ვერ დაამთავრებს, ამის გამო თავს არ მოიკლავს. ამიტომ უფრო მეტი ტვირთი ევროპელებზე მოდის. ევროპელებს ეს გაცნობიერებული აქვთ და გაზარდეს ფინანსური დახმარება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამერიკულ სამხედრო შეიარაღებას ბოლომდე ვერ ანაცვლებენ, რადგან ფული კი აქვთ, მაგრამ იარაღი არა, რომ უკრაინას მიაწოდონ.
- ამ მოცემულობაში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპას ეშინია რუსეთის თავდასხმის, ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გაიწირა?
- გაიწირა, ალბათ, არა, მაგრამ ასე ვთქვათ - დასავლეთს თავიდანვე არ უნდოდა იმდენი რესურსის ჩადება, რომ უკრაინას ერთმნიშვნელოვნად მოეგო ომი. არ უნდოდათ პუტინისთვის ებიძგებინათ, რომ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი, თუნდაც ტაქტიკურ დონეზე. ამიტომ ცდილობდნენ იმდენად დახმარებოდნენ უკრაინას, რომ არ ჩამოშლილიყო, შეენარჩუნებინა ფრონტი, მაგრამ არა იმ დონეზე, ვთქვათ, პუტინი მოექციათ ჩიხში და არ დაეტოვებინათ გამოსავალი. დღეს ორივე მხარე გამოფიტვის რეჟიმშია და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი მხარე უფრო დიდხანს გაძლებს - ანუ ფრონტი კი უკავია უკრაინას, მაგრამ რუსეთი პატარა ნაბიჯებით მაინც წინ მიიწევს. ამიტომ კი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ საკითხავია, ეს ეყოფა თუ არა უკრაინას იმისთვის, რომ ომის დასრულება სათავისოდ გადაწყვიტოს. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთი მთლიანად უკრაინას ვერ აიღებს. შეიძლება რაღაც ტერიტორიები აიღოს, თუნდაც დონეცკი და ლუგანსკის ოლქები, მაგრამ დასავლეთ უკრაინას და კიევს ვერ აიღებს. ამიტომ რაღაც მომენტში მოუწევთ გაჩერება და მოლაპარაკებაზე წასვლა. რუსეთს მაქსიმალისტური მოლოდინი აქვს, სურს უკრაინა თავისი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს, ვერ გაწევრდეს ნატოში, რაზეც დასავლეთიც თანახმაა. მეორე მხრივ, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რასაც რუსები ეძახიან, რომ ქვეყანაში გაანადგურონ პოლიტიკური ელიტა და იმდენად დაასუსტონ, უკრაინას არ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება და როცა მოუნდებათ, თავისუფლად გადაუარონ, ამაზე არც დასავლეთი თანხმდება და არც უკრაინა. ამიტომ გაწირვას მთლად ვერ დაარქმევ, მაგრამ დასავლეთს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ ორ წელიწადს, მაგრამ ეს არ გააკეთა არც ამერიკამ და არც ევროპამ. ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინა ნაწილობრივ გაწირეს.
რუსა მაჩაიძე