"მიზანი ოლიმპიური ჩემპიონატია, ამ მწვერვალზე პატარა გამარჯვებებით უნდა ავიდე" - კვირის პალიტრა

"მიზანი ოლიმპიური ჩემპიონატია, ამ მწვერვალზე პატარა გამარჯვებებით უნდა ავიდე"

მიშო ბახბახაშვილს ყველაზე სანახაობრივი სტილის მქონე ძიუდოსიტს უწოდებენ, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ორ შეხვედრაში იასპარეზა, ორივე ტოპ ქვეყნებთან (იაპონია, სამხრეთ კორეა) და ორივე ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო.

- მიშო, ამ დიდ წარმატებას გილოცავთ! როგორია ცხოვრება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით?

- დიდი მადლობა! ამ გამარჯვებამ ყველას უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. პიროვნულად უფრო მეტი გამბედაობა, თავდაჯერებულობა მომემატა, პროფესიული თვალსაზრისით - პასუხისმგებლობა. გუნდის თითოეულ წევრს ვალდებულებები დაგვემატა - რადგან ჩემპიონები გავხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდუნების უფლება გვაქვს. თითოეულმა საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, სტატუსის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მოგება. მომავალში უფრო დიდი წარმატებები უნდა გვქონდეს!

- ამის მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად გააჩინეთ. ადამიანები, რომლებიც ძიუდოში ერკვევიან, თქვენს ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე გასვლას ითხოვენ.

- ინდივიდუალურზე რომ ვერ მოვხვდი, ჩემი ბრალია, ყაზახეთის გრანდ სლემზე ფინალში რომ გავსულიყავი, დიდი იყო ალბათობა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურშიც მეჭიდავა, მაგრამ ნახევარფინალში დავმარცხდი. ვთვლი, რომ ეს ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო. ვეცდები, ჩემი გულშემატკივრების იმედები გავამართლო.

- თქვენი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერენ, ისეთი ბიჭია, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრისო.

- (იცინის) ძალიან სასიამოვნოა.

- თქვენი სიძლიერე ტატამზე რა არის?

- ვფიქრობ, სტილიდან გამომდინარე, ჩემთან ჭიდაობა უჭირთ. გარდა იმისა, რომ ფიზიკური ძალა მაქვს, განსხვავებულ ილეთებსაც ვაკეთებ, ხშირად - კონკურენტისთვის მოულოდნელს და კლასიკური ძიუდოსთვის ცოტათი არაშესაფერისს.

- ეს სტილი როგორ ჩამოაყალიბეთ?

- ჩემი მწვრთნელი მამაა 5 წლის ასაკიდან. ტურნირები რაც კი ტარდებოდა, არ ვტოვებდი, სულ ვჭიდაობდი. დროთა განმავლობაში გამომიმუშავდა ის სტილი, რაც ახლა მაქვს.

- ამ სპორტში თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- მამის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა. ჩემი ძმაც მოჭიდავეა, პატარები რომ ვიყავით, ტურნირებს გვაყურებინებდა, ინტერესი კი გაგვიჩინა, თუმცა თავად მამას ნაკლებად ჰქონდა სურვილი, ამ სპორტში სერიოზულად ჩავრთულიყავით. ძალიან რომ შევაწუხეთ, ვარჯიშებზე წაგვიყვანა, არ ვაცდენდით, ეს საქმე ორივეს მოგვწონდა. 20 წელია ძიუდოისტი ვარ.

- რას ნიშნავს ძიუდო თქვენთვის? ამ სპორტში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ?

- წესრიგი მომწონს, ის საინტერესო წესები, რომელიც ამ სპორტშია.

- მაგალითად?

- დისციპლინის სპორტია, ტატამზე რომ გამოდიხარ, თავს ხრი, ასპარეზობის შემდეგ თავის დახრა, მოწინააღმდეგის მიმართ გამოხატული პატივისცემაა. ძიუდოში წესებს ვერ გადაუხვევ, ვერ შეეწინააღმდეგები, შინაგანად დისციპლინა თუ არ გაქვს, დიდ სპორტში ვერ მოხვდები, ბევრ დათმობასაც მოითხოვს.

- რომელი ასპარეზობა იყო თქვენთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი?

