რუსეთმა აფხაზეთში "თურქულ გავლენებს" ბრძოლა გამოუცხადა: "აფხაზეთი რუსეთის კოლონიაა და რუსებს არ უნდათ თურქების თუნდაც პატარა აქტივობა იყოს შენარჩუნებუ - კვირის პალიტრა

რუსეთმა აფხაზეთში "თურქულ გავლენებს" ბრძოლა გამოუცხადა: "აფხაზეთი რუსეთის კოლონიაა და რუსებს არ უნდათ თურქების თუნდაც პატარა აქტივობა იყოს შენარჩუნებული"

ოკუპირებულ აფხაზეთში უკმაყოფილების ახალი თემა გააქტიურდა - ოპოზიციურ ტელეგრამარხებსა თუ იუთუბარხებზე შეშფოთებით განიხილავენ, რომ თურქეთიდან ისტორიულ სამშობლო აფხაზეთში ჩამოსვლის მსურველი მუჰაჯირების წინააღმდეგ მოსკოვმა სანქციების დაწესება დაიწყო. ბოლო თვეებია ადლერის აეროპორტში 10-წლიანი დეპორტაციის შტამპს ურტყამენ რეპატრიანტებს და თურქეთში აბრუნებენ, რუსეთის ამ სანქციებს კი დე ფაქტო ხელისუფლება სრული დუმილით პასუხობს, რაც აფხაზების დიდ აღშფოთებას იწვევს.

მოსკოვმა აფხაზეთში ყველაფერი "თურქულის" წინააღმდეგ ბრძოლა თებერვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო. ჯერ იყო და, რუსულმა არხებმა ააგორეს შავი პიარი და აფხაზეთის მთელი ოპოზიცია და ლიდერი ადგურ არძინბა "თურქულ აგენტურად" შერაცხეს. ე.წ. საარჩევნო პროცესის დროს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ბადრა გუნბას შტაბი და მისი მომხრე ტელეგრამარხები თურქეთის ინტერესების გამტარებელი აგენტების თემას აქტიურად ავრცელებდნენ. ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ოპოზიციის პროთურქებად მონათვლამ იქონია გავლენა, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხების 90%-მა ხმა არძინბას წინააღმდეგ მისცა. გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს ადლერის აეროპორტში დააკავეს თურქეთიდან აფხაზეთში ხმის მისაცემად ჩასვლის მსურველი რამდენიმე მუჰაჯირი და 10-წლიანი დეპორტაციით გააბრუნეს თურქეთში. მაშინ ფსოუს გამშვებ პუნქტზე დააკავეს და 10-წლიანი დეპორტაციით სოხუმში გააბრუნეს ახალგაზრდა მუსიკოსი ბარას კუძბაც, რომელიც ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერია და მოსკოვში კონცერტის ჩასატარებლად მიდიოდა. ისიც მუჰაჯირების ოჯახიდანაა. როგორც ოპოზიციური ტელეგრამარხები წერენ, აფხაზეთში ყველას ეგონა, რომ ეს სანქცია "არჩევნების" შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა, რადგან მუჰაჯირები არძინბას მომხრეებად მიიჩნეოდნენ და "არჩევნების" შემდეგ ეს ფაქტორი მოიხსნებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

როგორც "ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რადიკალურად შეიცვალა "ხელისუფლების" დამოკიდებულება აფხაზეთის გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ და დღეს აშკარად ჩანს, რომ დიასპორის დაბრუნება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ან, სულ მცირე, დადებითი გავლენა მოახდინოს აფხაზეთის დემოგრაფიულ სიტუაციაზე, საფრთხის ქვეშაა.

რეპატრიანტები, მათ შორის ისინი, ვინც "აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის" იბრძოდნენ, სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან რუსეთთან საზღვრის გადაკვეთისას. ეს კი ერთადერთი ოფიციალური გზაა, რომლითაც რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა აფხაზეთში შემოსული რეპატრიანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა რამდენი აფხაზია უკვე დეპორტირებული ადლერის აეროპორტში და რამდენია შავ სიაში შეყვანილი, უცნობია, ცნობილია მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული ისტორია.

