"აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება" - კვირის პალიტრა

"აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება"

რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანელი დააკავეს. რუსი სამართალდამცავები აზერბაიჯანელების ოჯახებში შეცვივდნენ და ამ რეიდს ორი აზერბაიჯანელი­ შეეწირა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ბუნებრივია, ამ ფაქტს დიდი უკმაყოფილება­ მოჰყვა­. აზერბაიჯანის რუსულმა თემმა რუსეთის ქმედებები დაგმო და მოითხოვა ეკატერინბურგში მომხდარის გამოძიება. ბაქომ პროტესტი გამოთქვა აზერბაიჯანელების­ წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი ყველა პირი დააკავეს­ სერიოზული დანაშაულების გამო და სიტუაცია­ კონტროლს ექვემდებარება. საგა­რეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, საუბარია 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ამ ინციდენტამდე იყო გროზნოს თავზე აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის დაცხრილვა და მერე ჩამოვარდნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის გამო ალიევი 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე არ ჩავიდა, ეკატერინბურგის ინციდენტის შემდეგ კი აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა. აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ ეკატერინბურგში­ „რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღ­მდეგ მიზანმიმართული ქმედებები“ დაასახელა.

აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა რესპუბლიკის მილი-მეჯლისისა და რუსეთის ფედერალური ასამბლეის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კომისიის სხდომაში. პარლამენტის განცხადებაში­ მითითებულია, რომ მიზეზი რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ "დემონსტრაციული და უკანონო ქმედებებია". ამის შემდეგ აზერბაიჯანმა დააკავა "სპუტნიკ­ აზერბაიჯანის" ხელმძღვანელი პირები და სხვა ათეულობით რუსი. ექსპერტების აზრით, რუსეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა ამით არ დასრულდება. რამ განაპირობა ეს პროცესები, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

130254116-c786c9865b2da38dbdd84366b9b8779bc4d42b340-0-3613-25681000x711-1751828673.jpg

- რუსეთი ვერაფრით ეგუება დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობას სამეზობლოში. ეს განსაკუთრებით შეეხება ყოფილ საბჭოთა სივრცეს, სადაც რუსეთს, ერთი მხრივ, ომი აქვს უკრაინასთან, თან ცდილობს საკუთარი გავლენის სფეროში დააბრუნოს აზერბაიჯანი. ეს ორი ძლიერი ქვეყანა­ ჩამოყალიბდა მის სამეზობლოში­, პუტინსა და მის გარემოცვას კი ეს ვერ აუტანია. ეს არის იმპერიალისტური აზროვნება, მათი გადმოსახედიდან ყველა მოსკოვს უნდა ემორჩილებოდეს. ეს კონფლიქტიც ამის გამოძახილია. თუმცა მას აქვს დამატებითი, შეიძლება ითქვას, ისეთი დეტალები, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც დღემდე არ მოუხდია რუსეთს ბოდიში, კომპენსაციები არ გადაუხდია. ამის გამო ალიევი აღარ ჩავიდა 9 მაისს მოსკოვში. მერე მოხდა ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო რეიდი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა რუსი ძალოვანების არაადამიანური მოპყრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ბევრს იმუქრება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ქმედებების შესაძლო დაწყების თაობაზე, აზერბაიჯანს ვერაფერს დააკლებენ, მის უკან დგანან თურქეთი, ისრაელი და პაკისტანი. აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანიც ჩავიდა და ეს ვიზიტი საინტერესო იქნება ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით.

- ალიევი ერდოღანმა ხომ არ წააქეზა?

