ვინ იყო სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი რუსი პოლკოვნიკი, რომელიც უკრაინელების ბრიტანულ რაკეტას ემსხვერპლა? "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგაც რუსეთის ფლოტს ბევრი სირცხვილი აჭამეს - უკრაინა რუს გენერლებზე მიზანმიმართულად "ნადირობას" განაგრძობს
უკრაინა ისრაელის სტილში რუს გენერლებზე "ნადირობას" განაგრძობს - ლიკვიდირებული არიან მაღალჩინოსანი ოკუპანტები...
ირანზე მასობრივი საჰაერო შეტევის დაწყებისას, პირველი წერტილოვანი დარტყმა განხორციელდა იმ ბუნკერზე, სადაც თავმოყრილი იყო ირანის სამხედრო ელიტა, გენშტაბის უფროსის ჩათვლით - ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროების ლიკვიდაციამ ამ, 12-დღიანი საჰაერო ომის დაწყების პირველივე წუთებში, სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის თავდაცვისუნარიანობას, როგორც ჯარების ოპერატიულად მართვის სახით, ისე - წმინდა მორალურად. ირანის მოსახლეობის თვალში - ომის დაწყებისთანავე, ოცამდე გენერალს მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით რომ გინადგურებს, საქმე ცუდადაა...

დაახლოებით, ასეთივე სცენარი განმეორდა ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის ომშიც, როდესაც გავრცელდა ცნობები რუსეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი და, ამასთან, ცნობილი სამხედროების ლიკვიდაციის შესახებ, უკრაინული ფრთოსანი რაკეტების წერტილოვანი დარტყმების შედეგად...
30 ივნისის საღამოს, ოკუპირებული დონეცკის იმ შენობას, რომელშიც რუსეთის მე-8 საერთო საჯარისო არმიის შტაბი იყო განთავსებული, ზუსტად მოხვდა უკრაინელების მიერ გაშვებული ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, დაიღუპა ამ არმიის სარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, პოლკოვნიკი რუსლან გორიაჩკინი...

სავარაუდოდ იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ნაკლებად ცნობილმა ინტერნეტ-რესურსმა და მიუთითა, რომ რუსლან გორიაჩკინი სოხუმში დაბადებული და გაზრდილი იყო.
ცოტა უცნაურად მოჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ დონის შენაერთს, რასაც საერთო საჯარისო არმია წარმოადგენს, თუნდაც დროებით, პოლკოვნიკი მეთაურობდეს მაშინ, როდესაც ამ საშტატო თანამდებობის „ჭერი“ გენერალი-პოლკოვნიკია, თუმცა ომის დროს ყველაფერი ხდება...
მეორე სერიოზულ დანაკარგზე რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში 2 ივლისს, ასევე რუსული ინტერნეტ-რესურსები იტყობინებიან -რუსეთის კურსკის ოლქის კორენოვოში უკრაინული მხრიდან ოთხი ზუსტი დაბომბვის შედეგად, ლიკვიდირებული იქნა, არც მეტი და არც ნაკლები... რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი, რომელიც ბრიგადის მართვის პუნქტში იმყოფებოდა სხვა რუს ოფიცრებთან ერთად.

ეს სწორედ ის გუდკოვია, რომელიც მეთაურობდა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას უკრაინაზე თავდასხმის დღიდან. სწორედ ამ ბრიგადის საზღვაო ქვეითები არიან დადანაშაულებულები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტაში, ხოლო თავად გუდკოვი შოიგუსა და პუტინის მიერ დაჯილდოებული და წახალისებული იქნა, ხოლო 2025 წლის მარტიდან დაინიშნა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილედ, სანაპირო დაცვისა და საზღვაო ქვეითების ბრიგადების კურირების მიმართულებით.
2 ივლისს, ასევე, რუსულ სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ანექსირებულ ყირიმში შეძლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილისა და, ამასთანავე, ფლოტის შტაბის უფროსის ვიცეადმირალის - ილდარ ახმეროვის ლიკვიდაცია...

როგორც ხედავთ, ამ სამივე შემთხვევაში, ოფიციალური დადასტურება რუსეთის ხელისუფლებიდან იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ ასეთი მაღალი ჩინისა და თანამდებობის მქონე რუსი ოფიცრები, არ არის და შეიძლება უახლოეს მომავალში არც იყოს, მაგრამ როგორც იტყვიან, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო...
თუკი სამივე, ეს რუსი მაღალჩონოსანი სამხედრო მართლაც ლიკვიდირებულია, ასეთ მოკლე პერიოდში, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მათზე მიზანმიმართულ „ნადირობას“ აწარმოებდნენ და ამ სტილში გააგრძელებენ სხვა ცნობილი რუსი სამხედრო და - არა მარტო სამხედრო, ოკუპანტების წერტილოვან განადგურებას...