"წამებით მაიძულეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "რადიო თავისუფლება" თბილისში დაკავებულ 19 წლის ბრიტანელ ქალზე? - კვირის პალიტრა

"წამებით მაიძულეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "რადიო თავისუფლება" თბილისში დაკავებულ 19 წლის ბრიტანელ ქალზე?

ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ პატიმრობა, 50 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა, 1 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, ბელა მეი ქალი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ თქვა:

„ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები სახეზეა, საფრთხეები არ განეიტრალებულა. პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ რისკების პირობებში მიმალვის საფრთხეც არსებობს, რადგან ეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. სასამართლო თვლის, რომ გირაოს გამოყენების საფუძველი არ არის. პატიმრობა რჩება ძალაში“.

რას ედავებიან ბრიტანეთის მოქალაქეს და რას ითვალისწინებს ეს დანაშაული?ბრალდების თანახმად, აეროპორტში, ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და რეალიზაციას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს). ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაკავებულ გოგოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

რა თქვა ბელა მეი ქალიმ წინასასამართლო სხდომაზე? ბელა მეი ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ამბობს, რომ დანაშაული „უნებურად ჩაიდინა“.

„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას.

მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს. იქნებ ისიც მიიღოთ მხედველობაში, რომ ჩატარებული მაქვს ნარკო-ტექსტი და ჩემს ორგანიზმში არაფერი აღმოჩენილა. ყოველთვის ვასახელებდი ჩემს ოჯახს, მადლობას გიხდით, რომ დამითმეთ დრო“.

ბელა მეი ქალი 18 კვირის ორსულია. სასამართლოს სხდომაზე მან რამდენჯერმე იტირა.

რა გაირკვა წინასასამართლო სხდომაზე? ბელა მეი ქალის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია, ჩვენების ოქმსა და საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.

„აჩვენე მარჯვენა ხელი მოსამართლეს“, - უთხრა მან სხდომათა დარბაზში ბელას:

„შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“, - 19 წლის ქალი მოსამართლეს აჩვენებს ხელს, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, შიდა მხარეს, ეტყობა მოწითალო ნაიარევი, რომელიც ჰგავს დამწვრობისგან მიყენებულ იარას. წაიკითხეთ ვრცლად