„ახლა მათთვის ძალიან მომხიბლავი პერსპექტივაა გახარიასა­ და „ლელოს“ დაძირვა“ - კვირის პალიტრა

„ახლა მათთვის ძალიან მომხიბლავი პერსპექტივაა გახარიასა­ და „ლელოს“ დაძირვა“

კვირის ბოლოს მიხეილ ყაველაშვილმა პატიმარ ოპოზიციონერებს ფეისბუკპოსტით შესთავაზა, შეწყალება მთხოვეთ და ციხიდან გამოგი­შვებთ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოთო. შეწყალების თემა რომ გააქტიურდებოდა, ჯერ კიდევ გასულ დღეებში გამოიკვეთა, როდესაც სასამართლოს სხდომიდან გამოვიდა ამბავი,­ რომ მოსამართლემ მსჯავრდადებულ პატიმარს მიაძახა, შეწყალებაზე მიმართე პრეზიდენტს და შეგიწყალებსო. ცხადი შეიქნა, რომ "ოცნება" ამ ვერსიაზე მუშაობდა და გათვლილი­ იყო ზუსტად იმ პასუხზე, რაც ოპოზიციისგან მიიღო... არადა, ოპოზიციამ ეს შეთავაზება რომ მიიღოს, იქნებ შანსიც კი გახდეს სიტუაციის შემოსაბრუნებლად, მაგრამ აბა, "არაღიარებულ ყაველაშვილს" შეწყალებას როგორ სთხოვენ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას ხომ არ მისცემენ?­ რატომ მიჰყვება ოპოზიცია მუდმივად "ოცნების" გათვლებს, პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გვესაუბრება.

- ყაველაშვილი რომ ამას თავისი ინიციატივით არ გამოაგდებდა, ყველა ვხვდებით... კარგად იციან, რომ არც ერთი მათგანი შეწყალების თხოვნით არ მიმართავს­ ყაველაშვილს, მით უმეტეს მაშინ, როცა ყაველაშვილის ამ "ჰუმანურ" ჟესტში არც არის ნახსენები ის 50 ახალგაზრდა, რომელთაც ხელისუფლების მორჩილი სასამართლო დრაკონულ სარჩელებს აკისრებს და ახალგაზრდებს­ წლობით ციხეში ყოფნისთვის წირავს. ყაველაშვილს შეიძლება უხარია კიდეც, რომ მას პარტიამ და მთავრობამ ასეთი ჰუმანურობის გამოჩენის უფლება მისცეს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკოსები ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, კარგად იციან ყაველაშვილის პატრონებმა, ამ ინიციატივის რეალურმა ავტორებმა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რატომ გაკეთდა ეს განცხადება იმ დროს, როდესაც ოპოზიცია­ ორად არის გაყოფილი? ყაველაშვილის განცხადების შემდეგ მას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, დამატებითი არგუმენტი მიეცემა, ხელისუფლების ინტერესებით თამაშში ბრალი დასდონ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. შესაბამ­ისად, ბოიკოტის მომხრეებს­ ეძლევათ საშუალება, ყველას, ვინც მონაწი­ლეობას აპირებს, დააბრალონ ბიძინას სასარგებლოდ თამაში, ანუ ეს რეალურად მიმართულია "ლელოს" ლიდერებზე - ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე.

ხელისუფლება ცდილობს­ ოპოზიცი­ის ხელით მოახდინოს უკვე იმ ლიდერების დისკრედიტაცია, რომლებიც აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" კონკურენცია გაუწიონ.

ახლა ორად გაყოფილი ოპოზიციის შანსი მინიმალურია, თუმცა ბოლო გამოკითხვით "ლელო" და გახარია ჯამში 7%-ით უგებენ თბილისში "ოცნებას", მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიცვლება შემოდგომისთვის ვითარება. ხელისუფლება მაინც ფრთხილობს, რადგან ესმის, რომ თბილისში მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.­ "ოცნება"­ შიშობს, რომ კარგი კამპანიის შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი თბილისელების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეიძლება წავიდეს არჩევნებზე. ამიტომ ცდილობს ბოიკოტისტების ხელით მოახდინოს­ იმ პარტიების დისკრედიტაცია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

სანამ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თვი­თონ არიან გენიოსები, ამ დროს კი ხელისუფლებას ერთი კი არა, სამი და ხუთი სვლა აქვს გათვლილი, მანამდე მოუგებს ოპოზიციას. გარდა ამისა, თამაში არის ოპოზიციის შიდა კონკურენციაზე, ახლა მათთვის ძალზე მომხიბლავი პერსპექტივაა გახარიასა­ და "ლელოს" დაძირვა. დღეს ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების 90% "ნაცმოძრაობიდან" არის გამოსული. შეიძლება არსებობდეს სურვილი, რომ რამენაირად ისევ უკან დააბრუნონ "ნაც-ქოცური" დაპირისპირება, რათა "ოცნების" ალტერნატივა იყვნენ მხოლოდ "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი­ პარტიები. "ოცნების" ეს შეთავაზება იდეალურად ურტყამს იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

ბოიკოტის მომხრეებმა მთავარ კითხვას არ თუ ვერ გასცეს დღემდე პასუხი, აწყობს­ თუ არა ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნების მოგება და დედაქალაქის წართმევა ივანიშვილისთვის. "ოცნებას" აღარავინ ეტყვის, შარშან რომ რაღაც გააფუჭე, ახლა უნდა მოგთხოვო პასუხიო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არაფერი მოხდა, მით უმეტეს, უკონკურენტო არჩევნებში რატომ უნდა დააშავოს "ოცნებამ" რამე? იდეალურად თუ ჩაატარა ეს არჩევნები, სანქციებს რის საფუძველზე დაუწესებენ? თუ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუმცირდებათ არგუმენტები "ოცნების" წინააღმდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის განცხადებაც - გვიმტკიცებენ, მთელი მსოფ­ლიო ამბობს, 2024 წელს საქართველოში­ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ ასე არ არისო!­ სხვათა შორის, ვერც იმას იტყვიან, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდაო, როგორც დღეს ცდილობენ წარმოაჩინონ. ხალხს მეხსიერება დაკარგული კი არა აქვს. საქართველოს მოსახლეობა გამოვიდა არა იმის გამო, რომ დაუჯერა­ ოპოზიციას, რომ მას არჩევნები გაუყალბეს, არამედ გამოვიდა კობახიძის განცხადების გამო. ბოიკოტის მომხრე ოპოზიციას კი სურს ეს რეალობა შეცვალოს. ეს ხალხი უყურებს ყველაფერს და იცის, რომ ასე არ არის. ის არჩევნები ძალიან ცუდად ჩატარდა, მაგრამ ოპოზიციამაც ბევრი შეცდომა დაუშვა წინასაარჩევო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც. გაყალბებაზე ლაპარაკით ცდილობდნენ ყველაფერი "ოცნებისთვის" დაებრალებინათ და საკუთარი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. რატომ მივეცით გაყალბების საშუალება და რატომ იყო ასეთი ცოტა საჩივრები არჩევნების დღეს, ამაზე ოპოზიციას პასუხი არ გაუცია. ოპოზიციამ მხოლოდ 750 ათასი ხმა რატომ აიღო, რაც საკმარისი არასოდეს ყოფილა საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, არც ამაზე გაუციათ პასუხი. ამიტომ დღეს მაინც ცდილობენ ვითომ რადიკალიზაციას, მაგრამ როცა ამაზე მიდიხარ, ამის თავი უნდა გქონდეს. ოპოზიცია არათუ რევოლუციას ვერ ახდენს, ქუჩაში მიმდინარე აქციებზე­ სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევს ხალხი და ამათ რა რევოლუცია უნდა მოახდინონ?

- "ოცნებამ" ეუთოს კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იყო წამოყე­ნებული. ოპოზიცია რა დღეშია, ვხედავთ. რა სურათი გვაქვს, საით მიდის ქვეყანა?

- ქვეყანა მიდის სრული ავტორიტარიზმისკენ, ერთპარტიული მმართველობის კონსოლიდაციისკენ, რაც ამ ბოიკოტირობანას თამაშით 4 ოქტომბრის შემდეგ სრულად ჩამოყალიბდება და მივიღებთ იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირში. შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აიხდენს თავის ოცნებას, თავისი ვიღაცებისგან შექმნის ე.წ. ოპოზიციას და იქნება ის, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო აღმოსავლეთ ევროპაში. მაგალითად, პოლონეთში იყო მრავალპარტიულობა - პოლონეთის მშრომელთა პარტიის გარდა, არსებობდა აგრარიკოსების პარტია, რომელიც სატელიტი იყო, მაგრამ ფორმალურად ხომ იყო მრავალპარტიული? ასეთი რაღაც შეიძლება გაითამაშონ, რადგან ოპოზიციამ რაც გააკეთა პარლამენტის ბოიკოტით, და ოპოზიციის ლიდერები რომ დღეს ციხეში სხედან, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. რომ შესულიყვნენ, 1/3-ს ანუ 50 კაცს შეეძლო შეექმნა­ კომისია, რომელიც არჩევნებზე დარღვევების გამოძიებას დაიწყებდა. შანსი ხელიდან გაუშვეს და ამას მოჰყვა ზუსტად მათი დაპატიმრებაც. რაც მთავარია, ოპოზიციას არა აქვს სურვილი კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, თორემ არჩევნების გაყალბების დადასტურების თვალსაზრისითაც ბევრად მეტი ხელჩასაჭიდი ექნებოდა ოპოზიციას და საზოგადოებაც ბევრად მეტს გაიგებდა ფაქტების შესახებ, თუკი ოპოზიცია ამას პარლამენტიდან გააკეთებდა, მით უმეტეს, არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამბობს, მე არ ვიცი, რა გაყალბდა, რადგან ვერავინ ვერაფერი მითხრა, გარდა იმისა, რომ ხმის ფარულობა დარღვეული იყოო. ამიტომ ოპოზიციამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, გამოიყენა "ოცნებამ" და თან დასაჯა ეს ხალხი.

- ამ რეზოლუციაში იმ მუხლებზე გაეკეთებინათ დათქმა და ისე დაეჭირათ მხარი. ხომ არსებობს უამრავი მექანიზმი, რომელთაც არ იყენებენ, და ვერ იტყვი, რომ არ იციან. თქვენი აზრით, რატომ იქცევიან ასე?

- არ ვიცი, გაუგებარია, რა ამოძრავებთ, თუმცა, ვფიქრობ, უფრო შიშია. ხელისუფლებას შიში აკეთებინებს ერთმანეთზე უარეს სისულელეებს და თან ვიღაცას თავს აწონებენ. გახარიას გამოკითხვის თუ დაკითხვის დროს იმ კომისიაზე რაც ხდებოდა, როგორ შეიძლება ადამიანს თავმოყვარეობა გქონდეს, საზოგადოებაში საკუთარ სახელს უფრთხილდებოდე და ასე მოიქცე. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი იწერება და ათწლეულების მერე შენი შვილები და შვილიშვილები ნახავენ, როგორ იქცეოდი და რას წარმოადგენდი. ეს არის შეშინებული ხალხი, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების დაკარგვის ეშინია. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი რომ გქვია, ზნეობრივად რა დაცემული უნდა იყო, ოპოზიციას შესთავაზო, გამოგიშვებო, და არაფერი თქვა იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც უზარმაზარ სასჯელებს­ უსჯიან. არ რცხვენიათ ამ ბავშვების ბედით თამაშის, არც ფიქრობენ, რომ მათი შვილების ტოლები არიან, ერთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ეს მათ შვილებზეც მოახდენს გავლენას.

- სადამდე მივალთ ასე?

- დიდი ხანია, ვამბობ, რომ გასაანალიზებელია, რაზე დგას ქვეყანა. გასაანალიზებელია ეკონომიკური ზრდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა აშშ, გაიზარდა ევროპული კომპანიების რიცხვი, რომლებიც ამ შუა დერეფანში ოპერირებენ. ოპოზიცია ლაპარაკობს სანქციებზე და ვართ ამის მოლოდინში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინმე დასანქცირებას რომ უპირებდეს, ამ ქვეყნების ამდენი ეკონომიკური აგენტი არ შემოვიდოდა. ეს არის ის, რითიც ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა იცის, რომ არსებობს ეკონომიკური ინტერესები და ითამაშებს ამ ეკონომიკურ ინტერესებზე. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში. დასავლური ბიზნესის ამ რეგიონისადმი ინტერესი იზრდება და დღეს ქვეყნის შემოსავლები სწორედ იმაზე დგას, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნესი ძალიან აქტიურია. შეუძლიათ იხილონ გადაზიდვები, ვინ აწარმოებს საქართველოში ტრანზიტს, მათ შორის იმ საქონლის, რომელსაც შეიძლება ორმაგი დანიშნულების ვუწოდოთ და რუსეთისთვის სანქცირებულია. ამ ქვეყნების უმეტესობა დასავლური დემოკრატიის ქვეყნებია და ამიტომ დაფიქრებაა საჭირო, თუ რას შვრება ივანიშვილი, ვისთან რაზეა გარიგებული და რატომ გვესმის სენატორების, ევროპარლამენტარების წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევითი პირების განცხადებები, მაგრამ ძალიან ცოტაა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

ივანიშვილს სულ არ აინტერსებს, ჩამოვა ვინმე თუ არა საქართველოში, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციას რამდენჯერ მიიწვევენ ან კობახიძე ხელს ვის ჩამოართმევს. ოპოზიციას ჰგონია, ამის გამო შუშის სასახლეში ვინმეს ღამე არ სძინავს. მისთვის მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური დერეფანი, რასაც სთავაზობს ევროპას, და ფაქტობრივად, გარანტორია ამის. ქვეყნის შემოსავლები კი იზრდება, ეს ფაქტია.

ხათუნა ბახტურიძე