„საქართველოში საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადება არარეალურია...“
გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა "დაადასტურონ", რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება, რის შემდეგაც მიიღებენ. "ვთავაზობ ყველა მსჯავრდადებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდადებულების შეწყალების თაობაზე", - წერს მიხეილ ყაველაშვილი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში. ყაველაშვილი აცხადებს, რომ "მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს... ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს", - წერს ის. მის შეთავაზებაზე ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელთა ლიდერებიც ე.წ. წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო ციხეში გაუშვეს, უარი თქვა. ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის ის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. "ყველას კარგად ესმის, რომ ამ რედაქციით შეწყალების გაგზავნა და სიტყვის მიცემა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებო, სუიციდის ტოლფასია. თითქოს კეთილ ნებას გამოხატავს, სინამდვილეში ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების გზაზე ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ, რათა 4 ოქტომბერს ჩატარდეს მშვიდი არჩევნები, რეალური კონკურენციის გარეშე, რათა დამკვიდრდეს ე.წ. სუვერენული დემოკრატია, რეალურად კი ავტორიტარიზმი", - განაცხადა მან. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ჩემი შეფასებით, ეს არის ერთგვარი ცდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ქმედებები "გაათეთროს". მიხვდნენ, რომ ძალიან მიქარეს პოლიტიკოსების ციხეში ჩასმით. შეეძლოთ მათთვის ამ ბლეფად ქცეული კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა დაეკისრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ახლა ცდილობენ ეს როგორმე გამოასწორონ. მაგრამ ისე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დიდი სისულელეს სჩადიან - ამ ვითომ პრეზიდენტის შეთავაზება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეწყალება, როგორც წესი, უპირობოდ ხდება. განცხადებას, მე როგორც მინდა ისე თუ მოიქცევით, შეგიწყალებთო, გარიგებისა და შანტაჟის ნიშნებიც კი აქვს.
უკვე არაერთი პრეზიდენტი გვყავდა: შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, ყველა მათგანი გამოსცემდა შეწყალების აქტებს, სადმე გინახავთ, რომ პატიმრებს უყენებდა რომელიმე პირობას? ყაველაშვილმა კი, რა პრეზიდენტიც არის, იმგვარი შეწყალება შესთავაზა. თურმე უნდა სთხოვონ და თან პირობა დადონ, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, არ ვიცი, რა ჰქვია ამას, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. ამით სცადეს დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა... ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს პოლიტიკოსების ციხეში გაშვება კი არ სურდათ, არამედ იძულებულები შეიქნენ, რადგან კანონი ავალდებულებდათ, და ახლა იჩენენ ამ კეთილ ნებას, რომელზეც ოპოზიცია უარს ამბობს. თუ ჰგონიათ, ამას ვინმე დაუჯერებთ, ძალიან ცდებიან. არავითარი რეალური სურვილი იმისა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არა აქვთ... იმავდროულად, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში ჩააგდონ შუღლის მარცვალი. იქნება ვიღაც წამოეგოს ამათ შეთავაზებას და დათანხმდეს, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთ დაპირისპირებას გამოიწვევს. კარგია, რომ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა.
- თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი ოპოზიციაში კვლავ რჩება განხეთქილების ვაშლად, გახარიას პარტიის შემდეგ, უკვე "ლელომაც" განაცხადა, რომ გეგმავს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას... ამას ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც ბოიკოტს აპირებს, მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
- ჩემი აზრით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დამორჩილების გარეშე სრულიად უშედეგო მგონია. დაუმორჩილებლობის გამოცხადება კი საქართველოს პირობებში განუხორციელებელია. ამგვარი პროცესი მინახავს საფრანგეთში და ამისთვის საჭიროა ძლიერი პროფკავშირების არსებობა ქვეყანაში.
