მართლაც შესაძლებელია რუსი სამხედროების შეტევა სომხეთიდან აზერბაიჯანზე, თუ ეს უკრაინული სვლაა აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირების გასაღრმავებლად?
ორიოდე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ერთი საინტერესო და ამასთან უცნაური განცხადება გააკეთა...
თუ რატომ საინტერესო, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ, უცნაური კი იმიტომ,რომ აგრესორ რუსეთთან ამხელა ომში ჩართული გენერალ კირილ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვა იცლის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე შიდა პროცესებისთვის...
მაინც ასეთი რა განაცხადეს უკრაინელმა სამხედრო მზვერავებმა?
„აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მოსკოვი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.
რუსეთმა დააჩქარა გიუმრიში (სომხეთი) საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით.
პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებიდან აგროვებენ რუსეთიდან, რომლებიც სამსახურს გადიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ამას გარდა, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დამონებული ერების წარმომადგენლებიდან - კერძოდ, სამხრეთ ოსეთიდან და ადიღედან…
უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყურადღებით თვალის დევნებას რუსული ჯარების გადაადგილებისთვის, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,” - ნათქვამია განცხადებაში.
ის,რომ სომხეთის გიუმრიში ჯერ კიდევ რუსეთის მეფის პერიოდიდან იდგა რუსული ჯარის გარნიზონი, ცნობილი ფაქტია, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში აქ დისლოცირებული იყო მე-7 საერთო საჯარისო არმიის 127-ე მოტომსროლელი დივიზიის შენაერთები და დანაყოფები, რომელთა ადგილზეც 1994 წელს ჩამოყალიბდა რუსეთის ფედერაციის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა,რომელსაც ასევე დაემორჩილა ერევან-იუჟნის სამხედრო აეროდრომზე განთავსებული რუსული საავიაციო ნაწილიც.
მას შემდეგ გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა ჯერ ელცინის და შემდეგ პუტინის რეჟიმის ძირითად დასაყრდენი გახლდათ სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2006-2007 წლებში საქართველომ მოახერხა და ბათუმიდან, ახალქალაქიდან და ვაზიანიდან მოსკოვს თავისი სამხედრო ბაზები გააყვანინა, თუმცა ეს პერიოდი ერთი წელი თუ გაგრძელდა,რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთი კვლავ დაბრუნდა ქართულ მიწაზე საოკუპაციო სამხედრო ბაზების სახით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
„სომხეთში რუსული ჯარების განლაგება - ეს კრემლის კომპლექსური სტრატეგიის ელემენტია, რომელიც უსაფრთხოების გლობალური ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი კავკასიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ მზადდებოდა“ - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში და მიანიშნებენ იმაზე, რომ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებით კრემლი შეეცდება აზერბაიჯანზე იერიშის მიტანას სომხეთის ტერიტორიიდანაც, თუკი მოსკოვსა და ბაქოს შორის დაწყებული დღევანდელი დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადავა...
ერთი შეხედვით ამის შესაძლებლობა არსებობს, იმის გათვალისწინებით თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც სწორედ ამ გიუმრის სამხედრო ბაზიდან გამოყვანილი ორმოცდაათ ერთეულზე მეტი რუსული ჯავშანტექნიკა მიყენებული იყო სომხეთ-საქართველოს საზღვართან და ელოდა ბრძანებას საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ მიმართულებიდან შემოსაჭრელად და თბილისზე შემოსატევად, რასაც სომხეთის მაშინდელი ხელისუფლება წინ ნამდვილად არ აღუდგებოდა,რადგან პუტინის მოკავშირეები გახლდნენ.
დღეს,როდესაც სომხეთის სათავეში პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის გუნდია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ოფიციალურმა ერევანმა ამის ნება მისცეს მის ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, კანონიერად მყოფ რუს სამხედროებს.
ოფიციალური ერევანი უკვე აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მესამე ძალის მხრიდან, სომხეთის ტერიტორიიდან მეზობელ ქვეყნებზე აგრესიას,რითაც ფაქტობრივად პასუხობს უკრაინელ სამხედრო მზვერავებს, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან აზერბაიჯანის მიმართულებით რაიმე სახის ექსცესებს ადგილი არ ექნება...
