„ახლა ხელისუფლების გათვლა და ამოცანაა დაასუსტოს და გაანეიტრალოს წინააღმდეგობა“ - კვირის პალიტრა

„ახლა ხელისუფლების გათვლა და ამოცანაა დაასუსტოს და გაანეიტრალოს წინააღმდეგობა“

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი:

- აქამდე იჭერდნენ წინააღმდეგობაში ჩართულ რიგით მოქალაქეებს და ამას პრევენციის ფუნქცია ჰქონდა. ახლა, როდესაც ლაპარაკი დავიწყეთ იმაზე, რომ საჭიროა პროტესტის ინსტიტუციონალიზება, "ოცნებამ" აქცენტი გადაიტანა იმ პირების დაკავებაზე, ვინც ინსტიტუციურ ნაწილში არიან ჩართული. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ველს წმენდს და ყველას, ვისაც რაღაც ტიპის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ციხეში ყრის.

- როგორ იმოქმედებს მიმდინარე პროცესები თავად ხელისუფლების ამომრჩევლებზე?

- პოლიტიკური პატიმრების რიცხვის გაზრდას და ოპონენტების დაჭერას დასავლეთის უარყოფითი რეაქცია რომ მოჰყვებოდა, ცხადია. რაც შეეხება "ოცნების" მხარდამჭერებს, შესაძლოა მომხრეების ნაწილი დაკარგონ, მაგრამ ამის მცირე შანსია. ახლა ხელისუფლების გათვლა და ამოცანაა დაასუსტოს და გაანეიტრალოს წინააღმდეგობა.

- "ოცნებამ" გაამკაცრა პუნქტები "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", იზღუდება სასამართლო პროცესების მედიაგაშუქება...

- ჩვენ მხოლოდ ადამიანური რესურსი დაგვრჩა. სოლიდარობის ფონდები დახურეს, ვისაც რამე რესურსი ჰქონდა, რაც შეიძლებოდა პოლიტიკურ ორგანიზებას მოხმარებოდა, ამოიწურა. ცოტა ხნის წინ რეჟიმმა იერიში მიიტანა სოციალურ კაპიტალზეც, აგენტებად და ჯაშუშებად გამოიყვანა ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება. ახლა ამ შეზღუდვებით პოლიტიზების რესურსსაც შეუქმნეს საფრთხე, რათა ვეღარ შევძლოთ ჩვენი იდეების საზოგადოებამდე მიტანა... მაგრამ ყველაფერი ისე ვერ იქნება. ვნახეთ, რაც მოხდა - სახაზინო ადვოკატებმა უარი განაცხადეს პატიმრების დაცვაზე. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სამსახურშიც არიან ადამიანებები, რომლებიც სრულ კონტროლს არ ექვემდებარებიან.

- საზოგადოებაში, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიებში, მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში.

- არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან სტრატეგიასა და შეთანხმებულ პოზიციას, ოპოზიციას კი ამათგან არც ერთი არ აქვს. ისიც კი არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ თუ მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ. ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, მათაც არ აქვთ სტრატეგია. ყველა იღბალს არის მინდობილი. პარლამენტში შესვლაზე უარი ეფუძნებოდა მოკლევადიან კონკრეტულ სტრატეგიას, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და რეჟიმი დაემხობოდა, მაგრამ ამან არ გაამართლა, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რადგან პარლამენტში არ შევიდნენ, იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაძლოა შესულიყვნენ და უარესი შედეგები მიგვეღო.

"ოცნება" უფრო დაამძიმებს ვითარებას, მოსალოდნელია, უფრო მეტი ადამიანი გაუშვას საპატიმროში. ასევე აამოქმედებს გარკვეულ მექანიზმებს. ქუჩას პირდაპირ კი არ გაწმენდს, მაგრამ ირიბად შეავიწროებს, უფრო მეტს დააჯარიმებს ინტერვიუსთვის, სოციალურ ქსელში სტატუსებისთვის ან კომენტარებისთვის. ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, რეპრესიები გააძლიეროს, ხოლო მეორე მხრივ, ხალხში აპათია დათესოს, ბრძოლისუნარიანობა შეამციროს. თუმცა რეჟიმის ყველა ცდა წარუმატებელია, რადგან წინააღმდეგობა ყოველთვის პოულობს გამოსავალს.

სოფო კაჭარავა