ლადო პაპავას პროგნოზი: როგორ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი ანუ ორნახევარპოლუსიანი სამყარო - რისთვის ემზადება ჩინეთი?!
მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო ძლიერდება კითხვა, თუ როგორი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება დღეს, რა ადგილი ექნებათ აქ დიდ მოთამაშეებს და განსაკუთრებით ჩინეთს, რომელსაც ამერიკაც კი მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ფაქტია, რაც იყო, იცვლება. როგორ წესრიგს ეყრება საფუძველი, იქნება თუ არა ჩინეთი გლობალურ პოლიტიკაში ახალი პოლუსი, თუ სულაც რამდენპოლუსიანი სამყაროს ფორმირებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
- დავიწყოთ იმით, რომ ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე აღარ იქნება. ერთპოლუსიანი მსოფლიო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კონფრონტაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ასეთი, დასრულდა. ამან შექმნა განცდა, რომ მსოფლიო არა მარტო ერთპოლუსიანია, არამედ დაპირისპირებაც აღარ არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, როდესაც სიტუაცია მსოფლიოში დრამატულად არის შეცვლილი, ცხადია, ერთპოლუსიანი სამყარო უკვე აღარ არის (და ვერც იქნება) და აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმეპოლუსიანი. თუმცა არასწორხაზოვნად მიმდინარეობს იმის ფორმირება, ვინ შეიძლება გახდეს პოლუსი და რამდენად იქნება ის პოლუსი. ამასთან, ამა თუ იმ ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს რომ ჰქონდეს ამბიცია და რეალური შესაძლებლობა, პოლუსი გახდეს, 3 პირობაა დასაკმაყოფილებელი. უწინარეს ყოვლისა, ამ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ამის საფუძველი კი არის საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, უმთავრესად საკუთარი სამხედრო მრეწველობის საფუძველზე და ქვეყნის ან ქვეყანათა გაერთიანების ეკონომიკური სიძლიერე.
დღევანდელ ვითარებას ამ კრიტერიუმებით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, პოლუსად რჩება ვაშინგტონი და გამორიცხულია, აშშ პოლუსად არ დარჩეს, მაგრამ უკვე გამოიკვეთა მეორე პოლუსიც და ეს არის პეკინი.
ასევე შეუძლებელია ჩინეთი არ იყოს პოლუსი, რადგან მას აქვს საკმაოდ წონადი საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც ეფუძნება იმას, რომ თვითონ არის შეიარაღების მწარმოებელი და თან დიდი მასშტაბით; იმავდროულად, საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა, რომელიც ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს და ეკონომიკურადაც საკმაოდ ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსყიდველუნარიანი პარიტეტის გათვლით აღემატება აშშ-ს, მიმდინარე ფასებით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს. ასე რომ, ორი პოლუსი უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: "როგორ გადაინაწილებენ მსოფლიოს ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი - ევროკავშირს არავინ არაფერს ჰკითხავს"
ჩინური "კროსვორდი" - რა სურს პუტინს სი ძინპინისგან და სად გადის ჩინეთის ლიდერის წითელი ხაზები?!
საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური „ჯახი“: ვის დარჩება კავკასია?!
რაც შეეხება მესამე პოლუსს, ვიტყოდი, რომ ის ჯერ სრულფასოვნად არ ჩანს, თუმცა იკვეთება ე.წ. ნახევარი პოლუსი და ეს იქნება რუსეთი, რადგან რუსეთის პოლუსად არსებობა დღეს აწყობს პეკინსაც და ვაშინგტონსაც. ვხედავთ, რომ ტრამპის ურთიერთობა პუტინთან, მიუხედავად დროდადრო კრიტიკული და აგრესიული წამოძახილებისა, მაინც მეგობრულია. პერიოდულად ტელეფონით მუსაიფობენ, რაღაცებზე თითქოს თანხმდებიან კიდეც. მართალია, საბოლოო შედეგი ჯერ არ მოუციათ, მაგრამ ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს, რომ მოსკოვი ჩამოაცილოს პეკინის ზეგავლენას და თავის პარტნიორად გაიხადოს. იმავდროულად, პეკინს აქვს რეალური ფაქტობრივი ზეგავლენა მოსკოვზე და არც დათმობს რუსეთს. შედეგად, რუსეთი ფორმალურად მესამე პოლუსი იქნება, თუმცა, ასე ვიტყოდი, რომ ვაშინგტონისა და პეკინისგან განსხვავებით, ეს იქნება ნახევარი პოლუსი. მართალია, რუსეთს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, მაგრამ ის მაინც არ არის თანამედროვე. იმავდროულად, რუსეთის პლუსად უნდა ჩაითვალოს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციების დაწესების შემდეგ სასწრაფოდ გადააწყო ეკონომიკა და სრულად გადაიყვანა სამხედრო მიმართულებაზე. ამავე დროს, მას აქვს ბირთვული იარაღი, რაც ხელს უწყობს, რომ იყოს პოლუსი, მაგრამ სრულყოფილი პოლუსი ვერ იქნება ძალიან სუსტი ეკონომიკური საფუძვლის გამო. აქედან გამომდინარე, დღეს გამოიკვეთა, რომ მსოფლიო უკვე ორნახევარპოლუსიანია და ეს პოლუსებია ვაშინგტონი, პეკინი და ნახევარი პოლუსი - მოსკოვი. არის თუ არა ეს ახალი მსოფლიო წესრიგის საბოლოო ვერსია, რა თქმა უნდა, ამაში არა ვარ დარწმუნებული. ბევრი რამ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ეს ორნახევარპოლუსიანი მსოფლიოა ყველაზე მეტად მოსალოდნელი.
