“ბოიკოტს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლია არჩევნების ჩაშლა”
უკვე გადაწყვეტილია, რომ თვითმმართველობის არჩვენებში "ლელო" და გახარია მონაწილეობას მიიღებენ. რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ვითარებაში ამ ორი ძალის არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ, როდესაც "ოცნება" სულ უფრო ამკაცრებს კანონებს. ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფინანსური დანაშაულისთვის კანონის ისე გამკაცრება, რომ დანაშაულის ჩამდენი, ფაქტობრივად, განწირულია, რადგან ვინც დაეხმარება, ყველა ციხეში ამოყოფს თავს. რა შანსი რჩება ბრძოლისთვის, პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ.
- რა მიზანი აქვს ამას და ვის წინააღმდეგ არის, საერთოდ არ მესმის. რაც შეეხება ბიზნესის დაშინების მცდელობას, ეს აშკარაა. ბოლო დრომდე ბევრი მიიჩნევდა, რომ "ნაცმოძრაობის" პერიოდთან შედარებით, მთავრობა ბიზნესს ნაკლებად აწუხებდა, მაგრამ თუ ეს პრაქტიკაში გადაიტანეს, უარესს მივიღებთ, რადგან ბიზნესი დამონებული იქნება, მით უმეტეს, ვიცით, როგორი სასამართლოც გვაქვს...
- გახარიას გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე კითხვაა ამ საკითხზე, დაწყებული თავად გახარიას ფაქტორით და დამთავრებული იმით, რომ რეალურად აღიარებენ მათი ხელისუფლების დროს ტერიტორიების დაკარგვას. არადა, აქამდე გვარწმუნებდნენ, ჩვენ არ დაგვიკარგავს არაფერიო...
- გახარიას წინააღმდეგ რაც ხდება, გულისამრევია. ხომ არის ვერსია, რომ "ოცნება" კრემლის დავალებას ასრულებს და ახლა ამით სწორედ ამ ვერსიის გაძლიერებაზე მუშაობენ - ადამიანს აუშარდნენ, რატომ ააშენე შენს ტერიტორიაზე ოკუპანტებისგან დასაცავად საგუშაგო, ხომ შეიძლება ამას ომი გამოეწვიაო. ლაპარაკობენ დაკარგულ მილიონ კვადრატულ მეტრზე, ისე, კვადრატულ სანტიმეტრებში რომ დაეთვალათ, გაცილებით მეტი გამოვიდოდა და უფრო იყვირებდა. მორალზე ხელი რომ ავიღოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოსულა, რაც თავისთავად არანორმალურია, მაგრამ დავუშვათ და მივიჩნიე ნორმალურად, გინდა ადამიანის დაჭერა და რაღაცას ეძებ, ეს როგორ უნდა წაუყენო ბრალად?! თუ მართლა არ აპირებ იმ ტერიტორიების გადაცემას სეპარატისტებისა და რუსებისთვის, ამ საკითხს არც უნდა ეხებოდე. ხშირად არის რაღაცები, რაშიც ხელისუფლების პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ვხედავ. და არა მარტო გახარიაზე, პოლიტპატიმრებზეც, იმ ახალგაზრდებზე, 4 ან 5 წელს რომ უსჯიან. ამის პოლიტიკური სარგებელი რა არის მათთვის? ამით რას იგებენ? მხოლოდ სახელს იფუჭებენ ქვეყანაში, განსაკუთრებით საზოგადოების ნეიტრალურად განწყობილ ნაწილში. ბოლო გამოკითხვებს თუ გადახედავთ, თვით "ოცნების" მომხრეებსაც არ მოსწონთ ამ ახალგაზრდების პატიმრობა, რასაც, სხვათა შორის, ვერ ვიტყვით პოლიტიკოსი ლიდერების პატიმრობაზე. ისინი მაინცდამაინც არ ენაღვლებათ, მაგრამ ესენი ეცოდებათ, ამბობენ, შეაცდინა დიფ სთეითმაო. ბიჭებს 5 წლით ციხეში რომ უშვებენ, რომელიღაცა დედას არ აჩვენეს, სამ პატიმარს მშობლები გარდაეცვალა და საერთოდ, როგორც ექცევიან, პოლიტიკური ლოგიკა ამას არა აქვს. ყველანი რომ გაეთავისუფლებინა ხელისუფლებას, ხომ ბევრად მეტს მოიგებდნენ?
- ყაველაშვილის ფეისბუკპოსტზე რას იტყვით? ვერ ითამაშა ეს როლი?
- ეს წმინდა პოლიტიკური ხრიკია, რომელიც ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას და ვიღაცების გაფუჭებას ემსახურება. მდარე ხარისხის ნაბიჯია და ვფიქრობ, სერიოზულად არც უნდა იქნეს განხილული.
