გახარიას სკანდალური განცხადება, ოცნებები რევოლუციაზე და ვინ უნდა გაასწოროს ფოკუსი ოპოზიციაში - კვირის პალიტრა

გახარიას სკანდალური განცხადება, ოცნებები რევოლუციაზე და ვინ უნდა გაასწოროს ფოკუსი ოპოზიციაში

პოლიტიკოსს, პირველ რიგში, საკუთარი ნაბიჯების წინასწარ გათვლა მოეთხოვება. თუ ამას ვერ ახერხებს, ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. რაც მოხდა გასული კვირის დასასრულს, კარგად აჩვენებს, რა დღეშია ქართული პოლიტიკა. ვგულისხმობთ ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის შიმშილობას და ამის ორ დღეში დასრულებას.

შიმშილობა პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმაა და შესაბამისად, არც არავის ვაქილიკებთ და არც არავის ჭკუას არ ვასწავლით. თქვენმა მონა-მორჩილმა ისიც კარგად იცის, რომ ელენე ხოშტარია არ არის მშიშარა და წამსვლელია იმაზე, რომ ბოლომდე, გონების დაკარგვამდე იშიმშილოს. თუმცა გააჩნია მოთხოვნას და მოთხოვნის ადრესატს. ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო ბუნდოვანი მოთხოვნით, თუმცა შემდეგ მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში დააკონკრეტა - თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, შიმშილობას შევწყვეტო. რვა ოპოზიციურმა პარტიამ გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, და ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. თუმცა საქმე ის არის, რომ რვა ოპოზიციური პარტია ისედაც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. ისინი ისედაც ბოიკოტისტები იყვნენ - მათთვის პრობლემური იყო "ლელოსა" და გახარიას პარტიის პოზიცია, რომლებიც გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას. არც "ლელოს" და არც გახარიას პოზიცია არ შეუცვლიათ. გამოდის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე ის პარტიები "შეთანხმდნენ", რომლებიც ისედაც არ გეგმავდნენ მონაწილეობას...

აქეთ პაატა ბურჭულაძემ თქვა, 4 ოქტომბრისთვის "დინამო არენა" უნდა დავიქირაოთ და ხალმხმა ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოსო, მაგრამ, ჩვენ სადა გვაქვს სტადიონის დაქირავების ფული, თბილისის მერიამ უნდა გვიქირაოსო - ანუ კახა კალაძემ ბურჭულაძეს უნდა უქირაოს სტადიონი იმისთვის, რომ შემდეგ ბურჭულაძემ კალაძის ხელისუფლება დაასრულოს.

თქვენს მონა-მორჩილს ბოლო პერიოდში ჰქონდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა "იუთუბისთვის" ერთი კარგი ქართული პოლიტიკური კომედიური სერიალის გადაღება. თუმცა რა უნდა მოიფიქრო ისეთი, რაც რეალურ ცხოვრებაში არ გაუკეთებიათ, ან არ უთქვამთ ქართველ პოლიტიკოსებს?! სერიალში, ალბათ, ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, რეალურ ცხოვრებაში კი ასეთი ქმედებები არც სასაცილოა და არც სახალისო.

capture-1751828955.png

ვინ უნდა გაასწოროს ფოკუსი?!

ბოიკოტისტების სამიზნეა "ლელო" (გახარიაზე, ეტყობა, ხელი ჩაიქნიეს). სოციალური ქსელებიდან თუ ტელეეთერებიდან დღეში ხუთჯერ მოუწოდებენ მამუკა ხაზარაძეს, რომ გადაიფიქროს არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიანიშნებენ, რომ ლამის ხელისუფლების მოკავშირედ გამოაცხადებენ. ამას ხაზარაძე ციხიდან წერილით გამოეხმაურა.

"ლელოს" დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა - პირველი, დაგვემარცხებინა "ქართული ოცნება", რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული "ქოცურ-ნაცური" მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში. ამ განვლილი წლების განმავლობაში "ლელო" და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. "ლელო" პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისთვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, "ლელო" სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.

სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა. აქვე მკაფიოდ ვიტყვი - რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა! ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ოცნებას" არ უნდა დავუთმოთ არც ერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი", - წერს ხაზარაძე წერილში.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამაც მკაფიოდ განაცხადა, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვეტილებას არ შეცვლის - ამის გამო რამდენიმე კაცი გაექცა პარტიიდან (ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ოფიციალური მიზეზი).

ერთ მხარეს არის ხაზარაძისა და გახარიას ტაქტიკა - ბრძოლა, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისთვის: ეს უკვე კონკრეტული გეგმაა. მეორე მხარეს გვაქვს, ბოიკოტისტების ბუნდოვანი პერსპექტივები. ეს მათი ბრალი არ არის. ვერავინ იტყვის, რა მოხდება ბოიკოტის შემდეგ. არჩევნები მაინც ჩატარდება და შესაძლოა ისევ მივიღოთ მდგომარეობა, როგორიც დღეს არის. სალომე ზურაბიშვილს აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისევ თავს დაესხნენ, რატომ არ თქვა არაფერი კონკრეტულიო. კი, მაგრამ რა უნდა ეთქვა?! ზურაბიშვილი, ძირითადად, დაკავებულია აქციის მონაწილეების დამშვიდებით. ჯერ ამბობდა, რომ ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, რომ 2025 წლის ოქტომბერში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთად ჩატარებულიყო. ახლა ამბობს, ხელისუფლება შიგნიდან იშლებაო... საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდებაო.

