სიტუაცია კვლავ ფეთქებადია? - რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს ომი ისრაელსა და ირანს შორის?! - კვირის პალიტრა

სიტუაცია კვლავ ფეთქებადია? - რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს ომი ისრაელსა და ირანს შორის?!

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 26 ივნისს გაავრცელა ვიდეომიმართვა და ირანელ ხალხს ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე "გამარჯვება" მიულოცა. ხამენეის განცხადებით, „სიონისტური რეჟიმი“ სრულ განადგურებას გადაარჩინა ომში "ამერიკული რეჟიმის" ჩართვამ, მას კი ამისთვის „სილა გააწნეს“ კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმით. "რატომ უნდა თქვას ასე თავხედურად და უგუნურად ე.წ. სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ომით დანგრეული ირანის სახელით, რომ მან ომი ისრაელთან მოიგო, როდესაც თავადაც იცის, რომ ეს სიცრუეა? მორწმუნე კაცს არ ეკადრება ტყუილი... ისინი მუდამ ბრაზიანები, უბედურები და აგრესიულები არიან, და შეხედეთ, რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა - გადაწვეს, გაწირეს, არმია განადგურებულია, ეკონომიკა კატასტროფულია და გარშემო ყველგან სიკვდილია. მათ არ აქვთ იმედი და მომავალში კიდევ უარესი ელით", - მუქარანარევი იყო დონალდ ტრამპის პასუხი.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით, გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN-ი იუწყებიან, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმების შედეგად გამდიდრებული ურანის მარაგი არ განადგურებულა, ცენტრიფუგები, ძირითადად, არ დაზიანებულა და რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დაბომბვამდე ავიადარტყმების სამიზნე ობიექტებიდან გაიტანა.

ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის შედეგებსა და ირანის მომავალზე ანალიტიკოსი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- ცხადია, ხამენეის განცხადება შიდამოხმარებისთვისაა განკუთვნილი და კავშირი არა აქვს საგარეო საკითხებთან. მათ კარგად იციან, რომ აქვთ კატასტროფული მარცხი (როგორც რეპუტაციული, ისე სამხედრო).

მითები, თითქოს ირანელები ძალიან ძლიერები და ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ, დაიმსხვრა, რამდენიმე საათში თითქოს მათი შეუღწეველი ცა გაიხსნა და იქ ებრაული თვითმფრინავები შეუფერხებლად დაფრინავდნენ.

ამერიკულმა ბომბდამშენებმა ისე ჩაყარეს ბომბები და "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტები, რომ წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა. ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ირანის პოლიტიკური, სამხედრო, ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები ისე, რომ თუკი ირანის სამხედრო-პოლიტიკური დანაკარგი და მსხვერპლი კატასტროფულია, ისრაელის მხარეს დაღუპულია მხოლოდ 20-30 კაცი და დანგრეულია რამდენიმე შენობა.

ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსი, რომელზეც რეჟიმი დგას, დასუსტებულია, მთელი ელიტა, მაღალჩინოსნები დახოცილია. ირანის ბირთვული პროგრამაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ახლა უფრო მეტი თვალი და ყური იქნება იქით მიმართული, რომ ირანმა მისი აღდგენა არ სცადოს.

- ამ 12-დღიან ომში რას მიაღწიეს ისრაელმა და აშშ-მ, და რა დანაკარგი აქვს ირანს?

- 1. განადგურდა ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ელიტა; 2. განადგურდა სამხედრო ძალების გენშტაბის სარდლობა. 3. დაიბომბა და განადგურდა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული ობიექტები (ნათანზის რამდენიმე დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ის პირველივე დღეს დაბომბეს ებრაელებმა, ფორდოში კი ამერიკელებმა ჩააგდეს ძალიან ძლიერი GBU-57, რომელიც პირდაპირ ხვრეტს ჯავშანს); 4. ირანს ძალზე დიდი დანაკარგი აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემებში; 5. ამას დაემატა უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი - ირანი თითქოს ძლიერი სახელმწიფო იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, დაბომბვების პირველივე დღეებში იგრძნობოდა პანიკა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ირანმა ბოლო დღეებში დაიწყო, ისიც საკითხავია, რამდენად შედეგიანად; 6. ირანმა გახარჯა 600-მდე ბალისტიკური რაკეტა. მას დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა და 600-ის დახარჯვა, თან ასე უმიზნოდ, ცოტა არაა; 7. დაიბომბა ბალისტიკური რაკეტების ქარხანაც, რაც ერთ-ერთი უზარმაზარი სამხედრო პრობლემაა ირანისთვის; 8. რაც მთავარია, ირანს დიდი ეკონომიკური დარტყმა მიადგა - დაიბომბა ირანის ეკონომიკური წარმოების ობიექტების ნაწილი და პორტი, რაც ირანის ეკონომიკის დიდ ზარალზე მიუთითებს.

- ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის დასრულებას და სამშვიდობო ხელშეკრულებას. როგორც ჩანს, სიტუაცია კვლავ ფეთქებადია. რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს ომი ისრაელსა და ირანს შორის?

- მთავარია, ამერიკას სურდა ამ ომის სწრაფად დამთავრება. სხვათა შორის, ტრამპის ადმინისტრაციაში არიან პირები, რომლებიც ემხრობიან აზრს, რომ ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ამერიკა არ უნდა ერეოდეს. აქედან გამომდინარე, ეს იყო აშშ-ის მხრიდან ძალზე ნათელი განცხადება, მაგრამ ისრაელზე უფრო მეტი კითხვაა. რა მიზანიც ჰქონდა, რომ სრულიად გაენადგურებინა ირანის ბირთვული პროგრამა, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს. ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაზიანებულია, ფაქტია.

