„ომის ღმერთის“ ქართველი პოლკოვნიკი - "მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო "გრანატამიოტით" თუ შეიძლებაო"
2 ივლისს 32 წელი სრულდება აფხაზეთის ომის - ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტიდან - ტამიშის დესანტის მოგერიების საბრძოლო ოპერაციის დაწყებიდან. 1993 წლის 1-2 ივლისის ღამეს ტამიშთან მოწინააღმდეგემ საზღვაო დესანტი გადმოსხმა. იმავდროულად, ტყვარჩელის ფრონტიდანაც დაიწყო შემოტევები, რასაც ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა და სოხუმის ბლოკირება მოჰყვა. აფხაზეთის დედაქალაქისკენ გზის გახსნის ოპერაცია 9 ივლისამდე გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ათობით ჩვენი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის ერთ-ერთი პირველი „"ომის ღმერთის"“ ლომკაცი გახლდათ.
სწორედ ასე - ლომკაცს ეძახდნენ თანამებრძოლები "ომის ღმერთს", ქართული საარტილერიო პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ თემურ ლომთათიძეს არა მარტო გვარისა და აღნაგობის, არამედ იმ სიმამაცის გამო, რომლითაც ქართველი პოლკოვნიკი წინა ხაზზე პირველი ებმებოდა ბრძოლებში.
1949 წლის 18 აპრილს გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში დაბადებულმა თემურ ლომთათიძემ ტამიშთან ბოლო ბრძოლამდე სამხედრო ოფიცრის ურთულესი კარიერა განვლო იმდროინდელ საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში - თბილისის საარტილერიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ციმბირში დისლოცირებულ საარტილერიო ნაწილში მოუწია ლეიტენანტის წოდებით სამხედრო სამსახურის დაწყება, თუმცა ერთ წელში თბილისში დაქორწინდა და შემდეგ ჯერ უნგრეთში, შემდეგ კი ბელარუსში მეუღლესა და პატარა ქალიშვილთან ერთად ეწეოდა ოფიცრის რთულ ცხოვრებას, რომელმაც ის პროფესიონალ არტილერისტად ჩამოაყალიბა.

გარდა წმინდა სამხედრო პროფესიისა, ის სხვა მხრივაც გამორჩეული იყო - მხურვალე ქართული გულით და რუსი ოფიცრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როდესაც მათი ქართველი კოლეგა ყოველთვის ცდილობდა, იქნებოდა ციმბირში, უნგრეთსა თუ ბელარუსში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ქართველი ჯარისკაცები თავის დანაყოფში აეყვანა და მათთვის კარგად შეესწავლებინა არტილერისტის რთული პროფესია, თავისუფალ დროს კი ქართველ ჯარისკაცებს სახლშიც პატიჟებდა და მეუღლის ნახელავი გემრიელი კერძებით უმასპინძლდებოდა, რათა მათ არ დავიწყებოდათ ქართული პურმარილის გემო.
თემურ ლომთათიძე საბჭოთა კავშირის დაშლამდე გავიდა თადარიგში, მაგრამ საქართველოში დატრიალებულმა ურთულესმა მოვლენებმა ისევ სამხედრო სამსახურში დააბრუნა - ცოტა ხნით პირველი პრეზიდენტის გვერდით იყო უმაღლესი საბჭოს შენობაში, ხოლო 1992 წლის 1-ლი აგვისტოდან ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე - პროფესიონალი ოფიცერი და მით უმეტეს, არტილერისტი, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართულ არმიას ჰაერივით სჭირდებოდა.

სამშობლოსთვის სამხედრო სამსახურის ოფიციალურად დაწყებიდან ორ კვირაში თემურ ლომთათიძეს სოხუმის შესასვლელთან პირველივე საბრძოლო შეტაკების დროს თავისი პროფესიონალური სამხედრო ცოდნის გამომჟღავნებამ მოუწია - დაიწყო აფხაზეთის ომი.
სოხუმთან, წითელი ხიდის მიდამოებში, მოწინააღმდეგეს ჩასაფრება მოეწყო და ქართველ გვარდიელებს ქალაქში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. „ჩოლოყაშვილის“ პოლკის ნაღმსატყორცნების ბატარეის უფროსმა იმარჯვა და ბაგრატის ციხის შემაღლებული ადგილიდან 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით წერტილოვანი ცეცხლი გაუხსნა წითელ ხიდთან ჩასაფრებულ მოწინააღმდეგეს და როგორც კი ისინი თავშესაფრებიდან გამოცვივდებოდნენ, დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნით თემურ ლომთათიძე ცელავდა - ბაგრატის ციხის გალავანზე 31 კგ-იანი ა-გე-ეს-ი ბრგე ოფიცერმა მარტომ აათრია.
კიდევ ორიოდე კვირაში ქართველმა გვარდიელებმა მდინარე გუმისთაზე ფონი გამონახეს და „ჩოლოყაშვილები“ ქვეითთა საბრძოლო მანქანით მდინარის მარჯვენა სანაპიროზე შეტევაზე გადავიდნენ. მათი შტაბის უფროსის მოადგილე თემურ ლომთათიძე, რომელიც მანამდე 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების ბატარეის ცეცხლის მართვასა და კორექტირებას ახდენდა, ქვეით ბრძოლებში თავადაც ჩაერთო.დაიჭრა კიდეც ყუმბარსატყორცნის ჭურვის ნამსხვრევებით...

