ზელენსკის დილემა, ტრამპის ფარული მიზნები და პუტინის ვერაგობა ანუ ჩამოიშლება თუ არა უკრაინის ფრონტი?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის დილემა, ტრამპის ფარული მიზნები და პუტინის ვერაგობა ანუ ჩამოიშლება თუ არა უკრაინის ფრონტი?!

მსოფლიოს დიდი ნაწილი გარინდებულია იმის მოლოდინში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ რა განწყობაზე დადგება აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი. აქამდე გამართული სამი სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპი ყველას არწმუნებდა, რომ რუს კოლეგასთან "საუკეთესო დიალოგი" გაიმართა, კრემლის უხუცესი ბინადარი მას პირადად დიდ პატივს სცემს და თითქოს მოსკოვი მზად არის ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში რუსეთ-უკრაინის ამ საშინელი ომის შესაჩერებლად, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს და ხანგრძლივობით მალე "წამოეწევა" 1941-45 წლების გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომს.

თეთრ სახლსა და კრემლს შორის გასულ კვირას შემდგარი მეოთხე სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი ძალზე განსხვავებული გამოვიდა - პუტინთან საუბრისას ვერ მივაღწიე ვერანაირ პროგრესს უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზეო, განაცხადა დანანებით, ხოლო რუსულმა მხარემ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამ ბოლო სატელეფონო საუბრის დროს პუტინს ტრამპისთვის მტკიცედ განუცხადებია, რუსეთი გააგრძელებს დასახული მიზნის შესრულებას, რომ მთლიანად აღმოფხვრას ის საწყისი მიზეზები, რამაც ეს კონფრონტაცია გამოიწვიაო.

ანუ პუტინმა, ბოლოს და ბოლოს, განუცხადა ოკეანისგაღმელ კოლეგას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მხოლოდ მას შემდეგ დამთავრდება, რაც რუსეთი მიაღწევს საბოლოო მიზანს - უკრაინის სრულ ოკუპაციას!

ნუთუ ამ ყველაფრის შემდეგაც არ აეხილება თვალები აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს და არ მორჩება თავის მოტყუებას, პუტინს მშვიდობა სურსო?

ამისთვის სულაც არ გახლდათ საჭირო პუტინთან ამდენი სატელეფონო საუბრის გამართვა. ეს ჯერ კიდევ 2022 წელს შეიქნა ცხადი, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს, ან ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც კრემლმა ჯერ ყირიმი "მიისაკუთრა", შემდეგ კი დონბასში გამოუცხადებელი ომი დაიწყო ადგილობრივი სეპარატისტების გამოყენებით.

მაგრამ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 2024 წლიდან, როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდათ, დიდი თავდაჯერებით აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს "ერთი სატელეფონო საუბრით ერთ დღეში შეაჩერებდა", ხოლო, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა 2025 წლის იანვარში, ნახევარი წელია კვლავ სჯერა პუტინის ზავზე დაყოლიების შესაძლებლობის.

მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, ტრამპმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიწყოს თავისივე მუქარის ასრულება - თუკი პუტინი არ დათანხმდება ომის შეწყვეტას, აშშ რუსეთს უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რაც კრემლს აიძულებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩაერთოს, ხოლო, თუკი უკრაინა უარს იტყვის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე, მაშინ კიევს შევუწყვეტთ ამერიკული შეიარაღების მიწოდებასო.

მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება - მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ვეღარ მალავს უკმაყოფილებას პუტინის პოზიციის გამო, აშშ რუსეთს კი არ უწესებს "შეპირებულ" მკაცრ სანქციებს, არამედ უკრაინას შეუწყვეტს ამერიკული იარაღის მიწოდებას.

პენტაგონმა გადაწყვიტა, შეიარაღების დარჩენილი მარაგების გათვალისწინებით და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვეველი დროით შეწყვიტოს რიგი დასახელების იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის.

რაღაც ამგვარი უკვე მოხდა ა.წ.-ის მარტში, როდესაც ახალდანიშნულმა პენტაგონის შეფმა პიტ ჰეგსეტმა შეაჩერა შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, მაგრამ "პაუზა" მხოლოდ ხუთიოდე დღე გაგრძელდა და 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის სკანდალური წაკინკლავების გამოძახილი უფრო გახლდათ.

მეორედ, ივნისში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა რუსული "შაჰიდ/გერანების" ჩამომგდები "ვამპირის" 20 ათასი რაკეტის გარეშე დატოვა უკრაინა. მისთვის განკუთვნილი ამ რაკეტების პარტიები ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად და შეიძლება ისრაელის იმ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლადაც, რომელსაც ირანიდან გაშვებული "შაჰიდების" მოგერიება უწევდა.

ამჯერად კი არც თეთრ სახლში დაპირისპირებიან ერთმანეთს ტრამპი და ზელენსკი (პირიქით, რამდენიმე დღის წინ ჰააგაში ნატოს სამიტზე გულთბილად წაიმუსაიფეს) და ისრაელ-ირანის საჰაერო დუელიც შეჩერებულია, მაგრამ უკრაინას მაინც შეუწყვეტენ ამერიკულ სამხედრო დახმარებას და ამისთვის ამერიკული საწყობების დაცარიელებას იმიზეზებენ.

ფაქტობრივად, ტრამპმა პუტინი გაახარა - კრემლში ხომ შეიტყობენ, კონკრეტულად რა ტიპის ამერიკულ შეიარაღებას ვერ მიიღებს უკრაინა, რომელიც მეოთხე წელია ვერ დაუმარცხებია აგრესორ რუსეთს.