არის თუ არა სწორი ტაქტიკა ბოიკოტი და იმის ლოდინი, როდის იქნება ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომ ხელისუფლებას შეეშინდება და ახალ არჩევნებს­ დანიშნავს?! ალბათ, არა. ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ოპოზიციის შეთანხმება დიდი ქალაქების მერობის კანდიდატებზე და მთელი რესურსების ამისკენ მიმართვა. ეს არის პროცესი, რომელმაც შეიძლება კონკრეტული შედეგი მოიტანოს (ან ისეთი, ან ასეთი). პოლიტიკა არის პრაგმატული გათვლები და არა ოცნებები, ცაში ყურება და იმის იმედად ყოფნა, რომ იქიდან "საერთაშორისო ზეწოლა" ჩამოვარდება. თუ ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა, შეიძლება მოხდეს ის, რომ ბოიკოტისტები დააზიანებენ ანტიბოიკოტისტებს - ანუ ხაზარაძე და გახარია თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებ­ დასჭირდებათ, ამას კი ჩაშლიან ანტიბოიკოტისტები, რომლებიც მოუწოდებენ ამომრჩეველს, რომ არ გაეკარონ საარჩევნო ყუთს. და, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს "ოცნება". დიახ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ოპოზიციის არაპრაგმატული გათვლები, არათანამიმდევრული ტაქტიკა და არასერიოზული ოცნებებია.

სახიფათო ტერმინი

ზოგიერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ რევოლუციის იქით გზა აღარ არის.

"ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით", - ლევან ხაბეიშვილი; "რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა", - ელენე ხოშტარია; "მოდის, რევოლუცია მოდის. ვისაც ჰგონია, არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს", - ნიკა გვარამია.

gedevani-1751828955.jpg

რა თქმა უნდა, აქტივისტთა ნაწილი აჰყვა ამ ფეხის ხმას. რევოლუცია ნიშნავს ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შეცვლას. ეს ორჯერ მოხდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში - 1991 წლის დეკემბერ-იანვარსა და 2003 წლის ნოემბერში. დღეს ვუწოდებთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების იარა­ღით შეცვლას სახელმწიფო გადატრიალებას, დამხობასა და დიდ უბედურებას, თორემ 1992-1993 წლებში ამას ზოგიერთი "სახალხო რევოლუციად" მოიხსენიებდა და ამაყობდა ამით. ამ ე.წ. სახალხო რევოლუციამ ქვეყანას ისეთი დიდი ეროვნული კატასტროფა მოუტანა, დღემდე ვიმკით მის შედეგებს (უზარმაზარი მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკური კოლაფსი და ქვეყნის ერთი 50 წლით უკან დახევა), თუმცა, რა თქმა უნდა, რევოლუციის იდეის ავტორებს რომ ჰკითხო, დარწმუნებული ვარ, მაგალითად მოიყვანენ არა 1991 წლის დეკემბერ-იანვრის უბედურებას, არამედ 2003 წლის "ვარდების რევოლუციას". დიახ, მაშინ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი, თუმცა მილიმეტრები იყო დარჩენილი სისხლის ღვრამდე. დღეს ბევრს არ ახსოვს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და თბილისისკენ ბე-ტე-ერები მოდიოდნენ. რა თქმა უნდა, შევარდნაძემ გადაიფიქრა და არ დაღვარა სისხლი. თუმცა ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი ჰქონდა ზურაბ ჟვანიას, რომელიც ნამდვილად იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსი და კულუარული "დალაგებების" დიდოსტატი. ქუჩაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, სწორედ ჟვანიას ჰქონდა კულუარული ურთიერთობა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ძალოვანებთან. მან დაარწმუნა ისინი, რომ პასიურ მდგომარეობაში დარჩენილიყვნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა. თუმცა ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა რაღაც ისე არ წასულიყო და მივიღებდით სისხლის ღვრას.

ასე რომ, ვინც რევოლუციაზე ოცნებობს, უნდა გააცნობიეროს, რომ ამით დიდი ავზებით ასხამს წყალს ჩვენი საერთო მტრის წისქვილზე. თუმცა თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ამ იდეას დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ბევრს კარგად ახსოვს, რა დამართა ქვეყანას 90-იან წლებში ხელისუფლების სიბრიყვემ, ოპოზიციის სიბეცემ და რუსული სპეცსამსახურების თევზაობამ მღვრიე წყალში.

სკანდალური განცხადება

გასულ კვირას ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია კიდევ ერთხელ გამოჰკითხა. ყოფილმა­ პრემიერმა სკანდალური განცხადება გააკეთა: "იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად.­ აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, რომლებზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, რუსეთის ფედერაციის საგუშაგო­ები აღმოჩნდა. მე გეუბნებით, მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა. რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა­ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა­ არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ­ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც ამ ყველა წერტილზე, რომელთაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით, უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგო", - განაცხადა გახარიამ.

სკანდალი სკანდალად, მაგრამ აქვე იბადება მთავარი კითხვა - თუ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი მოხდა (ანუ, ფაქტობრივად, ეროვნული ინტერესების ღალატი), გახარიამ თავისი პრემიერობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვის მოსთხოვა პასუხი, ვინ დააკავა, ვინ გააგდო თანამდებობიდან?! პასუხი არის - არავინ. უკვე მეორე კითხვაა - რატომ არავინ? ამაზე არის ორი სავარაუდო პასუხი: ან გახარიას მიერ ზემოთ აღწერილი მოვლენა არ მომხდარა, ან მას არ შეეძლო ვინმეს დასჯა­ "ზემოდან" დასტურის გარეშე. იმედია, ამ კითხვებზე პასუხებს მივიღებთ.

გიორგი კვიტაშვილი