- ევროპა? აქვს თუნდაც ევროკავშირს შესაძლებლობა, რომ პოლუსი დამოუკიდებლად გახდეს?
- ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ბრიუსელს დღეს ამის შესაძლებლობა არა აქვს, რადგანაც, ფაქტობრივად, არ გააჩნია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ის სრულად არის დამოკიდებული ამერიკაში წარმოებული იარაღის შესყიდვაზე. ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მის პოლიტიკურ ზეგავლენას ჰქონდეს რეალური შედეგები, არა აქვს, რადგან იარაღს თვითონ არ აწარმოებს. მართალია, ბრიუსელმა გადაწყვეტა 800 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა ევროკავშირის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოების დასაწყებად, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ამის გაკეთება მარტივი არ არის. დღესვე რომც მოიძებნოს ეს თანხა, შეუძლებელია იარაღის წარმოება მეყსეულად გახდეს შესაძლებელი, მით უმეტეს, თვით ამ თანხის მოძიებაც პრობლემურია. თანხა რომ გამონახოს, უნდა მოაკლოს სხვა პროექტებს, დღეს კი ევროკავშირს სოციალურად ძალიან უჭირს. ეს კი განაპირობა იმან, რომ ევროპული სახელმწიფოები გაივსო დევნილებით სხვადასხვა სახელმწიფოდან, ძირითადად, არაბული სახელმწიფოებიდან, სხვა აფრიკული ქვეყნებიდან და ა.შ. ასე რომ, ევროკავშირს, გარკვეული მიზეზების გამო, სოციალური საკითხებისთვის თანხების მოკლება შესაძლოა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს. ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია საზღვარგარეთ ყოფნამ, კერძოდ, გერმანიასა და იტალიაში. გერმანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში, სადაც კონფერენციაზე ვიყავი, ცენტრალურ უბნებშიც კი ავტომატებით შეიარაღებული პოლიციელები დადიოდნენ. ასეთი რამ ადრე გერმანიაში რომ ყოფილიყო, არ მახსოვს. იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ასევე მოვხვდი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, გამაოცა იმან, რომ ქალაქის ცენტრში არა მხოლოდ შეიარაღებული სამხედროები იდგნენ, არამედ ჯავშანტექნიკაც იყო გამოყვანილი. იქ ომი არ არის, მაგრამ საფრთხეები საკმაოდ მაღალია. სოციალური პაკეტის შემცირებით კი, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც შეიქმნება. ასე რომ,
ევროკავშირი როგორადაც არ უნდა ქუხდეს, ისეთ ძალას აღარ წარმოადგენს, რადგან საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ გააჩნია.
იმავდროულად, ევროკავშირს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო - და ეს განსაკუთრებით ეხება არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის, არამედ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსაც - ჩამოკიდებული გახდა რუსულ ენერგორესურსებზე. სანქციების გამო დასავლეთი იძულებული შეიქნა ამაზე უარი ეთქვა. რა თქმა უნდა, სანქციებში არის ხვრელები და ისინი მაინც იღებენ რუსულ ენერგორესურსებს, მაგრამ იმ მასშტაბით ვეღარ, და ეს აისახა იმაზე, რომ ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოს და მათ შორის გერმანიას, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივად, დღეს საკმაოდ უჭირს.