Patriot-ისა და შტინგერ-ის საზენიტო რაკეტები, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის GMLRS-ის მართვადი რაკეტები, AGM-114 Hellfire-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, AIM-7-ის ტიპის საზენიტო რაკეტები (რომელთა საბრძოლო გამოყენებაზეა გადაყვანილი უკრაინული საზენიტო "ბუკები") და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები - აი, ის არასრული ჩამონათვალი, რა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ.

დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "პეტრიოტის" რაკეტები უკრაინულ ქალაქებზე დამიზნებული რუსული "ისკანდერებისა" და "კინჟალების" მოსაგერიებლად, რაც უკრაინელი მეზენიტეების არსენალში არსებულ სხვა ტიპის რაკეტებს, უბრალოდ, ტექნიკურად არ ძალუძთ - ეს ნიშნავს ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის სასიკვდილოდ გაწირვას, თანაც მაშინ, როცა ისრაელის ქალაქების ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევებისგან დასაცავად არც ტრამპი და არც მისი თავდაცვის მინისტრი წამითაც არ დაფიქრებულან, ისე უგზავნიდნენ "პეტრიოტებს" ისრაელის "ცახალს".

"სტინგერის" საზენიტო რაკეტების მიწოდების შეწყვეტაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს უკრაინის დამცველებს, როგორც ფრონტის ხაზზე (მათ დაუცველს დატოვებს რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების, მათ შორის "ალიგატორებისა" და "მფრინავი ნიანგების" შეტევებისაგან), ისე ზურგში იმ მობილურ საზენიტო ჯგუფებს, რომლებიც სამი კმ-ის სიმაღლეზე მფრენ რუსულ "შაჰიდ/გერანებს" მხოლოდ "სტინგერით" თუ შესწვდებიან, რადგან ამ სიმაღლეზე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლი უეფექტოა.

HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა GMLRS-ის მართვადმა რაკეტებმა ამ ომში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ყველაზე მეტი საბრძოლო დანაკარგი მიაყენა წერტილოვანი დარტყმებით. პუტინის არმიას დღემდე ყველაზე მეტად მათი ეშინია და თუკი უკრაინის არმია ამერიკული რაკეტების გარეშე დარჩება, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება რუსი აგრესორებისთვის.

155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებზე ბევრი ლაპარაკი აღარც ღირს, რადგან სწორედ ის არის ძირითადი "სამუშაო მასალა" ფრონტის ხაზზე და "ჭურვების შიმშილმა" შეიძლება უკრაინის არმიას მასობრივად უკან დახევა აიძულოს ფრონტის სხვადასხვა უბანზე.

იქნებ სწორედ ესეც არის ფარულად ჩადებული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაში, რომ უკრაინის არმიისთვის ამერიკული საბრძოლო მასალების მიწოდების სრული შეწყვეტითა და ფრონტის ჩამოშლის შიშით აიძულოს ოფიციალური კიევი უდიდეს დათმობაზე წავიდეს კრემლთან და პუტინთან კაპიტულაციური ზავი დაადებინოს?

სამაგიეროდ, პრეზიდენტი ტრამპი ხომ კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ომის "შემჩერებლის" დაფნის გვირგვინს დაიდგამს და უფრო დიდ პრეტენზიას განაცხადებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს ინაუგურაციიდან ნახევარი წლის განმავლობაში ერთი ახალი სამხედრო დახმარებაც კი არ გამოუყვია უკრაინისთვის და რაც წელს უკრაინაში იგზავნებოდა, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში Ukraine Security Assistance Initiative (USAI) პროგრამის ეგიდით იყო შეკვეთილი ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და არ გადიოდა უშუალოდ პენტაგონის საწყობებიდან, რომელთა დაცარიელების საფრთხე მოიშველია მიზეზად ტრამპის თავდაცვის მინისტრმა.

P.S. აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან სატელეფონო საუბარი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც რუსეთმა უკრაინა და კერძოდ, მისი დედაქალაქი კიევი ბარბაროსულად დაბომბა 600-მდე კამიკაძე-დრონით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, რითაც კრემლმა თეთრ სახლს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი უკრაინის სრული დაპყრობაა...

პუტინთან საუბრის მეორე დღეს ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკა და მათ შორის "კარგი საუბარი" გაიმართა - ტრამპი შეჰპირდა ზელენსკის გაერკვია, თუ რატომ შეჩერდა ამერიკული შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის და აღუთქვა, ეფიქრა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინისთვის დახმარებაზე...

სანამ ტრამპი "მოიფიქრებს", უკრაინის ქალაქებს რუსეთი ყოველღამ დაუნდობლად ბომბავს და ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი რადიკალური გამოსავალი, რომ ეს საშინელება შეჩერდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდა საოცრება და ტრამპმა მართლაც დაუწესა უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები რუსეთს...

ნაწილობრივი გამოსავალი იმაშია, რომ აშშ-მა აღადგინოს სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის (უპირველესად "პეტრიოტის" ანტირაკეტების, რომლებსაც შეუძლიათ რუსული აერობალისტიკური "ისკანდერებისა" და "კინჟალების" მოგერიება), რათა არ ჩამოიშალოს ფრონტი და უკრაინამ გააგრძელოს თავის დაცვა აგრესორი მეზობლის მუდმივი შეტევებისგან...

სადამდე? ეს არავინ იცის, ქართული ანდაზისა არ იყოს, მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი.