"ვისაც ისინი არა აქვს, დაზვერვა ძვირადღირებულ და სახიფათო პოლიტიკურ "სათამაშოს" ან თავის მოტყუებას ემსგავსება"
იაკობ გოგებაშვილი წერდა: „ყველა ჯანმრთელ ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხებაო.“ სახელმწიფოც ასეა: თუ მას „ჯანმრთელობა“ სურს, აუცილებლად სჭირდება ჯანსაღი „გრძნობის ორგანოები“ – სპეცსამსახურები: საგარეო დაზვერვა; სამხედრო დაზვერვა; სამეცნიერო–ტექნიკური დაზვერვა და კონტრდაზვერვა.
დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის შესახებ უნდა ვისაუბროთ. სამხედრო დაზვერვის ძირითადი ფუნქციებია:
1. სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის მოპოვება;
2. ინფორმაციის პირველადი დამუშავება და ანალიზი;
3. კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისათვის.
ინფორმაციის მოპოვება ხდება ძირითადად აგენტურული, ტექნიკური შეღწევის და “ღია” (სამხედრო ატაშეების მიერ) მეთოდებით.
სამხედრო დაზვერვის (ისევე, როგორც დაზვერვის სხვა სპეციფიკური სახეების) ეფექტიანობას ფინანსური და საკადრო რესურსები განსაზღვრავენ: ვისაც ისინი არა აქვს, მაშინ დაზვერვა ძვირადღირებულ და სახიფათო პოლიტიკურ “სათამაშოს” ან თავის მოტყუებას ემსგავსება.
1918-1921 წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი, იმ პერიოდში სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მიხედვით, გენერალური შტაბის სტრუქტურაში უნდა ყოფილიყო. ამ საკითხის გასარკვევად აუცილებელი გახდა იმ პერიოდის ოფიციალური დოკუმენტების და მემუარული ლიტერატურის დაწვრილებითი ანალიზი. საკამათო არ უნდა იყოს, რომ მემუარულ ლიტერატურას ყოველთვის ეტყობა სუბიექტურობის დამღა. ამიტომაც უმთავრესი მაინც ოფიციალური დოკუმენტებია. პირველი რესპუბლიკის ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ გენერალური შტაბის განყოფილება ექვსი სექციისგან შედგებოდა:
1. საოპერაციო; 2. საორგანიზაციო; 3. საარტილერიო; 4. საინჟინრო-სატექნიკო; 5. სამხედრო-საზღვაო; 6. სამხედრო-საისტორიო არქივის.
პირველი, “საოპერაციო სექციის” ძირითადი ფუნქციები იყო: ჯარის შედგენა და ორგანიზაცია; მობილიზაცია; დაცვა ტერიტორიისა და სარკინიგზო საქმე; დაზვერვა; კავშირის საქმე; ჯარის გაწვრთნა და აღლუმი; საზღვრის დაცვა. როგორც ვხედავთ საქართველოს სამხედრო სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში “დაზვერვა” მესამე რიგის ამოცანებში იყო მიყუჟული. საბეითლო საქმეს განყოფილების სტატუსი ჰქონდა, დაზვერვას კი ქვესექციისა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ როგორ ყურადღებასაც სამხედრო დაზვერვას უთმობდნენ, შედეგიც ანალოგიური იყო.
საქართველოში რეგულარული ჯარის რეორგანიზაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს იხსენებს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი “სამხედრო კომისია” (რომელსაც აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა), არა მარტო საკანონმდებლო საკითხებით ყოფილა დაკავებული, არამედ ოფიცრებსაც კი თავად ნიშნავდა.