- ასეთი არაერთი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის წარმომადგენელთან ასპარეზობას გამოვყოფ. ეს შეხვედრა უდიდესი პასუხისმგებლობაც იყო, რადგან იაპონიის ნაკრებთან ჩვენი გუნდის წევრების მოგებამ, ისტორიული შედეგი მოგვიტანა. ძიუდოში იაპონელების 7-წლიანი ჰეგემონია დავასრულეთ. ადრე, გუნდურში გოგონები და ბიჭები ერთად არ გამოვდიოდით. 5-კაციანი ცალ-ცალკე გუნდები კომპლექტდებოდა. 2017 წელს, ეს წესი შეიცვალა და ამავე წელს, ისტორიაში პირველად, კადეტებში კი დავამარცხეთ იაპონიის ნაკრები, მაგრამ უფროსებში 7 წელი ზედიზედ იაპონელები იგებდნენ.

- იაპონელ ძიუდოისტთან მოგების შემდეგ, ტატამიდან რომ გახვედით, იმ წუთებში რა ემოცია გქონდა?

- ძალიან კი მიხაროდა, მაგრამ ეს სიხარულიც გაელვებასავით იყო, რადგან გუნდურში ხდებოდა ასპარეზობა. როცა შენ ტოვებ ტატამს, იმ წუთიდან გერთვება ფიქრი, ღელვა, როგორ იჭიდავებს შენი გუნდელი, რომელიც ტატამზე უნდა შევიდეს? ზუსტად იმ მომენტში, პირადად მე, საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობდი, გულში მხოლოდ გამარჯვების სიხარული არ მქონდა.

- თქვენ სამბოშიც გახვედით მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ სპორტში როგორ აღმოჩნდით?

- დიახ, 2016 წელი იყო, მაშინ ძიუდოში ოფიციალური ტურნირი არ უწევდა და სამბოს ჩემპიონატზე გავედი, საქართველოს ჩემპიონი გავხდი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გავედი, სადაც ფინალი წავაგე. სამბო ჩემი არ არის, აღარ ვიჭიდავებ, ძიუდოს ვერც შევადარებ.

- წაგებული ბრძოლის შემდეგ, მოტივაციას რა გმატებთ?

- მაგ დროს საუბარი მიჭირს ხოლმე, რთული პერიოდია, რამდენიმე დღით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ვამჯობინებ. ამ დროს მომხდარს ვაანალიზებ. ჩემი აზრით, პრობლემაც და მომავლის გზაც საკუთარ თავში უნდა ეძიო. დრო რომ გადის, მერე თითქოს ყველაფერი ლაგდება. მარტო დარჩენილი შენს თავს ეუბნები, რომ გაჩერების უფლება არ გაქვს. 20 წელი ამ სპორტში ვარ, წაგების შემდეგ რომ გავჩერებულიყავი, წლების შრომა ხომ წყალში ჩაიყრებოდა. ამიტომ სანამ შემეძლება და უფლისგან ძალა მექნება, ვიჭიდავებ, ფარ-ხმალს არ დავყრი.

- ისეთი დიდი შეჯიბრებების დროს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად რა გაძლიერებთ?

- ამ შემთხვევაში მე მხოლოდ გუნდურში საასპარეზოდ ვიყავი წასული. როდესაც იაზრებ, რომ შენ უკან დგანან თანაგუნდელები, შენი ოჯახი, შენი ქვეყანა, ეს უდიდეს ძალას გმატებს. პირადი ასპარეზობის დროს, ისე არ ვღელავ, როგორც გუნდურის დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გაასმაგებული პასუხისმგებლობა ფსიქოლოგიურ სიძლიერეს მმატებს.

- საკუთარ ასპარეზობას ყოველთვის უყურებთ?

- დიახ, ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებ. პროფესიული ზრდისთვის საჭიროა. ის, რაც არ მომწონს, ვცდილობ, შემდეგისთვის გამოვასწორო. წაგებული შეხვედრების ყურება რთული სანახავია, მაგრამ საჭიროა მომავლისთვის.

- ამ ინტერვიუს წინ ვარჯიში გქონდათ. ისევ ინტენსიურად ვარჯიშობთ?