ხომ გამოცხადდა საქართველოში გაფიცვა, მაგრამ რა გამოვიდა ამისგან? თითქმის არაფერი. არც ერთი საჯარო სტრუქტურა არ გაჩერებულა, არც ტრანსპორტი, არც საკვანძოდ მნიშვნელოვანი წარმოება... მით უფრო ბოიკოტს აზრი ეკარგება, თუ ოპოზიციის ნაწილი წავა არჩევნებზე, ნაწილი კი - არა.
გია ხუხაშვილმა თქვა, არჩევნებში მონაწილეობა არაგველების გმირობის ტოლფასი შეიძლება იყოსო, ისინი ხომ მარცხისთვის განწირულ ომს შეეწირნენ, თუმცა პირადად მე სულაც არა მგონია, რომ ბრძოლა ყველგან შეიძლება წინასწარ იყოს წაგებული. მაგალითად, თბილისში. თუ "ლელო" და გახარია მოახერხებენ და შეთანხმდებიან ერთიან და სწორად შერჩეულ კანდიდატზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, კალაძე იქნება თუ ვინმე სხვა ხელისუფლებიდან, დამარცხდება. ვფიქრობ, კანდიდატი უნდა იყოს თბილისში დაბადებული და გაზრდილი; არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული; უნდა იყოს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, მათ შორის პატიოსნებითაც... ჩემი აზრით, ამგვარი კანდიდატის პოვნა რთული სულაც არ იქნება. ასეთი ერთიანი კანდიდატებით ბრძოლა შეიძლება სხვა დიდ ქალაქებშიც, სადაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს რეიტინგიც და არჩევნების გაყალბებაც.
რომ ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას ნიშნავსო, ჩემი აზრით, ასე სულაც არ არის. პირიქით, თუ მონაწილეობას მიიღებენ, ცხადია, ხელისუფლებას გამარჯვებისთვის დიდი გაყალბება დასჭირდება, რაც უკვე ადგილებზეც მის სრულ არალეგიტიმურობას წარმოაჩენს. სალაპარაკოც გაცილებით მეტი ექნება ოპოზიციას. სხვა შემთხვევაში, "ქართული ოცნება" მაინც მოახერხებს, რომ საკუთარ სატელიტებს, ვითომ ოპოზიციას მიაღებინოს მონაწილეობა და თავისი გამარჯვება ლეგიტიმურად წარმოადგინოს. მოკლედ, ჩემი აზრით, გახარიას პარტიისა და "ლელოს" გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას.
- მოგეხსენებათ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა საშუალება დისტანციურად მიეღო მონაწილეობა სხდომაში და ეპასუხა ე.წ. ჩორჩანის საქმეზე დასმული შეკითხვებისთვის... რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ პროცესმა?
- ამ სხდომის შემდეგ უფრო ცხადად გამოჩნდა, რამდენად აბსურდულია ის ბრალდება, რასაც გახარიას უყენებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. რას გვიმტკიცებენ? ადამიანი შს მინისტრი იყო, რა დროსაც თურმე ჩაიდინა დანაშაული, რის მერეც ადგნენ და ეს "დამნაშავე" პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. ასეთი აბსურდი გსმენიათ სადმე? ვერავინ დამაჯერებს, რომ გახარიამ ამ საგუშაგოს ჩადგმა ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილისგან ხელდასხმის გარეშე, სუს-ის უფროსის, თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისგან მალულად გადაწყვიტა. სხვათა შორის მახსოვს, ამ გადაწყვეტილებისთვის თავის დროზე როგორ აქებდა გახარიას გომელაური, ახლა რომ აცხადებს, რომ თურმე არაფერი იცოდა. რაებს ბოდავენ! აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას და ყველა, მთელი მოსახლეობა, იდიოტები ვგონივართ. არ არის, ბატონებო, ასე... ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ახლა მაია ცქიტიშვილის გარდა ვერავინ ბედავს ამის თქმას, რადგან ეშინიათ.
ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარაფერი გამიკვირდება, მათ ქმედებებში ლოგიკა არ ჩანს. არ გამოვრიცხავ, რომ გახარია ამ სასაცილო ბრალდებით ციხეშიც ჩასვან. ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჯობს ჯერჯერობით საქართველოში არ დაბრუნდეს.
- ხელისუფლება ცდილობს ყველა მიმართულება, საიდანაც კი მცირე დისკომფორტს გრძნობს, საკანონმდებლო დონეზე შეზღუდოს. ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს იღებენ, ისეთ შეზღუდვებს აწესებენ თუნდაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო... მეტიც, ექსპერტები ზოგიერთ საკანონმდებლო რეგულაციას საბჭოთა დროის ყველაზე მძიმე წლების გადმონაშთს ამსგავსებენ. მაგალითად, საქართველოში შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანი ნასამართლევი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის თუ მეგობრის დახმარებისთვის 5 წლით დაიჭირონ, თუკი, მაგალითად, სახლს დაუთმობს ან ავტომობილს ათხოვებს. "მეგობრები იქნებიან თუ ოჯახის წევრები - თუ გადაწყვეტენ, რომ მისცენ შესაძლებლობა თაღლითს, მიმთვისებელს, გამფლანგველს, რომ აცხოვრონ თავიანთ სახლებში - ეს იქნება ცალკე დანაშაულის სახით [კანონში]", - "ქართული ოცნების" დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ 2 ივლისს მე-2 მოსმენით წარდგენილი და ერთხმად დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტით დაზარალებულებს ზიანის "მარტივად, სწრაფად და ეფექტიანად" ანაზღაურებას ჰპირდებიან. ექსპერტთა ნაწილის თქმით, ჩნდება ვარაუდი, რომ ისრები, ძირითადად, შესაძლოა "ქართული ოცნების" ყოფილი მოკავშირეებისა და თანაგუნდელებისკენ მიმართონ, რათა მათ "სხვადასხვა გზით წაღებული ფული დააბრუნონ". ნაწილის თქმით, ეს ცვლილებები შეეხება ბიზნესმენებსაც.
- მართლაც გასაოცარია ამ ხალხის ფანტაზია... შესაძლოა მათ ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების დახმარება აკრძალონ, მაგრამ აუცილებლად გამოიძებნება კანონის გვერდის ავლის საშუალებები. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობენ ამით. ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, პასუხი მეც მაინტერესებს. მე ვერ ჩავწვდები მაგათი "გონების სიღრმეს".
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მარტო მან იცის, როგორი უნდა იყოს საქართველო. ამიტომ განსხვავებულ აზრს, პლურალიზმს, განიხილავს როგორც მასზე შეტევას. ეს არის ნეობოლშევიკური მიდგომა, როდესაც ყველა განსხვავებულად მოაზროვნე მტრად მიგაჩნია. ასევე მგონია, რომ ეს კანონები არ იმუშავებს. ეს ყველაფერი დროებითია. დადგება დრო, როდესაც, ვთქვათ, 2024 წლიდან მიღებული კანონები ბათილად გამოცხადდება. საუბედუროდ, ისტორია წრფივად და მხოლოდ აღმავლობით არ ვითარდება, არის ჩავარდნებიც... ჩვენ ახლა ამგვარი ჩავარდნა გვაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ეცადონ, საქართველოში ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა არ გაუვათ!
ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც არსებობს როგორც საკანონმდებლო კოდექსები, ასევე მორალური, ჩვენი რწმენიდან, ისტორიიდან, წინაპრებიდან გამომდინარე დამკვიდრებული, რომლებიც გვავალდებულებს მოყვასის სიყვარულს, ადამიანების დახმარებას - ამას ვერ გააუქმებენ. ამასთანავე, ვერაფერს მოუხერხებენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებულ "სახალხო ტელეგრაფს", რომლის წყალობითაც ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან ოფიციალური, ან არაოფიციალური წყაროების მეშვეობით. ეს არის ეროვნული მეხსიერების შედეგი, რასაც წინ ვერაფერი აღუდგება. ძალიან მარტივად, დაწყებითი სკოლის მოწაფეებივით აზროვნებენ, ფიქრობენ, რომ მიიღებენ ამ უკანონო კანონებს და ამას ყველა დაემორჩილება. ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან მოყოლებული ნებისმიერი კანონის წინა პირობაა, რომ ის საზოგადოების მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
რაც არ უნდა ეცადონ თავისუფალი აზრის ჩახშობას, არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ...