არადა,ხუთი წლის წინ, იმავე ფაშინიანის ხელისუფლებას დიდი იმედი ჰქონდა, რომ სწორედ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა მიეხმარებოდა სომხურ მხარეს ყარაბაღის მეორე ომში,რომელიც სომხებმა საბოლოოდ წააგეს და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა.
სხვათა შორის, არც აზერბაიჯანში სჯერათ სომხეთის ტერიტორიიდან პუტინის არმიის მათ ქვეყანაზე შეტევის, რადგან ამით ბაქოს საუკეთესო საბაბი გაუჩნდება გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის ძალის გამოყენების გაჭრის პერსპექტივით, ნახიჩევანთან შეერთებისა და თურქეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარებით,რაც სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდეს დარტყმად იქცეოდა, რასაც ასე უფრთხის ფაშინიანი გუნდი, რომელიც ქვეყნის მომავლის ვექტორს მოსკოვიდან ბრიუსელისკენ გადატანას ასე წვალებით ცდილობს...
თუკი არცერთ მხარეს არ სჯერა რუსი სამხედროების სომხეთიდან აზერბაიჯანზე შეტევის შესაძლებლობისა,მაშინ რა ინტერესი ჰქონდათ გენერალ ბუდანოვის უკრაინელ სამხედრო მზვერავებს ამ განცხადების გავრცელებით?
რუსეთ-უკრაინის ასე გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში ორივე მხარე ეძებს ახალ მოკავშირეებს.
კრემლმა შეძლო თავის გვერდით ჯერ ირანის, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ღიად ამოყენება, ჩინეთი კი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს,მაგრამ ის უფრო რუსეთს თანაუგრძნობს,ვიდრე დასავლეთის მხარდაჭერილ უკრაინას.
უკრაინას კი ეხმარება ევროპა და ეხმარებოდა ამერიკა(ტრამპის ამერიკა საბოლოოდ როგორ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს დღეს თავად იმპულსურმა ტრამპმაც კი არ იცის), მაგრამ კიევს ასევე სურს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდანაც მიიღოს ასეთი მხარდაჭერა.
საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა, რაშიც თავისი წვლილი შეცდომები მიუძღვის უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას-რუსეთისგან ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო ვერანაირად ვერ გამოიჩენდა უფრო მეტ აქტიურობას უკრაინის დასახმარებლად, გარდა ჰუმანიტარულისა და ამასთან რატომ უნდა გახარებოდათ თბილისში, როდესაც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, სწორედ უკრაინის სპეცსამსახურები ფარულად აგზავნიდნენ ყოფილ პრეზიდენტს,ოღონდ უკვე საქართველოს არამოქალაქე სააკაშვილს?
ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხებული და რუსეთის არდახმარების გამო კრემლზე გულაყრილი სომხეთიც ვერ წავიდა ბოლომდე მოსკოვის წინააღმდეგ,თუმცა ფაშინიანმა რამდენიმე მეგობრული ჟესტი გააკეთა უკრაინის მიმართ(თუნდაც თავის მეუღლის კიევში სტუმრობით), რითაც რუსული პროპაგანდის ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, რომელმაც სხვათა შორის, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წინადღეს კრემლში პუტინთან ხელი მოაწერა აზერბაიჯან-რუსეთის დიდ ხელშეკრულებას, არ მორიდებია ზელენსკისთან ურთიერთობის გაგრძელებას და ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნას-აზერბაიჯანული „სოკარის“ საწვავგასამართ სადგურებზე უკრაინაში ბენზინსა და დიზელს უფასოდ უსხამდნენ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანებს.
ყოველივე ამის ფონზე უკრაინის სამხედრო დაზვერვას სავარაუდოდ ჰქონდა მცდელობა, რომ ამ განცხადებით მოეგო მოსკოვთან დაპირისპირებული ბაქოს გული და შეეცადა აზერბაიჯანი გადაიყვანოს უკრაინის ღია მხარდამჭერ ქვეყანათა რიგში, რასაც პერსპექტივაში აზერბაიჯანიდან უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნაც კი შეიძლება მოჰყვეს...