ათასობით უკრაინელი სასიკვდილოდ გაწირეს?! - ტრამპის ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელმაც პუტინი ძალიან გაახარა - კვირის პალიტრა

ათასობით უკრაინელი სასიკვდილოდ გაწირეს?! - ტრამპის ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელმაც პუტინი ძალიან გაახარა

ტრამპი პუტინის გულის გასახარად უკრაინას „პეტრიოტისა“ და „ჰაიმარსის“ რაკეტების მიწოდებას უწყვეტს...

აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეიარაღების დარჩენილი მარაგის გათვალისწინებით და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვეველი დროით შეწყვიტოს რიგი დასახელების იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის...

რაღაც ამგვარი უკვე მოხდა ა.წ.-ის მარტში, როდესაც ახალმა დანიშნულმა პენტაგონის შეფმა პიტ ჰეგსეტმა ერთხელ უკვე შეაჩერა ამერიკული შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, მაგრამ ის „პაუზა“ მხოლოდ ხუთიოდე დღეს გაგრძელდა და 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის სკანდალური წაკინკლავების გამოძახილი უფრო გახლდათ...

მეორედ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა - პიტ ჰეგსეტმა რუსული „შაჰიდ/გერანების“ ჩამომგდები „ვამპირის“ 20 ათასი რაკეტის გარეშე უკრაინა ივნისში დატოვა, როდესაც მისთვის განკუთვნილი ამ რაკეტების პარტიები ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად და შეიძლება, ისრაელის იმ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლადაც, რომელსაც ირანიდან გაშვებული „შაჰიდების“ მოგერიება უწევდა.

ამჯერად კი არც თეთრ სახლში დაპირისპირებიან ტრამპი და ზელენკი (პირიქით, რამდენიმე დღის წინ ჰააგაში, ნატოს სამიტზე, გულთბილად წაიმუსაიფეს) და ისრაელ-ირანის საჰაერო დუელიც შეჩერებულია, მაგრამ უკრაინას მაინც უწყვეტენ ამერიკულ სამხედრო დახმარებას და ამისთვის ამერიკული საწყობების დაცარიელებას იმიზეზებენ...

1-shec-1751437695.png
ომის ოთხი წლის განმავლობაში „ჰაიმარსებით“ უკრაინის დამცველებმა რუს მომხვდურებს ყველაზე მეტი ზიანი მიაყენეს და ახლა ტრამპი სწორედ მისი რაკეტების გაგზავნას უწყვეტს უკრაინის არმიას...

ფაქტობრივად, ტრამპმა პუტინის გული გაახარა, როდესაც კრემლში ნახავდნენ, თუ კონკრეტულად რა ტიპის ამერიკულ შეიარაღებას ვერ მიიღებს უკრაინა, რომელიც მეოთხე წელია, ვერ დაუმარცხებია აგრესორ რუსეთს...

Patriot-ისა და Stinger-ის საზენიტო რაკეტები, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის GMLRS-ის მართვადი რაკეტები, AGM-114 Hellfire-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, AIM-7-ის ტიპის საზენიტო რაკეტები (რომელთა საბრძოლო გამოყენებაზეა გადაყვანილი უკრაინული საზენიტო „ბუკები“) და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები - აი, ის არასრული ჩამონათვალი, რა ტიპის საბრძოლო მასალების მიწოდება შეუწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას...

დიდი ახსნა არ სჭირდება, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, „პეტრიოტის“ რაკეტები უკრაინულ ქალაქებზე დამიზნებული რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად, რაც უკრაინელი მეზენიტეების არსენალში არსებულ სხვა ტიპის რაკეტებს, უბრალოდ, ტექნიკურად არ ძალუძთ - ეს ნიშნავს ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის სასიკვდილოდ გაწირვას, თანაც იმის ფონზე, როდესაც ისრაელის ქალაქების ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევებისგან დასაცავად არც ტრამპი და არც მისი თავდაცვის მინისტრი, ერთი წამითაც არ დაფიქრებულან, ისე უგზავნიდნენ იმავე ამერიკულ „პეტრიოტებს“ ისრაელის „ცახალს“...

