რამდენი არალეგალი უცხოელი ცხოვრობს საქართველოში და ქმნიან თუ არა ისინი პრობლემას?! - კვირის პალიტრა

რამდენი არალეგალი უცხოელი ცხოვრობს საქართველოში და ქმნიან თუ არა ისინი პრობლემას?!

პარლამენტმა მხარი დაუჭირა "უცხო­ელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი, ან სხვა კერძო საკუთრება შემოწმდება. შესაბამის ბრძანებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შსს-ს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს. იმ შემთხვევაში,­ თუ იარსებებს გადაუდებელი­ აუცილებლობა­ და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება/გადამალვა, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. როგორც ცვლილების ავტორები მიიჩნევენ, პროექტის მომზადების მიზანია საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია.

ცნობისათვის: 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რა საფრთხეები ახლავს არალეგალურ მიგრაციას, რამდენად ფართომასშტაბიანი შეიძლება გახდეს და რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს, ამ კითხვებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე უპასუხებს:

vizas-1751825429.jpg

- როგორც ეკონომისტს, ეკონომიკის კუთხით მომიწევს აქცენტების გაკეთება,­ თუმცა ყოველგვარი ეკონომიკური ქმედება-აქტიურობა ითხოვს სამართლებრივ ჩარჩოს და რეგულირებას, რომლის გარეშეც არც პროგრესი იქნება და არც საზოგადოებრივი განვითარების პოტენციალის გამოვლინება. ფაქტია, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში მიგრანტთა რაოდენობის ზრდა წინ უსწრებს მოსახლეობის ზრდას, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება: უპირველესად იმდენად სწრაფად ვითარდება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებები, რომ ადამიანებს საშუალება აქვთ, დროის შედარებით შემჭიდროებულ ვადებში გადაადგილდნენ. ამის გარდა, როდესაც ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით ხდება საკუთარი მდგომარეობის შედარება უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან, ადამიანს ექმნება მოტივაცია და უჩნდება უკმარისობის განცდა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა აღარ არის დამაკმაყოფილებელი და ცდილობს გაცილებით უკეთეს გარემოში მოხვდეს, სადაც დროის ერთეულში მიღებული შემოსავალი უზრუნველყოფს რაც შეიძლება მეტი მიმდინარე და კაპიტალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

დღეს შრომითი მიგრანტების რაოდენობა უკვე ასეულ მილიონს აღემატება, მსოფლიოში რეგისტრირებულ მიგრანტთა რაოდენობა­ დაახლოებით ინდონეზიის მოსახლეობის დონეზეა, ხოლო მათ მიერ სამშობლოში განხორციელებული ტრანზაქციები დაახლოებით 900 მილიარდ დოლარამდეა. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს რიცხვი შეიძლება 3-დან 4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ადამიანები ცდილობენ მოხვდნენ შედარებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკუთარი ცოდნით, ენერგიით, რისკისა და ჯანმრთელობის ფასად შეძლებენ მეტი დოვლათის შექმნას, მეტი სახსრების გამომუშავებას. გლობალური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა და მიუხედავად იმისა, რომ შრომითი მიგრანტების ანაზღაურება ჩამორჩება მიმღები ქვეყნის მოსახლეობის შრომის ანაზღაურებას, მიგრაცია მაინც მზარდია.

- რა საფრთხეები ახლავს არალეგალურ მიგრაციას, რამდენად ფართომასშტაბიანი შეიძლება გახდეს ის საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს?

- უკანონო მიგრაციას აქვს 2 მთავარი გამოწვევა: 1. წმინდა ეკონომიკური და 2. სამართლებრივი. ეკონომიკური მდგომარეობს იმაში, რომ კონკურენციას ქმნიან ქვეყნის შიდა შრომის ბაზარზე, არიან დოვლათის მომხმარებლები, მათ შორის საზოგადოებრივი სიკეთეებისა, რომლებიც პირველ რიგში გათვლილია საქართველოს მოქალაქეებზე, და მათი განუსაზღვრელი რაოდენობით შემოსვლა დისკომფორტს ქმნის ქვეყანაში. ისინი კონკურენციაში შედიან ადგილობრივ სამუშაო ძალასთან და, ფაქტობრივად, დაბალ ანაზღაურებაზე დათანხმების გამო ხდება ჩვენი მოქალაქეების ჩანაცვლება, რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უმუშევრობის დონეს. სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი მიზეზია, მაგრამ პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა საკმაო ეკონომიკური ზრდა, გვქონდა უმუშევრობის დონის მატებაც. კონკრეტულ მიზეზებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ანომალიაა. ჩვენ უმუშევრობის დონის შესწავლას ვახდენთ საქართველოში შინამეურნეობების მიხედვით, ხოლო ეკონომიკური დოვლათის შექმნაში აგრეთვე მონაწილეობენ არალეგალი მიგრანტები. არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, მაგრამ

ის, რომ საქართველოში მათი მონაწილეობით იქმნება მატერიალური დოვლათი, ეს დოვლათი აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაში, ეს ფაქტია, მაგრამ იმავდროულად, ართმევს ადგილს ქვეყნის მოქალაქეებს და ეს სერიოზული გამოწვევაა. რაც შეეხება სამართლებრივ გამოწვევას, მათი საქართველოში ყოფნის ლეგალიზაცია გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული - მაგალითად, იმასთან, რომ შეიძლება ისინი მონაწილეობდნენ ორგანიზებულ დანაშაულებში, ტრანსნაციონალური არხებისა და აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში, რამაც შეიძლება დამატებითი საფრთხე შეუქმნას ქვეყანას როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე, რეპუტაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი. ამიტომაც ეს შესაბამისი ორგანოების სპეციალური შესწავლისა და ყურადღების საგანი უნდა იყოს.

- დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რამდენი არალეგალი მიგრანტია? შრომის ინსპექციის მონაცემებით, დარეგისტრირებულ მიგრანტთა რიცხვი 38 117-ს შეადგენს.

- მათი რიცხვის განსაზღვრა ყინუ­ლზე ან წყლის ზედაპირზე ფიგურების ხატვას ნიშნავს. ეს უმადური საქმეა, იმიტომ, რომ თვით შსს-შიც არა აქვთ ზუსტი რიცხვი. ფაქტობრივად, საუბარი შეიძლება იყოს რამდენიმე ათეულ ათას არალეგალურ მიგრანტზე.

მიმდინარე სტატისტიკას რომ დავეყრდნოთ, ის გვაძლევს ინფორმაციას, რომ 2014 წლის შემდგომ პერიოდში (თვალსაჩინოებისთვის მოსახლეობის ორ აღწერას შორის პერიოდი გამოდგება) საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 263 700 კაცით შემცირდა, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 230 450 კაცით გაიზარდა. ამ სხვა ქვეყნის მოქალაქეებში შეიძლება იყვნენ ეთნიკური ქართველებიც, რომლებსაც ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და მიზეზთა გამო დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ ფაქტი მაინც დამაფიქრებელი და დრამატულია. 2014 წლის შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 97 ათასით (წლევანდელი წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს) გაიზარდა, იმავე პერიოდში უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 27 200 კაცით გაიზარდა, თურქეთის მოქალაქეებისა -–14 200-ით, ინდოეთის–- 13 300-ით, ირანის - 3 900-ით და ა.შ.

- მაინც რა განაპირობებს უცხოელთა დაინტერესებას და შემოსვლას საქართველოში?

- საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენთან შედარებით ან დაბალი ანაზღაურებაა, ან უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე, ან არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება - ცალკეულ პირებს გარკვეული საფრთხე ექმნებათ ფიზიკური ან ეთნიკური ნიშნით და ისინი ცდილობენ შედარებით უსაფრთხო ქვეყანას შეაფარონ თავი. მთავარი მაინც ეკონომიკური ფაქტორია - 2012 წელს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 70%-ს შეადგენდა, ამჟამად კი შეადგენს საშუალო მსოფლიო დონის 125%-ს. შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე შევძელით საშუალო მსოფლიო დონისთვის მნიშვნელოვნად გადაგვესწრო, გაუმჯობესდა საქართველოს ადგილიც მსოფლიოში.

წლების განმავლობაში, დამოუკიდებლობის შემდეგ და 90-იან წლებში, ჩვენ პირველ ასეულში მოხვედრა საოცნებო გვქონდა და ახლა ეკონომიკური განვითარების დონით და მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული დოვლათის მოცულობით რეიტინგში უკვე ჩამოსული ვართ სადღაც 70-დან 80-მდე. ყოველივე ეს ეკონომიკურად საკმაოდ მიმზიდველს ხდის საქართველოში ჩამოსვლას. გავიხსენოთ ქართული ანდაზა: თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა.

- მკაცრდება "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონი - უცხოელებს დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, დამსაქმებელს კი, თავის მხრივ, მათი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ (როგორც ევროპაშია), თუ რატომ არ დაასაქმა თავისი ქვეყნის მოქალაქე და რატომ დაასაქმა უცხოელი. რეგულაციის მიხედვით, "უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი".

- ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები. საქართველოს თითოეული მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გრძნობდეს ეკონომიკურ, სამართლებრივ და მორალურ უპირატესობას სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით. ეს არც შოვინიზმს ნიშნავს და არც ეთნიკურ დაპირისპირებას, არამედ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, სარგებლობს იმ დოვლათით და პრივილეგიებით, რაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სიამაყის მიღებისა და განცდის ყოველდღიური და მაქსიმალური შესაძლებლობა, უნდა გრძნობდეს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ჯერ თავის მოქალაქეებზე და შემდგომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, სამსახურებრივი დასაქმება იქნება თუ რიგი სხვა შეღავათებისა. ამით ჩვენ გავზრდით სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმს და თანაგრძნობას, თანამოქალაქეობრივ სოლიდარობას. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, ხოლო იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ მოთხოვნა მათ არსებობა-ცოდნა-უნარზე, მეტი უნდა ვიზრუნოთ, რომ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კვალიფიკაციის, ცოდნის მიღების შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ გაუძლონ კონკურენტულ ბრძოლას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და ამის საფუძველზე მოახდინონ თვითრეალიზაცია.

ჩვენ გვჭირდება მაღალტექნოლოგიური წარმოებების განვითარება, ხელახალი რეინდუსტრიალიზაცია, არ მომერიდება ტერმინის დამკვიდრება - "ეკონომიკური და ინდუსტრიული რეკონკისტა", რათა დავაბრუნოთ ჩვენი მრეწველობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 80-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა მარტო მრეწველობის 100-ზე მეტი დარგი და წარმოება, რომელიც იმ დროს არსებული მოწინავე ტექნოლოგიების დონის შესატყვისი იყო, მრეწველობაში 450 ათასი მაღალკვალიფიციური პირი იყო დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებაც სოლიდური გახლდათ. უნდა შევძლოთ მრეწველობის მომსახურების ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც მაღალ დამატებით ღირებულებას შექმნიან, და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციითა და მომსახურებით საქართველო იქნება კონკურენტუნარიანი როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პირობითად, მაგალითად, ჩვენ თურქულ სამედიცინო ინდუსტრიას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვუხდით იმის გამო, რომ ჩვენი სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სეგმენტური სერიოზული­ წარმატება გვაქვს, მთლიანობაში ვერ უწევს კონკურენციას თურქულ სამედიცინო ბაზარს. შესაბამისად, ამ რაოდენობის ვალუტა გაედინება მარტო თურქეთში (ასევე სხვა ქვეყნებშიც). ამიტომაც უნდა შევძლოთ ყველა მიმართულებით განვავითაროთ ეკონომიკის ესა თუ ის სეგმენტი, რათა მომსახურებაზე, პროდუქციის შეძენაზე საქართველოდან თანხა კი არ გავიდეს, არამედ რაც შეიძლება ადგილზე მოხდეს შესაბამისი ხარისხის მოთხოვნიების დაკმაყოფილება და ამით გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობა.

- არახალია, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობა გამარტივებულია, აუცილებელი არ არის ხელშეკრულება იმიგრანტთან, არა გვაქვს საკანონმდებლო რეგულირება, მაგალითად, იმავე უცხოელი კურიერებისთვის, რომელთაც არც ენა იციან, არც ქალაქი და, ალბათ, მართვის მოწმობაც უცხოური აქვთ - ისინი, სავარაუდოდ, ყალბ მართვის მოწმობებს იღებენ ან უცხოური მოწმობით გადიან იოლას. ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციასთან?

- ცოტ-ცოტა ყველაფერია, იმიტომ, რომ საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს კონკურენციას, რომლის ერთ-ერთი პირობაა დაბალი თვითღირებულება, ანუ საქონლისა და მომსახურების მიწოდება კონკურენტ ფირმასთან შედარებით დაბალ ფასად, რათა მიიზიდონ კლიენტები. დამქირავებლები მზად არიან გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ სჭირდებათ სოციალური დაზღვევის ქოლგა, სხვა შეღავათები, რომლის გარეშეც ადგილობრივი დასაქმებული, ფაქტობრივად, შეძლებს ან ისურვებს მუშაობას. ამასთან, არალეგალი მიგრანტები შედარებით ნაკლებად პრესტიჟული, ნაკლებად ანაზღაურებადი საქმეებით არიან დაკავებული, რაც აწყობთ კომპანიის მფლობელებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან ჩვენი შრომითი მიგრანტები უცხოეთში. მაგალითად, იტალიაში მათი ხელფასი დაბალია, იქაურ საშუალო ანაზღაურებასთან შედარებით 40-45% (იტალიაში გადასახადებით იბეგრება ხელფასის დაახლოებით 43%, რაც რჩება, იმის მხოლოდ 45-50%-ის დონეზეა იტალიაში შრომითი მიგრანტების ანაზღაურება). გამოდის, მთლიან დარიცხულ ხელფასსა და ადგილობრივ დასაქმებულებთან შედარებით შრომით მიგრანტებს მესამედის ან მეოთხედის დონეზე აქვთ ხელზე აღებული გასამრჯელო.

- ქვეყანაში უცხოელი კონტინგენტის გადაჭარბება რომ არ მოხდეს, ვინ აკონტროლებს შრომით მიგრაციას?

- როდესაც ქვეყნის საზღვარს კვეთენ, იქ მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ადამიანი შრომითი მიგრაციის ხაზით შემოდის საქართველოში. შესაძლოა იყოს სასწავლო ვიზით შემოსული და პარალელურად ეწეოდეს შრომით საქმიანობას. მაგალითად, ინდოელი სტუდენტები მასობრივად არიან ამ პროცესში ჩაბმული. ამიტომ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ისეთი პირობების შექმნაა საჭირო, რომელიც შრომითი მიგრანტის დასაქმებას დამქირავებლისთვის არახელსაყრელს ან ეკონომიკურად ნაკლებად ხელსაყრელს გახდის. ამ მიმართულებით უნდა წავიდეს მუშაობა.