„საქმის კეთების ნაცვლად ქუჩაში დგომით ვკარგავთ დროს“ - კვირის პალიტრა

„საქმის კეთების ნაცვლად ქუჩაში დგომით ვკარგავთ დროს“

რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთთან ურთიერთობის ახლებურად ფორმირებას ცდილობენ, საქართველო შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების გამო სუსტი რგოლი ხდება და როგორც უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. "არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი გარე აქტორებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და ამასობაში საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანონ", - ამბობს მამუკა არეშიძე და პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარებს განიხილავს.

- ოპოზიციონერი ლიდერების რევოლუციური შინაარსის შემცველი განცხადებები შესაძლოა უფრო შიდა მობილიზაციას და პოლიტიკური დღის წესრიგის გადაფასებას ემსახურებოდეს, ვიდრე რეალურ გეგმებს. მათი რადიკალური რიტორიკა ხშირად პიარტექნოლოგიური ხრიკია, რადგან თავადაც აცნობიერებენ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის აღარ არიან წონადი ფიგურები. თუმცა არსებობს რეალური საფრთხე გარე აქტორებისთვის სასურველი სცენარების განვითარებისა. სერბეთში, მოლდოვასა და ბულგარეთში განვითარებული მოვლენები, ასევე ჩვენი წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოების ნაწილს შორის შეიძლება გადაიზარდოს გარედან მართულ პროცესებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კომპრომისი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. დაპირისპირება საზოგადოების ფსიქიკასა და ერთიანობაზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, სცენარი ახლაც მეორდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ...

ცხადია, ციხეში მხოლოდ დამნაშავეები არ სხედან და პრობლემებიც აშკარაა, მაგრამ მთავარი საფრთხე ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. როდესაც ქვეყანაში ზიზღის დონე მაღალია და დაპირისპირება მწვავდება, საბოლოოდ პრობლემა ყველას შეეხება. ის, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, შემთხვევითი დამთხვევა არ არის. რეგიონში მიმდინარე პროცესები სინქრონულია და წინასწარ გაწერილ სცენარს ემსახურება. ყველა დიდი მოთამაშე, მათ შორის რუსეთიც, ამ რეგიონში ქაოსის შექმნით არის დაინტერესებული. ზოგჯერ სწორედ რუსეთი დგას ამ დაძაბულობის სათავეში - სომხურ ეკლესიისა და ფაშინიანის დაპირისპირებაში მისი კვალი აშკარად ჩანს. აზერბაიჯანთან გამწვავება იმავე დროს აწყობთ დასავლეთსა და თურქეთს.

სომხეთი რუსეთზე, აზერბაიჯანი თურქეთზე, საქართველო კი დასავლეთზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული - ეს გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე დღიდან მოქმედებდა. დღეს რეგიონში ბალანსის გადანაწილება ისევ იწყება. თამაშში ახალი მოთამაშეებიც ერთვებიან - მაგალითად, ჩინეთი, რუსეთი კი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.

დიდი ძალებისთვის საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცეა - მათთვის მნიშვნელობა არა აქვს მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომ ამდენი ინტერესის, დაპირისპირებისა და გარე ზეწოლის ფონზე ქართველებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქვეყნის შესანარჩუნებლად, ეს კი შეუძლებელია შიდა კონფლიქტის პირობებში.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესი - ვაშინგტონიდან იმართება.

- დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლა ინგლისის სპეციალური სამსახურების მუშაობის შედეგია. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა ცნობილი პიროვნება, რიჩარდ მური, და რომელსაც ძალიან მალე ბლეიზ მეტრეველი შეცვლის. რიჩარდ მური 2000-იანი წლების დამდეგს თურქეთში ბრიტანეთის ელჩი იყო. ერდოღანმა, რომელიც იმხანად სტამბოლის მერი გახლდათ, ბრიტანელების ყურადღება მიიქცია აქტიურობითა და კრეატიულობით. როცა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იძაბება, რიჩარდ მური ანკარაში მიფრინავს და მხარეებს შორის პოზიციების შეთანხმებაც არ აყოვნებს. ახლაც, იმისათვის, რომ თურქეთს კარტ-ბლანში მისცემოდა რეგიონში, ბრიტანეთის სპეციალურმა სამსახურებმა იმუშავეს. "დიდი თურანის" იდეა სწორედ ბრიტანელების ნააზრევია.

- ბრიტანეთს "დიდი თურანის" იდეის ხორცშესხმა რა ხელს აძლევს?

- იმ მხრივ აძლევს, რომ აზერბაიჯანი და კიდევ შუა აზიის ოთხი ქვეყანა თურქეთის მმართველობაში მოექცევა და ბრიტანეთი ერთი ქოლგის ქვეშ გააკონტროლებს ყველას. ბრიტანელები ამერიკელებისა და კიდევ ბევრი სხა ქვეყნისგან განსხვავებით საჯაროდ არ ამზეურებენ საკუთარ დომინაციას. მაგალითად, მაკრონმა ქვეყანა შეყარა, შუა აზიასა და სომხეთში ჩვენი ინტერესები გვაქვსო, ბრიტანელები კი ყოველთვის კულუარულად და შედეგზე ორიენტირებულად მოქმედებენ. ამერიკის გარდა, ინგლისი არის ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენს რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვს, არ შეიძლება არ შევნიშნოთ ბრიუსელისა და პარიზის ინტერესებიც, მაგალითად, სომხეთში. ამ ძალების უკან მოსკოვისა და ვაშინგტონის დანახვაც შეიძლება, ისევე როგორც არაბული და სხვა ისლამისტური ქვეყნების. ჩინეთიც გამოჩნდა. ამ ქაოსში ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაა.