"ვიცით ახალგაზრდა მუსიკოსის, ბარას კუძბას დეპორტაცია, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს აფხაზეთში, ასევე საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანის, იუმიტ აშუბას, რომელმაც 1993 წელს მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა და არაერთხელ ეწვია სამშობლოს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბარას კუძბას მთელმა ოჯახმაც მიიღო დეპორტაციის შესახებ შეტყობინება და რომ ადლერის აეროპორტში ჩასული აფხაზები დღემდე იღებენ ასეთ დოკუმენტებს. აფხაზების დეპორტაციის ეს მეორე ტალღა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დაიწყო, როდესაც ზოგიერთ მოქალაქეს, რომლებსაც აფხაზეთის გარდა, თურქეთის მოქალაქეობაც ჰქონდათ, ადლერის აეროპორტიდან გასვლის უფლება არ მისცეს, რითაც მათ 10 წლით აეკრძალათ აფხაზეთში შესვლა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში, შეეძლოთ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ მის შედეგებზე, თუმცა გრძელვადიანი მიზნობრივი პრევენციული ზომები ტრადიციად იქცა და ახლა რუსეთის აეროპორტში ჩასული ყველა რეპატრიანტი უსიამოვნებებს ელის. ბევრი მათგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით, ეს სამშობლოში სამუდამოდ ჩასვლის აკრძალვაა. სხვებისთვის ეს არის მიზეზი, რომ დაფიქრდნენ, სანამ აფხაზეთში წავლენ. ამიტომ რეპატრიაციის კომიტეტი (ბჟანიამდე სამინისტრო იყო) შეიძლება გაუქმდეს, როგორც არასაჭირო.

აქ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს აფხაზეთის ხელისუფლების პასიურ პოზიციას. ისინი არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან, არ იცავენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს, არ განმარტავენ მომხდარის მიზეზებსა და კანონიერებას... "გულწრფელად გვითხარით: უარი თქვით დამოუკიდებელი აფხაზეთის პროექტზე, შეამცირეთ ის?" - ეს კითხვა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დაისვა, დღევანდელ რეალობაში საკმაოდ გონივრულია", - წერს იზიდა ჭანია.

რეპატრიანტების თემაზე დიდი განხილვა გაიმართა ოპოზიციურ მედია "აბსნი ჰაბარზე", სადაც "თურქეთის აგენტად" შერაცხილმა ოპოზიციონერმა ლევან მიქაამ განაცხადა, რომ თურქეთის პოლიტიკის გენერალური ხაზი აფხაზეთის მიმართ დღეს ასეთია: აფხაზეთი არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილი და ჩერქეზებმა და აფხაზებმა რა სერიოზული ლობისტური ძალისხმევაც არ უნდა გაიღონ, ამ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ამას გარდა, თურქეთი არ მიესალმება აფხაზების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, პირიქით, იქ ასიმილაციის პოლიტიკა მიმდინარეობს. ამდენად, აფხაზებს შორის პროთურქული გავლენის ხალხი არ არსებობს. არ არსებობს არც ანტირუსული განწყობები, არც თავად მუჰაჯირებს შორის. მისი თქმით, "შეიძლება ითქვას, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირები პრორუსულად განწყობილი მოსახლეობაა, ისინი მადლიერები არიან რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების გამო".

"გარდა იმისა, რომ რეპატრიანტების დაბრუნებისთვის ხელშეწყობა ჩვენი ისტორიული ვალია, ამასთან, ეს პირდაპირ უკავშირდება დემოგრაფიას. თუკი წლების წინ სოხუმის სამშობიარო სახლში 1300 ბავშვი იბადებოდა, ახლა მხოლოდ 700-800. დღეს ჩვენი ეთნოსისთვის კრიტიკული სიტუაციაა. ეს ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ამ მერკანტილური ქცევით ხელისუფლება აფხაზურ ეთნოსს კოლოსალურ ზიანს აყენებს", - აცხადებს მიქაა.

როგორც გადაცემაში ისაუბრეს, ეთნოსის გადარჩენისთვის ეს საკითხი უნდა გახდეს მთავარი თემა და დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა აიძულონ პრობლემის მოგვარება. დისკუსიისას ერთი სიტყვაც არ თქმულა რუსეთის პოლიტიკის დასაგმობად.