- დღეში მინიმუმ 1 საათს მაინც ვვარჯიშობ, არ მინდა, ფორმა დავკარგო, ხან ფეხბურთსაც ვთამაშობ. ახლა უფრო აქტიური დასვენების პერიოდი მაქვს, ერთ თვეში სრული დატვირთვით ვარჯიშს დავიწყებ, სექტემბრიდან გრანდ სლემი იწყება და ამ ტურნირებს ფორმაში უნდა შევხვდე.

- როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

- ო, რა რთული რამ მკითხეთ. წინა წელს მხარზე ოპერაცია გავიკეთე, 1 წელი სჭირდება აღდგენას, მაგრამ 6 თვეში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. შრომისმოყვარე ვარ, მიზანდასახულიც. მეგობრული, მხიარული, იუმორის ნაკლებობასაც არ ვუჩივი.

- მგონია, რომ ემოციებს ნაკლებად გამოხატავთ?

- შეჯიბრებებზე როცა ვარ, მანდ მიყვარს თავის გაკონტროლება, გამარჯვების შემდეგ ვცდილობ, რაღაც ისეთი არ გავაკეთო, მეორე დღეს საკუთარი თავის ნახვის შემრცხვეს (იცინის). ყოველდღიურ ცხოვრებაში ემოციების გამოხატვა არ მიჭირს.

- განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ნადირობა, თევზაობა, ბუნებასთან სიახლოვე მიყვარს.

- შეყვარებული ხართ?

- არა.

- როგორი უნდა იყოს გოგო, რომ დაგაინტერესოთ?

- ყველანაირ ურთიერთობაში მთავარი ნდობის ფაქტორია. როდესაც ადამიანს ენდობი, მასთან ურთიერთობას მარტივად აწყობ.

- როგორი ხართ ტატამზე?

- არის მომენტი, როცა ტატამზე ხვდები ადამიანს, რომელთანაც მეგობრობ, მაგრამ ტატამზე მეგობრული ვერ ვიქნები. ჩემი მოწინააღმდეგე ვინც არ უნდა იყოს, აღვიქვამ, როგორც კონკურენტს. მეგობრობა ტატამს მიღმა ვიცი. ეს თვისება თუ არ გაქვს, ვერც იჭიდავებ. იქ წასაგებად არავინ შედის.

- ტატამზე საკუთარ ძმას შეხვედრიხართ?

- კი, გვიჭიდავია, გამოვსულვართ და ძმობა გაგვიგრძელებია. ასეთ ახლობელთან ჭიდაობა სახალისოც არის.

- ახალგაზრდების დაინტერესების მხრივ, როგორც ჩემპიონი პასუხისმგებლობას რამდენად გრძნობთ?

- პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვგრძნობ, ვცდილობ, ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა მათთვის მოტივაცია იყოს. არავინ იფიქროს, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და აღარ ვარჯიშობს ისე, როგორც აქამდე ვარჯიშობდაო. პირიქით, მინდა უფრო დიდი დატვირთვით ვივარჯიშო. ჩემთვისაც მოტივაციაა.

- ახალბედა ძიუდოისტებს რას ურჩევთ?

- ძიუდო ისეთი სპორტია თავის გადადება სჭირდება, ცდუნებებს არ უნდა აჰყვე. შეიძლება 2-3 დღე გაგიცდეს, მაგრამ თავად იგრძნობ, ეს გაცდენა რამდენად უკან დაგხევს და დიდი ძალისხმევა დაგჭირდება, დანაკლისი რომ აინაზღაურო. მუდმივი ჩართულობა სჭირდება. ახალგაზრდებს ვურჩევ, ამ საქმეს თუ აირჩევენ, ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, რაღაცებზე უარი თქვან, აუცილებლად დაუფასდებათ და მერე საკუთარი თავის უფრო მადლობლები იქნებიან.

- ახლო მომავალში რა გეგმა გაქვს?

- სექტემბრიდან გრანდ სლემი იწყება, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი და ამისთვის მოვემზადები. ჩემი სამომავლო მიზანი ოლიმპიური ჩემპიონატია, ბავშვობიდან ამას ვოცნებობ, მანამდე ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი.

- ეს მთავარი აზარტია?

- დიახ, ამ მწვერვალზე პატარა გამარჯვებებით უნდა ავიდე.

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)