ნოე ჟორდანია მოგონებებში წერს: “ამ კომისიამ თანდათან მიითვისა სამხედრო სამინისტროს, მთელი მთავრობის უფლებები და ჭრიდა და კერავდა სრულიად ჩვენ დაუკითხავად. მე წერილი მივწერე პროტესტით და ვუჩვენე მისი უფლებების საზღვარი, რაიცა დარჩა უნაყოფოდ”. ცალკე სამხედრო სამინისტრო, ცალკე “სახალხო გვარდია” და “განსაკუთრებული რაზმი”, ცალკე “სამხედრო კომისია” – წარმოიდგინეთ რა ქაოსი იქნებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოგონებებში “სახალხო გვარდიის” საქებარ სიტყვებს არ იშურებს, ეროვნული სპეცსამსახურების შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე კი, სიტყვასაც არ ძრავს. ერთადერთია გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელმაც საქართველოს სამხედრო დაზვერვის არსებობა დაადასტურა და მისი მოქმედებების მცირე შეფასება დაგვიტოვა. გენერალი კვინიტაძე იხსენებს: “მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გენერალურ შტაბს მუშაობის არანაირი პირობები არ გააჩნდა. რიხიანი სახელწოდების მიუხედავად, თავის პირდაპირ დანიშნულებას იშვიათად ასრულებდა... დაზვერვისთვის გამოყოფილი თანხები მცირე იყო, არაფერს არ ჰყოფნიდა და ამიტომ ეს საქმეც პრიმიტიულად კეთდებოდა”.
უნდა ითქვას, რომ თითქმის 600 გვერდიან მემუარებში (რომელიც პირველად პარიზში გამოქვეყნდა 1985 წელს რუსულ ენაზე, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ითარგმნა ქართულად და გამოიცა თბილისში) სამხედრო დაზვერვის მხოლოდ ერთი აბზაცით მოხსენიება დიდი ვერაფერი ნუგეშია
გენერალი გიორგი კვინიტაძე
საქართველოს ეროვნული გმირმა, გენერალმა გ. კვინიტაძემ თითქმის ასი წელი იცოცხლა და ძალზე საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ პოლკოვნიკ კვინიტაძეს თბილისში, შვებულებაში მყოფს მოუსწრო. საინტერესო ფაქტია: იმ დროს გენერალმა ქართული ენა არ იცოდა. მისივე სიტყვებით ქართული წერა-კითხვა კახეთში ცოლის ძმასთან, თავად მაყაშვილთან სამთვიანი სტუმრობის შემდეგ ისწავლა. უეჭველია ამ საქმეში მადლიანი კახური ღვინოც დაეხმარებოდა. თბილისში კი, თედო სახოკია ამეცადინებდა სალაპარაკო ენის შესასწავლად. გენერალი ფიქრობდა, რომ მენშევიკების ხელისუფლებამ ძალზე ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა (როგორც საგარეო-პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით) და ორაზროვნად მიანიშნებდა: “გამაოგნებელი და გაუგებარია ჩვენი მთავრობის საქციელი, როგორ შეიძლება, სახელმწიფოს მართავდე და ასეთი შეცდომები მოგდიოდეს? თუმცა ვინ იცის, ვითომ შეცდომები იყო?”.
ნ. ჟორდანიას საამაყო “სახალხო გვარდიას” კვინიტაძე “ანომალიურ შეიარაღებულ ორგანიზაციას” უწოდებდა. მენშევიკების სამხედრო აღმშენებლობის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას გენერალი კვინიტაძე ამგვარი შტრიხითაც აფერადებს: თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სამხედრო სამინისტროებს პროფესიონალი სამხედრო პირები, როგორც წესი გენერლები ხელმძღვანელობდნენ, “ჩვენი მთავრობა სამხედრო მინისტრად ნიშნავდა ხან სახალხო მასწავლებელს, ხან საერო მოღვაწეს, ხან ექიმს, ოღონდ მეთაური სოციალ-დემოკრატი ყოფილიყო”. გენერალი მკაცრად აკრიტიკებდა “სახალხო გვარდიას”: “გვარდიის, როგორც სამხედრო ორგანიზაციის შექმნა, იყო უმთავრესი თუ არა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა. ბრძოლის ველზე გვარდია ან უარს ამბობდა ომზე, ან იქაურობას ტოვებდა, მაშინაც კი თუ ბრძოლას ვიგებდით. ასე მოხდა 1918 წელს – სომხურ-ქართული ომის დროს, 1919 წლის ახალციხის ლაშქრობაში, 1920 წელს პირველ ომში, ბოლშევიკების წინააღმდეგ – ხაშურის ბრძოლაში, როცა ჩვენი წარმატებული შეტევის მიუხედავად, გვარდია თვითნებურად აიყარა ბრძოლის ველიდან . . გვარდია პრივილეგირებული ორგანიზაციიდან სწრაფად გადაიქცა პრეტორიანულ ორგანიზაციად, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებდა . . . . მორიგ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად თავისი ნაწილები რომ დაეთანხმებინა, გვარდიის შტაბი იძულებული სხვადასხვა ხერხისთვის მიემართა, მაგალითად ოპერაციის დასრულების შემდეგ შინ გაშვებას ჰპირდებოდა”.
