აქვს თუ არა ოპოზიციას გეგმა?! - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა ოპოზიციას გეგმა?!

"ეს არის ქართული დემოკრატია", - ასე აფასებს პოლიტიკის ანალიტიკოსი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ოპოზიციონერი ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ასევე ნაკლებად აქტიური პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთი და იმავე სამართლებრივი მუხლით ისჯება. იმავე მიზეზით პატიმრობის მოლოდინში არიან გიორგი გახარია, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ა.შ. მიმდინარე პროცესების ანალიზს გვთავაზობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

- თუ ობიექტურად შევხედავთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გეზი მარცხით დასრულდა. მათ მიერ წამოწეული რევოლუციური სცენარი ჩაიშალა.

ამ ეტაპზე პროდასავლურ ოპოზიციას შემდგომი მოქმედების გეგმა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ გააძლიერა ავტორიტარული ტენდენციები და პროცესი იქით წავიდა, რასაც პირობითად მე "ქართულ დემოკრატიას" ვუწოდებ. ეს არის მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც დასავლური დემოკრატიისგან განსხვავდება - პოლიტიკური პროცესი დაპაუზებულია, ქვეყანა კი სახელისუფლებო ვერტიკალის მეშვეობით იმართება.

საპროტესტო ტალღა არის, თუმცა ის პასიონარული უმცირესობის სახით არის წარმოდგენილი და ამ ეტაპზე ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია. ამის გამოძახილია ბოლო პერიოდის დაპატიმრებებიც, რომლებიც ფორმალურად სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება - არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ვერ შეედავები ვერც სასამართლო ხელისუფლებას და ვერც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. თუმცა ეს მაინც აღიქმება როგორც პოლიტიკური რეპრესიები, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში. ჩანს, ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის ამგვარ შეფასებას ეგუება და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან კომპრომისი შედგება, რადგან ფორმალურად ყველაფერი კანონიერია...

ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებს თუ დავაკვირდებით, მათ შორის პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრებებს, ნათლად წაიკითხავთ გზავნილს: "მე ვივაჭრებ თქვენთან, ამერიკელებო". ამ მხრივ პარალელი ჩანს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მაგალითთანაც - ისიც ათავისუფლებს ოპოზიციონერ ლიდერებს დასავლეთთან გარიგების მიზნით. იგივე გზავნილი მოდის ბიძინა ივანიშვილისგან.

- როგორ ფიქრობთ, მისცემს ამერიკა ივანიშვილს ვაჭრობის საშუალებას?

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეხედავენ რეგიონს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია...

ამერიკამ ლიდერობა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაკარგა. ახლა

ტრამპი ამ სიტუაციას ზუსტად შეაფასებს და იმსჯელებს, შესაძლებელია თუ არა შტატების დომინირება ჩვენს რეგიონში, სადაც სამი სუბიექტია: აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. სამივე ძალიან სპეციფიკური ფენომენია. ამავე დროს რეგიონში ორი ანგარიშგასაწევი მოთამაშეა - რუსეთი და თურქეთი, ირანს კი ჯერ რეგიონისთვის არ სცალია.

საინტერესოდ არ გეჩვენებათ, რომ როგორც ფაშინიანი ამბობს, ლამის გადატრიალება მოუწყვეს? მილიარდერი აბელ კარაპეტიანი, რომელსაც სომხეთში სერიოზული "ქსელები" აქვს, ასევე არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. ნეტავ რა ხდება? ფაშინიანს თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეა. ბუნებრივია, ეს არ აწყობს რუსეთს. ამიტომ ის დასაჯეს - წაართვეს ყარაბაღი და გადასცეს აზერბაიჯანს. ამ ეტაპზე საქმე უკვე ხელისუფლების შეცვლის ცდამდე მივიდა და იბადება კითხვა: საიდან მოდის ეს ზეწოლა?

ამერიკელები და ფრანგები, სადაც სომხური ლობი ძლიერია, ასეთ პროცესებს არ უნდა უწყობდნენ ხელს. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად შეძლებს აშშ სერიოზული ადგილის დამკვიდრებას რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში? აზერბაიჯანი თურქეთის უპირობო მოკავშირეა - ერთი ერი, ორი ქვეყანა. მათ შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა დომინანტურ პოზიციაში აყენებს თურქეთს და თუ ირანი დაეცემა, კიდევ, მინიმუმ, 20 მილიონი აზერბაიჯანელი შეიძლება შეუერთდეს 10-მილიონიან აზერბაიჯანს. აი, სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეაფასონ ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, აქვს თუ არა შტატებს შანსი, მნიშვნელოვნად იმოქმედოს საქართველოში ან თუნდაც სომხეთში, ან ერდოღანის მეშვეობით გააკეთოს გარკვეული სვლები.

- თქვენ რა ვერსია გაქვთ?

- თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რთულად წარმოსადგენია, რომ სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენა შესუსტდეს.

იყო დრო, როდესაც ამერიკამ გერმანელები და მისი კიდევ სხვა სატელიტები წაახალისა რუსეთის წინააღმდეგ კომუნისტური საბჭოთა საფრთხის მოსასპობად. ამას მოჰყვა მიუნხენის გარიგება, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის შეთანხმება, ხოლო დასავლეთის არმიები კვლავ მარტო დარჩნენ. ამერიკელებმა მაშინ თქვეს, რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და საბოლოოდ რუსეთს დაეხმარა. ჩემი შეფასებით, ისევ იმავე ექსპერიმენტის გამეორების მოწმენი ვართ.

- "ოცნების" ლიდერები სწორედ ამ სცენარით ხომ არ ხელმძღვანელობენ, როდესაც დასავლელ ლიდერებზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და არ ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს პატიმრების გათავისუფლების შესახებ?

- ივანიშვილი დღეს რომ ერთი მიმართულებით მიდის, ხვალ შეიძლება გამოუშვას პოლიტპატიმრები და კვლავ გააგრძელოს ხელისუფლების ვერტიკალის გაძლიერება. ჯერ დასავლეთის მკაფიო სიგნალს დაელოდება და ამის მიხედვით განსაზღვრავს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ცვლილებას არ ველი, რადგან ოპოზიცია სუსტია.

მათ არ გაითვალისწინეს უამრავი ადამიანის რჩევა, რომ პარტიებში შეეცვალათ პოლიტიკური ლიდერშიფი და ახალი, ხალხთან უფრო დაკავშირებული ლიდერები მოეყვანათ. საქართველოს მსგავს ქვეყანაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა ორი ვადის შემდეგ ბეზრდებათ.

ვერავინ დამისახელებს ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დააფიქროს, იქნებ ჯობს ეს პარტია მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო.

ერთხელ "ლელოს" შეკრებაზე ვიყავი. წარადგინეს ათპუნქტიანი გეგმა, რომლის ათივე პუნქტი რუსეთის გინება იყო. ქვეყანაში, სადაც სერიოზული დემოგრაფიული კრიზისია, სადაც მოსახლეობის საშუალო ან უფროსი თაობა რუსეთს მტრად არ მოიაზრებს, როგორ წარმოგიდგენიათ, მათ მხარი დაგიჭირონ და მეტიც, ივანიშვილზე მეტი ხმა მოგცენ.

ჯაფარიძე და ხაზარაძე უნარიანი ბიზნესმენები არიან, ახლა პოლიტიკაში ცდილობენ დამკვიდრებას. გასაგებია, რატომაც - ისინი საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, მართლებიც აღმოჩნდნენ. მაგრამ ივანიშვილმა მეორე ჯერზე მაინც მოახერხა მათი დაპატიმრება. მათ კიდევ ერთი ფაქტორი ვერ გაიაზრეს - პოლიტიკური პარტია ვერ იქნება წარმატებული, თუ მისი მილიონერი ლიდერები კეთილდღეობაზე ესაუბრებიან გაჭირვებულ ხალხს. ისინი იმასაც გრძნობენ, რომ წავიდა დრო, როდესაც დასავლეთს შეეძლო ხელისუფლებაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოყვანა. შესაბამისად, ივანიშვილის წინააღმდეგ გაშლილ მოძრაობას შანსი არა აქვს.

ამ ხელისუფლებას ბევრი პრობლემა აქვს, უფრო მეტიც, ძალიან სერიოზული, მაგრამ ამ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ოპოზიცია მხოლოდ თემების ტირაჟირებით არის დაკავებული. პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ ვინმემ სერიოზული ანალიზი გააკეთა, რომ 17-მა მრავალმილიონიანმა ქვეყანამ, ისეთებმა, როგორიც იემენი და პაკისტანია, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღო? რაზე უნდა დაუჭირო მხარი ოპოზიციას, რომელიც რეალურ პრობლემებზე დუმს და მხოლოდ ტრივიალური თემების ტყვეობაშია?

