"საშინელება ტრიალებს ოჯახში... მამამისის მოტოციკლეტი წაიყვანა და.." - 15 წლის მოზარდის ტრაგედია
ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდის, მათე ლეთოდიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც გზიდან გადავარდა. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ცხოვრობდა. უმძიმესია ის ტკივილი, რასაც ახლა ახლობლები განიცდიან, მათ საუბარი უჭირთ.
" როგორც ვიცი, მათე მამის მოტოციკლეტს მართავდა და ამ დროს ისე დაშავდა, რომ ვეღარ გადაარჩინეს. სიტყვები არ მაქვს, საშინელება ტრიალებს მის ოჯახში. ერთხელ მივედი და ძალა არ მაქვს, კიდევ მივიდე. ძნელია რამე სანუგეშო უთხრა ოჯახს. უსაყვარლესი ბიჭი აღარ ჰყავთ. სულ მომღიმარი, სიცოცხლით სავსე დადიოდა. მამამისი ამ მოტოციკლით დადიოდა სამსახურში და ეტყობა წაიყვანა იმ დღეს მათემ. ბავშვმა მართვა იცოდა, მაგრამ ეტყობა დაატორმუზა და გადმოვარდა მოტოციკლიდან... არ ვიცი ამას როგორ უნდა შევეგუოთ. დიდი და პატარა ყველა ტირის", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ჩიხლაძეს, მაგრამ ისე განიცდის, რომ მომხდარზე საუბარი ვერ შეძლო. ის ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაუეა.
"შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი ჩვენო ვაჟკაცო, ჩვენო მათე! უნდა გეოცნება, გეღიმა, გესწავლა და გეცოცხლა ძალიან დიდხანს! დაუნდობელი და უსამართლოა დრო, რომელიც შენთვის საბედისწეროდ გაჩერდა! ჩვენს თვალწინ გაიზარდე ალალი, თბილი, შენი თვალების სითბო არასოდეს დამავიწყდება ჩემო ბიჭო! როგორ გვატკინე და დაგვწყვიტე გული შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, კლასელებს! ასე ნაადრევად რატომ გაგვიფრინდი, ასე ტრაგიკულად ჩვენო ბიჭო! დღეიდან კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატება ცას და ეს შენ იქნები მათე! მუდამ იქნები ჩვენს გულებში, ჩვენს ხსოვნაში! მშვიდად განისვენე ჩვენო ბიჭო, ნაადრევად ფრთებშეკვეცილო და სიცოცხლეზე გულდაწყვეტილო", - წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ლია ჩიხლაძე.
ასევე სამძიმრის წერილი დადო თავად სკოლამ.
"ივანდიდის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები, მშობლები იუწყება, რომ ტრაგიკულად დაგვეღუპა ჩვენი ღიმილის ბიჭი, მეათეკლასის მოსწავლე მათე ლეთოდიანი. სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს და ამ გაუსაძლის მწუხარებაში თანაუგრძნობს ჭირისუფალთ. ამ გვერდზე შენი სასახელო საქმეებისა და წარმატებების შესახებ უნდა გვეწერა ჩვენო ბიჭო და არა გამოსათხოვარი, გვენანები, დაგტირით, თითოეულ შენს მოქმედებასა თუ ღიმილს ვიხსენებთ, თვალებით დაგეძებთ! ნათელი შენს ლამაზ სულს მათე! არასოდეს დაგვავიწყდები", - წერია სკოლის გვერდზე.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს.