"ბავშვს მაინც შეხედეო - ტარიელს ეხვეწებიან... რისკია, კომაში ჩავარდეს, ვერსად იპოვა სამართალი და მზად არის, თავი გაწიროს" - რას წერენ მოშიმშილე მაღაროელზე
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.
დღეს შეუძლოდ გახდა მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს. მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს.ირკვევა, რომ მიქაცაძე 2 დღეა წყალსაც არ იღებს. მის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სალომე სიმონია:
"ბავშვს მაინც შეხედეო - ტარიელს ეხვეწებიან მეგობრები, რომ როგორმე ექიმის დახმარების მიღებაზე დაითანხმონ. ტარიელი მე-15 დღეა შიმშილობს, აქედან 2 დღეა წყალსაც არ იღებს. დღეს ცუდად გახდა, მაგრამ მაინც ყველანაირ დახმარებაზე უარს ამბობს. ექიმმა შაქრის მაჩვენებელი 21 აქვს, დიდი რისკია კომაში ჩავარდეს, ძალიან სახიფათოა მისი მდგომარეობაო.
ტარიელი ჯარისკაცი იყო და სამშობლოსთვის თავის გაწირვისთვისაც ჰქონდა მზაობა. მერე მაღაროელი გახდა, ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვდა და მეგობრები დაუჭირეს. იმდენად უმნიშვნელო, უღირებულებო აღმოჩნდა სამშობლოსთვის ტარიელი, იმდენად ვერსად იპოვა სამართალი, მზად არის ბავშვსაც არ შეხედოს და ახლა დაჭერილი მეგობრებისთვის გაწიროს თავი" - ვკითხულობთ პოსტში.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე