"ბიძინასთვის ეს სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაულია, შეპყრობილია ამ თემით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება იურისტ ნიკა სიმონიშვილის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ “მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირს ეკრძალება თვის განმავლობაში დაახლოებით 520 ლარზე (საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა) მეტი სარგებლის მიღება ნებისმიერი ფორმით და ვინც ამ დანაშაულებში მსჯავრდადებულს რაიმე ფორმით ფინანსურად დაეხმარება, მათ შორის, ოჯახის წევრები ან ნათესავები, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...“
“გუშინ ქალბატონი ლანა მყავდა ღოღობერიძე სტუმრად გადაცემაში, რომელიც მიყვებოდა როგორ არავის ჰქონდა უფლება დახმარებოდა მის ოჯახს, რადგან ასე გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ. მაშინ წესი იყო, კომუნისტები თუ გსჯიდნენ, ვერ გეხმარებოდა ოჯახის წევრიც კი", - წერს ჟორჟოლიანი.“პირველ ქართველ ქალ რეჟისორს, ნუცა ღოღობერიძეს, საკუთარი ნათარგმნებით თავი რომ ერჩინა, საჭირო იყო გმირობა მისი მეგობრების მხრიდან.
მიუხედავად იმისა რომ სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა, გერონტი ქიქოძე მაინც ახერხებდა ნუცას თარგმანებზე საკუთარი სახელის და გვარის მიწერას და ჰონორარის მეგობართან მიტანას.
წელს, ამ საუკუნეში, როცა სამყარო მარსზე ფიქრობს შვებულების გატარებას, “ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იგივე კანონი მიიღო. თუ დაგდებენ ფინანსურ ბრალს, რაც ბიძინასთვის სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაულია, შეპყრობილია ამ თემით, სულ ჰგონია რომ ჰპარავენ, ოჯახის წევრებსაც კი აეკრძალებათ თქვენი დახმარება. უფრო მეტიც, ვერ გათხოვებენ მანქანას და ვერ დაგითმობენ სახლს. კანონით, სახელმწიფო ორივეს ჩამოართმევს.
გარდა იმისა რომ გერონტი ქიქოძეები ყველა დროში არსებობენ, ამ კანონით ქართული ოცნების გაცილებით უფრო მეტი წარმომადგენელი გასამართლდება, ვიდრე ოპოზიციის.
ჯერ ბიძინა მოგუდავს ბევრს. შემდეგ ახალი ხელისუფლება.
ამიტომ, კოლექტიურო წილოსანებო, თქვენს ადგილას უბრალოდ ვიგლოვებდი ახლა,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.