1992 წლის 10 ნოემბერს პოლკოვნიკ ლომთათიძეს აწინაურებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის შტაბის უფროსად და გვარდიელებთან ერთად კიდევ არაერთი ბრძოლის გადატანა უწევს აფხაზეთის ომის ფრონტის სხვადასხვა უბანზე. 1992 წლის 1-ელ მარტს სარდლობას ბოლოს და ბოლოს ახსენდება, რომ "ომის ღმერთის", პროფესიონალი არტილერისტის მოცდენა მარტო შტაბის უფროსად ძალიან დიდი ფუფუნებაა ასეთ ომში და 1993 წლის 3 მარტს თემურ ლომთათიძე ინიშნება ქართული არმიის საარტილერიო პოლკის მეთაურად, იმ არტილერიის, რომელმაც აფხაზეთის ომში ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს „გაერთიანებულ“ მოწინააღმდეგეს - აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებს, „ბაგრამიანის“ სომხურ ბატალიონს და თავად რუსი სამხედროებისგან ჩამოყალიბებულ მოიერიშე ჯგუფებს.
1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევის ჩაშლაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ქართველი არტილერისტების (რომელთა გვერდით იდგნენ მათი სომეხი, უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ოსი და იეზიდი თანამებრძოლებიც) ზუსტმა გასროლებმა შეიტანა, როდესაც მდინარე გუმისთის მარცხენა ნაპირი მოწინააღმდეგის მებრძოლების ცხედრებით დაიფარა. მიუხედავად ასეთი მძიმე დანაკლისისა, მოწინააღმდეგემ რამდენიმე თვეში, 1993 წლის 1-2 ივლისის ღამეს, ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე ტამიშთან საზღვაო დესანტის გადმოსხმითა და ტყვარჩელის მხრიდან სახმელეთო იერიშებით. 2 ივლისის გამთენიას ახალი კინდღის შტაბში, სადაც ქართველი არტილერისტების საცეცხლე პოზიციები იყო განთავსებული, შეტყობინება მივიდა მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის თაობაზე და ქართველი გვარდიელების, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკის მებრძოლების ალყაში მოქცევის შესახებ. თემურ ლომთათიძე, რომელიც თითქმის მთელი წელი „ჩოლოყაშვილების“ ერთ-ერთი მეთაური გახლდათ, გასაჭირში ვერ მიატოვებდა მათ - სატვირთო „"ურალი" გამოაყვანინა, მძღოლის გვერდით დაჯდა, თან მხოლოდ ერთი მებრძოლი იახლა და ოჩამჩირის მიმართულებით სათვალთვალო პუნქტისკენ დიდი სისწრაფით გაეშურა - პოლკის მეთაურმა თვითონ ითავა ჩვენი არტილერიის ცეცხლის კორექტირება, რათა ალყაში მოქცეული მებრძოლები გადაერჩინა. მაგრამ გზაში „"ურალი"“ ჩასაფრებაში მოყვა და პირველივე გასროლებმა მანქანის სატვირთო ძარაზე მყოფი მებრძოლი მძიმედ დაჭრა, პოლკოვნიკმა მძღოლს გზის სწრაფი სვლით გაგრძელება უბრძანა - დაჭრილების ოჩამჩირის ჰოსპიტალში ჩასაყვანად, მაგრამ ვინ იცოდა, რომ დესანტს ტამიშთან გზა უკვე გადაკეტილი ჰქონდა. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი ჭურვი პირდაპირ "ურალის"“ რადიატორს მოხვდა და მის კაბინაში მსხდომებმა კონტუზია მიიღეს, თუმცა ლომკაცა პოლკოვნიკმა მაინც მოახერხა ცეცხლმოკიდებული მანქანის წინა მარჯვენა საბურავთან ჩამუხვლა და ავტომატური ჯერებით საპასუხო ცეცხლის გახსნა. ძალები უთანასწორო იყო, აფეთქებული "ურალისკენ"“ ახალ-ახალი ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვები მოფრინავდნენ.
- მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო "გრანატამიოტით" (ყუმბარსატყორცნით) თუ შეიძლებაო, ამის თქმა ჰყვარებია "ომის ღმერთს", ქართული საარტილერიო პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ თემურ ლომთათიძეს და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.
ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა, მოწინააღმდეგემ უკან, ტყვარჩელისკენ დაიხია, რომ ორი თვის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მუხანათურად დარღვევის შედეგად, იგივე გაემეორებინა და 16 სექტემბერს ისევ გადაეკეტა ოჩამჩირე-სოხუმის გზა.
ბრძოლაში გმირულად დაღუპული ლომკაცის, პოლკოვნიკ თემურ ლომთათიძის ცხედარი დაღუპულ თანამებრძოლებთან ერთად ერთ დიდ ორმოში მოუთავსებია მოწინააღმდეგეს - ქართველი პოლკოვნიკის არტილერისტებმა შიშველი ხელებით გათხარეს საძმო საფლავი, რათა თავიანთი მეთაური, როგორც სამშობლოსთვის თავდადებული გმირი, საქართველოს მიწისთვის მიებარებინათ მისი ოჯახის წევრებს.