გახარიას კომისიაზე დაკითხვის ამბავიც გავიხსენოთ, როგორ გულისამრევად ცდილობდნენ კომისიის წევრები თავის გამოჩენას, აი, როგორ მაგრად მივაწექითო. ოცდაათი წელია ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ვუყურებ და მსგავსი რამ არ მინახავს. 21-ე საუკუნის მესამე დეკადაში ვართ და ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც პერესტროიკის თუ პოსტპერესტროიკის დროინდელ მლიქვნელი "ძელეცებივით" იქცევიან, ან იმდროინდელი ბნელი ხალხივით, რომლებიც იმ დროიდან გადმოსული მაჯლაჯუნებივით გელაპარაკებიან. 2011 წელს იმის იმედი მაინც იყო, სააკაშვილმა რაც არ უნდა გაუბეროს, დასავლეთი დაამუხრუჭებსო და ახლა ამის იმედიც არ არის.
ივანიშვილი დღეს თავისი გადმოსახედიდან თავს იცავს. მიიჩნევს, რომ დასავლეთი, დიფ სთეითი ებრძვის, მისი ჩამოგდება უნდათ აქაური ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელით და რომ იტყვიან, წრიული თავდაცვა აქვს - კეტავს ყველაფერს, ყველა ხვრელს, საიდანაც, თავისი აზრით, შეიძლება ხიფათი ელოდებოდეს, ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს, მოახდინოს დიქტატურის სრული კონსოლიდაცია. ჩემი აზრით, ასეთი განწყობა აქვს - დემოკრატიაზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ჩემთვის თავი დაგენებებინათ, მაგრამ თქვენ ჩემი ჩამოგდება მოინდომეთ და უყურეთ ახლა სეირსო. მისი გაგებით, ის ისეთს არაფერს აკეთებდა, რასაც დასავლური დემოკრატია არ აკეთებს. შეიძლება ითქვას, კატასტროფული წარმოდგენა აქვს იქაურ პოლიტიკურ პროცესებზე. ამ ბანკის ამბავმა კი საერთოდ დაარწმუნა, მართალი ვარო, და იცავს თავს.
ლოგიკურად ამ ყველაფრის შედეგი შეიძლება იყოს ქვეყნის სრული კატასტროფა. პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალები ან ისეთი წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც საფრთხეს შეუქმნის ივანიშვილის მმართველობას, გულახდილად რომ ვთქვათ, არ ჩანს. ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა იყო ჯერ 2024 წლის არჩევნები, მერე თვითმმართველობის არჩევნები, სადაც თუ მოხერხდებოდა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და პარტიების გაერთიანება რამდენიმე დიდი ქალაქის მოგებაზე, შესაძლებელი იყო საკითხის კვლავ პოლიტიკურ პროცესში გადაყვანა და რაღაცნაირად გაჩერება მაინც. მაგრამ ეს არ მოინდომეს და ვინც არ მოინდომა, სანაცვლოდ რას გვთავაზობენ? - ყველა გამოვიდეთ რუსთაველზე და ვნახოთ, მერე რა მოხდება? ამ რესურსებით შეუძლებელია ხელისუფლება დაამარცხო. ერთადერთი, რამაც ეს რესურსი შეიძლება ჩამოანგრიოს, ის პოლიტიკაა, რასაც ატარებს, და ეს არის ბიზნესის გაკონტროლების მცდელობა. ასევე ის, რომ იჭერენ ყველას, არის დიქტატურის დამყარების მცდელობა, ამით დიდი უკმაყოფილების მუხტი გროვდება. ამას თუ დაემატება უცხოეთიდან სანქციები, დასრულდება ჩვენი ეკონომიკის უმძიმესი მდგომარეობით. ჩემი აზრით, ეს გარდაუვალია, მაგრამ როდის მოხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ არ გადასცდება 2028 წელს - აფეთქება მოხდება 2028 წლის არჩევნებამდე...
- მანამდე ოპოზიციამ რა უნდა აკეთოს?
- თუ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, სად იქნება მათი ადგილი, ძნელი წარმოსადგენია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი გახარიას თუ "ლელოს" ხალხს არ დაიჭერს, ან ამ პარტიებს არ აკრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ შეეცდებიან ოპონირება გაუწიონ თუნდაც საკრებულოების დონეზე. ყოველ შემთხვევაში, ეს პარტიები სადმე მაინც თუ იქნებიან, არა მგონია, სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ. აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, ახალი პოლიტიკური ძალები შეიქმნება და არ არსებობს არ აფეთქდეს.
- დღეს ბოიკოტს რაიმე აზრი აქვს?