2-pat-1751437695.png
„პეტრიოტი“ ერთადერთ საზენიტო საშუალებას წარმოადგენს უკრაინელი სამხედროებისთვის, რომ მოიგერიონ მათ ქალაქებზე დამიზნებული რუსული „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ აერობალისტიკური რაკეტები, მაგრამ თეთრი სახლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას პუტინის რაკეტებისგან დაუცველს ტოვებს...

„სტინგერის“ საზენიტო რაკეტების მიწოდების შეწყვეტაც რთულ მდგომარეობაში აღმოაჩენს უკრაინის დამცველებს, როგორც ფრონტის ხაზზე (მათ დაუცველს დატოვებს რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების, მათ შორის - „ალიგატორებისა“ და „მფრინავი ნიანგების“ შეტევებისგან), ისე - ზურგში, იმ მობილურ საზენიტო ჯგუფებს, რომლებიც სამი კმ-ის სიმაღლეზე მფრენ რუსულ „შაჰიდ/გერანებს“ მხოლოდ „სტინგერით“ თუ შეწვდებიან, რადგან ამ სიმაღლეზე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლი არაეფექტიანი ხდება...

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გააცოფა ალიევი პუტინმა - რაში გადაიზრდება რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება?!

ზელენსკი "გამოფხიზლდა?!" - რატომ არ ჰქონდა უკრაინას ყველაზე იაფი და ეფექტიანი იარაღი, რომლითაც პუტინის არმიას საზღვარს სრულად ჩაუკეტავდა

უკრაინას მორიგი F-16 ჩამოუგდეს, რუსეთს მორიგი Су-34-ები აუფეთქეს ...

შავი დღე რუსებისთვის: უკრაინული "მოჩვენებების" ტრიუმფი რუსულ "ტრიუმფებზე" - როგორ გაიმეორა უკრაინამ ისრაელის საჰაერო შეტევების ტაქტიკა

HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის GMLRS-ის მართვადმა რაკეტებმა ამ ომში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ყველაზე მეტი საბრძოლო დანაკარგი მიაყენეს, თავიანთი „წერტილოვანი“ დარტყმებით, პუტინის არმიას დღემდე ყველაზე მეტად მათი ეშინია და თუკი უკრაინის არმია ამ ამერიკული რაკეტების გარეშე დარჩება, ეს საუკეთესო საჩუქრად იქცევა რუსი აგრესორებისთვის...

3-shec-1751437695.png
155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები უკრაინელი არტილერისტებისთვის მთავარ საბრძოლო საშუალებას წარმოადგენს, პუტინის არმიასთან „საარტილერიო დუელებში“ პასუხის გასაცემად და მათი კატასტროფული ნაკლებობა უკრაინის ფრონტის ჩამოშლის საშიშროებას გაზრდის...

155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებზე ბევრი ლაპარაკი აღარც კი ღირს, რადგან სწორედ ის არის ძირითადი „სამუშაო მასალა“ ფრონტის ხაზზე და „ჭურვების შიმშილმა“ შეიძლება უკრაინის არმიას მასობრივი უკანდახევა აიძულოს, ფრონტის სხვადასხვა უბნებზე...

მაგრამ, იქნებ სწორედ ესეც არის ფარულად ჩადებული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაში, რომ უკრაინის არმიისთვის ამერიკული საბრძოლო მასალების მიწოდების სრული შეწყვეტითა და ფრონტის ჩამოშლის შიშით, აიძულოს ოფიციალური კიევი, უდიდეს დათმობაზე წავიდეს კრემლთან და პუტინთან კაპიტულაციური ზავი დაადებინოს?

სამაგიეროდ, პრეზიდენტი ტრამპი ხომ კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ომის "შემჩერებლის“ "ლავრს" მოიგებს და უფრო დიდ პრეტენზიას განაცხადებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე?

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ინაუგურაციიდან ნახევარი წლის განმავლობაში ერთი ახალი სამხედრო დახმარებაც კი არ გამოუყვია უკრაინისთვის და რაც წელს უკრაინაში აქამდე იგზავნებოდა, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში, Ukraine Security Assistance Initiative (USAI) პროგრამის ფარგლებში იყო შეკვეთილი, ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და ის არ გადიოდა უშუალოდ პენტაგონის საწყობებიდან, რომელთა დაცარიელების საფრთხე მოიშველია მიზეზად ტრამპის თავდაცვის მინისტრმა...