- 3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქალაქ პორტოში პლენარულ სესიაზე მიიღო ვრცელი "პორტოს დეკლარაცია", რომელიც საქართველოსაც ეხება, და ასევე რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამ რეზოლუციით ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა "რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში". დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", "რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა" და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამასთან, "პორტოს დეკლარაცია" სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს საქართველოსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარება...
- გავრცელებული ინფორმაციით, ამ დეკლარაციას საქართველოს დელეგაციამ ხმა არ მისცა, რაც იმით აიხსნება, რომ "ქართულო ოცნებისთვის" ქვეყნის ინტერესები მეათეხარისხოვანია, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე აქვთ საზრუნავი. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას წაეღო უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, თუმცა მსგავსი რამ არ გვსმენია ჩვენი ხელისუფლებისგან. ისმის კითხვა: რატომ? ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი ახსნა - ეშინიათ რუსეთის. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩვენ გვყავს მშიშარა ხელისუფლება. ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ როგორმე რუსეთს არაფერი აწყენინონ. ვერ ხვდებიან, რომ დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ არის. აგერ სომხეთი და აზერბაიჯანიც კი ლამის განუდგნენ მოსკოვს, მაგრამ "ქართული ოცნება" სად მიჰყვება, არ ვიცი.
ბევრი რამ კვლავ დამოკიდებულია დონალდ ტრამპზე, მისი ყველა მცდელობა დაემთავრებინა უკრაინაში ომი, უშედეგოდ დასრულდა და მგონი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ პუტინი ატყუებს და მხოლოდ დრო იგებს. დიახ, სამი თვე მოაგებინა ვლადიმირ პუტინს ამ თავისი სამშვიდობო იწილო-ბიწილოთი... ჩემი აზრით, აშშ-ს მოუწევს უკრაინას მაქსიმალურად გაუზარდოს სამხედრო დახმარება და უკიდურესად შეავიწროოს რუსეთი ახალ-ახალი სანქციებით. მხოლოდ ეს იქნება, ჩემი აზრით, შედეგის მომტანი.
მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენს რეგიონშიც ვითარება. ვხედავთ, სომხეთი როგორ ცდილობს გაზარდოს კავშირები ევროპასთან, აქეთ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ინტერესები იზრდება მნიშვნელოვნად. ეს ქვეყანა თურქეთთან ტანდემში სულ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება.
თვალს ვადევნებთ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას რუსეთთან, რაც ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავებით დაიწყო, რა დროსაც ორი კაცი დაიღუპა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების შეცდომა, რასაც უკვე მიხვდნენ. შესაბამისად, ამ ვითარებაში აშკარად ცდილობს რუსეთი მეტ გამწვავებაზე არ წავიდეს, თუმცა ვიხილეთ, როგორ დააკავეს კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა "სპუტნიკის" წარმომადგენლები ბაქოში, რომლებიც ეფ-ეს-ბეს აგენტებად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, კრემლი მაინც ძალიან ფრთხილობს და ცდილობს მოაგვაროს ვითარება ბაქოსთან.
მოკლედ, რეგიონშიც საკმაოდ არეული ვითარებაა, რომლის დალაგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და საქართველოს შეეძლო ამ ყველაფერში უნიკალური როლი შეესრულებინა, თუმცა დღეს ჩვენ ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სამწუხაროდ, საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყნად გადაიქცა.