როდემდე გასტანს უამინდობა და რისი ბრალია საგრძნობლად ცივი ზაფხული - პროგნოზი და გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
გუშინ გვიან საღამოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. თითქმის ყველა რეგიონში წვიმს, დაბალია ჰაერის ტემპერატურა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა 6 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე გასტანს."აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საქართველოში ბოლო დღეებში დაფიქსირებული შედარებით დაბალი ტემპერატურა ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასების ბრალია. ევროპის ცხელ ამინდებთან საქართველოს ამინდის კონტრასტზე განმარტება ორი დღის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამარ პაპაშვილმა გააკეთა.
"ივნისის თვეში ევროპა მოიცვა თბურმა ტალღამ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე დამყარდა სტაბილური მაღალი წნევის არე, მაღალი ტემპერატურული ფონით, როგორც მიწისპირზე, ასევე ატმოსფეროს ზედა ფენებში. ასეთ შემთხვევაში საუბარია ე.წ. "თბურ თაღზე“, რომელთანაც დაკავშირებულია ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები. საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და იტალიაში +44, +46 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ექსტრემალური სიცხეები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურას.