მწველი მზე და მწველი ფასები აჭარაში - კვირის პალიტრა

მწველი მზე და მწველი ფასები აჭარაში

წლის ამ დროს აჭარა განსაკუთრებულად ხალხმრავალია. შავი ზღვის კურორტებს ადგილობრივი ტურისტიც ბევრი ჰყავს და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელიც. სააკაშვილი ამბობს, რომ ხუთ წელიწადში ბათუმი ევროპის საუკეთესო საკურორტო ქალაქი იქნება და ამის მაუწყებელ ბილბორდებს აჭარაში ლამის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. თუმცა ჯერჯერობით ევროპამდე მართლაც ბევრი გვიკლია.

ბოლოს ბათუმსა და ქობულეთში ორი წლის წინ ვიყავი. შარშანწინდელთან შედარებით პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა - ახალი ქუჩები, შენობები. ფაქტობრივად, რაც არ შეცვლილა - დაბალი სერვისი და ძალიან მაღალი ფასებია. ამ თვალსაზრისით იმდენად უცვლელი დამხვდა ვითარება, რომ ერთგვარი "დეჟავიუ" დამემართა. ორი წლის წინ აჭარაში ყოფნისას ერთი საინტერესო ამბავი გადაგვხდა მე და ჩემს კოლეგას. აქამდე ამის შესახებ არასდროს დამიწერია, რადგან მეგონა, რომ განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა და იმედი მქონდა, რომ დროთა განმავლობაში სერვისიც დაიხვეწებოდა და დამოკიდებულებაც ადგილობრივი ტურისტების მიმართ, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. ვინც აჭარაში ისვენებს ან ისვენებდა, ეცოდინება, რომ აქაურები ტურისტებს ღია ავტობუსით გასეირნებას სთავაზობენ. მოკლე ტურისტული მარშრუტი ქობულეთიდან გონიომდე გასეირნებას გულისხმობს, რომლის დროს შეგიძლია დაათვალიერო გონიოს ციხე, ბათუმი, ბოტანიკური ბაღი. ორი წლის წინ, ქობულეთში ყოფნისას მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ, შვილებთან ერთად ექსკურსიაზე წავსულიყავით და აჭარის რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი მოგვენახულებინა.

ჩვენთან ერთად ავტობუსით ასე ოცამდე ტურისტი მგზავრობდა, მათ შორის მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ. ტურის ღირებულებაში სადილიც შედიოდა და ავტომობილის მძღოლმა მის თანმხლებთან ერთად, სადილობის ჟამს წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიგვიყვანა. დრო რომ არ დაგვეკარგა, მენიუ წინასწარ შეათანხმეს ექსკურსიის ყველა წევრთან და რესტორანს ტელეფონით შეუკვეთეს. რესტორანში სადილად მისულებს კი ასეთი სურათი დაგვხვდა: ჩვენს მაგიდაზე გაწყობილ ჭურჭელში მკვდარი მწერები ეყარა, ჩვენ მიერ შეკვეთილი კერძის ნაცვლად რაღაც გაურკვეველი და დამწვარი საჭმელი მოგვიტანეს, ისიც დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, თან ისეთი პატარა ულუფა, რომ არათუ რამდენიმე ადამიანს, ერთ კაცსაც ვერ დაანაყრებდა, მიმტანმა კი უკმეხად გვიპასუხა ჩვენს პრეტენზიებზე: ამდენ ადამიანს მარტო გემსახურებით და ყველაფერს ვერ ავუვალო. სწორედ ამ დროს შევნიშნეთ, რომ ჩვენს თანამგზავრებს მეზობელი ქვეყნებიდან რესტორნის პერსონალმა შესანიშნავი სუფრა გაუშალა. აი, მაშინ კი გაგვიწყდა მოთმინების ძაფი მე და ჩემს კოლეგას, რესტორნის ადმინისტრატორთან შეხვედრა მოვითხოვეთ და იქვე დავამატეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით და "ამ ამბავს ასე არ დავტოვებდით". ამის თქმა იყო და რამდენიმე წუთში ჩვენს მაგიდასთან რესტორნის მეპატრონე გაჩნდა. ათასი ბოდიშისა და ათი ათასი ქათინაურის შემდეგ მომსახურე პერსონალს ჩვენთვის საუცხოო სუფრა გააშლევინა და სანამ იქ ვიყავით, თვალებში შემოგვციცინებდა, კიდევ ხომ არაფერს ინებებთო...

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ორი წლის შემდეგ აჭარაში ჩასულს დაახლოებით იგივე ვითარება დამხვდებოდა. ჯერ იყო და ქობულეთში "პიშკების" რიგში გამყიდველმა ჩემ შემდეგ მოსული რამდენიმე უცხოელი ტურისტი გაისტუმრა და ჩემი შეკვეთა გაატანა, თან "თვალში ნაცარს მაყრიდა": მაგათ თქვენამდე ჰქონდათ შეკვეთილიო. შემდეგ ბათუმში გემით გადავწყვიტეთ გასეირნება და მე რომ ბავშვებისთვის მგზავრობის სრული საფასური გადამახდევინეს, ჩამოსულ სტუმრებს ბავშვების გასეირნების საფასური არ გამოართვეს. ბათუმის დათვალიერების შემდეგ კი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება გადავწყვიტეთ და იქვე ბულვარში ღია კაფეში დავსხედით. მიმტანს იმდენ ხანს ველოდით, შიმშილმა გადაგვიარა და რომ არავინ მოგვემსახურა, სხვა კაფეში გადავინაცვლეთ. იქ კი სწრაფად მოირბინა მომსახურე პერსონალმა, მაგრამ მომღიმარი სახით მოგვახსენა: ახლა საჭმელი არ გვაქვს და სხვა დროს შემოიარეთო(?!). ადგილობრივებმა ერთ-ერთ კაფეზე მიგვითითეს: იქ ექნებათ საჭმელიო, მაგრამ მიმტანს მე შევახსენე, რომ კარგი იქნებოდა, ჭიქები მოეტანა ლიმონათისთვის... მოკლედ, ევროპამდე ჯერ მართლაც ბევრი გვიკლია სერვისის თვალსაზრისით, და თან მგონი ისიც გვჭირს, რომ ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო. საინტერესო, იცით, კიდევ რა იყო? ყველა გამყიდველი ბათუმსა და ქობულეთში თავისუფლად ლაპარაკობს სომხურად. თავიდან ყველა მათგანი ჩამოსული მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქაურებს უსწავლიათ სომხური ენა და ყველა მომხმარებელს სომხურად მიმართავენ.

მომსახურება არ გვივარგა, სამაგიეროდ, ფასის დადება კარგად გვეხერხება. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუმარმა შემომჩივლა: ბათუმის "რედისონში" მინდოდა ნომრის აღება და ერთ დღეში 350 დოლარი მოითხოვესო. ისიც დააყოლა გაწბილებულმა, რაც ბათუმში ათი დღის განმავლობაში დასვენება უნდა დამიჯდეს, ევროპაში ხუთ ქალაქს შემოვივლი და ნამდვილ 5-ვარსკვლავიან სერვისს მივიღებო. მაღალი კლასის სასტუმროების მაღალი ფასები რა გასაკვირია, როცა წვრილი მოვაჭრეები ლამის ხუთმაგ მოგებაზე მუშაობენ. ყურებს არ დავუჯერე, როცა ჭიქა პოპკორნი ქობულეთის ბულვარში 50 თეთრი დამიფასეს, მაშინ როცა თბილისში 10 თეთრი ღირს. სანაპიროზე მზით გათანგულს თუ სულის მოთქმა მოგინდება, დატარებით მოვაჭრისთვის გამაგრილებელ სასმელში ორმაგის გადახდა მაინც მოგიწევს. მესმის, რომ აქაურებისთვის ტურისტული სეზონი შესაძლოა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისიც მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქვეყანაში ტურიზმი ადგილობრივი თუ შემოსული ტურისტების ყვლეფის ხარჯზე ვერ განვითარდება.

P.S. მზით გათანგვაზე გამახსენდა. წლეულსაც, ისევე როგორც ყოველ წელს, დამსვენებელთა უმეტესობა ზღვისპირეთში გასარუჯად ჩამოდის. ზომიერად გარუჯული სხეული ესთეტიკური თვალსაზრისით მართლაც სასიამოვნო სანახავია, მაგრამ არა გადამწვარი და გადახრუკული, რასაც უმეტესობა ათასგვარი საცხითა და მთელი დღის განმავლობაში მზეზე წოლით აღწევს. ჩემი ნება რომ იყოს, მაშველებსა და სანაპირო დაცვას, არსებულის გარდა, კიდევ ერთ მოვალეობას დავაკისრებდი - მწველი მზის სხივების ქვეშ გაწოლილი დამსვენებლების წამოყრას და ამით მათ გადარჩენას კანის დამწვრობისა თუ სხვადასხვა დაავადებებისგან.

(სპეციალურად საიტისთვის, ქობულეთიდან)