ქართული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც კატაკლიზმებს აგვარიდებს - რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაცული იყოს?!
ყველა მრავალფუნქციური სისტემა რთული სამართავია: წარმატებებს შეცდომები და მარცხი ხშირად ენაცვლება. ამიტომ შეცდომების გამოვლენა, მათი ობიექტური ანალიზი და შეფასებები, ასევე, კრიზისული სიტუაციის აღიარება და კრიზისიდან გამოსვლის რეალური (!) გზების დასახვა, ნებისმიერი ინსტიტუტის (სახელმწიფო იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია) განვითარების წინაპირობაა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას არ უცდია საკუთარი შეცდომების აღიარება და ობიექტური ანალიზი. შეცდომების გამოსწორებაზე საუბარი ხომ ზედმეტია. ყველა ხელისუფლება წარუმატებლობასა და საკუთარ შეცდომებს ყოველთვის წინა ხელისუფლებას აბრალებდა და აბრალებს. ასე იყო: გამსახურდიას ხელისუფლება – კომუნისტებს; შევარდნაძე – „ზვიადისტებს“; სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ – შევარდნაძეს. დღეს კი „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში ყოფნის მეცამეტე წელს, ყველა წარუმატებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს და დამნაშავეებს ახლა ეძებს.
ობიექტურობისა და თვითკრიტიკის ნაკლებობა განუკურნებელ ავადმყოფობად და დაუძლეველ ჭირად იქცა. თუ ამ ავ სენს არ მოვიშორებთ ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოდ ვერასდროს ჩამოყალიბდება. ყველაზე მეტად ამ პრობლემას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა განიცდიდა და განიცდის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეროვნული უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მის უზრუნველყოფას ერთი რომელიმე სამინისტრო ან უწყება ვერ შეძლებს. უფრო მეტიც: ამ პროცესში უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს ხელისუფლების ყველა რგოლი (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) და აქტიურად უნდა იყოს ჩართული მთელი საზოგადოება. ამ ყოველდღიურ (!) სამუშაოს კი კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (შემდეგ - ეუს) ან სხვა დასახელების დამოუკიდებელი ორგანო უნდა წარმართავდეს. ვის უნდა დაექვემდებაროს ეუს და მისი აპარატი? აი, ის სწორედ ეს გახდა „საჯილდაო ქვა“ საქართველოში: კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი იყო ეუს ხელმძღვანელი, ხოლო მიმდინარე საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ეუს მდივანს (2014-2018 წლებში ეს პოსტი ეკავათ: ი. იმერლიშვილს, ლ. ბოძაშვილსა და დ. რაქვიაშვილს), რომელიც ეუს აპარატსაც ხელმძღვანელობდა.
ეუს მდივნის ფუნქციები იყო: უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საბჭოს სხდომების ორგანიზება და დღის წესრიგის განსაზღვრა; მიღებული გადაწყვეტილებების კოორდინაცია შესაბამის უწყებებთან; ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი დოკუმენტების (კონცეფცია და სტრატეგია) მომზადების კოორდინაცია: საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან მუდმივი კონტაქტი და ა.შ. თუმცა მალევე გამოიკვეთა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს – მთავარსარდალს, ეუს ხელმძღვანელობა ქაღალდზე ჰქონდა. გახსოვთ ხომ ფრაზა ქართული ფილმიდან ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ"): „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო“. პრეზიდენტის მიერ მოწვეულ ეუს სხდომებს მინისტრები პრინციპულად არ ესწრებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მდგომარეობა უფრო გართულდა.
„სიტუაციური ოთახის“ გახსნა
2014 წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის № 38 დადგენილება: „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. დებულების თანახმად, „კრიზისების მართვის საბჭოს“ შექმნის მთავარი მიზანი სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა იყო. ეუს ანალოგიური „კრიზისების მართვის საბჭოს“ პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი მუდმივი წევრები იყვნენ: თავდაცვის, შსს-ს, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, დაზვერვის სამსახურის უფროსი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. ამ თანამდებობაზე 2014-2018 წლებში მუშაობდნენ: მ. ჯანელიძე, დ. სუჯაშვილი, ისევ მ. ჯანელიძე და გ. მღებრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: სააკაშვილის პირადი "პატარა კა-გე-ბე" - როგორ გეგმავდა მიშა ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენას?!
