"სინთეზური ნარკოტიკების მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემას გაცილებით მძიმედ აზიანებს, ვიდრე "ტრადიციული ნარკოტიკები" - გაამართლებს თუ არა ახალი ანტინარკოტიკული პოლიტიკა?! - კვირის პალიტრა

"სინთეზური ნარკოტიკების მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემას გაცილებით მძიმედ აზიანებს, ვიდრე "ტრადიციული ნარკოტიკები" - გაამართლებს თუ არა ახალი ანტინარკოტიკული პოლიტიკა?!

ნარკომანია ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა, რაზეც სპეციალისტები ხშირად საუბრობენ. სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკების გასაღებამ კატასტროფული მასშტაბი მიიღო - ნარკომომხმარებლისთვის ნარკოტიკის შეძენა ძალიან იოლია. ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ ვადაჭკორიას ჩვენთან არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, იატაკქვეშა ლაბორატორიები არსებობს. მისი ეჭვი გამართლდა - ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულების სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი "კოკაინი" და 40 გრამი "კოკაინის" კრისტალები ამოიღეს. "ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც თხევადი "კოკაინის" გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას ამზადებდნენ. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალაც, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 ძირი კანაფი... ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სპეციალისტების აზრით, ბოლო ორი წელია სულ უფრო იმატებს კოკაინის მოხმარება და დინამიკა მაღალი სისწრაფით პროგრესირებს, რაც შავმა ონლაინბაზარმა ძალიან გაამარტივა. მაგალითად, შეიძლება შემოიტანონ ერთი ჭიქა კონკრეტული ნივთიერება და მისგან 1 კილოგრამამდე კოკაინი დაამზადონ. სპეციალისტების თქმით, მასალა საზღვარზე კონკრეტულ ინერტულ ნივთიერებად შემოდის, შემდეგ კი აქ ამზადებენ.

პარლამენტი ცვლილებებს ამზადებს. როგორც ჩანს, კერძო კლინიკებს აეკრძალებათ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები.

"ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა "მეტადონი" და "ბუპრენორფინი". საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად... ბუნებრივია, მათ აქვთ ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყვნენ ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. "მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. მე ვთხოვე ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ვადაჭკორია, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი:

- ბატონო დავით, თქვენ გქონდათ ეჭვი, რომ ქვეყანაში იატაკქვეშა ლაბორატორიები მუშაობდა. ფაქტობრივად, თქვენი ეჭვი გამართლდა, მართლაც გამოავლინეს პირები, რომლებიც შინ კუსტარულად ამზადებდნენ კოკაინს. დღეს როგორი სიტუაციაა, რა ეშველება ამ პრობლემას?

- რადიკალურად არაფერი შეცვლილა. საკმაოდ მაღალია ოპიოიდური და სტიმულატორების ჯგუფების ხელმისაწვდომობა, მიუხედავად გამკაცრებული ნარკოპოლიტიკისა და ყოველდღიური დაკავებებისა.

თუ ინგრედიენტები გაქვს, პატარა ოთახშიც შეიძლება ათასობით დოზის დამზადება. ყველა სინთეზური საშუალება ნეიროტოქსიკურია და ადამიანის დეგრადაციას ძალიან სწრაფად იწვევს. მის მოხმარებას მოსდევს უმძიმესი ფსიქიკური პრობლემები, რაც ძალზე ძნელად სამართავია.

- ამ ლაბორატორიებში კოკაინის მომზადება ასე ადვილად შეიძლება?

- დიახ, ზუსტად კოკაინი არ იქნება, მაგრამ სინთეზით მსგავსი სტრუქტურის დამზადება შეიძლება.

- ასეთი ფორმით დამზადებული ნარკოტიკები, ალბათ, ძალიან საშიშია.

- რა თქმა უნდა, მათ გაცილებით მეტი ნეიროტოქსიკურობა ახასიათებს. სინთეზური ნარკოტიკების მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემას გაცილებით მძიმედ აზიანებს, ვიდრე "ტრადიციული ნარკოტიკები".

განსაკუთრებით ონლაინბაზარმა გააიოლა მათი შეძენა. გამსაღებელსა და მომხმარებელს შორის პირდაპირი კავშირი აღარც არის, ნარკოტიკს დათქმულ ადგილას დებენ და მომხმარებელი იღებს. ამიტომაც ჭირს ამგვარი დანაშაულის გახსნა, რეალიზატორის პოვნა იოლი არ არის.

- მომართვიანობა კლინიკაში კვლავ დიდია?

- ბოლო რამდენიმე წელია დაახლოებით ერთ დონეზეა, ვერ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ცვლილებები იყოს. თუმცა კვლავ მძიმეა სიტუაცია. ნარკოტიკების სულ ახალი ნაირსახეობები ჩნდება, უფრო მძიმე ფორმები. მაგალითად, "მეფედრონის" ნაცვლად გამოჩნდა "კრეფედრონი", რომელიც გაცილებით ნეიროტოქსიკურია და მძიმე ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს. ის ადვილად დასამზადებელია, ნაკლები ინგრედიენტი სჭირდება და უფრო იაფიც არის. შავი ბაზარი ცდილობს სულ ახალ-ახალი შექმნას, რათა იოლი იყოს ახალი პრეპარატების გასაღება და უფრო ძნელი აღმოსაჩენი, ვთქვათ, პოლიციისთვის.