„ოპოზიციამ არათუ რეპრესიული მექანიზმის გატეხა, მისი შეჩერებაც ვერ მოახერხა“

ვიქტორ ყიფიანი, პოლიტიკის ანალიტიკოსი:

- ოპოზიციური სპექტრი მზად არ აღმოჩნდა ეფექტიანი წინააღმდეგობისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ არათუ რეპრესიული მექანიზმის გატეხა, მისი შეჩერებაც ვერ მოხერხდა. ძველი მეთოდებით, მიდგომებითა და ხელწერით გაგრძელება, ფაქტია, შედეგს ვერ მოიტანს. ხელისუფლებამ იმუნიტეტი გამოიმუშავა არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, არამედ ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების მიმართაც. ამდენად, რამდენიც არ უნდა გამოვხატოთ აღტაცება წინააღმდეგობის მოძრაობით, დღეს დრო უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე ოპოზიციისა და ოპოზიციური ელექტორატის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი მექანიზმების მოფიქრება.

- შეიძლება ამ მოცემულობაში ყველაზე კარგი გამოსავალი არჩევნებში იყოს?

- დიახ, თუმცა მხოლოდ იმ პირობებით, რაც არაერთგზის გახმიანდა ქართულ მედიასივრცეში და მის მიღმაც. არჩევნები, ჩემი აზრით, შეიძლება გახდეს ერთგვარი ახალი მუხტი და ახალი დღის წესრიგის შექმნის წინა პირობა. თუმცა აუცილებელია ოპოზიციამ დააკმაყოფილოს მინიმუმ სამი პირობა, ვინაიდან არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას ან პოლიტიკური ველის ნაწილს მაინც გადახედავს. პირველი აუცილებელი პირობაა პროტესტზე ორიენტირებული ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება. მეორე აუცილებელი პირობაა საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი სიებით გასვლა, ხოლო მესამე - თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატების ერთიანი მხარდაჭერა. ესეც არ არის გამარჯვების მყარი გარანტია, მაგრამ მოგვცემს მაინც კონკრეტულ ხელჩასაჭიდ მექანიზმს. იმავდროულად, ეს სცენარი გააძლიერებს ოპოზიციურ ნარატივს როგორც ამომრჩეველში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.

- იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის პირობები მიიღოს, მნიშვნელოვანია თუ არა სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება?

- მთავარია ერთიანი კანდიდატების სიაზე შეთანხმება. თუმცა ბოლო ხანს გაჩნდა ასეთი იდეაც - ხომ არ იქნება უფრო ეფექტიანი, თუ აქცენტი სამოქალაქო წრიდან გამოსულ პირზე გაკეთდება. ესეც, ერთი შესაძლო ვარიანტია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ კონკრეტულ სუბიექტებზე საუბრის ნაცვლად, ოპოზიციამ იმ სამ მთავარ პირობაზე მოახერხოს შეთანხმება. ამ შემთხვევაში არც ხელისუფლების თანადგომა დასჭირდებათ და ვერც ხელის შემშლელი ბარიერები შეექმნებათ. თუ ოპოზიცია იმ სამ პირობაზე მოახერხებს შეთანხმებას, შემდეგ უკვე შეიძლება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება - ერთიანად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ან თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, ერთიანად ბოიკოტი გამოვუცხადოთ არჩევნებს.

- არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, ვინ იქნება "ოცნების" კანდიდატი - დარჩება კახა კალაძე თუ იქნება გიორგი ტყემალაძე, რომლის კანდიდატურაც ახლა განიხილება.

- "ქართული ოცნების" შემოთავაზებული რესურსი იმდენად ერთგვაროვანია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კონკრეტული კანდიდატი. ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმის როლს ასრულებს და პასუხს გასცემს მთავარ კითხვას, ინარჩუნებს თუ არა "ქართული ოცნება" სათანადო მხარდაჭერას, და აქვთ თუ არა ოპოზიციურ ძალებს რეალური შანსი შეცვალონ ვითარება.