„აფხაზეთი რუსეთის კოლონიაა და რუსებს არ უნდათ თურქების თუნდაც პატარა აქტივობა იყოს შენარჩუნებული"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - სანამ უშუალოდ რეპატრიანტების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე ვისაუბრებ, მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. 2011 წელს აფხაზეთის "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში გარდაიცვალა. სანამ კლინიკაში მოხვდებოდა, ის თურქეთში იყო და ჰქონდა უამრავი შეხვედრა აფხაზთა და ჩერქეზთა დიასპორების წარმომადგენლებთან. მისი ეს აქტივობა მოსკოვში არ მოეწონათ - ვიდრე ბაღაფში თურქულ ვოიაჟს დაიწყებდა, მოსკოვში მიუთითეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა, თუმცა ის მაინც წავიდა და ამან კრემლი ძალიან გააღიზიანა. ზოგიერთი აფხაზი აქტივისტი ამბობდა, რომ ბაღაფშს პოლიტიკის დივერსიფიკაცია უნდოდა, რომ მხოლოდ მოსკოვზე არ ყოფილიყო ჩამოკიდებული, და ამიტომ სურდა კავკასიურ დიასპორებში გავლენა გაეძლიერებინა. რა მიზანი ჰქონდა ბაღაფშს, მან საფლავში წაიღო, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ჭორები ისევ დადის, რომ ის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის გააქტიურებას შეეწირა.

მოსკოვს რეპატრიაციის თემა ყოველთვის აღიზიანებდა, თუმცა საწყის ეტაპზე რეპატრიანტების ომში მონაწილეობასა და შემდეგ ჩამოსვლას წინააღმდეგობას არ უწევდა.

აფხაზეთის ომში თურქეთიდან არაერთი მუჰაჯირი მონაწილეობდა, მათ შორის რამდენიმე შეეწირა კიდეც. ლიკვიდირებულებს შორის იყო ორი თურქული სპეცსამსახურების თანამშრომელიც. ომის შემდეგ, 1990-იან წლებში, კანტიკუნტად დაიწყეს ჩამოსვლა. მაშინ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მუჰაჯირებს სურვილს არ უღვიძებდა, რომ დაბრუნებულიყვნენ. მე მათი დაბრუნების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ვიცი. ასევე 2000 წელს გუდაუთაში ვნახე სირიიდან დაბრუნებული აფხაზი, ძალიან მაღალი დონის დურგალი იყო და თავისი შესანიშნავი ხელობით ირჩენდა თავს. მოსკოვმა თანდათან დაიწყო რეპატრიაციის პროცესის დამუხრუჭება. ახლა უკვე მდგომარეობა დამძიმდა, ამ ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთი უფრო ხისტი გახდა და ეს ხდება მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მოვლენების გამო რუსებს შეეზღუდათ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში ჩართულობა. რუსები თვლიან, რომ ეს თურქეთის აქტივობების გამო მოხდა, თუმცა პირდაპირ არ ებრძვიან, იმიტომ, რომ უზარმაზარი სავაჭრო ბრუნვა აქვთ და გარდა ამისა, დღევანდელი სასანქციო რეჟიმის გამო თურქეთი დასავლეთისკენ ერთ-ერთ კარიბჭედ ითვლება, მაგრამ თურქულ აქტივობებს ყველანაირად ებრძვიან, განსაკუთრებით ყირიმში თუ აფხაზეთში. ამიტომაც იყო, რომ აფხაზეთის "არჩევნების" დროს ოპოზიცია თურქეთის აგენტებად შერაცხეს. რამდენად ჩართული იყო თურქული მხარე ამ "არჩევნებში", თქმა გამიჭირდება. ამის თაობაზე მწირი ინფორმაციაა, მაგრამ რუსული წყაროების ცნობით, თურქები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, რომ ადგურ არძინბა გაეყვანათ დე ფაქტო პრეზიდენტად. ოპოზიციის პროთურქულობა მაინც უფრო შავი პიარი მგონია, მაგრამ, ასეა თუ ისე, მას შემდეგ დაიწყო რეპატრიანტების უკან გაბრუნება, საერთოდ, აფხაზებისა და თურქეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების კონტაქტების შეზღუდვები.