ბირთვულ იარაღზე მომუშავე მეცნიერების ლიკვიდაცია ნიშნავს, რომ ირანს კიდევ დიდხანს ეს რესურსი არ ექნება, მაგრამ მთავარი ის არის, თუ ისრაელს ეჭვი შეეპარა, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე ფარულ მუშაობას აახლებს, არ გამორიცხოთ, რომ ირანზე დარტყმები განახლდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ

ირანი გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან და შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნება ისრაელის პოზიცია...

სამხედრო შედეგი ცალსახად ისრაელის სასარგებლოა, მაგრამ თუკი მაინც არსებობს რეჟიმის პოლიტიკური ნება, თუკი ამაზე მოლაპარაკება არ გაიმართა, მაშინ, სავარაუდოდ, ეს კონფლიქტი დროებით შეჩერდა და შესაძლებელია განახლდეს კიდეც.

ბირთვული პროგრამის ასაწყობად ირანმა იმხელა ფული დახარჯა, ახლა თუკი მართლაც ნულიდან ან ძალზე დაზიანებულიდან აწყობა მოინდომა, საამისოდ მილიარდების გამონახვა ძალიან გაუჭირდება. თუკი ისეთი მძიმე შედეგი არა აქვს, რომ შესაძლებელია რამდენიმე თვეში ან წელში აღადგინოს პროგრამა, მაშინ შესაძლებელია კვლავ იმუშაოს ატომური იარაღის შექმნაზე. თუ გამდიდრებული ურანი მართლაც გაიტანეს, გადამალეს, მუშაობას აგრძელებენ და ეს ისრაელმა გაიგო, მაშინ შეიძლება დაბომბვა განახლდეს.

- როგორ შეიძლება გაიმყაროს ძალაუფლება და აღიდგინოს შერყეული რეპუტაცია აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმმა?

- რეჟიმის ჩამოშლის ოფიციალური მიზანი არავის ჰქონია, მაგრამ არაოფიციალური სურვილი, დარწმუნებული ვარ, ისრაელს ჰქონდა. რეჟიმის ცვლილების ოფიციალური მიზანი ისრაელს ვერ ექნებოდა, რადგან ეს ძალიან სერიოზულ შედეგს გამოიწვევდა, შესაძლოა ირანში რეჟიმის ირგვლივ გაერთიანებულიყო მოსახლეობა. ომის დროს რეჟიმები არ იშლებიან, გამორიცხული არ არის, მაგრამ იშვიათია. ასეთი რამ ომის შემდგომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდება ხოლმე - თუ ირანში ისევ იქნა მასობრივი დაჭერები და სხვა, შესაძლოა ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ თუ ირანმა მშვიდად გააგრძელა ცხოვრება, ან ხამენეიმ რეფორმები გაატარა ქვეყანაში, საკუთარი თავის განახლება სცადა, რათა გადარჩეს, მაშინ შეიძლება რეჟიმი კიდევ უფრო გახისტდეს, უფრო აგრესიული და მჩაგვრელი გახდეს, ან პირიქით, გახდეს უფრო ლიბერალური. ისე, ხამენეის რეპუტაციის აღდგენა ცოტა დაუჯერებელია, თუკი მან ბირთვული იარაღი არ შექმნა. თანაც იმ ასაკშია (86 წლისაა), საეჭვოა, ეს მოასწროს.

სხვათა შორის, რეჟიმს ჰყავს რეფორმისტები, რეჟიმის მხარდამჭერი ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო, მაგრამ პარტიული არჩევნებით ლიბერალური ცვლილებების გარდა, ირანში ყველაფრის შანსი არსებობს. თუმცა შესაძლოა არც არაფერი შეიცვალოს და რეჟიმმა მარტივად გააგრძელოს ცხოვრება მეტი რადიკალიზაციით, ან მეტი ლიბერალიზაციით. ახლა მთავარია, რეჟიმმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

- ამ ომის ფონზე ირან-რუსეთის ურთიერთობაში თითქოს ბზარი გაჩნდა. ეს როგორ აისახება ამ მოკავშირეებზე?

- ამ ომმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერაგი პარტნიორია, მაგრამ ირანს ახლა დიდი არჩევანი არც აქვს. ის იმიტომ კი არაა რუსეთის გვერდით, რომ ძალიან უყვარს, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთთან მეტოქეობაში ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდა. თუკი მან მოლაპარაკებაზე, ლიბერალიზაციაზე და დასავლეთთან გახსნაზე უარი თქვა, შეიძლება გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობა, თუმცა ბევრად ფრთხილი, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუ იქ ისეთივე რეჟიმი დარჩა და არ დაიწყო ლიბერალიზაცია, ატომურ იარაღზე უარი არ თქვეს, მაშინ შეიძლება დარჩეს რუსეთის ნომინალურ მოკავშირედ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ირანისთვის ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მით უმეტეს, ამ ამბების შემდეგ. არადა, ბირთვულ პროგრამებში რუსი მეცნიერების ჩართვა ირანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ პროგრამაზე მართლა დაიწყო მუშაობა, ეს უფრო გაართულებს რეჟიმის მდგომარეობას. ვნახოთ, არაფერია გამორიცხული.