- თქვენი კოლეგების ნაწილი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს პოლიტიკურ ველზე, გარდამტეხი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.

- გარე ზეწოლასა და შიდა აქტივობას შორის ბალანსი საჭიროა, მაგრამ თუ საზოგადოება პასიურია, უმოქმედო ან არასაკმარისად აქტიური, მაშინ ვერავითარი გარე მხარდაჭერა ვერ იქნება საკმარისი, რომ სასწაული მოხდეს. გარდა ამისა, ჩემში უფრო და უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა, კერძოდ, ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობების ზღვარს უკვე მიაღწია ან ძალიან ახლოს არის მასთან. რაც შეეხება აშშ-ს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკაში სრულიად განსხვავებული კურსი აქვს აღებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძირითადი სამუშაო ჩვენია - ეს არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე.

ჩვენი რეგიონი ყოველთვის აქტუალური იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე, მაგრამ აქტუალურობა დღითი დღე მატულობს და დღეს უკვე თვალსაჩინოდ იგრძნობა. ამის მიუხედავად, ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ერთი - ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ ამ აქტუალურობის სწორად წარმოჩენა და მეორე - დასავლელ პარტნიორებს ეს აქტუალურობა მკაფიოდ და თვალნათლივ უნდა დავანახოთ. დღევანდელ მსოფლიოს, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფუძნება ღირებულებებს და მეტად — ინტერესთა თანხვედრას, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რა არის ის ქართული და რეგიონული ინტერესები, რომლებიც ერგება ევროპულ და ამერიკულ ინტერესებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არა ჰყავს ისეთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, რომელიც ამ ყველაფერს სათანადო კვალიფიკაციით, დროისა და შინაარსის ჩადებით გააკეთებდა. ამის ნაცვლად, ხელისუფლება სრულიად საპირისპირო გზავნილებს ავრცელებს. მაგალითად, პრემიერ კობახიძის ბოლოდროინდელი საპარლამენტო გამოსვლა ერთგვარი ნიადაგის მომზადება იყო იმისა, რომ დავივიწყოთ ჩვენი ამბიციები და დავკმაყოფილდეთ მინიმალური მიზნებით. პრობლემა ის არის, როგორც კი პატარა, კომპაქტური ერი რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იწყებს ნაკლები ამბიციებით დაკმაყოფილებას, იწყება მისი სახელმწიფოებრივი დეგრადაცია. ამიტომ მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიისა და რესურსების სიმწირისა, აუცილებელია ზოგჯერ "თავს ზემოთაც კი ავხტეთ". დასავლელ პარტნიორებს უნდა დავანახოთ, რომ "ქუჩა ორმხრივია" - ჩვენ მათთვის ისევე შეგვიძლია სარგებლის მოტანა, როგორც მათ ჩვენთვის.

- "ქართული ოცნების" ასეთი განწყობები არის თუ არა იმით განპირობებული, რომ რუსეთს რეგიონში უალტერნატივო ლიდერად მიიჩნევს?

- "ქართულ ოცნებაში" აქვთ საკუთარი წარმოდგენა "წითელ ხაზებზე" ქართულ-რუსულ ურთიერთობაში და მაქსიმალურად ცდილობენ ეს ზღვარი არ გადაკვეთონ. რუსეთთან„„"წითელი ხაზები" ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კიდეც, ამას განსაზღვრავს როგორც გეოგრაფია, ასევე რუსეთის კონფლიქტური ბუნება, მაგრამ უნდა გავარჩიოთ "წითელი ხაზები", რომლებიც რაციონალურ და პრაგმატულ რეალობაზეა დაფუძნებული, რომლებიც ხელოვნურად არის შეთითხნილი და მხოლოდ მორჩილების ნიშანია. დასავლეთთან დაახლოება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა არასოდეს არ უნდა იყოს მსხვერპლად შეწირული რუსეთის შიშის გამო. ამიტომ რეზიუმედ ვიტყოდი - "წითელი ხაზების" არსებობა ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი, ხარისხი და დღეს რასაც "ოცნება" გვთავაზობს, ჩემი შეფასებით, ჩვენს უსაფრთხოებას, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას აზიანებს. ეს არ შეესაბამება არც დღევანდელ გამოწვევებს და მით უფრო, მომავლის მოთხოვნებს.

მოამზადა ხათუნა ბახტურიძემ