"აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი პუტინის ზღაპრებს ან მართლაც იჯერებს, ან თავს იკატუნებს, რომ..." - 12 დღით "მივიწყებული" ოთხწლიანი ომი გრძელდება, თანაც...
ისრაელ-ირანის საჰაერო ორთაბრძოლა 12 დღე-ღამეს გაგრძელდა და ამ დრამატულმა მოვლენებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან არსებობდა დიდი საფრთხე იმისა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა გამოიწვევდა მაღალრადიოაქტიური ნივთიერებების ნაწილაკების მასობრივად გაფანტვას ატმოსფეროში, ან უფრო უარესი, ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ქალაქებს იმხელა ზიანი მიადგებოდა, რომ თელ-ავივი ირანის წინააღმდეგ იმ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, რომლის არსენალში არსებობა ისრაელის არც ერთ მთავრობას ოფიციალურად არ უღიარებია.
საბედნიეროდ, საქმე აქამდე არ მივიდა და აქტიური საჰაერო მოქმედებები შეწყდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში სწორედ ამ დაძაბული 12 დღე-ღამის გამო ერთგვარად ჩრდილში მოექცა ბევრად დიდი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მეოთხე წელია გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომში.
ისრაელ-ირანის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება მოსკოვსა და კიევში თან აწყობდათ და თანაც არა.
კრემლის ინტერესებში კარგად ჯდებოდა მსოფლიოს, უპირველესად კი აშშ-ის ყურადღების გადატანა რუსეთ-უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რადგან პუტინის საოკუპაციო არმია ახალ-ახალ შეტევებს მოასწრებდა. თუმცა, მეორე მხრივ, მოსკოვს დააკლდებოდა ირანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. ომის დასაწყისში რუსეთის არმიამ ათიათასობით ირანული კამიკაძე-დრონი "შაჰიდი" მიიღო და ზოგიერთი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი ახლა ირანიდან ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების პარტიას ელოდებოდა, რომლებიც ძალზე გამოადგებოდა უკრაინის ფრონტზე. თუმცა ისრაელთან საჰაერო ომში ჩაბმულ ირანს თავად დასჭირდა ბალისტიკური რაკეტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ ისრაელის ტერიტორიამდე ვერ აღწევენ, სამაგიეროდ, სწვდებიან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ისრაელის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სამხედრო ბაზებამდე, რაც ირანმა ერთხელ გააკეთა, როდესაც ამერიკული საჰაერო დაბომბვის შემდეგ საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიაყენა კატარში ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზას. თუმცა ამის შესახებ თეირანმა ყველა წინასწარ გააფრთხილა და ეს შურისძიება მსოფლიოში ამერიკელებზე ერთგვარ ირანულ "პრესტიჟის სარაკეტო პასუხად" იქნა აღქმული.

რაც შეეხება უკრაინას, მისთვის ერთი მხრივ მისაღები იყო, რომ ისრაელისა და აშშ-ის ბომბები ირანის ბირთვულ და სამხედრო პოტენციალს აზიანებდნენ, რადგან უკრაინული ქალაქები სწორედ რუსეთისთვის გადაცემული ირანული "შაჰიდებითაა" დანგრეული, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა და ეს საშინელება დღესაც გრძელდება - რუსი ოკუპანტები ირანული "შაჰიდების" მოდიფიცირებულ "გერანებს" მასობრივად იყენებენ.
ამასთან, უკრაინელებს არ დავიწყებიათ 2020 წლის 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება, რასაც მის ბორტზე მყოფი 176 უდანაშაულო მგზავრი ემსხვერპლა. მართალია, ირანული საზენიტო "ტორის" გათვლამ ორი საზენიტო რაკეტა შეცდომით გაუშვა უკრაინული "ბოინგისკენ" (ირანის საჰაერო თავდაცვა თეირანის საპასუხო დაბომბვას ელოდა აშშ-დან მას შემდეგ, რაც ირანიდან გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა მაშინ პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა ტრამპმა ეს ვერ გაბედა), მაგრამ ირანმა დღემდე არც უკრაინას აუნაზღაურა ჩამოგდებული "ბოინგის" საფასური და არც დაღუპულთა ოჯახებს მიუღიათ ფინანსური კომპენსაცია მათი ახლობლების დაღუპვაში დამნაშავე ქვეყნისგან.