- არა, ეს კონფლიქტი კრემლის ინსპირირებულია. როგორც ვთქვი, სურთ ყველა დააბრუნონ მოსკოვის ორბიტაზე. სიმბოლურია, რომ ერდოღანის ვიზიტი გაიმართა ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდიში, ყოფილ სტეპანაკერტში. სწორედ ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ გახდა აზერბაიჯანი უფრო მეტად დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად წელში გამართული. სწორედ იქ შედგა აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა. კამერებმა ის მომენტი დააფიქსირეს, როდესაც ალიევი ერდოღანს ეუბნება: "მე მას (ირანის პრეზიდენტ ფეჟეშკიანს) ვუთხარი, მესუთ-ბეი,­ ნუ მორცხვობთ, თქვენ მშობლიურ მიწაზე ხართ". საქმე ის არის, ყარაბაღის ომში გამარჯვება საყოველთაო­ სიამაყის წყაროდ იქცა არა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, არამედ ირანში მცხოვრები მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელისთვისაც. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი­ მასუდ ფეჟეშკიანიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია; ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალიევმა ეს თქვა აზერბაიჯანულად, რომელიც სამივე პრეზიდენტს შესანიშნავად ესმის. ამით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ლიდერებსაც, საერთო ენა აქვთ; ამ ჟესტით ალიევმა არა მხოლოდ ხაზი გაუსვა ყველა აზერბაიჯანელის ერთიანობის საკითხს, არამედ მიანიშნა ირანელებს, რომ მათ ქვეყანაში უამრავი აზერბაიჯანელია, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირი და მათთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა მშობლიურია. თან ეს ისე გააკეთა, ფეჟეშკიანის ეთნიკურობა არც უხსენებია და ვერც ერთი ირანელი ვერ შეედავება; მან ეს იმ მომენტში თქვა, როდესაც კამერები ჩართული იყო და შესანიშნავად იცოდა ყველა მოისმენდა ამ ფრაზას; აი, ამას ჰქვია დახვეწილი აღმოსავლური დიპლომატია და მე, როგორც აღმოსავლეთმცოდნეს და ყოფილ დიპლომატს, არ შემეძლო ამ დეტალზე არ გამემახვილებინა ყურადღება. აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და ვფიქრობ, თანადგომა უფრო გაძლიერდება.

- ყარაბაღის დაკარგვის გამო სომხებიც­ არ არიან რუსეთის ქმედებით კმაყოფილი.

- რა თქმა უნდა. არა მარტო მაგის, არამედ ბევრი სხვა რაღაცის გამოც. პრორუსი ძალები სომხეთშიც ამოქმედდნენ. ისინი ეყრდნობიან როგორც ოლიგარქებს, ისე სამღვდელოების ნაწილს, მაგრამ პრემიერ ფაშინიანის გონივრული ქმედებებით მათი მცდელობები აღიკვეთა. უკვე ბევრი მათგანი საპატიმროშია იმის გამო, რომ კრემლის შეკვეთით მოქმედებდნენ, ცდილობდნენ სიტუაციის არევას სომხეთში. სხვათა შორის, მანამდე ფაშინიანი იმყოფებოდა თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან დაბრუნებულმა დაიწყო ამ ნაბიჯების გადადგმა. მოსკოვი ამას შეთქმულებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად გამოდიან მოსკოვის წინააღმდეგ.

- სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა კიდეც. სერიოზულად განვიხილავთ სომხეთში რუსული ტელეარხების დახურვასო, ევროკავშირის საკითხზეც აქტიურად საუბრობენ.

- აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში სხვა სიტუაციაა, ბევრი რაღაცის­ გამო დამოკიდებული არიან მოსკოვზე. მილიონობით სომეხი ცხოვრობს რუსეთში, ეკონომიკური კავშირები ძლიერია, რაც მთავარია, სამხედრო ბაზა დგას გიუმრიში, რომელიც რუსეთის გარეთ ყველაზე­ დიდი სამხედრო ბაზაა. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებით შეძლებს კრემლი იქ სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ის, რომ გულხელდაკრეფილი არ იქნებიან, ცხადია. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უწევს სომხეთს და კრემლი შეეცდება პრორუსული ძალების გაყვანას, მანამდეც არ უნდა გამოვრიცხოთ სიტუაციის არევა.

