"250-წლიანი მეგობრობა" და ღრმა ისტორიული ფესვები? - "პუტინი მოუყვა ტრამპს, თუ რა წვლილი შეიტანა რუსეთმა აშშ-ის შექმნაში" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"250-წლიანი მეგობრობა" და ღრმა ისტორიული ფესვები? - "პუტინი მოუყვა ტრამპს, თუ რა წვლილი შეიტანა რუსეთმა აშშ-ის შექმნაში" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"ვიდრე რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს არ მიაღწევს, მოსკოვი უკან არ დაიხევს"

საერთაშორისო მასმედია აქტიურად ავრცელებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 3 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსს და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების თემატიკაზე, რომლებიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს.

გთავაზობთ ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: „პუტინი მოუყვა ტრამპს, თუ რა წვლილი შეიტანა რუსეთმა აშშ-ის შექმნაში“ (ავტორი - ენდრიუ ბანკომბი).

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ამერიკელ კოლეგას უამბო, თუ რა განსაზღვრული პოზიტიური როლი შეასრულა რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

ისარგებლა რა იმით, რომ მათი სატელეფონო საუბარი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ზეიმის წინ მიმდინარეობდა, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას ეროვნული დღესასწაული მიულოცა, რომელიც ყოველწლიურად, 4 ივლისს აღინიშნება.

ისტორია: რით დაეხმარა რუსეთი ამერიკას

რუსეთის სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პრეზიდენტების საუბრის გაშუქებისას, აქცენტს აკეთებენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის - იური უშაკოვის კომენტარზე, რომლის თანახმად, „დონალდ ტრამპთან საუბრის დროს, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 250 წლის წინათ, როცა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე აშშ-ის სახელმწიფოებრიობა იქმნებოდა და - იმის შემდეგაც, აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს, რუსეთმა პოზიტიური როლი შეასრულა... ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან არა მარტო ალიანსით, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, არამედ, უფრო ღრმა ისტორიული ფესვებით“.

არავინ იცის, როგორი რეაგირება მოახდინა დონალდ ტრამპმა, როცა ვლადიმერ პუტინმა მას რუსეთ-აშშ-ის ისტორიული კავშირები შეახსენა, თუმცა ცნობილია ზოგიერთი ისტორიკოსის (მაგალითად, პოლ ბერინგერის) თვალსაზრისი, რომლებიც რუსი და ამერიკელი ხალხის შორეულ ისტორიულ მეგობრობაზე წერდნენ.

„XIX საუკუნეში, როცა აშშ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე თავის ტერიტორიას აფართოებდა, ხოლო რუსეთი ალასკას ფლობდა, ვაშინგტონი ოფიციალურად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და ყირიმის ომში არ ერეოდა, თუმცა რუსეთის მდგომარეობა ამერიკის საზოგადოებაში თანაგრძნობასა და მხარდაჭერას იწვევდა.

აშშ-ის ტერიტორიაზე, 1861-65 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, რუსეთი მხარს უჭერდა ჩრდილოეთის [ინდუსტრიულ] შტატებს სამხრეთის [მონათმფლობელურ] შტატებთან ბრძოლაში, ხოლო 1867 წელს რუსეთი დათანხმდა ალასკის აშშ-ისთვის მიყიდვას, 7,2 მილიონ დოლარად“.

პუტინი „უკან არ დაიხევს“

სატელეფონო საუბარი გაიმართა იმ მიზნით, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივა განეხილათ, რომელიც უკვე სამ წელზე მეტხანს მიმდინარეობს. როგორც იური უშაკოვის განცხადებიდან ჩანს, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს არ მიაღწევს, მოსკოვი უკან არ დაიხევს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მიაღწევს თავის დასახულ მიზნებს ანუ აღმოფხვრის ყველასათვის ცნობილ იმ პირველ მიზეზებს, რომლებმაც საქმე კონფლიქტამდე მიიყვანეს“, - განმარტა პრეზიდენტის თანაშემწემ.

უფრო ადრე ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, თავისი ქმედების გამართლების მიზნით - იგი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ კიევი ნატოში შესვლას აპირებდაო, თუმცა ეს საკმაოდ საეჭვო გამართლება იყო.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებდა, რომ შეძლებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ.

მაგრამ ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, არ სურს არც საომარი ოპერაციების შეწყვეტა და არც მოლაპარაკება, სამშვიდობო გეგმის თაობაზე.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ აღარ მიაწვდის უკრაინას ზოგიერთი სახის იარაღსა და სამხედრო ტექნიკას. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-ში იარაღის მარაგი შემოწმდა და ნათელი გახდა, რომ ქვეყნის იარაღის რეზერვები კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა.

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონალდ ტრამპს პარასკევს ტელეფონით დაელაპარაკება.

ტრამპი „უკმაყოფილოა“

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის კომენტირება დააგვიანა, თუმცა დონალდ ტრამპის ნათქვამმა, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ჟურნალისტების წინაშე ყველაფერს ნათელი მოჰფინა: მისი თქმით, რუს ლიდერთან საუბრის დროს მან „ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია“ და აქედან გამომდინარე, იგი „კმაყოფილი არ არის“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