მეორე მხრივ, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა და არ შედის ახალი დიდი ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში, რადგან მსოფლიოს ყურადღების გადატანის გარდა, უკრაინას უჩნდება სერიოზული კონკურენტი... ისრაელის სახით.
საქმე ის არის, რომ აშშ იმ სამხედრო დახმარებას, რომელიც რუსეთთან უთანასწორო ომში ჩაბმული უკრაინის არმიისთვის იყო განკუთვნილი, კიევის ნაცვლად თავისი სტრატეგიული პარტნიორის, "ცახალის" არსენალში გაგზავნიდა.

ასე მოხდა გასულ 2024 წელს, ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობისას, როდესაც ისრაელის ტერიტორიაზე ათწლეულობით შენახული 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, რომლებიც პენტაგონის საკუთრება იყო, ჯერ ევროპის გავლით უკრაინაში გაიგზავნა, მაგრამ შუა გზიდან ისრაელშივე დააბრუნეს, რადგან "ცახალს" ღაზის სექტორისა და სამხრეთ ლიბანის დასაბომბად ათიათასობით ჭურვი დასჭირდა.
მეორედ უკრაინის არმიის ინტერესები მაშინ დაირღვა, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით სპეციალურად უკრაინისთვის დამზადებული "ვამპირის" ტიპის 20 ათასი რაკეტა, რომლებიც უკრაინული ქალაქების მოსახლეობის მთავარი საფრთხის, "შაჰიდ"/"გერანის" კამიკაძე-დრონების ჩამოსაგდებად იყო განკუთვნილი, ტრამპის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ნაცვლად ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა.
ამიტომაც კიევის ინტერესში არ შედის, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი დაიწყოს და მასში ისრაელის არმია ღრმად ჩაეფლოს, რადგან ყველამ იცის - ტრამპი ნეთანიაჰუსთვის ბოლო ბომბსაც კი გაიღებს, ზელენსკის კი მხოლოდ დაუბღვერს და ხახამშრალს დატოვებს - კიევი დღეს ვაშინგტონს ამერიკული შეიარაღების არათუ ჩუქებას, მსოფლიო ბაზრის ფასებით მიყიდვას ეხვეწება, მაგრამ ტრამპი იმაზეც კი ჭოჭმანობს, მიჰყიდოს თუ არა კიევს "პეტრიოტის" ის ანტირაკეტები, რომლებიც პუტინის აერობალისტიკური "ისკანდერების" მოგერიების ერთადერთი საშუალებაა უკრაინელი მეზენიტეებისთვის, ხოლო 2026 საფინანსო წელს აშშ, სავარაუდოდ, არც აპირებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამის დაფინანსებას.
ამ ყველაფერს ხომ კარგად ხედავენ კრემლში და პუტინის არმიას იერიში იერიშზე მიაქვს უკრაინის ფრონტზე. 500 ერთეული კამიკაძე-დრონითა და რაკეტებით შეტევა უკრაინის ქალაქებზე უკვე ერთგვარ კანონზომიერებად იქცა, რომელთა მოგერიება უფრო და უფრო უჭირთ უკრაინელ მეზენიტეებს, რადგან ილევა ანტირაკეტების მარაგი რუსული აერობალისტიკური "ისკანდერების" "ჩამოსახსნელად", ხოლო ირანულ-რუსული "შაჰიდ"/"გერანები" 3 კმ-ის სიმაღლიდან გადადიან პიკირებაზე, რის გამოც უკრაინელთა მობილური საზენიტო ჯგუფების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით გახსნილი ცეცხლი ვეღარ სწვდება მათ ფრენის გაზრდილ სიმაღლემდე.