ლევან მიქაა, რომელიც ახლა გაკვირვებულ სახეს იღებს, პროთურქულ ორიენტაციაში რატომ მადანაშაულებენო, ზუსტად ის პიროვნებაა, რომელიც განსაკუთრებით ააქტიურებდა თემას, რომ დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს დე ფაქტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მიქაას გააქტიურებული თემა ახალი ამბავი არ არის, 1990-იან წლებშიც იყო კანადის მოქალაქე, აფხაზური ცნობილი გვარის წარმომადგენელი და მან დაიწყო პირველად ამაზე საუბარი. გვარი აღარ მახსოვს. ის თბილისშიც იყო ჩამოსული, თამაზ ნადარეიშვილს შეხვდა და აფხაზეთის არჩევნებში დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობაზე საუბრობდა. ამ ბოლო ე.წ. არჩევნების დროს ლევან მიქააც იყო თურქეთში და "არჩევნებში" დიასპორის ჩართვაზე ამახვილებდა ყურადღებას. მუჰაჯირებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, თუმცა უნდოდა ეს მასობრივი ყოფილიყო, რადგან დიასპორა ანტირუსულადაა განწყობილი. რაც არ უნდა უარყონ საჯაროდ, ანტირუსული განწყობა ძლიერია. ყველას ახსოვს, რომ აფხაზები სწორედ რუსებმა გაასახლეს.

მიუხედავდ იმისა, რომ დღეს აქტუალური არ არის, ისტორიული მეხსიერება ბევრს ნიშნავს. აფხაზეთში მუჰაჯირობა 1864 წლის შემდეგ დადგა. 1870-იან წლებში, როდესაც ბალკანეთის ომი და რუსეთ-თურქეთის ომი იყო. მაშინ თურქებმა დესანტი გადმოსხეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზების დიდმა ნაწილმა მხარი თურქებს დაუჭირა. ამ აჯანყებაში მონაწილეობის გამო მაშინ პეტერბურგში მიიღეს გადაწყვეტილება და აფხაზები უუფლებო ერად გამოაცხადეს. არანაირი სამოქალაქო უფლებები არ ჰქონდათ. 1907 წელს ნიკოლოზ მეორემ მოხსნა ეს შეზღუდვა. ამასობაში რუსებმა პეტერბურგში წაიყვანეს აფხაზური ცნობილი გვარების ოჯახების შვილები, მთელი თაობა. დაახლოებით 50 ახალგაზრდა გაზარდეს რუსული იდეოლოგიით. შემდეგ ისინი აფხაზეთში საკვანძო თანამდებობებზე დააბრუნეს და ამის შემდეგ მოუხსნეს უუფლებო ხალხის სტატუსი.

დაახლოებით ისეთი პიროვნებები შექმნეს, როგორიცაა დღეს ინალ არძინბა, აფხაზური წარმომავლობის მოსკოვური კრეატურა. აფხაზებში ეს ძველი ტკივილი დარჩა. აფხაზებს რუსეთის მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება აქვთ, იციან, რომ მოსკოვის გარეშე "დამოუკიდებელი ერთეული" ვერ იქნებიან, მაგრამ უკმაყოფილება არსებობს, ზოგიერთ შემთხვევაში ზიზღიც კი და ეს რუს ტურისტებთან ურთიერთობაში იგრძნობა.

- რუსეთმა აფხაზეთში "თურქულ გავლენებს" აშკარა ბრძოლა ახლა გამოუცხადა?

- 2000-იანი წლების დამდეგი, როდესაც აფხაზეთში დაბრუნდა ჰამზათ გიცბა, ადამიანი, რომელიც 1995 წელს მონაწილეობდა ჩეჩნების მიერ ბორან "ავრასიის" გატაცებაში. ეს ჩეჩნეთში მიმდინარე ომის საპასუხო პროტესტი იყო. გიცბა საქართველოს ჩემპიონი კრივში და აფხაზეთში ცნობილი პიროვნება იყო. შემდეგ ის თურქეთში დაიჭირეს და ოფიციალურად ითქვა, რომ ციხიდან გაიქცა, რაც წარმოუდგენელი ამბავია. დაბრუნდა აფხაზეთში და დღევანდელ მუფთისთან, სალიჰ კვარაცხელიასთან ერთად დაიწყო ისლამური ჯგუფის გაძლიერება. მოკლე დროის განმავლობაში ბევრი მხარდამჭერი აკრიფა. 2007 წელს სოჭის გავლით ჩამოვიდა ორი პირი, მათი ვინაობა უკვე ცნობილია, მივიდნენ გუდაუთაში გიცბასთან, მოკლეს და უკან გაბრუნდნენ. მოსკოვში ითვლებოდა, რომ ჰამზათ გიცბა პოლიტიკური ისლამის გამავრცელებელი იყო თურქეთის სპეცსამსახურების დავალებით და ამიტომ შეუკვეთეს მკვლელობა. ასეთი ტიპის ბრძოლა სულ იყო. 2008 წელს, როდესაც რუსებმა ფსევდოდამოუკიდებლობა მიანიჭეს აფხაზებს, მაშინ აუცილებელ პირობად დაუსვეს, რომ დახურულიყო აფხაზეთში თურქული სასწავლებლები. 2 თურქული კომპანია მუშაობდა ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოზე და ისინიც უნდა წასულიყვნენ. 2012 წელს ყველაფერი თურქული დაიხურა. აფხაზეთი რუსეთის კოლონიაა და, რა თქმა უნდა, რუსებს არ უნდათ თურქების თუნდაც პატარა აქტივობა შენარჩუნდეს აფხაზეთში.

