"ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, განჭვრეტადი იყო - გასაჩივრების პროცედურები უნდა გავიაროთ, რომ შემდეგ დავა ევროპულ სასამართლოში გავაგრძელოთ"
ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება - გასაჩივრების პროცედურები უნდა გავიაროთ, რომ შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ,- ამის შესახებ პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა“.
„ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება, ან მის კანონიერებას ვეთანხმებით. აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ, გვაქვს თუ არა მოლოდინები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ",- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდათ.
„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოლოდინი გვქონდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. სასამართლომ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო აფასებს, ბრალდებულის ქმედებას, მის წარსულში ჩადენილ ქმედებებს, მის კანონისადმი დამოკიდებულებას და ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ სასჯელის კონკრეტულ სახეს არ ვითხოვდით, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს ვითხოვდით",- განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
IPN