რევოლუცია მოდის?! სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა?! - უსაფრთხოების ექსპერტის სკანდალური პროგნოზი: "ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენა - კვირის პალიტრა

რევოლუცია მოდის?! სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა?! - უსაფრთხოების ექსპერტის სკანდალური პროგნოზი: "ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენარებზე და რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ..."

"ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენარებზე და რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ გამორიცხული არაფერია" - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

ცნობისთვის, ორიოდე დღის წინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა ნიკა გვარამიამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე ასეთი რამ დაწერა, - „მოდის, რევოლუცია მოდის“, - ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს - ოლიგარქია უნდა დაემხოს!“. ამასთანავე, რევოლუციური სცენარების განვითარებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და ამბობს: „რე­ა­ლუ­რი შე­ტე­ვი­თი, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ, სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი უნდა გავ­ცეთ ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას და ამა­თი დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლია! კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ერ­თობ­ლი­ვი, სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა თა­ვი­სი თავ­დაც­ვი­თი, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბით! - ამ შემ­თხვე­ვა­ში უპი­რო­ბოდ გა­ვარ­ღვევთ“.

უფრო ვრცლად რევოლუციური სცენარების განვითარების შესაძლებლობასა და მოსალოდნელ შედეგებზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- განცხადებები, რომლებიც თითქოს სიგნალს უგზავნის საზოგადოებას, ცვლილებების გარდაუვალობაზე, შესაძლებელია, უფრო მეტად ემსახურებოდეს ოპოზიციური სპექტრის შიდამობილიზაციას, ვიდრე - კონკრეტულ გეგმაზე მიუთითებდეს. ოპოზიციის არა ერთი ლიდერი დღეს აღარ აღიქმება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ წონად პოლიტიკურ ფიგურად, რაც თავადაც იციან. ამიტომ მათთვის რადიკალური რიტორიკა ხშირად პიარტექნოლოგიური ხრიკია - საუბარი „რევოლუციაზე“ შესაძლოა, ემსახურებოდეს მათი მხარდამჭერების მობილიზებას და ახალი დღის წესრიგის ფორმირებას.

თუმცა სხვა რეალობაც არსებობს - რევოლუციური სცენარების აპრობირება გარეფაქტორების გავლენით. საკმარისია, თვალი გადავავლოთ იმ მაგალითებს, რაც ბოლო წლებში ვიხილეთ სერბეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში ან უფრო ადრე, საქართველოში - 1990-იანების დასაწყისში და 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე. საერთო ნიშანია: პროტესტის საზოგადოებრივი მუხტი და გარემხარდაჭერა, რაც ხელისუფლების მერყეობისას გარდამტეხ ძალად იქცევა.

- ანალიტიკოსები ამბობთ, რომ საქართველოში გარემხარდაჭერის გარეშე, რევოლუციური სცენარი ძნელად წარმოსადგენია. ახლა, როცა დასავლეთს - განსაკუთრებით ვაშინგტონსა და ბრიუსელს - შეუძლია, ქმედითი ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, მკაცრი ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციებითაც, რისთვისაც ქუჩის გამოსვლები ან ძალადობრივი გზები აუცილებელი არ არის, ვინ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლით?

- საქართველოს გეოპოლიტიკურ გარემოში მუდმივად იკვეთება ინტერესთა გადაკვეთა, რაც ამგვარ სცენარებს არცთუ იშვიათად აქცევს რეალურ საფრთხედ. ამას გარდა, აქსიომაა: როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი და ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღია კონფლიქტში იმყოფება, ეს დაპირისპირება ადრე თუ გვიან გადადის გარეძალების ხელში. ჩვენ თვალწინ არა ერთხელ გამხდარა ეს მოვლენები რეალობად. ყველაზე ცნობილი და კატასტროფული მაგალითია ოქტომბრის დიდი რევოლუცია - რომ არა გერმანიის გენშტაბის ჩარევა და მფარველობა, რევოლუცია იმ ფორმით, როგორც ისტორიიდან გვახსოვს, უბრალოდ, არ მოხდებოდა. ეს შორეული ისტორიაა, მაგრამ მსგავსი პრეცედენტების ჩამონათვალი დიდია.

1990-იან წლებში საქართველოში გარედან ჩარევა აშკარა იყო და იგივე მეორდებოდა 2000-იანების დასაწყისშიც, როცა სხვადასხვა მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე პროცესებში ღიად თუ ფარულად მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყანაში პროტესტი დაიწყო, ჩემი პირველი და მთავარი გზავნილი იყო - მხარეებს შორის კომპრომისი აუცილებელია. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოწოდება. ესაა პოზიცია ადამიანის, რომელსაც საკუთარი გამოცდილება აქვს მსგავსი დაპირისპირებების, ხედავს იმ ნგრევას, რასაც მსგავსი კონფლიქტები მოსდევს.

ჩვენმა საზოგადოებამ ჯერაც ვერ დაძლია 90-იანი წლების და ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვებული ზიზღი და ფსიქოლოგიური ტრავმები.

ეს დაპირისპირება საზოგადოებაში ღრმა განხეთქილებას იწვევს და, რაც მთავარია, ეს ტოქსიკური ფონი წლობით რჩება საზოგადოების ქვეცნობიერში.

დღეს, რაც უნდა იყოს შედეგი - მოხდება თუ არა რევოლუცია - ფაქტია: მიმდინარე პროცესები უკვე ძალიან მძიმე დარტყმაა ადამიანების ფსიქიკისა და ეროვნული ერთობისთვის.

გამოცდილი თვალი ადვილად ამჩნევს, როგორ მოძრაობს ფინანსური რესურსი, როგორ იგეგმება და მიმდინარეობს შესაბამისი ინსტრუქტაჟები, როგორ შენდება დრამატურგია - და რაც მთავარია, ეს სცენარი სხვადასხვა ქვეყანაში იდენტურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ხალხი ამას ხშირად ვერ ამჩნევს, რადგან შიდაემოცია ახშობს კრიტიკულ ანალიზს.

- შეიძლება ხედავენ კიდეც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ განათლებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები და პოლიტიკური ლიდერების მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელისუფლება დემოკრატიისთვის საფრთხედ აღიქმება, თანახმა არიან, რომ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიერ დაგეგმილ თამაშში მიიღონ მონაწილეობა.

- რასაკვირველია, დღეს ციხეში მხოლოდ დამნაშავეები არ სხედან, რასაკვირველია, ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი გამოწვევაა.

გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა:

ნებისმიერი ასეთი სცენარი, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნისთვის, აუცილებლად დამღუპველ შედეგებამდე მიჰყვება.

როცა ქვეყანაში ზიზღის ასეთი მაღალი დონეა, დაპირისპირება მწვავდება, ეს ცეცხლი ადრე თუ გვიან ყველას დაწვავს და ასეთ ვითარებაში იმაზე ფიქრი, ვინ რას ფიქრობს, ვის რისი ეშინია, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ნახეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო - აზერბაიჯანსა და სომხეთში. გგონიათ, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები შემთხვევითია? ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკურ გემოვნებებზე აგებული დაძაბულობა ან ტერიტორიული პრობლემები. არა, უბრალოდ ყველაფერი კეთდება ისე, რომ ეს ქვეყნები რუსეთს შეეჯახონ. ხელოვნურად იქმნება კრიზისები, ხელოვნურად იცვლება დღის წესრიგი და ემოციური ტონალობა. სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოშიც პროცესები სინქრონულად მიმდინარეობს. ეს არ არის დამთხვევა. ეს არ არის სტიქიური ცვლადები. ეს არის სცენარი, რომელიც არა ერთხელ გვაქვს ნანახი სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე.

...და როცა ამას ხედავ, არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება.

მთელ რეგიონშია დაპირისპირება, ეს მხოლოდ შიდაპროცესი აღარ არის.

- მაშინ დავაკონკრეტოთ, ვის ინტერესებშია დღეს რეგიონში დაპირისპირება?

- ნახევარი ფურცელიც არ მეყოფა ჩამოსათვლელად - რეგიონში მოქმედი ყველა მსხვილი მოთამაშე, გარკვეულწილად, დაინტერესებულია რეგიონში ქაოსის შექმნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთიც. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, სწორედ ის დგას.

- რუსეთს რატომ უნდა აძლევდეს ხელს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაპირისპირება?

- სომხურ ეკლესიასა და ფაშინიანს შორის დაპირისპირებაში პირდაპირ, ცალსახად იკითხება რუსული კვალი.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულობა კი ერთდროულად აწყობს როგორც დასავლეთს, ისე - სამხრეთ რეგიონში აქტიურ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთსაც. რუსეთს სურს დაბრუნება სამხრეთ კავკასიაში, თავისი ძველი მასშტაბით, თურქეთს კი ეს აშკარად არ სურს. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. სინამდვილეში, ყველა დიდ ძალას უნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის ზონა ჰქონდეს. ეს ახალი ამბავი არ არის, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე წუთებიდანვე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სამივე ქვეყანას ერთმანეთისგან განსხვავებული გეოპოლიტიკური ორიენტაცია ჰქონოდა - სომხეთი რუსეთზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, აზერბაიჯანი - თურქეთზე, საქართველო კი - დასავლეთზე. ეს პროცესი ხელოვნურად იყო ხელშეწყობილი, ისევე, როგორც ხელოვნურად მწვავდებოდა კონფლიქტი ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალში. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყარაბაღის კონფლიქტმა ხასიათი შეიცვალა, მაგრამ ახლა დიდი მოთამაშეები კონფიგურაციის იმდაგვარად გადათამაშებას ცდილობენ, რომ რეგიონში თითოეული მათგანის გავლენა არ შემცირდეს და ბალანსი არ დაირღვეს.

ამ სურათს ემატება ახალი მოთამაშეების გამოჩენაც, მაგალითად - ჩინეთი. პარალელურად კი, რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. შედეგად, ვიღებთ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება.

დიდი მოთამაშეები ფიქრობენ, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალის ფორპოსტი უნდა იყოს, მიტოვებულ სივრცედ არ უნდა დარჩეს, ოღონდ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მათი ინტერესია საქართველოს ტერიტორია, მისი გეოგრაფია, არა - სახელმწიფოებრიობა. ეს აქსიომაა.

აი, ამ პირობებში - ამდენი ინტერესის, დაპირისპირების და ძალისმიერი ვექტორების ფონზე, ჩვენ, ქართველებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო შევინარჩუნოთ. ეს კი შეუძლებელია, თუ შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა და სახელმწიფო მყიფეა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)