- აფხაზებიც აღიარებენ, რომ რეპატრიაციის პროექტმა არ იმუშავა, სადღაც 2000-მდე კაცი დაბრუნდა. თუკი ასე ცოტაა რეპატრიანტი, რაში სჭირდება რუსეთს ეს შეზღუდვები, რომელიც აფხაზების ანტირუსულ განწყობებს გამოიწვევს?

- ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ბევრი უკან დაბრუნდა იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც აფხაზეთში დახვდათ. გულრიფშში მათთვის ქართველების სახლები გამოყვეს, მაგრამ ის სახლები არ შეივსო... რუსებს აფხაზების აზრი არ აინტერესებთ. რუსეთმა ამ "არჩევნებზე" სადემონსტრაციო პლატფორმა შექმნა, სომხების 90%-ს ხმა მოსკოვის კანდიდატისთვის მიაცემინეს და ამით აჩვენეს აფხაზებს, ჩვენ ვმართავთ სომხურ დიასპორას და შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, თქვენ ხმა საერთოდ არ ამოგეღებოდეთო. რუსები ახლა აფხაზების ახლო აღმოსავლეთთან ყოველგვარ ურთიერთობას ზღუდავენ, მხოლოდ რუსეთთან უნდა იყვნენ მიბმული, პარალელურად ცდილობენ თავიც მოუქონონ - ავიაფრენები აღადგინეს, რკინიგზა გაიყვანეს, მიაყარეს ფულიც. თვითონ არა აქვთ, აფხაზებს კი ტრანშებს არ უგვიანებენ. ელექტროენერგიის საკითხიც მოუგვარეს. ყველა პირობას უქმნიან, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორონ, კმაყოფილი კლასი რომ ჰყავდეთ. გარდა ამისა, არის ერთი თემაც - მოსკოვში არის კურჩატოვის ინსტიტუტი, რომელიც ატომურ ენერგეტიკაზე მუშაობს. სწორედ ამ ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა სოხუმში, საბჭოთა დროინდელი ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც ბერიას შექმნილია და ატომური ბომბის შექმნას ემსახურებოდა. იქ მუშაობდნენ ომის შემდეგ ბერლინიდან ტყვედ წამოყვანილი გერმანელი მეცნიერები მანფრედ ფონ არდენე და გუსტავ ჰერცი. ისინი მუშაობდნენ ურანის იზოტოპების განცალკევების საკითხზე, ურანის გამდიდრებაზე. სოხუმში კეთდებოდა ის, რაც ახლა ირანს დაბომბვისას გაუნადგურეს. ამ მეცნიერებმა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღეს. ამ პროექტის ხელმძღვანელი მაშინ კურჩატოვი იყო და ახლა კურჩატოვის ინსტიტუტის ფილიალი დააბრუნეს ისევ სოხუმში და აფხაზ მეცნიერებს დაჰპირდნენ, თქვენც ჩაერთვებითო. სად ჰყავთ აფხაზებს მეცნიერები, მაგრამ დაპირება გასცეს. არ ვიცი, რუსებს რაში სჭირდებათ ატომურ ენერგეტიკაზე მომუშავე ინსტიტუტის არსებობა სოხუმში, მაგრამ ეს, ერთი მხრივ, აფხაზების თავის მოქონვაა, მეორე მხრივ, გარკვეული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა სურთ. ეს აფხაზეთის კურატორ სერგეი კირიენკოს დამსახურებაა. ის წარმოშობით სოხუმელია. მოკლედ, ერთი მხრივ, აფხაზებს თავს უქონავენ, მეორე მხრივ, კისერზე ფეხს ბოლომდე აჭერენ, ჭკუით იყავით და არანაირი პროთურქული სურვილები არ გქონდეთ, არც არანაირი პროტესტი რუსულ პოლიტიკაზეო.

ეკატერინე ბასილაია