- ისევ აზერბაიჯანს დავუბრუნდეთ, აზერბაიჯანშიც გრძელდება რუსების დაკავება...

- ბაქომ მოსკოვს პროპორციული პასუხი გასცა ნაცვალგების პრინციპით, როგორც მომექცევი, ისე მოგექცევიო. დააკავეს ძალიან მნიშვნელოვანი პირები, "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ხელმძღვანელობა, რომლებიც, როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. აზერბაიჯანს არ ჰქონდა ლიცენზია გაცემული "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ოპერირებაზე, თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ "მუშაობას" აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბაქომ ეს კოზირი გამოიყენა.

- რა როლს ითამაშებს თურქეთი ამ დაპირისპირებაში?

- თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირე ქვეყანაა. ჯერ კიდევ ყარაბაღში­ მეორე ომის დროს მან მნიშვნელოვანი­ როლი შეასრულა აზერბაიჯანის მხარდაჭერაში. აზერბაიჯანის არმია, ფაქტობრივად, თურქულ მოდელზეა მოწყობილი.­ თურქული­ დრონები გადამწყვეტი ფაქტორი იყო ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებაში. ამავე დროს თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილია შუშის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა­ გულისხმობს მეორეზე თავდასხმას და ერთმანეთის დაცვის ვალდებულებას იღებენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება, რა განცხადებები გაკეთდება ერდოღანის ვიზიტის დროს აზერბაიჯანში.­ ფაქტია, აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა და მას აქვს ამბიცია, რომ იყოს რეგიონული ლიდერი. რუსეთი ყველანაირად შეეცდება პრობლემები შეუქმნას აზერბაიჯანს. თუმცა ამისთვის შეზღუდული რესურსები აქვს, რადგან უკრაინასთან ომშია ჩაფლული. მეორე ფრონტის გახსნის საშუალება მას არ გააჩნია.

- აზერბაიჯანისთვის თურქეთის მხარდაჭერას როგორ შეეგუება რუსეთი?

- რუსეთის შესაძლებლობებზე ხშირად გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. რუსეთს რა შეუძლია გააკეთოს თურქეთის წინააღმდეგ, როცა ვერაფერს უხერხებს აზერბაიჯანს, მით უმეტეს, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მის არმიასთან ახლოსაც ვერ მივა რუსეთის არმია. ერთადერთი უპირატესობა, თუ რამე აქვს რუსეთს, ბირთვული იარაღია, რომელსაც რუსეთი ვერ ესვრის 21-ე საუკუნეში თურქეთს.

- აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება?

- ისინი ახლა მოკავშირეები ხდებიან რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთია მთავარი საფრთხე. თავის დროზეც, როდესაც ყარაბაღის პრობლემა რუსეთმა სპეციალურად შექმნა, რათა მათ შორის განხეთქილება ყოფილიყო და მერე რუსეთს ემართა ყველაფერი. ახლა ყარაბაღის პრობლემა აღარ დგას დღის წესრიგში და ორივე ქვეყანამ უფრო მოიცალა რუსული კლანჭებისგან თავის დასახსნელად. რუსეთს აღარ აქვს ის ბერკეტები, თუნდაც 5-6 წლის წინ რომ ჰქონდა. ამას თუ დავამატებთ, რა დაემართა ირანში რუსეთის საჰაერო სისტემებს, როგორ გაუნადგურდა, ესეც დიდი დარტყმაა კრემლისთვის. რუსეთი რეგიონში აშკარად სუსტდება და მას უწევს ბრძოლა, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ის თანდათან კარგავს გავლენის სფეროებს. სამწუხაროდ, გავლენის სფეროში რჩება მხოლოდ საქართველო და ბელარუსი. ადრე თუ გვიან, რუსეთს საქართველოდანაც მოუწევს გასვლა...