- ბოიკოტს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლია არჩევნების ჩაშლა. თუმცა ეს მაშინაც გაუმართლებელია, რადგან, თუ იმის თავი გაქვს, რომ არჩევნები არ ჩაატარებინო, მაშინ იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ წესიერად ჩაატარებინო. როდესაც ამის თავიც არა გაქვს, არა გაქვს რესურსი და ძალა, რომ რევოლუციურად დაუპირისპირდე, არჩევნებზე უარის თქმა უაზრობაა. ჯერჯერობით ბოიკოტი უფრო ცალ კარში თამაშია. ძირითადად, პრობლემას ქმნიან პოლიტიკურად აქტიური ფიგურები, ვინც პროტესტის მონაწილეები არ არიან, "ნაცმოძრაობა" და "ახალი". ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ძალიან საინტერესო რამ თქვა, თან ჩემი აზრით, პატიოსნად, პოლიტიკოსებს უნდათ ისევ პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანონ ყველაფერი და მაგათ საერთოდ ვინ ჰკითხავს რამესო - ანუ ახალგაზრდებს გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაც პროცესი მიჰყავთ. მნიშვნელობა არა აქვს, ავად თუ კარგად, მთავარია, მათ მიჰყავთ და ახლა უნდა გავიდნენ გვერდზე და წინ გაუშვან ის ხალხი, ვისაც არ ენდობიან? ცხადია, ეს არ უნდათ და ამიტომ აღმოჩნდნენ ბოიკოტის მომხრეები. მათ არ სურთ ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლა და რომელიღაც პოლიტიკოსების მხარდამჭერების კატეგორიაში გადასვლა. ახლა არიან ფრონტის წინა ხაზზე და ეს არ ეთმობათ. ადამიანურად ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ პოლიტიკურად კატასტროფაა.
- რას მოიტანს ეს მდგომარეობა?
- აქტივიზმი და პოლიტიკა სხვადასხვა რაღაცაა, რევოლუცია კიდევ სხვა. ეს, რაც არის, არავითარ შემთხვევაში არ არის ორიენტირებული შედეგზე. ეს უფრო საბჭოთა დისიდენტობას ჰგავს, დისიდენტები კი ხელისუფლების ცვლას დიდად არ განიხილავდნენ, მათთვის მთავარი იყო სიმართლის თქმა და იმის ჩვენება, თუ რა საშინელ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. ამისთვის მიდიოდა ის ხალხი ციხეში და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ყველამ იცოდა, რომ ხელისუფლებას ასე მარტივად ვერ შეცვლიდნენ და მიზნად მხოლოდ მისთვის დისკომფორტის შექმნა ჰქონდათ. ადრე რესპუბლიკურ პარტიაზე რომ ამბობდნენ, იმ პარტიაზე, რომელშიც მე ვიყავი, მარილივით არის ეს პარტია, ყველა კერძს სჭირდება, მაგრამ ცალკე მარილს არავინ ჭამსო, ეს პროტესტიც დაახლოებით ასეა. მარტო მარილს არავინ შეჭამს, მაგრამ რომელ პოლიტიკურ ნაკადსაც შეუერთდება, იმას გააძლიერებს. ამ შემთხვევაში კი აძლიერებს "ნაცმოძრაობის" მხარეს, სადაც არიან "ახლებიც" და "ფედერალისტები".
დღეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს დიქტატურის გაჩერება, ამათ კი პირიქით ჰგონიათ, ფიქრობენ, რომ რაც უფრო მოუჭერს ივანიშვილი, მით უფრო მოიგებს ხალხი, მაგრამ პირიქითაა. ხალხი ამით ვერაფერს ვერ მოიგებს, რადგან ჩვენზე უარესი დიქტატურაა აქვე, აზერბაიჯანში, რომელიც, სხვათა შორის, პრორუსული რომ არ არის, მტკიცდება. გასაგებია, დასავლეთი ჩვენ ცოტა სხვაგვარად რატომ გვიყურებს, გარდა იმისა, რომ იქ ნავთობია, მოკავშირედ თურქეთი ჰყავს და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ალიევის რეჟიმი არ არის ისლამისტური და შესაძლოა საპირწონე აღმოჩნდეს შიიტური ისლამისტური დაჯგუფებისა, რაც დასავლეთს სულ არ უნდა. ასეთი ფაქტორები საქართველოში არა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, ხდება დიქტატურის კონსოლიდაცია.
დასავლეთი ბიძინას არ გადააგდებს, ხელისუფლების შეცვლა ჩვენი გასაკეთებელია და ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ დიქტატურამდე მისული ავტორიტარიზმის შეჩერება და პოლიტიკურ ძალებს სულის მოთქმის საშუალება მიეცეთ. ამიტომ კარგი შესაძლებლობა იყო და თეორიულად ჯერ კიდევ არის, თუმცა, არა პრაქტიკულად, თვითმმართველობის არჩევნები.
როდესაც საარჩევნო პროცესში შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ რადიკალურ დაპირისპირებაზე უარი დროებით მაინც უნდა თქვა, არადა, არც რევოლუციის სიტუაციაა და არც ამის თავი აქვთ. საბოლოოდ კი ბიძინას რომ ჰგონია, ყველაფერს დასავლეთი მიწყობსო, ახლაც ჩათვლის, ესეც დასავლეთის მოწყობილიაო, და უარესს იზამს. დასავლეთი კი იფიქრებს, ოპოზიციაში გიჟები ყოფილან და იქნებ ამასთან მოვრიგდეთო, მაგრამ მაინც ვერ მორიგდებიან ისევ ბიძინას შიშების გამო და საბოლოოდ ყველაფერი მივა ქვეყნის კატასტროფამდე.
რუსა მაჩაიძე