გარდა საჰაერო შეტევების გააქტიურებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ შეტევებს როგორც უკრაინის აღმოსავლეთით, რათა შეაღწიონ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ისე ჩრდილოეთით, ქალაქ სუმის მიმართულებითაც.
სუმის აღების სურვილზე მინიშნება თავად რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა, რისი დიდი საფრთხეც რეალურად არსებობს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე 25 კმ-ზე მიუახლოვდნენ მას და ქალაქის საცხოვრებელ კორპუსებს საარტილერიო ჭურვებითაც კი სწვდებიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი სირსკი კი აცხადებს, რომ შეაჩერეს რუსი ოკუპანტების წინსვლა სუმისკენ, მაგრამ სიტუაცია ყოველდღე იცვლება, მით უმეტეს, კიმ ჩენ ინი, რომელსაც თავდაპირველად 11 ათასი ჩრდილოკორეელი მებრძოლი ჰყავდა გაგზავნილი პუტინის არმიის დასახმარებლად კურსკის ოლქში, ახლა 25 ათასის გაგზავნას აპირებს. ეს მთელი საარმიო კორპუსია, რომლის ჩართვამ საბრძოლო მოქმედებებში ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთზე რუს აგრესორებს შეიძლება დიდი უპირატესობა მიანიჭოს, როგორც უკვე მოხდა კურსკის ოლქიდან უკრაინის საექსპედიციო კორპუსის უკან დახევისას, რაშიც დიდი როლი შეასრულეს კიმ ჩენ ინის კორეელმა ჯარისკაცებმაც.
უკრაინაზე შეუწყვეტელ იერიშებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი "დიპლომატიურ ფრონტზეც" არ ივიწყებს აქტიურობას და თავის ამერიკელ კოლეგას ისევ აბრუებს სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივით.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი პუტინის ამ ზღაპრებს ან მართლაც იჯერებს, ან თავს იკატუნებს, რომ მართლაც იმედი აქვს მშვიდობიანი მოლაპარაკებით რუსეთის არმიის შეჩერების, თუმცა ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო - რუსეთს უკრაინის სრული დაპყრობა სურს, უკრაინას კი დამოუკიდებლობის შენარჩუნება თუნდაც არაოკუპირებულ საზღვრებში.
ერთადერთი საშუალება, რამაც შეიძლება პუტინი აიძულოს შეაჩეროს რუსეთის საოკუპაციო ძალების აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, არის რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა, რისთვისაც დასავლეთმა მკაცრ საერთაშორისო სანქციებთან ერთად, თითქმის უნდა ჩაკეტოს რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი, რაც რუსეთის ხაზინის ძირითადი შემავსებელი საშუალებაა და შესაბამისად უკრაინაში დამპყრობლური რამდენიმეწლიანი ომის მკვებავი.
მაგრამ რუსეთის ეკონომიკის სრულ ბლოკადაში მოქცევა თეორიულადაც კი შეუძლებელია, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ დასავლეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს ხშირად თავად დასავლეთისვე გავლენიანი კორპორაციები არღვევენ, რომელთა უკან ზოგიერთი ის გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსიც კი დგას, რომლებმაც მანამდე ათობით ტელეკამერის წინ თავად მოაწერეს ხელი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
აშშ-ის პრეზიდენტი კი კვლავ თავს იკავებს რუსეთისთვის ახალი მკაცრი სანქციების შემოღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამით თავადვე იმუქრებოდა, როდესაც ერთ დღეში აპირებდა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას, ხოლო რომელი მხარეც არ დაუჯერებდა, მას დასჯით ემუქრებოდა. დღესდღეობით კი დასჯილი აღმოჩნდა სწორედ უკრაინა, რომელსაც ამერიკული სამხედრო დახმარება ტრამპის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, გაუუქმა, ხოლო ის, ვინც მართლაც წამოიწყო ეს საშინელი ომი და მეოთხე წელია აგრძელებს, პუტინი, ტრამპისგან ჯერჯერობით მხოლოდ ქათინაურებს იმსახურებს.