ამავე დროს კვინიტაძე გვარდიის გარკვეულ დამსახურებასაც არ უარყოფს, ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის და ბოლშევიკებთან ბრძოლის კუთხით. “სახალხო გვარდიის” შესახებ კანონპროექტის განხილვისას ჟორდანია და კვინიტაძე ცხარედ შეკამათდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ფეხზე წამომხტარა და კვინიტაძისთვის მიუხლია: ”მე ვაცხადებ, რომ შეუძლებელია სამხედრო სამინისტროს სათავეში იყო გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი პიროვნებაო”. ერთი კვირის შემდეგ კვინიტაძე გაათავისუფლეს პოსტიდან. “გვარდიის” იმ ფორმით არსებობა მხოლოდ კვინიტაძის გაღიზიანებას არ იწვევდა. “სახალხო გვარდიის” ერთ-ერთი დაუღალავი კრიტიკოსი, გენერალი მაზნიაშვილი მოგონებებში წერს: “გვარდია შესდგებოდა დეზერტირი ჯარისკაცებისგან, რომლებიც მსახურობდნენ დღეს ერთ ლეგიონში, ხვალ მეორეში, ზეგ მესამეში. სამი-ოთხი ლეგიონიდან გატაცებული ჰქონდათ სამხედრო ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სხვა მასალა, და თავი, რომ გადაერჩინათ სასჯელისგან, ეწერებოდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (ეს ხომ მეტად ადვილი საქმე იყო!) და შემდეგ გადადიოდნენ სახალხო გვარდიაში”. შემდეგ კი ასკვნის: “რისთვის და ვისთვის იყო საჭირო ეს გვარდია, რაკი ის ვერ გამოდგებოდა გარეშე მტერთან ბრძოლაში? ვფიქრობ მენშევიკებს ამოქმედებდა ამ საკითხში ერთგვარი აზრი: ჯარი საჭიროა გარეშე მტერთან ბრძოლისთვის, ხოლო ჯართან საბრძოლველად (ვინ იცის რა შემთხვევა იყვეს!”) საჭიროა სახალხო გვარდია”. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომლის მემუარები უკვე საბჭოთა პერიოდში იწერებოდა და პირველად 1926 წელს გამოქვეყნდა, გასაგები მიზეზების გამო ამ თემაზე უფრო მინიშნებით წერს.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
საქართველოს სამხედრო დაზვერვას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გენერალი იოსებ გედევანიშვილი (1872-1939 წწ.) და გენერალი როსტომ მუსხელიშვილი (1889-1923 წწ.). თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას: სხვადასხვა მიზეზების გამო მათ თავი ვერ გაართვეს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას. სამხედრო დაზვერვის სისუსტეზე მრავალი ფაქტი მეტყველებს.
გენერალი იოსებ გედევანიშვილი
1918 წლის დეკემბერში, საქართველო-სომხეთის ომის პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ სამხედრო სამინისტროს სტრუქტურაში “დაზვერვა” უფრო ფორმალურად არსებობდა. გენერალური შტაბის განყოფილება არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ. ამ ომში გენერალი კვინიტაძე, გენერალ მაზნიაშვილის დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ და ლოგიკურად სადაზვერვო დანაყოფები მის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყვნენ. ქართველი გენერლებს: კვინიტაძეს, მაზნიაშვილს, ოდიშელიძეს და სხვ. უშუალოდ ბრძოლების დროს უხდებოდათ სადაზვერვო რაზმების ფორმირება მტრის პოზიციების შესასწავლად. თუმცა ბრძოლის კონკრეტულ უბანზე მოწინააღმდეგის ჯარების ადგილსამყოფლის დაზუსტება, ერთიანი კოორდინაციის გარეშე, საერთო სურათს ვერ ქმნიდა. რაც შეეხება გენერალური შტაბის სადაზვერვო დანაყოფს, ის სავარაუდოდ სათანადოდ ვერ ეხმარებოდა ბრძოლის ველზე მყოფ გენერლებს.
