რას ამბობს მიხეილ ცაგარელი წარსულზე? - "ახალგაზრდობაში აგრესიული ვიყავი, გაუთავებელ ცემა-ტყეპაში გახლდით"
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია
სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ტელეჟურნალისტი და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
გიორგი:
- როგორია საქართველოს ასტროპორტრეტი?
- საქართველოს ასტროპორტრეტი შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი. ქვეყნის დამოუკიდებლობის დამფუძნებლებს ელემენტარული სურვილი რომ გამოეჩინათ და ცოტა გარკვეულიყვნენ სფეროში, რასაც ასტროლოგია ჰქვია, 26 მაისს არ გამოაცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. იმიტომ, რომ 26 ნუმეროლოგიურად 2+6=8-ს. რვა ყველაზე მძიმე რიცხვია. ამიტომაც გაცილებით რთულად მივდივართ განვითარებისკენ. ორგანიზებულობის, დისციპლინის, დიდი შრომის, ძალისხმევის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა და ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს.
თან ეს თარიღი მაშინ აირჩიეს, როცა მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა. ტყუპები, მოგეხსენებათ, ძალიან ზედაპირული, გაორებული ნიშანია, თან ყველაფერი ორი უნდა და ვართ კიდეც გაორებულები. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რიცხვია, რა დღეა, რა თვეა და ვარსკვლავური განლაგება როგორია, რასაც დასავლეთსა და აღმოსავლეთშიც კარგად ითვალისწინებენ. ჩვენმა პოლიტიკურმა მამებმა, თავის დროზე ამას ყურადღება არ მიაქციეს და არ გაითვალისწინეს. ამიტომაცაა გაურკვევლობა, ნელი ტემპით წინსვლა. არადა შეგვეძლო ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
- ასტროლოგიის გარდა რა გაინტერესებთ?
- პოლიტიკა, - ვარ პოლიტოლოგი. პოლიტოლოგიაში წითელი დიპლომი მაქვს. ოღონდ, ამ სფეროში არ შევედი, რადგან ძალიან ბინძურია... კარგად მესმის ყველაფერი და მეცინება ხოლმე ვაი, პოლიტიკოსებზე, რომლებიც აზრზე არ არიან, რა არის გეოპოლიტიკა, მაგრამ პოლიტიკაში მოღვაწეობენ.
მიტაცებდა სპორტიც, თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი ვარ წყალბურთში. მორაგბეც ვიყავი, ასევე ამ საძმოს წევრი და საესტრადო სიმღერის კუთხით, სამი ფესტივალის ლაურეატი. ეს ყველაფერი გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდებოდა. ასე რომ, ინტერესების ფართო სპექტრი მაქვს.
კახი:
- სამყაროს დასასრულის პოპულარული ვერსიებიდან რომელიმესკენ თუ იხრებით?
- ისევ იმ ვერსიას მოგახსენებთ, რომელზეც ხშირად ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ ხოლმე. 2025-2026 წლები გარდატეხის პერიოდია... სამყაროს დასასრული როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რეალურად ასე არ არის, უბრალოდ არის ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი. სამყარო ახალ ენერგოველში გადადის. ამიტომაც იცვლება სერიოზულად ამინდი, ადამიანის ჯანმრთელობას ექმნება პრობლემა, მოიმატა სიკვდილიანობამ, მოიმატა ეკოლოგიურმა და ტექნოგენურმა კატასტროფებმა. დედამიწის ახალ ენერგოველში შესვლა ნიშნავს, რომ საზოგადოება ახალ დონეზე განვითარებისთვის და გადასვლისთვის ემზადება. ყველა ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ მოიმატებს სიკვდილიანობა, დარჩებიან ისინი, ვინც შეძლებენ სიკეთით იცხოვრონ. ახლა იწყება ბოროტებასთან ბრძოლისა და მისი დამარცხების ეტაპი. ამას ჰქვია სწორედ აპოკალიფსი, ანუ საყოველთაო ნგრევა, საყოველთაო ტრანსფორმაცია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 2025 წლის 30 აგვისტოდან გახდება.
უცნობი:
- ერთი კითხვა რომ გქონდეთ უცხოპლანეტელებთან, რას შეეკითხებოდით და იქნებ აქვე გაიხსენოთ თქვენი მათთან კონტაქტის შესახებ?
- კონტაქტი იყო უცხოპლანეტელებთან და მათთან კითხვა კიდევ იმდენი მაქვს, ერთზე ვერ გავჩერდები. თავის დროზე მათთან მთავარი კითხვა იყო, - ვინ ვართ ჩვენ, რა ხდება ქვეყანაში, რატომაა უსამართლობა, რატომაა ასეთი ბოროტება, ამდენი უბედურება. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. უცხოპლანეტელთან, რომელთანაც შეხვედრა მქონდა, მივიღე აბსოლუტურად კომპეტენტური პასუხები, რომლის შედეგადაც კარგა ხანს შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. აბსოლუტურად სხვანაირადაა სამყარო განვითარებული. რასაც ჩვენ გვასწავლიან ისტორიაში, ის სიმართლისგან შორს არის, მაგრამ მეცნიერებმა ასე დაინახეს...
სამყარო თურმე აბსოლუტურად სულ სხვანაირად განვითარებულა 11-12.000 წლის წინ. რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მატერიალური სფერო, სამყარო და დაისადგურა ბოროტების ძალამ. შესაბამისად ადამიანი გახდა მეტად დაუნდობელი. ახლა არის სწორედ ის დრო, როგორც ვთქვი, როცა ახალი ეტაპი იწყება. ამიტომ ეს გზა სიკეთით უნდა გავიაროთ.
ვინი:
- ვინ იყო წინა ცხოვრებაში მიხეილ ცაგარელი?
- იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მაქვს, მე ვმოღვაწეობდი პოლიტიკურ სფეროში, მქონდა შეხება საბანკო-ეკონომიკურ სექტორთან, რომელმაც ძირითადი დრო პოლიტიკურ სარბიელთან ერთად, კარიერულ საკითხებს დაუთმო. ოჯახს ნაკლებ დროს ვუთმობდი. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი კოსმიური გზა, მისია არის ის, რომ ოჯახისა და სანათესაო ურთიერთობების განვითარებას, სამშობლოს, პატრიოტიზმს დავუთმო. უცხოეთში არ მივდივარ, აქ სამშობლოს უნდა ვემსახურო და კარიერაზე დაყრდნობით ვიმოქმედო. ეს ევოლუციური გზა, რომელიც ასტროლოგიამ მაჩვენა, სწორედ ამ გზაზე ვდგავარ. წაიკითხეთ ვრცლად