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფდა საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ხელმძღვანელობდა საბჭოს აპარატს; პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენდა საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ამზადებდა საბჭოს სხდომებს; აკონტროლებდა სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს წარუდგენდა წინადადებებს დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; კოორდინაციას უწევდა საბჭოს მიერ შექმნილი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; დადგენილი წესით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს და ა.შ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიწვეული შეიძლება ყოფილიყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, გენშტაბის უფროსი და, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
ალბათ დარწმუნდით, რომ ეუს და „კრიზისების მართვის საბჭოს“ მიზნები, ფუნქციები და შემადგენლობა სრულიად იდენტური იყო და ამ ორ სტრუქტურას შორის თავიდანვე ჩადებული იყო დაპირისპირების დიდი მუხტი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბოლოდან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ, ამ ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის 2014 წლიდან დაიწყო დაუფარავი ძიძგილაობა -ჭიდაობა, რაც ნამდვილად არ წაადგა ქვეყნის უსაფრთხოებას. 2014-2017 წლებში, სხვადასხვა ობიქტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეუს და „კრიზისების მართვის საბჭო“ ნამდვილად ვერ ასრულებდნენ მთავარ ფუნქციას: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. მათი სისუსტე მტერსა და ოკუპანტს აძლევდა ხელს. მინისტრები „ჭრელო პეპელას“ დილემაში იყვნენ. აი, ამგვარ დაპირისპირებაში, ფაქტობრივად, დაიკარგა უმნიშვნელოვანესი ოთხი წელი, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციურ გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. პოზიტიურ მოვლენად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნა უნდა ჩაითვალოს, რომელიც დიდი ბრიტანეთის დახმარებით და ბრიტანული მოდელის, ე.წ. KOBRA-ს მიხედვით შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების მართვის საკითხებში, სერ ჰარი ჯონსონსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში - ალექსანდრა ჰოლ ჰოლს. 2016 წლის 8 თებერვალი.
მაშინ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა, მისი მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. ეროვნული სიტუაციური ოთახი - ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომელი განახორციელებსო. ოთახი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ჯგუფად. კრიზისული ვითარების დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს, განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებაო. თუმცა „პოლიტიკური ციებ-ცხელება“ გრძელდებოდა.
2017 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო“ საერთოდ გაუქმდა. მიზეზი უცნობია. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭოც და საქართველოს მთავრობა გამოცხადდა მის უფლებამონაცვლედ. 2019 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა ახალი სტრუქტურა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც თავისი წინამორბედების ფუნქციები გადაეცა. განვლილ წლებში ეს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა სრულიად უფუნქციო და ჰაერში „გამოკიდებული“ იყო. სწორედ ამ სტრუქტურის გაუქმებას გეგმავს ხელისუფლება შემოდგომაზე და, ფაქტობრივად, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინერებელი ინსტიტუტი (თუნდაც ფორმალური) აღარ იარსებებს. ჩემი აზრით, ეს ძალზე სერიოზული შეცდომა იქნება, იმიტომ, რომ ამჟამად ჩვენი მტრები უშუალო სამხედრო მოქმედებების ნაცვლად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ უფრო ელასტიკურ და ფარულ ფორმებს, რის შედეგადაც სუსტდება ჩვენი ქვეყნის საამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი. ამ ვითარებაში ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინერებელი სტრუქტურის გაუქმება არ შეიძლება: პირიქით, ის უნდა გაძლიერდეს და რეალური ფუნქციები უნდა მიენიჭოს.
მსოფლიოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს (საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო-საპარლამენტო მმართველობის ფორმით) ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციური უზრუნველყოფის საკითხების რეგულირება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (ეუს)და მისი აპარატის პრეროგატივაა და მას ცალკე რომელიმე სამინისტრო ან უწყება ვერ შეძლებს. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფორმირება, კოორდინირება და მონიტორინგი ეუს და მისი აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ეს უწყვეტი პროცესი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა ხორციელდებოდეს:
პირველ ეტაპზე აუცილებელია შესაბამისი სამინისტროებიდან და უწყებებიდან ობიექტური ინფორმაციის ოპერატიული მიღება;
- საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების (ეუ) სტრატეგიისა და მიზნობრივი პროგრამების პოლიტიკურ-დიპლომატიური მხარე;
- ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა “ეკონომიკური ბლოკის” სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა მოამზადონ წინადადებები ეუს სტრატეგიისა და მიზნობრივი პროგრამების ეკონომიკური მეთოდებით შესასრულებლად;
- საგარეო დაზვერვის, უშიშროების, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ეუს სტრატეგიისა და მიზნობრივი პროგრამების შესრულებისთვის აუცილებელი ობიექტური ინფორმაციის ოპერატიული მოპოვება და წინადადებების მომზადება საფრთხის გასანეიტრალებლად. სამინისტროები და უწყებები ასევე წარმოადგენენ რეკომენდაციებს ეუს დაცვის ღონისძიებებზე გასაწევი ხარჯების მოცულობის შესახებ. ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდება ეუს აპარატს.
მეორე ეტაპზე ეუს აპარატში განხორციელდება სხვადასხვა სამინისტროდან შემოსული დოკუმენტების ანალიზი და შეჯერება, რის შედეგადაც გამოცალკევდება ის ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური და სხვ. რისკები და გამოწვევები, რომელთა განხორციელება ან პირიქით - შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მესამე ეტაპზე ეუს აპარატში, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით, თითოეული კონკრეტული რისკ-ფაქტორის, გამოწვევისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, დამუშავდება მოვლენათა შესაძლო განვითარების მრავალვარიანტული სიტუაციური მოდელები, რის საფუძველზეც ხელისუფლების უმაღლესი პირებისათვის უნდა შედგეს საპასუხო მოქმედებათა რეკომენდაციები. ამავე ეტაპზე გაიანგარიშება ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად რეკომენდირებული ღონისძიებების ხარჯები. ეუს ერთიანი ბიუჯეტი ოპტიმალური მოცულობის უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს საფრთხეებისგან მიყენებული შესაძლო ზარალის საერთო მოცულობას;
მეოთხე ეტაპზე აღნიშნულ რეკომენდაციებს განიხილავს და დაამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო;
მეხუთე ეტაპზე ეუს მიერ მომზადებული რეკომენდაციები და მოქმედების პროგრამები წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში და დამტკიცების შემდეგ მიეცემათ ნორმატიული დოკუმენტის სახე და კანონის ფორმით დაიყვანება კონკრეტულ შემსრულებლებამდე.
ეუს ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანული ნაწილი უნდა გახდეს. აქედან გამომდინარე, კონკრეტული მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში უნდა აისახოს. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეუს ბიუჯეტსაც მიეცემა კანონის ძალა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მისი შესრულება. მიზნობრივი პროგრამების შესრულების და შესაბამისი პოლიტიკის რეალიზაციის სისტემატიურ მონიტორინგს ახორციელებს ეუს აპარატი. ამ დროს რეალიზდება ეუს მიზნობრივი პროგრამები და მიმდინარეობს მათი შესრულების მართვა, კონტროლი, კოორდინირება და კორექტირება. ჩემი აზრით, სწორედ ასეთია ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის აგების ზოგადი პრინციპები, მისი უზრუნველყოფის მეთოდები და ხერხები.
ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს „უკანასკნელი ჭეშმარიტების“ პრეტენზია არ აქვს. ესაა ამ პრობლემების ჩემეული ხედვა. აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი განხილვა, რაც ამ საკითხების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, უმთავრესად აკადემიურ ვითარებაში უნდა წარიმართოს. ეუს გაუქმების „პარტიზანული გადაწყვეტილება“ კარგს არაფერს მოიტანს და სრულიად ალოგიკური იქნება ისევე, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსნის გადაწყვეტილებაც.
სტატისტიკის სამსახური ყოველდღე ქვეყნის ეკონომიკის არნახული ტემპებით ზრდის შესახებ „პატაკს აბარებს“ მთავრობას და თუ ჩვენი ეკონომიკა მართლაც „მიფრინავს“ (სამწუხაროდ, უბრალო მოქალაქეები ვერ ვეწევით), მაშინ ლოგიკური იქნებოდა ეკონომიკის მინისტრი კი არ მოეხსნათ, პირიქით – უნდა დაეწინაურებინათ!
(დასასრული)