- რა პარალელების გავლება შეგიძლიათ დღეს მიმდინარე პროცესებთან, 90-იანი წლების დაპირისპირებასა და 2003 წლის რევოლუციასთან?

- 2003 წელს ედუარდ შევარდნაძემ მკაფიოდ დაინახა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მის მთავრობას აღარ უჭერდა მხარს. პროცესში გარე აქტორებიც ჩაერთვნენ, მაგრამ გადამწყვეტი მაინც შევარდნაძის ნაბიჯი იყო. გახსოვთ სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის გაოცებული სახეები, როდესაც მისი განცხადება მოისმინეს. რაც შეეხება პირველი სამოქალაქო ომის პერიოდს, მაშინაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღარ უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, თუმცა ეს არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი - ქვეყანაში არსებობდა გარკვეულ ძალთა პარიტეტი და რომ არა მის გუნდში განხეთქილება და შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირება, სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა.

- ეს ორი მაგალითი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, მთავარი პასუხისმგებლობა მაინც მმართველ ძალას ეკისრება?

- წესით, უნდა ვთქვა, რასაკვირველია, მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, მაგრამ გეტყვით, რომ პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას. პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების თითოეული წევრი, ვინც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, პასუხისმგებელია.

- ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა გამოსავალი იყოს არჩევნები?

- ოპოზიციას რომ ერთი აზრი ჰქონდეს ამ საკითზე, მაშინ არჩევნები ერთგვარი გამოსავალი იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეუთო/ოდირის წარმომადგენელმა საგულისხმო რამ თქვა, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში 40 პროცენტზე მეტი აიღო და რეალური შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტში კლიმატი შეექმნა, მაგრამ შანსი არ გამოიყენაო. მიზეზი კი მარტივია: ერთმანეთს არ ენდობოდნენ და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თუ გინდა ხელისუფლება დაამხო და ამის უნარი გაქვს, იარაღი უნდა აიღო ხელში, მაგრამ თუ ამის უნარი არ გაგაჩნია, მაშინ საპარლამენტო ბრძოლაში უნდა ჩაერთო. ქართველ კაცს სამხრეთული სიფიცხე და ემოციურობა ხშირად უშლის ხელს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. საქმის კეთების ნაცვლად ქუჩაში დგომით ვკარგავთ დროს. ისტორიიდან მარცხის გახსენება არ გვიყვარს. არადა, სწორედ მარცხის გაანალიზება გვაძლევს ცოდნასა და გამოცდილებას.

- "ლელო - ძლიერი საქართველომ" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიიღების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორ აისახება ეს ფაქტი დანარჩენი ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე?

- არა მგონია, რამე შეიცვალოს. ფაქტია, გახარიას პარტიაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთადერთი, ვინც დისტანცირდება, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები არიან, ეს კი ოპოზიციაში უფრო გაამწვავებს დაძაბულობას. სხვათა შორის, ოპოზიცია რომ ერთიანი ყოფილიყო და მონაწილეობა მიეღო თვითმმართველობის არჩევნებში, ეს ხელს შეუწყობდა დაძაბულობის განმუხტვას და ოპოზიციასაც მეტ შესაძლებლობას მისცემდა. ამ დრომდე არჩევნების შედეგად "გამოშიგნულ" თვითმმართველობას ვიღებდით, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი წონა და რეალური უფლებები მიეცეთ. შემიძლია ვთქვა თვითმმართველობის უფლებები და პოზიციები ძლიერდება. ეს კი ნიშნავს, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის უფრო მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

- შეეძლო თუ არა ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, მით უმეტეს, მაშინ, როცა თვითონვე ამბობს, რომ ოპოზიცია ვერც ერთ არჩევნებს ვერ მოიგებს?

- პირველი, ვინც პოლიტელიტას თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სთავაზობდა, მე ვიყავი, თუმცა ახლა აღარ მგონია, ამის რეალური შესაძლებლობა იყოს.

არ ვიცი, რა ტიპის ზეწოლა იქნება დასავლეთიდან, თუმცა ცხადია, რომ ზეწოლა ძლიერდება და შესაძლოა ბოლოს მაინც გადაწყდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, დანარჩენ ოპოზიციაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

რაც არ უნდა ცვლილებები მოხდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და რაც არ უნდა ახალი ხალხი მოვიდეს, ვფიქრობ, ეს პარტია საქართველოში ვეღარასდროს მოიგებს არჩევნებს. ოპოზიციას ახლა სერიოზული პრობლემები აქვს. ის პლატფორმებიც კი, რაც სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა, პრაქტიკულად, არ ამოქმედდა.

- მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ სცენარი, როდესაც დასავლეთი "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლას გააძლიერებს, ვინ შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური ძალის ალტერნატივა?

- დასავლეთის სანქციები მიმართულია არა სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული ფიგურების წინააღმდეგ. სანქციები სანქციებად დარჩება და ის შედეგი, რასაც დასავლეთში ელიან, შესაძლოა არც დადგეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის ადმინისტრაცია. ვაშინგტონში კარგად იციან, რომ საქართველოზე მკვეთრმა ზეწოლამ შეიძლება საკუთარი ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი ხალხის გულისწყრომაც გამოიწვიოს. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსისგან პირადად მომისმენია მოსაზრება, თუ ქართველებს ზედმეტად "მოვუჭერთ", რუსულ ორიენტაციას აირჩევენ და საქართველო შეიძლება საერთოდ დავკარგოთო. სწორედ ამიტომ რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ დასავლეთისთვის ძალიან სარისკოა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მინიმუმ ლოიალური ხელისუფლება ჰყავდეს.

ყველა დიდ მოთამაშეს აინტერესებს საქართველოს ტერიტორია და არა მისი სახელმწიფოებრიობა.

ხათუნა ბახტურიძე