გენერალი როსტომ მუსხელიშვილი
1921 წლის 12 თებერვალს ღამით ბოლშევიკები სადახლოს რაიონში დაბანაკებულ ქართულ ჯარს მოულოდნელად დაესხნენ თავს. რამდენიმე საათის მანძილზე გენერალურ შტაბს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ თავდასხმის შედეგების შესახებ. დაზუსტებით ისიც კი არ იცოდნენ, რუსები დაესხნენ თუ სომხები. სამხედრო დაზვერვა ფაქტობრივად, რომ არ არსებობდა ეს ქართველი გენერლების მემუარებიდანაც კარგად ჩანს. ამის შესახებ გენერალი მაზნიაშვილი იხსენებს: “დაზვერვის საქმე ჩვენში იმდენად ცუდად იყო დაყენებული, რომ მთავარსარდალმა (მაშინ გენერალი ილია ოდიშელიძე იყო საქართველოს ჯარის მთავარსარდალი, რომელიც მალევე გენერალმა კვინიტაძემ შეცვალა – ბა.) გულწრფელად დაიჯერა, რომ მართლა მხოლოდ სომხების ურდოები დაგვესხა თავს”.
1921 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არ იცოდა ზუსტად სად იმყოფებოდა მტერი და რომელი მიმართულებით აპირებდა შეტევის გაგრძელებას. კვლავ გენერალ მაზნიაშვილს მოვუსმინოთ: “არმიის შტაბი ტფილისში იმყოფებოდა; მისი მოქმედებიდან უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება: ომის დაწყების პირველი დღეებიდან ტფილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს აწვდიდა. ვგონებ, რომ არმიის შტაბს, რომელსაც უნდა ჰქონდეს დამზვერავი აპარატი, უნდა ჰქონდეს ცნობები მოწინააღმდეგის ძალებისა, მათი მოძრაობის შესახებ და სხვა, და ამ ცნობებს, უნდა აწვდიდეს მებრძოლი რაიონების უფროსებს. ასე ხდება ჩვეულებრივ, მაგრამ არმიის შტაბს ან არ ჰქონდათ ყველა ეს საჭირო ცნობები, ან თავს არ იტკივებდა, გადაეცა ისინი პოზიციებზე”.
საქართველოს მთავარსარდლობის და გენერალური შტაბის არაპროფესიონალიზმზე ერთი საინტერესო ფაქტიც მეტყველებს: მთავარსარდალმა, გენერალმა ოდიშელიძემ (რომელსაც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ალმაცერად უყურებდა) 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში თურქეთის (ანგორის სახელმწიფოს) სამხედრო წარმომადგენელს ყაზიმ-ბეის და მის ადიუტანტს, ნება დართო გენერალური შტაბის შიფრ-აპარატით ესარგებლა და სააპარატო ოთახიდან თურქულ ენაზე დაშიფრული დეპეშები გეაგზავნა თავის ხელისუფლებასთან. ყაზიმ-ბეი მოსკოვსაც ხშირად უკავშირდებოდა. ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა კვინიტაძემ თურქებს მოსთხოვა ერთ საათში დაეტოვებინათ შენობა. გენერალი კვინიტაძე ვარაუდობს, რომ 18 –19 თებერვლის ღამეს, დაზვერვის გარეშე ბოლშევიკების თბილისზე თავდასხმა, “ყაზიმ-ბეი-ანგორის” ხაზის მეშვეობით მოსკოვისთვის მიწოდებული ცნობების გამო მოხდა. ამის შესახებ გენერალი მაზნიაშვილიც წერს: “ყაზიმ-ბეიმ იცოდა ჩვენი მოქმედებების საიდუმლოებანი გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენ ვიცოდით”. ერთ–ერთ თათბირზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია თურმე გამუდმებით იმეორებდა: უტყუარი ცნობები გვაქვს “ბოლშევიკები” წითელი ხიდიდან შემოგვიტევენო. საქართველოს მთავრობას მე-11 არმიის თავდასხმის კონკრეტული გეგმაც კი ჩაუვარდა ხელში, თუმცა ქვეყანა თავდაცვითი ბრძოლებისთვის მაინც ვერ მოამზადა.
(პირველი ნაწილის დასასრული)