- მომხმარებელთა ასაკზე რას იტყვით?

- არის როგორც გაახალგაზრდავების ტენდენცია, ასევე არცთუ ცოტაა 50-55 წლის მომხმარებლები. ზოგიერთი ამ ასაკში იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას, გვხვდება ასეთი შემთხვევებიც. ძალზე პოპულარულია კლუბური ნარკოტიკები, განსაკუთრებით ქალებში.

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, კერძო კლინიკებს უნდა აეკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება, რადგან საზოგადოების ვარაუდით, კერძო კომპანიების მომსახურება ხშირად არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

- ჩვენ არაერთხელ ჩაგვიწერია ინტერვიუ, სადაც მითქვამს, რომ ჩანაცვლებითი პროგრამის ფორმა უნდა შეიცვალოს, რადგან მას ბევრი უარყოფითი რამ მოჰყვა. კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით, კერძო პროვაიდერებს აეკრძალათ "ბუპრენორფინის" გამოყენება ჩანაცვლებით პროგრამაში.

წარმოუდგენელია, 3000-დან 5000-მდე წამალდამოკიდებულმა თვეში 900 ლარი გადაიხადოს. რა ეკონომიკა უნდა იყოს ქვეყანაში?! ჩვენთან კერძო პროგრამებში ჩართული იყო 3000-5000 კაცი, თვიური დანახარჯი 800, 700, 900 ლარს შეადგენდა. გამოდის, რაღაც არაკანონიერად ხდებოდა, სხვა ფაქტორები მუშაობდა, ამის ანალიზი რთული არ იყო.

თუ გახსოვთ, ვამბობდი, უსაფრთხოების სამი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას: ტერიტორიები, სიღარიბე და წამალდამოკიდებულება-მეთქი. რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ პროგრამის განხორციელების ფორმა უნდა შეიცვალოს, ვეთანხმებით, თუმცა ჩემთვის

საეჭვოა ის გადაწყვეტილება, რომ კერძო პროვაიდერებს უნდა აეკრძალოთ ჩანაცვლებითი პროგრამების განხორციელება. მე მაინც ვფიქრობ, რომ კონკურენცია ამ საქმეში აუცილებელია, რადგან როცა რაღაც სერვისის მონოპოლიზება ხდება, არის საშიშროება, რომ მომსახურების ხარისხი დაეცეს. მთავარია, სწორი მიდგომა შენარჩუნდეს, თორემ პროგრამის განხორციელება შეუძლია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულებას.

კარგია, რომ ამაზე დაიწყო მსჯელობა, საუბარი, მაგრამ მონოპოლიზაციის საკითხი ჩემთვის მაინც ძალიან საეჭვოა და ვფიქრობ, შეიძლება რისკის შემცველიც იყოს. კონკურენციის არარსებობა არასოდეს უწყობს ხელს ხარისხის გაზრდას.

- თქვენი კლინიკა სარგებლობდა ჩანაცვლებითი პროგრამით?

- არა, რადგან თავიდანვე მიმაჩნდა, რომ არასწორად ატარებდნენ.

- ვინც ამ პროგრამაში იყო ჩართული და იღებდა "მეტადონს", მაინც მისცემენ?

- არც მინდა დავუშვა, რომ სახელმწიფო ამ ხალხს შესაბამისი სერვისის გარეშე დატოვებს. ეს ხალხი უკვე დამოკიდებულია ამ პრეპარატებზე და მიწოდება უნდა გაგრძელდეს. გამიკვირდა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ფასიანი კომპონენტი შენარჩუნდება. რა თანხაზე იქნება ლაპარაკი, თუ ისევ 600, 800 ან 900 ლარზე, ეს მიუღებელია.

- ის მომხმარებლები, რომლებიც ამ პროგრამებში არიან ჩართული, პარალელურად სხვა ნარკოტიკებსაც იღებენ?

- რასაკვირველია, არის ასეთი შემთხვევებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები მაღალზღურბლიანი იყოს. აუცილებელია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. უამისოდ ასეთი პროგრამების ეფექტურობა კლებულობს.

როგორც ყოფილ კერძო პროგრამებში იყო ბევრი რამ დასახვეწი, ისე ამჟამად მოქმედ სახელმწიფო პროგრამაშიც დასახვეწია. გამოსავალი ამ საკითხისადმი კომპლექსურად მიდგომაა.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის მინიმალური სტანდარტი, მკურნალობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველა მომხმარებელს. უნდა გატარდეს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რაც მოიტანს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან მიყენებული ზიანის მინიმიზაციას.

უშუალოდ პრემიერ-მინისტრის კონტროლით უნდა მუშაობდეს სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებული იქნება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რათა კომპლექსურად იმართებოდეს ეს პრობლემა. სხვაგვარად შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ნარკოსიტუაცია უმართავი გახდეს.

- სპეციალისტებს თუ გაქვთ ამ საკითხებზე კომუნიკაცია ხელისუფლებასთან?

- ფაქტობრივად, არა. მე არ გამიგია, რომ ექსპერტების შეფასებებს ითვალისწინებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არავის უსაუბრია ამ საკითხებზე.