IEY პროექტი წარმატებით დასრულდა – მარიამ ირემაძის წვლილი ახალგაზრდული სფეროს განვითარებაში
გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი IEY – Inspiring European Youth, რომელიც ახლახანს წარმატებით დასრულდა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით, ერასმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მუშაობის გაძლიერებას, ახალგაზრდული მუშაკებისთვის რესურსების შექმნასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ამასთანავე, პროექტის ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირება და სოციალური მეწარმეობისადმი ინტერესის გაზრდა.
საქართველოდან პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია გახლდათ განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია - ADESI, რომელიც თანამშრომლობდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან და სწორედ მათთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ეს მრავალმხრივი პროექტი, რომელიც ქართულ ახალგაზრდულ სივრცეში მნიშვნელოვან რესურსებს ტოვებს.

პროექტში საქართველოს მხრიდან აქტიურად იყო ჩართული მარიამ ირემაძე – ADESI-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ის კურირებდა პროექტის სტრატეგიული და შინაარსობრივი მიმართულებების ფორმირებას. სწორედ მის მიერ განხორციელდა ტრენერებისა და მონაწილეების შეფასება და შერჩევა, აქტივობების კოორდინაცია და მათი ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა.
გარდა ორგანიზაციული ფუნქციებისა, მარიამ ირემაძე იყო პროექტის საერთაშორისო შეხვედრების სრულფასოვანი მონაწილე და სპიკერი და ჩართული იყო ტრენინგების ორგანიზებასა და ფასილიტაციაში; ამასთანავე, წარადგინა პროექტის შედეგები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და მონაწილეობდა სტრატეგიული და შინაარსობრივი მიმართულებების ფორმირებაში. ამ ყველაფრის შედეგად, პროექტის შედეგები მიწვდა ფართო აუდიტორიას, რაც დაეხმარება ამ სფეროში უკვე დასაქმებულ ადამიანებს და, ამავე დროს, მათ, ვისაც უნდა გახდეს ახალგაზრდული მუშაკი და იმუშაოს ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების სფეროში.
რესურსები, რომლებიც IEY პროექტის ფარგლებში შეიქმნა
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ახალგაზრდული მუშაკის სახელმძღვანელოს შექმნა, რომლის თანაავტორი სწორედ მარიამ ირემაძეა. ეს სახელმძღვანელო უკვე გამოყენებაშია როგორც საქართველოში, ისე ევროპაში და წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს როგორც დამწყები, ისე გამოცდილ ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის სახელმძღვანელო არის პირველი, ვინაიდან ქართულ ენაზე ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ წიგნი ამდრომდე არ ყოფილა დაწერილი.
გარდა სახელმძღვანელოსი, პროექტის ფარგლებში შეიქმნა საგანმანათლებლო ვიდეოები და მობილური აპლიკაცია, რომელიც გამოადგებათ ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანებს. აღნიშნული რესურსები ხელმისაწვდომია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა: http://iey-project.eu/
როგორც მარიამ ირემაძე აღნიშნავს: “უდიდესი პატივი იყო ჩემთვის ისეთ პროექტში ჩართულობა, რომელმაც უკვე მოიტანა წარმატებული და ღირებული შედეგები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიხარია, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით და მიეღოთ პრაქტიკული და საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო საქართველოს მონაწილეების შეფასებისა და შერჩევის პროცესი. მქონდა შესაძლებლობა პირადად ამერჩია ახალგაზრდები, რომლებსაც არამხოლოდ შესაბამისი ცოდნა და მოტივაცია ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ რწმენა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიღებით საკუთარი თემების განვითარებასაც შეძლებდნენ. მჯერა, რომ პროექტის რესურსებს წლების მანძილზე, ათიათასობით ახალგაზრდა გამოიყენებს და გამოადგება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, სწორედ ეს მიზანი გვქონდა პროექტის კონცეფციის შექმნისას და მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ".

პროექტის ეტაპები და მისი გავლენა საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებზე
პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები მოიცავდა: გახსნით შეხვედრას ჩანაკალეში, თურქეთში, სამუშაო შეხვედრებს, ტრენერების ტრენინგ-კურსს სოფიაში, ბულგარეთში, გაცნობით ღონისძიებებს (multiplier events) ყველა პარტნიორ ქვეყანაში და დასკვნით შეხვედრას თურქეთში.
IEY პროექტმა და ADESI-მ საქართველოს ახალგაზრდულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. შეიქმნა თანამედროვე, პრაქტიკული და მაღალი ხარისხის რესურსები, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და საფუძველს ქმნის ახალგაზრდული სფეროს სისტემური განვითარებისათვის.
პროექტის ფარგლებში მარიამ ირემაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სტრატეგიული კომუნიკაციისა და სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის პროცესში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტის ძირითადი გზავნილების ეფექტური გავრცელება, პარტნიორებთან კოორდინაცია და ფართო აუდიტორიასთან კავშირი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პროექტის გავლენა და აღქმადობა.
მარიამ ირემაძის აქტიური მონაწილეობა და პროფესიული ჩართულობა ხელს უწყობდა პროექტის ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ მიმდინარეობას. დროებითი აქტივობების მიღმა, IEY-მ შექმნა გრძელვადიანი რესურსები, რომლებიც დღესაც ხელს უწყობს ახალგაზრდულ სფეროში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.